უკვე 15 წელიწადია, რაც ჩემს ზეპირ და წერილობით გამოსვლებში მუდმივად ვამახვილებ ყურადღებას გლობალიზაციის მნიშვნელობაზე, კვლავაც გავაგრძელებ ამ საქმიანობას, რადგან მჯერა, რომ «პატარა ქვეყნებში სახელმწიფო ხელისუფლების სისუსტე ადამიანებისა და მათი ქონების დაცულობის შედარებით დაბალ დონეს განაპირობებს და იწვევს მყარი უსაფრთხოების შეუძლებლობის ნაღვლიან განცდას». ფრიდრიხ ლისტის ეს სიტყვები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს ჩვენი და სხვა _ ჩვენსავით პატარა ქვეყნებისთვის, ამიტომ გლობალიზაციას უნდა შევხედოთ, როგორც ბიბლიურ ლევიათანს, რომელზეც ხელის შეხებისას, როგორც მამა ღმერთი გვაფრთხილებდა, უნდა «გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები» (იობი 14. 32).
გლობალიზაცია გვიზიდავს და გვითრევს მსოფლიო სისხლსავსე ცხოვრებაში. იგი გვაძლევს განვითარების არნახულ შესაძლებლობას და ამავე დროს გვიქადის გაქრობას. იგი მოდის ქარიშხალივით, მოაქვს ადამიანების, ერების, სახელმწიფოების თანაცხოვრების ცივილიზებული სტანდარტები, რესურსების გამოყენების ეფექტიანობისა და შრომისნაყოფიერების ზრდის შესაძლებლობები, მაგრამ, თუ მას ღირსეულად არ შეხვდი, არ შეაგებე შენი თვითმყოფადი, ეროვნულ ტრადიციებში გამოხატული უნიკალობა, თუ არ აგრძნობინე, რომ შენ საჭირო და აუცილებელი ხარ, როგორც არა ძალა, არამედ ამ ძალის წარმომშობი აუცილებლობა, რომლის გარეშეც მსოფლიო კულტურული მრავალფეროვნება გაღარიბდება, რომლის გარეშეც მსოფლიო ისტორია არ იქნება სრულყოფილი, მაშინ ამოქმედდება ცივილიზებული გარემოს ერთი ულმობელი კანონი, მისთვის მიუღებელი და გაუგებარი კულტურების მარგინალიზაციისა და შემდეგ მათზე უარყოფითი ზემოქმედების კანონი, რომლის ძალითაც მსოფლიო თანამშრომლობა ჩვენთვის საბედისწერო გახდება. არავის ვაშინებ, მხოლოდ ვაფრთხილებ, რადგან ჩვენი საზოგადოების ჰომეოსტაზი (მდგომარეობის ერთგვარი სიმყარე. _ რედ.), ჩვენს პასუხისმგებლურ საქმანობაზეა დამოკიდებული.
ჩვენი საზოგადოების პათოლოგია
მოვლენათა ზედაპირზე გლობალიზაცია ყველას, ვისაც მსოფლიო საბაზრო სისტემაში ადაპტაცია განუზრახავს, თანაბარ სტანდარტულ პირობებს სთავაზობს. ესაა სამუშაო ძალის, ფულისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება მსოფლიო ბაზარზე, შესაბამისად, იმ პირობების აღიარება და ეროვნული საზოგადოების მასშტაბით განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანისა და მისი ქონების თავისუფალ მიგრაციას. თუ ამ თვალსაზრისით დავუკვირდებით პატარა სახელმწიფოებს, ყველგან შევნიშნავთ მოსახლეობის მობილურობასა და კვალიფიციური სამუშაო ძალის გადინებას სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს ცნება «დიასპორა». საქართველოსთვის, რომლის განსაკუთრებულ ნიშანსაც წარმოადგენდა მისი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილისადმი სტაბილური დამოკიდებულება, აქტუალური გახდა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მსოფლიო მასშტაბით ადამიანების მიგრაციას.
ექსპერტების გათვლებით, საქართველოდან გასულია 1,5 მილიონი ადამიანი, რომელთაგან დიდი უმრავლესობა დასაქმებულია გამოცდილებისა და ცოდნისთვის შეუფერებელი საქმიანობით. ასეთი მიგრანტები განვითარებულ ქვეყნებში ვერ იმაღლებენ კვალიფიკაციას, ვერ იძენენ ახალ პროფესიებს, სრულყოფილად ვერ მონაწილეობენ სოციალურ პროცესებში, ამიტომ უკან დაბრუნებულები აქტიურად ვერ ებმებიან ქვეყნის სამეურნეო საქმიანობაში. არის გამონაკლისიც, როცა ისინი, ვინც თავიანთი კვალიფიკაციითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იმ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, რომელშიც მოღვაწეობენ. არის პირიქითაც. არაფერი რომ არ ვთქვათ ტრეფიკინგის მსხვერპლზე, იშვიათია, თბილისში ევროპიდან დაფრინდეს რეისი, ერთი-ორი დეპორტირებული ჩვენი თანამოქალაქე რომ არ ჩამოიყვანოს სამშობლოში.
ამგვარად, გლობალურმა გარემო პირობებმა შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, კერძოდ, სამუშაო ძალის მიგრაციის პრობლემა, რომელიც მეტად სასარგებლო იქნებოდა, საქართველოდან გასულ ადამიანებთან, რომლებიც მთელ მსოფლიოში ქმნიან დიასპორას, მუშაობის აწყობილი, სახელმწიფოებრივად ორგანიზებული სისტემა რომ გვქონდეს, რათა დიასპორა იყოს ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მის შესახებ მიმდინარეობდეს სერიოზული მეცნიერული კვლევები.
არავის ღვაწლის დაკნინება არ მინდა: ცხადია, გარკვეული საქმიანობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არსებობს დიასპორასთან საქმიანობის სახელმწიფო ინსტიტუციონალური სისტემაც, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებულობა ამ სფეროში ძალიან დაბალია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოდან, მიზანდაუსახველად, თვითდინებით მთელ მსოფლიოში გაიფანტა მაღალმობილურობისა და საკმარისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა, რომელიც ახალ პირობებში არ არის სათანადოდ დაცული, არ აქვს ადეკვატური შრომისა და ცხოვრების პირობები. ამის გამო ჩვენი ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ხარისხი დაქვეითდა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს საზოგადოებრივ საქმიანობაზე. სამაგიეროდ, უცხოეთიდან შემოდის ფული, რომელიც აქ მოიხმარება. ამ ფულით ივსება ჩვენი ბიუჯეტი, მაგრამ, რადგან უნარიანი სამუშაო ძალა გავიდა ქვეყნიდან, შემცირდა ადგილობრივი წარმოების მოცულობა (რა თქმა უნდა, ამის სხვა მიზეზებიც არსებობს), მის ნაცვლად შემოვიდა უხარისხო და საეჭვო წარმოშობის პროდუქცია _ მომხარებელი, საზოგადოების დიდი ნაწილი საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს.
დღეს დიასპორის გარეშე ჩვენი ბაზრის განვითარება წარმოუდგენელია, რადგან ადგილობრივი ბაზრის განვითარება გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და, რაც მთავარია, იმ რესურსების ამოქმედებას, რომლებიც გვაქვს და იდენტურია ჩვენი განვითარების კულტურულ-ისტორიული პროფილის.
მაშინ, როცა მთავარი რესურსი, ადამიანები, გაფანტულია მსოფლიო სივრცეში, მათი საქმიანობის ეფექტიანობის კრიტერიუმები იცვლება და საჭირო ხდება მიმდინარე პერიოდისთვის დამახასიათებელი მექანიზმების შემუშავება. ამგვარად, დიასპორასთან საქმიანობა და საქართველოდან მიგრირებული სამუშაო ძალის აქტიური ჩართვა ქვეყნის აღმშენებლობაში განვითარების სისტემური და მნიშვნელოვანი ელემენტია. უნდა გავითავისოთ, რომ მსოფლიო საბაზრო სისტემაში ჩვენი ჩართულობის კვალობაზე სამუშაო ძალის მიგრაციას აქვს არა მხოლოდ სისტემატური ხასიათი, არამედ იგი ჩვენი ქვეყნის განვითარების სისტემურ მახასიათებლად იქცა. ამ ახალი რეალობის სათანადო გააზრება, ანუ ქვეყნიდან გასული სამუშაო ძალის შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება ჩვენს ყოველდღიურობაში ეროვნული განვითარების ახალ, აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესზე კონტროლი და, რაც მთავარია, გამოვიყენოთ იგი, როგორც ეროვნული ინტერესების რეალიზაციის ქმედითი მექანიზმი.
1990-იან წლებში საქართველოზე მაფიქრალ და მისი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ოდესმე საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი _ 1,5 მილიონი ადამიანი _ საზღვარგარეთ წავიდოდა სამუშაოს საძენბელად, ქვეყნისთვის საჭირო სურსათის 60 პროცენტი უცხოეთიდან შემოსატანი გახდებოდა და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი 13 მილიარდი აშშ დოლარი იქნებოდა. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სოციალურ-ეკონომიკურმა წარმონაქმნა, შეიმუშავა გარემოსთან ადაპტაციის უნარი, რომელიც არა მარტო რეალურად მიმდინარე ობიექტური, არამედ შემეცნებითი პროცესიცაა, საიდანაც საზოგადოება იღებს გარე სამყაროში არსებულ ინფორმაციას, რომელსაც მისი შემდგომი განვითარებისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, საქართველოს, რომელსაც 12 მილიონი ადამიანის გამოკვებისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის რესურსი გააჩნია, რად ესაჭიროება დიასპორა, თუ იგი გარესამყაროსთან ადაპტაციის ქმედითი და ეფექტიანი წარმონაქმნი არ იქნება?!
სახეზეა სისტემური წარმონაქმნი, რომელიც წარმოიშვა სისტემაზე გარე სამყაროს დამანგრეველი ზემოქმედებისგან თავდაცვის მიზნით, მაგრამ დეფორმირებულია და მოვლენათა ზედაპირზე წარმოდგა, როგორც ჩვენი საზოგადოების პათოლოგია.
ქართული დიასპორა ჩვენი სიმდიდრეა
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი დიასპორის განვითარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი ჩვენი ქვეყნის პროგრესი, ამიტომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის სახელმწიფოებრივი მექანიზმის შემუშავება გადაუდებელი ამოცანაა. ახლავე უნდა დავიწყოთ აქტიური საქმიანობა. ჯობია, სწორი საქმე ვაკეთოთ, ისე, როგორც შეგვიძლია, ვიდრე კარგად ვაკეთოთ არასწორი საქმეები.
როცა აწ ყოფილმა ხელისუფლებამ მასშტაბურად დაიწყო ლიბერტარიანულად მონათლული, დისციპლინარული საზოგადოების მშენებლობა, ადამიანების დაბრუნების სანაცვლოდ, კვალიფიციური სამუშაო ძალის გამალებული მიგრაციის ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. სწორედ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში შეიქმნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქართველ მიგრანტთა დიდი ჯგუფები. ამ პერიოდში მიიღო დიასპორის პრობლემებმა პათოლოგიური ფორმა.
დიასპორასთან აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა დღესაც არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ვერ გამოინახა ფორმები ქვეყნის სამოქალაქო პროცესებში დიასპორის უფრო აქტიური ჩართულობისთვის.
ქართული დიასპორის მრავალგვარობა და მასთან მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები ცხადყოფს, რომ პრობლემას უამრავი ასპექტი გააჩნია, რომლებიც განპირობებულია ქვეყანათა შორის ურთიერთობებით, რელიგიური თანაცხოვრების პრინციპებით, საინვესტიციო-ეკონომიკური აქტივობით, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურისა და ყველა იმ საკითხით, რომლებიც ადამიანისა და სახელმწიფოს განვითარებას უკავშირდება. ამიტომ ცხადია, რომ გვესაჭიროება ერთიანი, ცენტრიდან მართული, მოქნილი და მეთოდოლოგიურად მრავალფეროვანი სამოქალაქო და პოლიტიკური ინსტიტუციები, რომლებიც შეძლებს მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულის პირდაპირ ჩართვას საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.
განსაკუთრებით პერსპექტიულად მიმაჩნია ჩვენი დიასპორის ცალკეული ავტორიტეტული წარმომადგენლების მონაწილეობა ეთნიკურ ქართველთა მსოფლიო ერთიანობის საქმეში, მათი უფლება-მოვალეობებით აღჭურვა სერიოზული პროგრამების ფარგლებში. ამ საქმიანობაში უნდა ჩავრთოთ დაუმსახურებლად დავიწყებული ისეთი პიროვნებები, როგორიც, მაგალითად, ბატონი გივი თაქთაქიშვილია. იგი დღეს ნიდერლანდების სამეფოში ცხოვრობს და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა ერთ-ერთ ავტორიტეტულ უნივერსიტეტში; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, 1991 წლის ქართულ პარლამენტში ეკონომიკური საკითხების კომისიას თავმჯდომარეობდა, მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა კანონი «თავისუფალი მეწარმეობის შესახებ», რომელმაც საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში დაარეგულირა სამეწარმეო ურთიერთობები. რომ არა ეს კანონი, საქართველოს დსთ-ში შესვლის შემდეგ ჩვენს ეკონომიკას სრული «ბელორუსიზაცია» ემუქრებოდა.
ასევე, გაუგებარია, რატომ არ იყენებს ჩვენი ქვეყანა უკრაინაში მცხოვრებ ქართველ პოეტს, ცნობილ დიპლომატს და დიასპორის საკითხების ღრმად მცოდნეს, ბატონ რაულ ჩილაჩავას. დიდი და სასარგებლო საქმეების კეთებას შეძლებდა იგი, თუ იქნებოდა ამის პოლიტიკური ნება.
როგორც სხვადასხვა საინფორმაციო არხიდან ვიგებთ, ბევრია ისეთი ემიგრანტიც, რომლებმაც შეძლეს კაპიტალის დაგროვება იმ ქვეყნებში, რომლებშიც ისინი მეწარმე რეზიდენტები არიან, მოიპოვეს ავტორიტეტი საზოგადოებაში. ხელოვნების, მეცნიერების ცნობილ წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, ისინი გვარწმუნებენ, თუ რა დიდი შემოქმედებითი ძალის მატარებელია ქართული დიასპორა და რა ცუდია, რომ არ გვაქვს რეალური ბერკეტები ასეთი ადამიანების, საქართველოს სამსახურში ჩასაყენებლად. ამის მაგალითად დავასახელებ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას, ცნობილ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, რომლის მადლიანი და უანგარო საქმიანობა, ანალიტიკური პუბლიკაციები, თუნდაც «საქართველო და მსოფლიოში», რატომღაც ყურადღების მიღმა რჩება ჩვენს ხელისუფლებას.
გლობალური პროცესების გაღრმავების კვალობაზე, ჩვენ და სხვა ჩვენი მსგავსი ქვეყნების ერთადერთი ხსნა ამ პროცესებში აქტიური შემოქმედებითი მონაწილეობაა. ჩვენ გაგვიჩნდა დიასპორა და მუდმივად გვეყოლება. ეს ახალი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის და ვალდებული ვართ, მას ღირსეულად და პასუხისმგებლურად შევეგებოთ.
დავით იაკობიძე,
პროფესორი