Home რუბრიკები საზოგადოება უშველის კი არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის გასაჭირს?

უშველის კი არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის გასაჭირს?

ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა,

სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს

ჭაბუა ამირეჯიბი

რაღაცნაირი დროა, გიჟური. ადამიანები სულ ყველაფერს ეჭვით უცქერენ, რადგან ძალაუფლების მაძიებელნი ყველაფერს ანგრევენ და უხარიათ _ შეუტიეს დედაეკლესიას, ოჯახის ინსტიტუტს, მშობლების ავტორიტეტსბავშვთა უფლებების დაცვისმოტივით, აფრქვევენ უამრავ სისაძაგლეს

 ისმენ და აღარაფრის და აღარავის გჯერა, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ

 2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 64 მერსა და საკრებულოს 2044 დეპუტატს. ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდება და ამ არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345- შეადგენს.

ყველა შეგნებული მოქალაქე, რომელიცარა მარტო პურითა ერთითა სცხოვრობს”, არამედ ცხოვრებაში რაიმე მიზნებსაც ისახავს, დიდი მოთმინების პატრონი უნდა იყოს, რომ ის ბაკქანალია, ის წინასაარჩევნო კამპანია აიტანოს, რომელსაც გალაღებული ვაიპოლიტიკოსები აწარმოებენ, ტრაბახით ყურები რომ გამოგვიჭედეს და ლოზუნგებით რომ ალაპარაკდნენ. ამომრჩევლებთან შეხვედრისას გამოსვლებს დაპირებებით იწყებენ და დაპირებებით ამთავრებენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა გრძნობს, საქართველოში ამ არჩევნების შემდეგაც რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, იმას კი ვარაუდობენ, რომ არჩევნებში წაგებული მხარე მშვიდად არ დატოვებს ბრძოლოს ველს და ამ შემთხვევაშიც ჯოხი ხალხზე გადატყდება.

როგორი უნდა იყოს ქალაქის თავი და როგორი თავი გვეჭირვება ახლა საკუთრივ ჩვენ?”

ეს კითხვა წლების წინათ გაზეთ “ივერიის” ფურცლებზე გაჩნდა, მაშინაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდა ჩვენი ქვეყანა, საინტერესოა, ხალხს როგორი წარმოედგინა მათთვის სასურველი ქალაქის მერი: ერთნი ამბობდნენ, რომ ქალაქის თავი ყველაფერს ვერ გაწვდებაო _ ვერ შეძლებს, ერთდროულად ბაზარსაც მიაქციოს ყურადღება, კანცელარიაშიც იმუშაოს, უმაღლეს მთავრობასთანაც დაიჭიროს საქმეო. ქალაქის თავის მოვალეობა მხოლოდ ის არის, რომ ქალაქის წარმომადგენელი იყოს მთავრობასთან, შუამავალი იყოს ჩვენსა და მთავრობას შორის და ქალაქელებს სჯეროდეთ მისიო. მეორენი ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის თავი უნდა იყოს პრაქტიკული, გამოცდილი კაცი, ბაზრის მცოდნე, აღებმიცემობაში ესმოდეს რამე. ქალაქში საშინელი სიძვირეა და უშველოს ამ საქმესო. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ორივე თვალსაზრისი მცდარად მიაჩნდათ. მათი აზრით, ქალაქს იმხანად ესაჭიროებოდა ისეთი თავი, რომელიც ბაზრის მცოდნეც იქნებოდა, ვაჭრობის საქმესაც გაუძღვებოდა, მთავრობასთან საქმის დაჭერაც არ გაუჭირდებოდა და ყველას წინაშე დაიცავდა ქალაქის ინტერესებს. ის უნდა ყოფილიყო მარჯვე, მხნე კაცი, რომელსაც მუდამ და ყოველთვის ქალაქის კეთილდღეობა ექნებოდა მხედველობაში. “იგი არის პატრონი ქალაქისა, მთელი ქალაქი მას ანდობს თავის ბედს, ყველა იმას შესცქერის, მან ყველაფერი უნდა იცოდეს. ყველგან უშველოს ქალაქს, სადაც შველა და დახმარება სჭირდება. აი, ამისთანა ქალაქის თავი გვჭირდება ჩვენ. მაგრამ სად არის?”

 იმ ეპოქაში ასეთი ადამიანის პოვნა ქალაქის თავად არ იყო რთული, რადგან, საბედნიეროდ, გვყავდა მთელი პლეადა მამულიშვილებისა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ამჯერად მკითხველის ყურადღებას ნიკო ნიკოლაძეზე შევაჩერებთ, ქართველ საზოგადო მოღვაწეზე, პუბლიცისტზე, პოლიტიკოსზე, რომელიც ქალაქ ფოთის თავი იყო 1894-1914 წლებში, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრი _ 1917-1920 წლებში.

ნიკო ნიკოლაძე 18 წელიწადი ფოთს საკუთარი შვილივით უვლიდა, ააყვავა, დაამშვენა. 1894 წელს ფოთის თავის არჩევნებში 210 კაცი მონაწილეობდა, აქედან 193-მა ხმა მისცა ნიკოლაძეს, მხოლოდ 17 წავიდა წინააღმდეგი. გულდასაწყვეტია, რომ ამ 17 კაცში შედიოდნენ იონა მეუნარგია და ნესტორ თავდგირიძე.

დიდია ნიკოლაძის წვლილი ქალაქის გადასხვაფერებაში. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც კეთილშობილ საზოგადო მოღვაწეს, ევროპულად განსწავლულ ადამიანს, პრაქტიკოს საქმოსანსა და თეორიულად მოაზროვნეს. ერთ ადამიანში ამდენი თვისების ერთად თავმოყრა უჩვეულოა და ძნელად მოსაძებნი, ამიტომაც ჰყავს უამრავი მტერიო, _ ამბობდნენ მისი მოკეთეები. _ არც დღე სძინავს და არც ღამე. თავზე ადგას სკოლების, ხიდების, სამკურნალოების, ეკლესიების მშენებლობას. მისი დამსახურებაა ფოთში ელექტროტრამვაის შეყვანაც, პორტიდან ქალაქის ცენტრში რომ გადაჰყავს ხალხიო.

ჭაობიანი, პატარა ფოთი მოკლე დროში ევროპულ ქალაქად გადააქცია. რვაჯერ წავიდა პეტრეს ქალაქში, რათა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაერწმუნებინა პორტის აშენების აუცილებლობაში.

მარტო ფოთის ქალაქის ხმოსნების ამომრჩევლებისადმი მიმართვაში რაც წერია, ისაა საკმარისი, ამ დიდებული კაცის ღვაწლი დაინახოო. აბა, ნახეთ:

წყალდიდობისგან აკლებულ ფოთს ულმობელ სტიქიისაგან შველა ესაჭიროებოდა, ამისათვის ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო და ახლა წყალი ისე თავისუფლად ვერ დასეირნობს ქუჩებში, როგორც წინათ;

შავს ვარსკვლავზე დაბადებული პორტი მკვდრეთით აღადგინა. ნავსადგურის განახლებით ფოთსა და საქართველოს დიდი სარგებლობა მოუტანა, ევროპა დაგვიახლოვა, აღებ-მიცემობა გააძლიერა;

გადაჭიმა სამი ხიდი, რომელთაგან ორი ქალაქსა და დიდ კუნძულს პორტთან აერთებს და მესამე _ ფოთელების მასაზრდოებელ გურიასთან; ახალი ხიდების აგებით გააუქმა მდინარე მალთაყვასა და რიონზე ნავებით გადასაყვან-გადმოსაყვანი უზომო გადასახადი, გაჭირვებულ ხალხის შემავიწროებელი;

მოსპო ძველ რკინის ხიდზე დაწესებული ბაჟი;

ააშენა ელექტრონის სადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ანათებს;

გააბა ტელეფონის ქსელი;

ნაცვლად დახავსებული სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლების ხის სახლებისა, ააგო ლამაზი აგურის ორსართულიანი შენობები, რომლებსაც მხარს უმშვენებდა ახალდაარსებული გიმნაზიების ქვის შენობები და სხვა სკოლები;

მოხერხებულ ადგილას გადაიტანა უხერხულ ადგილას მოთავსებული სავაჭრო მოედანი;

უზრუნველყო მცხოვრებლების სუფთა წყალით მომარაგება;

განაახლა ქალაქის კოშკი და მის გვერდით ამართა უზარმაზარი ეკლესია ბიზანტიის სტილზე;

სამკურნალოსა და პოლიციას საკუთარი ბინა მოუპოვა;

მოაწყო ცხენის რკინიგზის ლიანდაგი;

უზრუნველყო ნავსადგურში მიმავალი ქუჩებისა და სხვა გზატკეცილების მოკირწყვლა;

ქალაქის განაპირა ადგილები (ჩოჩხატის აგარაკი) ბანკიდან შეიძინა;

საქონლის საწყობები გამართა პორტსა და ელევატორში;

ხოლო ნახევარკაპიკიანი საფუთო გადასახადის დაარსებას ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქის ფინანსებისთვის, რომ მისი წყალობით სულდგმულობდა ადგილობრივი კულტურული დაწესებულებანი.

მიუხედავად ამისა, ასეთი ქალაქის თავის გვერდითაც მოიძებნენ ტალახის მსროლელი ადამიანები, რომლებიც მისი ღვაწლის დაკნინებას ცდილობდნენ. ნიკო ნიკოლაძეს კოლოსალური ოდენობის ქრთამის _ 358 000 მანეთის აღებაში დასდეს ბრალი. გაზეთი “ბათუმი” წერდა, რომ “უფალ ნიკოლაძეს” თითქოს ფული ფოთის პორტის მშენებელ კომპანია “ბუნგე-პალაშკოვისგან” აეღოს. ბატონი ნიკო არ უარყოფდა ფულის მიღებას, მაგრამ ამბობდა, რომ ეს თანხა ჰონორარის სახით აიღო კერძო სამუშაოს შესრულებისთვის.…

უცნაური ხალხი ვართ. ადამიანი სახელს მოიხვეჭს თუ არა, იმ წამს ყველა მის წინააღმდეგ ვირაზმებით, მის ლანძღვა-გინებას ვიწყებთ, მისი გათელვა გვწადია.

ახლა სხვა დროა: ახლა თუნდაც ნაყინის მომპარავს პასუხს მოსთხოვენ, მაგრამ მილიონების ქურდს დაჭერის არ ეშინია. აგერ, ბატონო, გიგი უგულავა, რომელსაც ქალაქ თბილისის მერობის პერიოდში 53 თუ 54 მილიონის გაფლანგვაში სდებდნენ ბრალს, მაგრამ რა? ახლა ფოთის მერად იყრის კენჭს და ამომრჩეველს უტიფრად უყურებს თვალებში. დიახ, ფოთის მერობა სურს და ისეთ დაპირებებს იძლევა, შემსრულებელი რომ იყოს, ნიკო ნიკოლაძის სახელს დაჩრდილავდა.

“პორტი უნდა შემობრუნდეს ქალაქისკენ და ქალაქი ზღვისკენ.

ზღვა დღეს ქალაქს ართმევს მიწას, პორტი მოწყვეტილია ქალაქის ცხოვრებას, ზღვიდან არ შემოდის ტურისტი, თევზის რეწვა მხოლოდ თევზის სუნს ტოვებს ქალაქში, მაშინ, როცა ფოთში თევზის ბაზარიც კი არ არსებობს. ეს აბსურდული სიტუაცია უნდა შევცვალოთ…” და ა.შ. მეტს აღარ გავაგრძელებთ, ისედაც მალე ვნახავთ, ვინ დაიჯერებს “ნაციონალური მოძრაობის” უბეში გამოზრდილი სახელგატეხილი კაცის დანაპირებს. იქნებ ვინმემ თქვას, სახელი ნიკო ნიკოლაძესაც კი გაუტყდა, როცა 1914 წელს ქრთამის აღებისთვის თანამდებობიდან გადააყენეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა; და, თუ ნიკოლაძე მთავარ ბრალდებაში სასამართლომ გაამართლა, არც გიგი უგულავასთვის დაუმტკიცებიათ მილიონების ჩაჯიბვაო… განსხვავება ძალიან დიდია: მაშინ ფოთის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, ქალაქის ვაჭრები და მოსახლეობა ერთიანად დაირაზმნენ დედაქალაქში გუბერნატორთან ჩამოსასვლელად, რათა მისთვის ეთხოვათ ნიკო ნიკოლაძის ფოთის თავის თანამდებობაზე დატოვება. მართლაც და, ვინ დაიჯერებდა ბატონ ნიკოლაძის უღირს საქციელს?! მიუხედავად ხალხის თანაგრძნობისა და ნდობისა, ამ ამბის შემდეგ დიდმა მამულიშვილმა საქართველო დატოვა, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სიკვდილამდე ემსახურა სამშობლოს. გიგი უგულავას “საქმენი საგმირონი” კი მთელი ამ წლების განმავლობაში კარგად უწყის საზოგადოებამ და არც მე ვაპირებ შეხსენებას. უბრალოდ, თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე იმაზე ვიფიქროთ, ვის შეიძლება ვანდოთ ხალხის ბედი, ვინ უშველის ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას, ვინ შეუმსუბუქებს მძიმე ყოფას.

P.S. ბატონმა გიგიმ შეიძლება ლუარსაბივით მისაყვედუროს: “_ რაღა მე წამავლე, შე უღმერთოვ, ხელი, ათასია სხვა ჩემისთანა”.

მეც ილიას სიტყვებით ვუპასუხებ: “_ აბა უფრო მაგისთვის წაგავლე, რომ შენ ათასსა ჰგევხარ და ათასი შენა”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here