გთავაზობთ შეჯიბრების მიმდინარეობისას სპორტსმენების სკანდალურ გამოხდომებს, რომლებიც სპორტის ისტორიაში შევიდა:
1. ტაისონმა ჰოლიფილდს ყური მოაკვნიტა
1998 წლის 28 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართა ორთაბრძოლა, რომელიც კრივის ისტორიაში შევიდა. ეს ორთაბრძოლა, რომელსაც მოუთმენლად ელოდა კრივის სამყარო, ადამიანური უგუნურების ტრიუმფით დასრულდა და სპორტის ამ სახეობის მოყვარულთა მეხსიერებაში მხოლოდ ევანდერ ჰოლიფილდის მოკვნეტილი ყურითა და ტაისონის სისხლიანი ტუჩებით დარჩა.
ამ ორთაბრძოლამდე ჰოლიფილდს ერთხელ უკვე ჰყავდა დამარცხებული მაიკ ტაისონი და ჰქონდა ჩემპიონის ქამარი ჩამორთმეული, 1997 წლის 28 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იცავდა. ორთაბრძოლის დასაწყისი ჰოლიფილდის უპირატესობით წარიმართა, ტაისონი კი აშკარად არ იყო ფორმაში და მეტოქეს ვერაფერს უპირისპირებდა. მესამე რაუნდის ბოლოს გაცოფებულმა ტაისონმა ჰოლიფილდს მარჯვენა ყურზე უკბინა და… მოკვნეტილი ნაწილი რინგზე დააგდო. როცა მიხვდა, რომ მსაჯმა წაგება ჩაუთვალა, კიდევ უფრო გაცოფებული ტაისონი ჰოლიფილდს მივარდა, მანამდე კი პოლიციელი, რომელიც გადაეღობა, ნოკაუტში ჩააგდო. ტაისონი, როგორც იქნა, დააწყნარეს და რინგიდან მაყურებლების სტვენისა და ლანძღვა-გინების ფონზე გაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ ტაისონს მოკრივის ლიცენზია ჩამოართვეს და 3 მლნ დოლარით დააჯარიმეს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მისცეს ყურისმკვნეტელ მაიკს რინგზე გასვლის უფლება.
3. “ღვთის ხელი” _ მარადონას მიერ ინგლისელთა კარში გატანილი ბურთი
ეს მატჩი გაიმართა 1986 წლის 22 ივნისს მეხიკოს სტადიონ “აცტეკაზე”. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისელთა ნახევარმცველ სტივ ჰოჯის (რომელმაც მატჩის შემდეგ მაისური გაუცვალა დიეგოს) ფეხიდან ბურთი ჩაეშვა ინგლისელთა საჯარიმო მოედანზე, მარადონამ კი მარცხენა ხელით ის მეტოქის კარში გაგზავნა. მსაჯებმა ჩათვალეს, რომ არგენტინელმა ბურთი თავით გაიტანა. 4 წუთის შემდეგ კი მარადონამ “ასწლეულის გოლი” აჩუქა ფეხბურთის გულშემატკივრებს, როცა ინგლისელთა თითქმის მთელი გუნდი მოატყუა და არგენტინელებს გამარჯვება მოუტანა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მარადონამ განაცხადა, რომ ბურთი ინგლისელთა კარში “ნაწილობრივ თავით, ნაწილობრივ უფლის ხელით გავიდა”. 2002 წელს სატელევიზიო ინტერვიუში მარადონამ განაცხადა, რომ ეს გოლი იყო არგენტინის რევანში ინგლისელებთან ფოლკლენდის კუნძულებისთვის ბრძოლაში დამარცხებისთვის.
2. პროტესტი კვარცხლბეკზე
ორმა შავკანიანმა სპორტსმენმა _ ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა, რომლებმაც მეხიკოში 1968 წელს გამართულ ოლიმპიადაზე 200 მ სირბილში აშშ-ს ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი ქვეყნის დროშის აღმართვისთვის ეყურებინათ, თავები დახარეს, თვალები დახუჭეს და შავხელთათმანიანი ხელები მაღლა აღმართეს. კვარცხლბეგზე ორივე მორბენალი მხოლოდ შავი წინდებით იდგა.
ამ ჟესტით მათ გააპროტესტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანთა მძიმე მდგომარეობა. დისკრიმინაციის წინააღმდეგ შავკანიანთა საჯარო პროტესტმა სკანდალი გამოიწვია ამერიკის ოფიციალური წრეებში. აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება ამ სპორტსმენების ოლიმპიური გუნდიდან გარიცხვისა და ოლიმპიური სოფლიდან გაძევების შესახებ.
4. ზიდანის თავური მატერაცის
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. 108-ე წუთი. ანგარიშია 1:1. ჯერ ფრანგების კაპიტანმა ზინედინ ზიდანმა გაიტანა ბურთი, შემდეგ კი მარკო მატერაციმ ანგარიში გაათანაბრა.
უცებ თამაში გაჩერდა _ იტალიის ნაკრების საჯარიმოსთან ვიღაც გაზონზე იწვა და იკრუნჩხებოდა. ამ მომენტში მთელი მსოფლიო უყურებდა ვიდეოგამეორებას. ზიდანს, რომელიც ცენტრისკენ გარბოდა, ზურგიდან მატერაცის სიტყვები შემოესმა. ფრანგი შემობრუნდა, 2 ნაბიჯი გადადგა ოპონენტის მიმართულებით და თავი მკერდში დაარტყა… საფრანგეთის ნაკრებმა მატჩის ბოლო 10 წუთი 10 კაცით ითამაშა, შემდეგ კი პელანტების სერიაში დამარცხდა. მსოფლიოს თასი იტალიელებმა წაიღეს.
საბედისწერო გაძევების მიუხედავად, ზიდანს სამშობლოში თბილად შეხვდნენ. პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მას ერის სიამაყე უწოდა, ხალხი კი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით მიესალმა ელისეს მინდვრებზე ვერცხლის მედლების მოპოვების გამო გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.
2012 წელს ამ ინციდენტის გამო პარიზში ძეგლიც კი დადგეს.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ზიდანმა თქვა: “ასეთი რეაქცია იმიტომ მქონდა, რომ რაღაც მითხრა, თანაც რამდენიმეჯერ. ნუთუ ფიქრობთ, რომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ასეთ რამეს უსაფუძვლოდ ჩავიდენდი?! რადგან დედაჩემისა და ჩემი დის ღირსებას ეხებოდა, თავი ვერ შევიკავე. ბოდიშს ვიხდი მილიონობით ადამიანის წინაშე, რომლებიც მატჩს უყურებდნენ, მაგრამ მე არ ვუხდი ბოდიშს მატერაცის და არ ვნანობ ჩემ საქციელს. სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმის აღიარება იქნებოდა, რომ მას ჰქონდა ამის თქმის უფლება”.
რამდენიმე წლის შემდეგ მატერაციმ აღიარა, რაც უთხრა ზიდანს მატჩის მიმდინარეობისას. როცა ზიდანმა მატჩის შემდგომ მაისურების გაცვლა შესთავაზა, მატერაციმ განუცხადა: “მე შენს დას ვამჯობინებდი”.
მოამზადა ნიკა კორინთელმა
(დასასრული შემდეგ ნომერში)