მკითხველის საყურადღებოდ – ეჭვი რომ არავის შეეპაროს ჩემს ობიექტურობაში და დარწმუნდეს, რომ პირადული არაფერი მამოძრავებს, ვაცხადებ: კოვიდპანდემიის მართვის პოლიტიკის გამტარებელი ცნობილი სამეულიდან არც ერთს არ ვიცნობ პირადად და არც შეხება მქონია ოდესმე, ვარ ასაკით მათზე უფროსი და არანაირი კარიერული მოტივიც, ცხადია, არ მაქვს. ამ სიტყვების დასტურად მოვიყვან პატარა ნაწყვეტს 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული ჩემივე წერილიდან: “ჩვენმა მედიცინის მუშაკებმა პროფესორების _ თენგიზ ცერცვაძის, ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ხელმძღვანელობით, არ დაიწყეს უსიმპტომო ვირუსმატარებლების ძებნა მასობრივი ტესტირების შემოღებით (მომავალში თუ არ მიბაძეს სხვებს და “უპრაგონო” ტესტირებას არ მიჰყვეს ხელი), რამაც გამოიღო ის საუკეთესო შედეგი, რომლითაც დღეს ყველანი ვამაყობთ და, რისთვისაც ყველას, ამ ბატონებს კი პირველ რიგში, დიდი მადლობა ეკუთვნით თითოეული ჩვენგანისგან”.
სამწუხაროდ, სულ რაღაც სამ თვეში გამართლდა ჩემი შიში და ჩვენთანაც დაიწყო ამ არასპეციფიკური, არაზუსტი და სადიაგნოსტიკოდ უვარგისი Pჩღ-ტესტებით მასობრივი ტესტირება.
ჯანმოსა და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, აგრეთვე, “დამოუკიდებელი” სახელმწიფოების მაკონტროლებელი, DEEP STATE–დ წოდებული ფარული მთავრობის ნებით, ყველა ადამიანი მსოფლიოში საშიში ინფექციის პოტენციურ გამავრცელებლად _ “უსიმპტომო ავადმყოფებად” გამოგვაცხადეს. ამას უკვე კოვიდის პანდემია აღარ ჰქვია, ეს სულ სხვა რამ არის, რომლის მსგავსი კაცობრიობას არასოდეს გადახდენია თავს. ცხოვრება ჩაკვდა და ადამიანის სიცოცხლე ცხოველისას დაემსგავსა. ყველამ ეჭვითა და შიშით დავუწყეთ ერთმანეთს ცქერა, რისი ხვევნა-ალერსი შვილებთან თუ შვილიშვილებთან, რა ნათესავ-მეგობრებთან მისვლა-მოსვლა, გართობა და დროსტარება, _ ჯანმრთელ ადამიანთანაც კი ორ მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოებისა გვეშინია, პირზე ალიკაპი აგვაკრეს; როცა მოესურვებათ, მაშინ გვკეტავენ სახლებში და “საბალახოდაც” იმ საათებში გვიშვებენ, როცა მოეპრიანებათ; რასაც უნდათ და რამდენჯერაც უნდათ, იმას გვიშხაპუნებენ “ნებაყოფლობით”. მოსახლეობის გამუდმებული სტრესის ქვეშ ცხოვრება და ავადმყოფობის მოლოდინი ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ზრდის ავადობას.
ჩემთვის, ისევე, როგორც ბევრისთვის, კარგად არის ცნობილი, ვინ არის კოვიდპანდემიის ავტორი და ვინ წარმართავს კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების (ტესტირებით დაწყებული ვაქცინაციამდე) პოლიტიკას მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ პრეტენზიები იმ პირებს უნდა წავუყენოთ, რომლებიც კრიტიკული ანალიზის გარეშე ატარებენ ამ თავსმოხვეულ მავნებლურ პოლიტიკას საქართველოში.
წესიერი, მაგრამ ზედმეტად გულუბრყვილო და ნაკლებად ინფორმირებული ადამიანების თვალის ასახელად, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სულ ხალხის ჯანმრთელობაზე ფიქრობენ და მილიარდებსაც არ იშურებენ ვაქცინების შესაქმნელად, უნდა მოვიყვანო ერთობ მრავლისმთქმელი ახალი ფაქტები: პანდემიის პერიოდის 17 თვეში (2021 წლის 17 აგვისტოსთვის), როცა აშშ–ში 86 მილიონზე მეტი უმუშევარი იყო, ეკონომიკა კი _ სერიოზულად დაზარალებული (ლოკდაუნების და სხვა შეზღუდვების გამო), ამერიკელმა მილიარდერებმა, ყველამ ერთად რეკორდული 1.8 ტრილიონი დოლარით, ანუ 2/3-ით გაზარდეს თავიანთი ქონება. მსგავსი მატება ეკონომიკის აყვავების პერიოდშიც არ ახსოვს ამერიკის ისტორიას. “მაიკროსოფტის” დამაარსებელმა ბილ გეიტსმა 32.6 მილიარდი იშოვა, “ფეისბუკის” მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა _ 74.2 მლრდ, კორპორაცია “ამაზონის” დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა _ 75 მლრდ, ხოლო უშუალოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე “მზრუნველმა” ვაქცინა “ფაიზერის” მწარმოებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამ 2021 წლის მეორე კვარტალში, ანუ მხოლოდ სამ თვეში _ 19 მლრდ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ლავუაზიეს კანონი _ ბუნებაში არაფერი იკარგება, უბრალოდ, ერთი ფორმიდან (ჯიბიდან) მეორეში გადადის. ეს ჩანართი ამ საბრალდებო წერილში იმიტომ გავაკეთე, რომ მეთქვა:
ადამიანებს, რომლებსაც ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ევალებათ, უფლება არ აქვთ, დასავლეთიდან წამოსული ნებისმიერი რეკომენდაცია, ტესტი, წამალი, ვაქცინა თუ საკვები პროდუქტი, მით უმეტეს საჩუქრად მორთმეული, ხარისხის შეუმოწმებლად მიიღონ. როდესაც ვერც ხელისუფლება და ვერც ჯანდაცვის მესვეურები მორიდებულ შეპასუხებასაც ვერ უბედავენ ვერც ელჩს, ვერც სენატორს, ვერც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის “მოადგილეს”, ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენ უმწყემსო ცხვრის ფარა ვართ, უცხო მწყემსების ჭკუაზე მოარული თხების ამარა დარჩენილები. ამიტომ, სანამ ჭეშმარიტად ეროვნულ ხელისუფლებას ვეღირსებით, უნდა “პირში ვუძრახოთ”, ვისაც ჯერ არს, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში კი _ სამეულს. მივუთითოთ მათ მიერ ჯანდაცვაში დაშვებულ, ზოგჯერ დანაშაულის ტოლფას სერიოზულ შეცდომებზე, რომელთა არც აღიარებას და არც გამოსწორებას ისინი, სამწუხაროდ, არ აპირებენ.
ბატონები გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე, თითქოს, არაფერს გვიმალავენ და ინფორმაციას გვაწვდიან, მაგრამ არ ამბობენ, რამდენი იყო ტესტებით “დადასტურებული” შემთხვევებიდან ე.წ. უსიმპტომო ავადმყოფი, მათგან რამდენს განუვითარდა დაავადება ტესტირებიდან მეორე–მესამე დღეს და არა ორი კვირის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ისრაელის ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი პირი, პროფესორი იტამარი აცხადებს: “დადებითი ტესტის მქონე ყოველი 10 ადამიანიდან სინამდვილეში მხოლოდ ერთია დაავადებული”. არ ვიცით, გარდაცვლილი ავადმყოფებიდან რამდენი იყო კოვიდგადატანილი, აუცრელი და აცრილი, როგორია სიკვდილის მაჩვენებელი ჰოსპიტლებში, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანილ ავადმყოფებში, როგორია გრიპოზული და სხვა ეტიმოლოგიის პნევმონიით გარდაცვლილთა ხვედრითი წილი. არ ვიცით, შემოდგომიდან მოყოლებული რატომ ვაკეთებთ რუსეთზე და თვით ამერიკაზეც კი მეტ ტესტს. ყოველდღიურად ათეულ ათასობით ადამიანის ტესტირებას მხოლოდ ერთი “პლუსი” აქვს _ რაც მეტი იქნება ტესტი და, შესაბამისად, “დადასტურებული” შემთხვევების რაოდენობა, მით ნაკლები გამოვა გარდაცვლილთა რაოდენობა პროცენტულად. ეს კი ხელს აძლევს ჩვენ სამეულს, რადგან, თუ მოსახლეობაზე გადავიანგარიშებთ, კატასტროფული სურათი გამოგვივა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით. სახელმწიფოში კოვიდმდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად მთავარი და ზუსტი მაჩვენებელი PCR და ანტიგენის ფეიკტესტებით “დადასტურებულ” შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა კი არ არის, როგორც ეს სამეულს სურს, რომ გვეგონოს, არამედ ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობა პროცენტულად და ერთ მილიონ მცხოვრებზე გაანგარიშებული მაჩვენებელი.
ახლა კი კონკრეტული ბრალდებები სამეულს:
1. უდავოა, რომ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც 8-10, ზოგჯერ 24 საათი უწევთ ჰოსპიტლებში მუშაობა, განსაკუთრებით უნდა იყვნენ დაცულნი ინფიცირებისგან. ამისთვის უკლებლივ ყველანი აღჭურვილნი უნდა იყვნენ, უპირველესად, რესპირატორებით (FFP-2, FFP-3 ან N 95, N 98). ეს არის მთავარი და არა _ კოსმონავტივით ეკიპირება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაში წერია: “რესპირაციული სისტემის დასაცავად გამოიყენება სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი. სამედიცინო ნიღაბი (ერთჯერადი პირბადე _ ი.ლ.) გამოიყენება მსხვილი წვეთებისგან დასაცავად, ასეთი წვეთები წარმოიქმნება ადამიანის საუბრის, დახველების ან დაცემინების დროს, ხოლო რესპირატორი გამოიყენება აეროზოლებისგან დასაცავად”. ყველაფერი სწორია, ოღონდ ბოლო წინადადებაა დაუსრულებელი _ მსხვილი წვეთების წარმომავლობის განმარტების ანალოგიურად, აუცილებლად განმარტებული უნდა იყოს აეროზოლების წარმომავლობაც, ანუ წინადადებას აკლია შემდეგი ფრაზა: “აეროზოლების წარმოქმნას ადგილი აქვს ამოსუნთქვის დროს”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აეროზოლი და ამონასუნთქი ჰაერი ერთი და იგივეა და, მაშასადამე, ვირუსებიც გამუდმებით გამოიყოფა ყოველი ამოსუნთქვისას. მნიშვნელოვანია, რომ აეროზოლით გამოყოფილი ვირუსები, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში მეტ ხანს ძლებენ (რამდენიმე წუთიდან 1-2 საათამდე), ვიდრე მსხვილ წვეთებში არსებული, რომლებიც სიმძიმის ძალით მაშინვე ილექება იატაკზე და ვირუსების ინაქტივაციაც სწრაფად ხდება. სადეზინფექციო ზომების მიუხედავად, ავადმყოფებით გადავსებულ ჰოსპიტლებში მაინც ბევრი ვირუსის შემცველი აეროზოლი გროვდება, ამიტომ რესპირატორი ყველასთვის აუცილებელია. ერთჯერადი სამედიცინო პირბადე, რომელიც აეროზოლს ვერ აკავებს, უვარგისია. სამეული კი წარბშეუხრელად გვარწმუნებს, რომ ცალკე აცრა იცავს ადამიანს ლამის 100%-ით (ყოველ შემთხვევაში, ასე გვაიმედებდნენ დელტა ვარიანტის შემოტევამდე) და, დამატებით, ერთჯერადი პირბადე – 95 %-ითო!
რესპირატორების ტარება არა მხოლოდ პალატებშია აუცილებელი, არამედ მის გარეთაც, რადგან საქართველოს ჰოსპიტლებში, ისევე, როგორც ბევრ სახელმწიფოში, არ არის უარყოფითი წნევის მქონე პალატები, როდესაც პალატის ვირუსების შემცველი ჰაერი წნევათა სხვაობის გამო კარის გაღების შემთხვევაშიც გარეთ ვერ გადის. და, სანამ ამ დონისთვის არ მიგვიღწევია, სანამ ჩვენი პალატების ჰაერი თავისუფლად ერევა პალატის გარე სივრცეს შენობაში, მანამდე, მედპერსონალი ყოველთვის (და არა “საჭიროების მიხედვით”, როგორც ეს ცენტრის რეკომენდაციის სხვა ადგილას წერია) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ზემონახსენები რესპირატორებიდან ერთ–ერთით, ვინაიდან მხოლოდ იგი იცავს რესპირაციულ სისტემას 95-98%-ით და მხოლოდ მისი ტარებაა 8-10 საათის განმავლობაში ეფექტიანი, განსხვავებით ერთჯერადი პირბადისგან. ეს შესანიშნავად მოეხსენება სამეულს და სწორედ ამიტომ არის სამივე დამნაშავე, რადგან არა მხოლოდ მოსახლეობას, ექიმებსაც კი ატყუებენ _ ერთჯერადი პირბადე 95 %-ით გიცავთო და, სამწუხაროდ, ჩვენი ექიმების საკმაოდ დიდი ნაწილი, ჩემდა გასაოცრად, იჯერებს ამ დანაშაულებრივ ტყუილს. ამის გამო ექიმები, ექთნები და სანიტრები, ორივე დოზით აცრის მიუხედავად, მაინც ხშირად ავადდებიან.
2. დანაშაულია, როდესაც ხალხს ატყუებენ, თითქოს, აუცრელი საშიშია აცრილისთვის. იმას კი აღარ ამბობენ, რომ პირიქით _ ვაქცინირებულები შეიძლება იქცნენ ვირუსის გამავრცელებლებად და გადასდონ იგი ვაქცინირებულებსაც. ეს, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩენა ამერიკის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ პროვინსთაუნში გაკეთდა ივლისში, მაგრამ ამის შესახებ დღესაც ცოტა ვინმემ თუ იცის _ ვაქცინაციის პროპაგანდისტებს ამ ინფორმაციის გავრცელება ხელს არ აძლევთ… ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე ადამიანები კი უსაფრთხონი არიან. ბუნებრივი დაავადების შედეგად დატოვებულ იმუნიტეტს ვერანაირი თუნდაც მრავალჯერადი ვაქცინაცია ვერ შეედრება, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ებრაელმა მკვლევარებმა, რომლებმაც შეისწავლეს 2020-2021 წლებში “ფაიზერით” აცრილი და კოვიდგადატანილი ადამიანები და დაასკვნეს: კოვიდის გადატანა 7-ჯერ უფრო ძლიერ იმუნიტეტს ტოვებს, ვიდრე ორმაგი ვაქცინაცია.
3. დანაშაულებრივი სიცრუეა იმის მტკიცებაც, თითქოს მოსახლეობის 60%-იანი აცრის შემთხვევაში კოვიდს დავამარცხებთ. 60%-ითა და მეტითაც იყო რიგი სახელმწიფოების მოსახლეობა აცრილი, მაგრამ კოვიდის აფეთქებები (ვირუსის ახალი, დელტა ვარიანტით გამოწვეული) სწორედ ასეთ, ყველაზე ვაქცინირებულ სახელმწიფოებში მოხდა. ისრაელი დღესაც გამორჩეულია ვაქცინაციის უკვე 85%-იანი მაჩვენებლით, მაგრამ იქ მაინც ანტირეკორდები მყარდება ყოველდღიურად გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების რაოდენობით.
ბატონებო! როდესაც ეს მონაცემები გაქვთ _ როდესაც წინ გიდევთ კოვიდთან გასამკლავებლად ჩვენზე გაცილები უკეთ მომზადებული და აცრილი ისრაელის მაგალითი და მაინც შესაშური თავდაჯერებით ლაპარაკობთ კოვიდის დამარცხებაზე 60%-იანი ვაქცინირების შემთხვევაში, გვაქვს თუ არა უფლება, რომ ეჭვი შეგვეპაროს თქვენს კეთილსინდისიერებაში?!
4. როდესაც ორი დოზით აცრას შედეგი არ მოაქვს და რომელიმე დაავადებით დასუსტებული თუ ასაკოვანი ადამიანის იმუნური სისტემა ვაქცინაზე სათანადოდ ვერ რეაგირებს, უსაფუძვლოა მოლოდინი, რომ ასეთი ადამიანის მესამედ – მეორე დოზიდან ერთ თვეში, ე.წ. “ბუსტერით” აცრა გამოიღებს სასურველ შედეგს, უარყოფითი შედეგი კი, თანაც ყველა ასაკში, სავსებით მოსალოდნელია. ჯანმოს ექსპერტების კვლევის შედეგებით, რომელთა სტატიაც ახლახან გამოქვეყნდა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ THE LANCET-ში “დამატებითი დოზების, ანუ ბუსტერების ძალზე ადრე ან ძალზე ხშირმა გამოყენებამ მძიმე გართულებები შეიძლება გამოიწვიოს”. ის ეხება “განურჩევლად ყველა სახის ვაქცინას _ MRNA იქნება თუ ადენოვირუსებზე დამზადებული, ე.წ. ვექტორული. ავტორები იმასაც აკი ზუსტებენ, რომ “მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთება _ “ფაიზერისა” და “მოდერნას” განმეორებითი ინიექციის შემთხვევაშია მოსალოდნელი, ხოლო გიიენ-ბარეს სინდრომი, რომელსაც სრული დამბლა შეიძლება მოჰყვეს, _ “სპუტნიკ V”-სა და “ასტრაზენეკას” შემთხვევაში”.
გართულებების გარდა, მასობრივი და ხშირი ვაქცინაციის მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ვირუსზე ნაირ-ნაირი ვაქცინებით ზემოქმედების შედეგად ისეთი გამძლე შტამები ჩნდება, რომლებზეც ძველი ვაქცინები ნაკლებად ან საერთოდ აღარ მოქმედებს. და კიდევ _ დროის მოკლე მონაკვეთში ჩატარებული ხშირი აცრები იმუნური სისტემის გამოფიტვას იწვევს და იგი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში, რომლებსაც იმუნიტეტი ჯერ კარგად ჩამოყალიბებული არ აქვთ.
ბატონებო, როცა ზემოჩამოთვლილთაგან ვერც ერთს ვერ უარყოფთ, როცა დამაჯერებელი პასუხები არ გაქვთ და არც ის იცით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ორ–სამ თვეში სამჯერ აცრას მომავალში, როდესაც აცრილებში მუცლის მოშლამ ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში იმატა ბრიტანეთში, ამერიკაში, სხვაგანაც და მაინც, ლამის თოთო ბავშვით დაწყებული ღრმა მოხუცამდე, ორსულების ჩათვლით _ ყველას აცრისკენ მოუწოდებთ, განა ეს დანაშაული არ არის?
5. უკვე წელიწადზე მეტია, მედიცინაში ერთ-ერთ უვნებელ წამლად მიჩნეული ანტიპარაზიტული და ანტივირუსული პრეპარატით _ ივერმექტინით კოვიდის მკურნალობაში მიღწეული წარმატებების შესახებ არის ცნობილი, მაგრამ სამეული (ამ შემთხვევაში, მთავარი ფიგურა ბატონი თენგიზ ცერცვაძეა) მაინც ჯიუტად უარს აცხადებს მის გამოყენებაზე და, სიკვდილიანობის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კვლავ რემდესივირით გრძელდება მკურნალობა. ბატონი ცერცვაძის მიერ იმ ფაქტის მოშველიება, რომ რემდესივირს FDA -სა და EMA-სგან ე.წ. approval-ი, ანუ ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტზე გამოყენების ნებართვა აქვს, ხოლო ივერმექტინს _ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ავტორიზაცია (EUA), ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან 30 ქვეყნის 405 ჰოსპიტლის მონაწილეობით ჩატარებული 6-თვიანი კვლევების საფუძველზე 2020 წლის 20 ნოემბერს ჯანმომ მიიღო საპირისპირო გადაწყვეტილება: “ჯანმო წინააღმდეგია რემდესივირის გამოყენების, რადგან “არ არსებობს მტკიცებულება, რომ რემდესივირი აუმჯობესებს პაციენტების გადარჩენის ან სხვა მაჩვენებლებს”. იგივე დასკვნა გაკეთდა სხვა კვლევებითაც.
ამიტომ, გაუგებარია და ეჭვების აღმძვრელი ცერცვაძის ჭოჭმანი, როცა საქმე ივერმექტინს ეხება. მისი თქმით, “ივერმექტინს FDA-ს ოფიციალური რეკომენდაცია არ აქვს, მაგრამ ჯანმო, NIH (ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი) და მსოფლიოს სხვა წამყვანი ორგანიზაციები რეკომენდაციას იძლევიან მისი კლინიკური კვლევების მიზნით გამოყენების თაობაზე”, მაგრამ… ჩვენ მაინც ჯერ ვფიქრობთ, ვერ გადაგვიწყვეტიაო. ცერცვაძემ ჟურნალისტებს ვერ აუხსნა (11 აგვისტოს), რატომ გაემიჯნა იგი ასე კატეგორიულად ივერმექტინს და რატომ თქვა უარი კლინიკურ გამოცდაზე. დაჰპირდა, პასუხს რამდენიმე დღეში გეტყვითო… მას შემდეგ მეორე თვე გადის, პასუხი კი არ ჩანს. “ასავალ-დასავალის” 13-19 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა თენგიზ ცერცვაძის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი ყველა პრეპარატზე საუბრობს, რომლებსაც კოვიდის სამკურნალოდ იყენებენ მეტ-ნაკლებად და გაზეთის სამ გვერდზე ერთი სიტყვითაც არ ახსენებს ივერმექტინს, თითქოს იგი საერთოდ არ არსებობდეს. და ამის შემდეგ ცერცვაძეს უკვირს, რატომ აკრიტიკებენ მას აქაური და უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები რემდესივირის გამო, რატომ ვერ დაინახეს მის მიერ “ქვეყნისთვის 4 მილიონი აშშ დოლარის რემდესივირის საჩუქრად შემოტანა”, რატომ სდებენ ბრალს “კორუფციულ კავშირებსა და გარიგებებში”. უცნაურია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ცილისმწამებლებისთვის სახელის შებღალვის გამო ეჩივლა, ცერცვაძემ საპასუხოდ უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ განეცხადებინა: “ამ ექიმებს ერთი რამ აერთიანებთ _ პოლიტიკური ანგაჟირება”, რომ მათ “სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ”. არგუმენტებში “გაჭედვამ” იცის დასახმარებლად პოლიტიკის მოშველიება, რაც “ნაცმოძრაობის” ტაქტიკას მაგონებს, როცა პასუხისგებაში მიცემულ მათ მხარდამჭერ დამნაშავეს, კორუფცირებულს თუ კრიმინალს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად ასაღებენ. მაგრამ ცერცვაძის შემდეგი ბრალდება კიდევ უფრო არაეთიკურია: “მათ აღიზიანებთ, თუ კოვიდის მართვაში რაიმე კარგი ხდება და კმაყოფილები არიან და უხარიათ, თუ რაიმე ისე არ მიდის”. ანუ, მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობის, მედიკამენტის შერჩევის გამო გაკრიტიკებენ, შეგიძლია, კოლეგებს _ ექიმებს ბრალი დასდო, თითქოს, მათ ავადმყოფის გადარჩენა სწყინთ, დაღუპვა კი უხარიათ? ასეთი რამ როგორ უნდა აკადრო ვინმეს, მით უფრო ექიმს, რომელსაც ხშირად 24-საათიან რეჟიმში უწევს თავდაუზოგავი მუშაობა?!
ცერცვაძის ზემოხსენებულ ინტერვიუში ერთი ადგილი იქცევს ყურადღებას, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს. იგი ამბობს: “ჩვენ 2020 წლის გაზაფხულზე, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა, გამოვიყენეთ ტოცილიზუმაბი – ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის, რემდესივირისგან განსხვავებით, კოვიდის სამკურნალოდ ოფიციალურად არ იყო რეკომენდებული”. რა გამოდის? ცერცვაძე ერთ–ერთი პირველი ბედავს ისეთი პრეპარატის გამოყენებას, რომელსაც იმ დროს თითქმის არავინ იყენებს და არც “მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები” იძლევიან ამ პრეპარატის სამკურნალოდ გამოყენების რეკომენდაციას და, ასეთი გამბედავი ექიმი არც კი ახსენებს უვნებელ პრეპარატ ივერმექტინს, რომლის გამოყენების ოფიციალური რეკომენდაცია, დიდი ხანია, გაცემულია, ხოლო ეფექტიანობა უამრავი კვლევით არის დადასტურებული და რომელსაც ჯანმრთელ ადამიანებსაც კი აძლევენ პროფილაქტიკური მიზნით. ძნელია, ცერცვაძის გაუგებარ ქმედებას ადეკვატური ახსნა მოუძებნო, თუმცა ამის გარკვევაში რემდესივირის მწარმოებელი ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences “4-მილიონიანი საჩუქარი” შეიძლება დაგვეხმაროს. საქმე ის არის, რომ რემდესივირი ძალიან ძვირი პრეპარატია _ ერთი ავადმყოფის მკურნალობის კურსი (6-ჯერ ინტრავენური ინიექცია) 3120 დოლარი ჯდება ამერიკაში, ხოლო გაცილებით ეფექტიანი ივერმექტინით მკურნალობა _ 100-ჯერ ნაკლები. ცერცვაძის სიჯიუტის მიზეზიც, დიდი ალბათობით, ამ ფასთა სხვაობაში უნდა იდოს. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ჰოსპიტალი რემდესივირს ივერმექტინით ჩაანაცვლებს, ხომ ადვილი საანგარიშოა, რამდენ მილიარდს დაკარგავს კომპანია “გილეადი”, რომელიც ამჟამად თითქმის მთელ მსოფლიოს ამარაგებს ამ უძვირესი პრეპარატით. რემდესივირზე უარი რომ არ თქვან ან რაც შეიძლება მაქსიმალურად გაჭიანურდეს ივერმექტინზე (ან სხვა პრეპარატზე) გადასვლა, კომპანიას სწორედ ცერცვაძისნაირი ერთგული ადამიანები სჭირდება.
ვფიქრობ, საკამარისზე მეტი ბრალდებები წავუყენე სამეულს. აი, ერთად თავმოყრილი მოკლედ:
1. მტკიცება იმისა, რომ ერთჯერადი პირბადე ვირუსებისგან 95 %-ით გვიცავს, მტკნარი სიცრუეა, რამაც უსაფრთხოების ცრუ განცდა გააჩინა, აქედან გამომდინარე არასახარბიელო შედეგებით;
2. ზედაპირებიდან დაინფიცირება, პრაქტიკულად, არ ხდება და ამიტომ ყველაფრის დეზინფექცია ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაა;
3. ხელის ჩამორთმევით და, მით უმეტეს, ფეხსაცმლის ძირებიდან (დეზობარიერზე არგაწმენდის შემთხვევაში) კოვიდის გადადება არ ხდება. საწინააღმდეგოს მტკიცება ხალხის მასხრად აგდებაა;
4. საპნით ხელების ხშირად და ხანგრძლივად დაბანა და სადეზინფექციო ხსნარებითაც რეგულარულად დამუშავება მაშინ, როდესაც ვირუსი ხელებით არ გადადის, მხოლოდ ზიანის მომტანია;
5. ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ არიან სათანადოდ დაცულნი: არ არიან აღჭურვილნი შესაფერისი რესპირატორებით, რაც ყოვლად შეუწყნარებელია;
6. აუცრელი ავადმყოფი ადამიანიც კი არ წარმოადგენს (არ უნდა წარმოადგენდეს) საფრთხეს ჭეშმარიტი იმუნიტეტის მქონე აცრილისთვის. ეს ხალხის დასაშინებლად და ურთიერთდასაპირისპირებლად მოგონილი სიცრუეა;
7. იმის მტკიცება, რომ 60%-იანი ვაქცინაციის შემთხვევაში კოვიდს დავამარცხებთ, საფუძველს მოკლებულია. ეს მაქსიმალურად ვაქცინირებული სახელმწიფოების პრაქტიკამ დაგვანახვა;
8. მესამედ აცრა, აგრეთვე, ორსულებისა და 18 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, რომლის შორეული შედეგები აბსოლუტურად შეუსწავლელია, დიდი დანაშაულია;
9. ივერმექტინით მკურნალობაზე კატეგორიული უარის თქმა დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა.
იაკობ ლეჟავა
P.S. მინდა, იმედი დავიტოვო, რომ პატივცემული პროფესორები თავს შეიწუხებენ და შეეცდებიან, დაასაბუთონ, რომ მე ვცდები და ბრალდებები, თუნდაც ნაწილობრივ, უსაფუძვლოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიჩუმე დანაშაულის აღიარების ტოლფასი იქნება. ადრე თუ გვიან ყველაფერი ცხადდება და პასუხის გაცემის დრო მაინც დადგება!
ი. ლ.