Home რუბრიკები პოლიტიკა ვინმეს უფიქრია, რა მოხდება, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთმა ელენერგია რომ აღარ...

ვინმეს უფიქრია, რა მოხდება, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთმა ელენერგია რომ აღარ მოგვყიდოს?

კომპანიაენკასაქართველოდან გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომნამოხვანჰესიაღარ აშენდება. ბოლო წლების ერთერთ უდიდეს პროექტს ჰყავდა მომხრეები და მოწინააღმდეგეები, საბოლოოდ კი, “ენკამოფიციალური განცხადება გაავრცელა და ხელშეკრულება გაწყვიტა, მთავარ მიზეზად კი ფორსმაჟორი დაასახელა.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, პოზიციას გაგაცნობთ.

“ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვისაც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები. მთავრობას აქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით. ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, _ განაცხადა კობახიძემ.

თურქული კომპანიის წინააღმდეგ პროტესტის ტალღა მას შემდეგ აგორდა, როცა გაირკვა, რომ ხელშეკრულების თანახმად “ენკას” ლამის ნახევარი საქართველო ერთი საუკუნით მიჰქონდა. ხელშეკრულება კაბალური რომ იყო, ხელისუფლებამაც აღიარა და ხელი… ოპოზიციაში წასულ ექსპრემიერ გიორგი გახარიას შეაწმინდა, აქაოდა, კაბალურ პირობებს სწორედ ის დათანხმდაო. თავის მხრივ, გახარიამაც ხელი დაიბანა: მე რა შუაში ვარ, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და საქმეში ექსპერტები იყვნენ ჩართულიო. ასე იყო თუ ისე, ენკასაქართველოდან გავიდა და, უდიდესი ალბათობით, საერთაშორისო არბიტრაჟშიც იჩივლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაახლოებით 1 მილიარდი ლარი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბიზნესმენების უმრავლესობა, მთლიანი ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომენკასგასვლა საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და საქართველოში სერიოზულ კომპანიებს ინვესტიციების ჩადების სურვილი არ გაუჩნდებათ. ცოდვა გამხელილი სჯობს, კალთებს არც მანამდე გვახევდა ვინმე, მაგრამ ასეთი კაბალური პირობებით ეგებ სხვა მსურველიც გამოჩნდეს. მანამდე კი

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლიდან საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო, თუმცა 2021 წელს სურათი რადიკალურად შეიცვალა _ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ 29%-ია. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანს თავისი მოსახლეობისთვის დასჭირდა ელექტროენერგია, გასაყიდად აღარ აქვს და საქართველოსთვის მიწოდება შეამცირა. და, როგორ გგონიათ, ვინ არის ახლა ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი და ვის უნდა ვუმადლოდეთ, “ილიჩის ნათურა” რომ ანთია? სწორია _ რუსეთი. 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში 1049.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 171%-ით(!) აღემატება. გამოდის, რომ შემოტანილი ელექტროენეგიის 61% რუსეთზე მოდის; 29% _ როგორც გითხარით, აზერბაიჯანზე და მხოლოდ 10% გვაქვს საკუთარი ელექტროენერგია, რაც, ძალიან ცოტა კი არა, პრაქტიკულად, არაფერია. ჰოდა, კობახიძის ნათქვამი, “ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, დამაჯერებლად აშკარად არ ჟღერს. თუ ხელისუფლება იმას ცდილობდა, რომ ამ 10%-ს “ენკას” მეშვეობით 50%-მდე აიყვანდა, ძალიან ცდებოდა; და თუ სხვა რამეს ფიქრობდა… მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარების ტემპები ყოველდღიურად იზრდება და ეს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობებზე გადადის. საქართველოშიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს მოსახლეობა და ყველანაირი გათვლით, ეს ტემპი უახლოესი ოცი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ის, რასაც ახლა გეტყვით, შესაძლოა, ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ “ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს”.

შარშან, შარშანწინ და იმის წინ საქართველოში ენერგოსექტორში ასეულ მილიონობით ინვესტიციის განხორციელების მიზნით საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რუსულმა კომპანიამ მიმართა. ისინი მზად იყვნენ, პრაქტიკულად, ყველა პირობას დათანხმებულიყვნენ და საქართველოში ელექტროსადგურები აეშენებინათ. ეს იქნებოდა უცხოური ინვესტიცია და, რაც მთავარია, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, მაგრამ ქართულმა მხარემ უარი თქვა. არ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თანხმობის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ევროპა და ამერიკა ამის გაკეთებას, უბრალოდ, არ დაანებებდნენ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო მართლა მოიპოვებდა ენერგოდამოუკიდებლობას და ლოგიკურად გაუჩნდებოდა სურვილი, ელექტროენერგია ექსპორტზე გაეტანა. ეს გამოიწვევდა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მოიშორებდა განვითარებადი ქვეყნის სტატუსს და დაიწყებდა წარმოებას, რაც რეალური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული არცთუ პატარა ნაბიჯი იქნებოდა. აი, საქართველოს დამოუკიდებლობა კი იმას ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკას, სხვების მითითებით კი არა, საკუთარი სურვილისამებრ დაგეგმავს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც გასულ კვირაში მოხდა და რომელსაც უბრალოდ წაუყრუეს: აზიის განვითარების ფონდმა საქართველოს ახალი, 15-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა ისე, რომ ჩვენს ქვეყანას მათთვის არ მიუმართავს. გემახსოვრებათ, ორიოდე კვირის წინათ საქართველომ ევროპას 75-მილიონიან სესხზე უთხრა უარი, არ გვჭირდებაო, და ახლა ახალი სესხი დაუმტკიცეს. ე.ი., დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს ახალახალი ვალდებულებებიშეტენოსდა ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ქართული ბანკების მოქმედებას _ როცა გირეკავენ და გეუბნებიან, რომ სესხს ეფექტურ 17%-ში გიმტკიცებენ და ბოლოს ეს 17% ისე სცდება 50-, თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებთ. მერე ბანკის ვალებში იხრჩობით, რჩებით საცხოვრებლის გარეშე და აღმოჩნდებით ქუჩაში. დაახლოებით ანალოგიურ ქმედებასთან გვაქვს საქმე. როცა საქართველო ისეთ დღეში იქნება, რომ ვალების გასტუმრებას ვერ შეძლებს და ამას ბიუჯეტი არ ეყოფა (აქამდე ერთ ნაბიჯში რომ ვართ, ფინანსთა მინისტრმაც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც მიანიშნა), ქვეყანა გამოცხადდება გაკოტრებულად და მინიმუმ ნახევარი საუკუნით დამოკიდებული იქნება დონორების კეთილ ნებაზე, დონორი კი… დასავლეთი იქნება და მერე ვერც ერთი ხელისუფალი ვერ იტყვის: სესხი არ მინდა ან თქვენს პოლიტიკურ ნებას არ დავყვებიო.

არ ვდავობთ, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და პარტნიორია. მიუხედავად ამისა, დავითგარეჯას საქმე მიძინებულია და რამდენიმე სალოცავში სასულიერო პირები დღესაც ვერ ახერხებენ ასვლას. “კეთილმა მეზობელმაეს პრობლემა სათავისოდ მიაძინა. როცა აზერბაიჯანს დასჭირდა, თავისივე გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს მარტივად შეუწყვიტა და პრიორიტეტად საკუთარი მოსახლეობა გამოაცხადა, რაც ლოგიკური და ნორმალურია. ანუ, ხვალ რომ აზერბაიჯანს დასჭირდეს, მაგალთად, ბუნებრივი აირის საკუთარი მოსახლეობისთვის მიცემა, კვლავ ლოგიკურად იმოქმედებს და ჩვენ ბუნებრივი აირის გარეშეც დავრჩებით და კვლავ რუსეთს მივადგებით. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მოწოდების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ რუსეთს მიმართა და ახლა ელექტროენერგია ისევ ჩრდილოეთიდან შემოგვაქვს. ვინმეს უფიქრია იმაზე, რა მოხდება, თუ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთი უარს გვეტყვის ელექტროენერგიის მოყიდვაზე? უბრალოდ, თქვას, რომ თავისთვის სჭირდება, ან სხვა ქვეყანა უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს? იცით, რა მოხდება? 1990-იანი წლები დაბრუნდება და შუქის მოსვლას ზუსტად ისეთივე აპლოდისმენტებით შევხვდებით, როგორც მერობის კანდიდატებს ხვდება ახლა შეხვედრებზე მიყვანილი ხალხი.

ამ მწარე რეალობის მიუხედავად, ბედთან თამაშს ვაგრძელებთ და რუსულ მხარეს არ ვესაუბრებით არანაირ პირობებზე, არ ვთანხმდებით გრძელვადიან პერსპექტივაზე და, რაც მთავარია, უარს ვეუბნებით ინვესტიციებზე, რადგან ჩვენთვის რუსულ ფულს სუნი აქვს. ხომ არის ევროპა და ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? ჰოდა, მაშინ მათ განახორციელონ ინვესტიციები, მათ ააშენონ მისაღები პირობებით ელექტროსადგურები და 10 წლის შემდეგ მაინც გვექნება ამ მიმართულებით დამოუკიდებლობა. მაგრამ არა, დასავლეთს ყველაზე ნაკლებად სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობა სურს, რადგან… “მაძღარი მონა ვერ ააშენებდა სვეტიცხოველს”. ახლა არ თქვათ, რომ ჩვენი მდგომარეობა მონობისგან რაიმეთი განსხვავდება. როცა სხვა ქვეყნის უმაღლესი პირები კი არა, ელჩები გვიწესებენ დღის წესრიგს, თავზე გვახევენ კონსტიტუციას და გვითითებენ პიროვნებების დონეზე, ვინ უნდა იყოს მოსამართლე, ვინ პროკურორი და ვინ დეპუტატი.

თითქმის გადაჭრით შეიძლება თქმა, რომ “ენკა” საერთაშორისო არბიტრაჟში აუცილებლად წავა და საქართველოს მილიარდ ლარსაც “აახევს”. სამაგიეროდ, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლება ანალოგიურ ნაღმზე მომავალშიც არ აფეთქდება და ახლა სხვა კომპანიას არ გაუფორმებს კაბალურ ხელშეკრულებას, ისეთს, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ამ პირობებში რუსულ ინვესტიციებზე უარის თქმა, სულ ცოტა, პოლიტიკური სიბეცეა. მით უმეტეს, რომ რუსული კომპანიები ელექტროსადგურებს მთელ მსოფლიოში აშენებენ და გერმანიისა და საფრანგეთისთვისაც კი უდიდესი ინვესტორები არიან.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here