Home რუბრიკები პოლიტიკა ერთ დღესაც მოსახლეობას მოსწყინდება მხოლოდ სისხლიანი პლაკატების ყურება და იმ ბილბორდებზე თქვენს...

ერთ დღესაც მოსახლეობას მოსწყინდება მხოლოდ სისხლიანი პლაკატების ყურება და იმ ბილბორდებზე თქვენს თავებსაც მიახატავს

ბატონებო, მშიერი ხალხი ყველაზე საშიშია!

1 ოქტომბერს 9 წელი შესრულდება, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობადაამარცხა და მას შემდეგ ძალაუფლებას არ თმობს. 2012 წლიდან არაერთი არჩევნები ჩატარდა და ყველა მათგანში მმართველმა ძალამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი

“ოცნებას” ხალხი უდიდესი იმედით ელოდა. მთავარი, რასაც ადამიანები ითხოვდნენ, სისხლიანი რეჟიმის გასამართლება იყო, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. ჰო, ვერა, რადგან მთავარი დამნაშავეები (ან დამნაშავე) ისევ თავისუფალია და, თუ ვინმეს ჰგონია, გასულ კვირას საქართველოში ჩამოყვანილი მეგის ქარდავას დასჯა საკმარისია, ძალიან ცდება. საზღვარგარეთ გადასარევად ცხოვრობენ დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, ალექსანდრე მუხაძე და ბევრი სხვა. სააკაშვილზე, საერთოდ, არაფერს ვამბობთ, კაცი უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია და საქართველოში სასჯელმისჯილ ექსპრეზიდენტს ყველა ევროპული ქვეყანა და ამერიკა კარს ფართოდ უღებენ. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელშიც სააკაშვილი ჩასვლას იმიტომ ვერ ბედავს, რომ ზუსტად იცის, დააკავებენ; ის რუსეთი, ჩვენ უმთავრეს მტრად რომ გამოგვაცხადებინეს.

რამდენიმე წელიწადია, არჩევნების წინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში სარეკლამო ბანერების გვერდით ჩნდება ბანერი, რომელზეც წინა ხელისუფლების პირველი პირები არიან გამოსახულნი სისხლიანი ხელების ფონზე. ამით “ოცნება” გვახსენებს, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა დააბრუნოს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა”. კეთილი, ბატონებო, გავიგეთ, დავრწმუნდით, რომ ნაცები ცუდი იყვნენ და ხელისუფლებაში აღარ ვაბრუნებთ, მაგრამ იმას თუ ხვდებით, ამ 9 წლის განმავლობაში მეტი რომ არაფერი არ გაქვთ სათქმელი? სწორედ ეს არის კატასტროფა, რომ 9 წელი მხოლოდ იმას გვიკიჟინებთ: ჩვენ თუ წავალთ, ისინი მოვლენ და მერე არაფერი არ გეშველებათო. არ მოვიდნენ ისინი, აგერ უკვე მესამე წრეზე გაგიშვით და რა? რას ვიღებთ სანაცვლოდ?.. მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით გაიზარდა. ანუ, თუ აგვისტოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 221.1 ლარს შეადგენდა, ივლისში ეს მაჩვენებელი 218.3 ლარი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 38.8 ლარით არის მომატებული. შარშან აგვისტოში საარსებო მინიმუმი 182.3 ლარს შეადგენდა. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, აგვისტოში, ივლისთან შედარებით, 2.4 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 193.4 ლარის ნაცვლად 195.8 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 161.5 ლარს შეადგენდა. სხვა თემებზე საუბარს არ ვაპირებთ, ამ ცხელ-ცხელ ამბავს მივყვეთ. მწეველები დამეთანხმებიან, რომ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი საუკეთესო შემთხვევაში 6 ლარით იწყება. გამოდის, რომ შრომისუნარიანი მამაკაცი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მწეველი, თორემ თანხა მხოლოდ სიგარეტზე არ ეყოფა. კარგია, ხელისუფლება ჩვენს ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავს, მაგრამ ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი მწეველია (სამწუხაროდ) და შრომისუნარიანი მამაკაცების უმრავლესობაც ეწევა. ახლა რიგით ადამიანზე ვთქვათ, ანუ საშუალო მომხმარებელზე. ეს ცნებაც პირობითია, რადგან შეიძლება 30 წლის მამაკაცი იყოს შრომისუუნარო და 60 წელს გადაცილებული _ შრომისუნარიანი. და ვინ დაასკვნა, რომ ერთს მეორეზე ნაკლები კვება სჭირდება? იცით, ეს ყველაფერი რას ჰგავს? _ თბილისში სახელმწიფო ბაღებში ერთი ბავშვის კვებაზე უფრო მეტი თანხა რომ არის გამოყოფილი, ვიდრე რეგიონების ბაღების ბავშვებისთვის. ვიღაცებს სჯერათ, რომ თბილისელი ბავშვი უფრო მეტს ჭამს, ვიდრე ზესტაფონელი, ხაშურელი, თელაველი, მესტიელიაქ ხომ არ არის ლოგიკა? არა, მაგრამ ასეა, ასე ხდება, წლებია და, თუ ვინმე იტყვის, თბილისში პროდუქტი უფრო ძვირია და იმიტომო, ეგეც ტყუილია _ ტენდერს სხვადასხვა კომპანია იგებს და ტრანსპორტირების ხარჯით რეგიონებში უფრო ძვირი გამოდის პროდუქტის მიწოდებაო.

ბავშვებს შევეშვათ და ისევ დიდებს დავუბრუნდეთ. საარსებო მინიმუმის თანხა თვის დღეებზე რომ გავყოთ, დღეში საშუალოდ 6.50 ლარი გამოდის. ვინმეს სჯერა, რომ ზრდასრულ ადამიანს შეიძლება ეს თანხა ეყოს და მთელი წელი ამით იარსებოს? მხოლოდ პურსა და კარტოფილს თუ შეჭამს, ჰო, მაგრამ… ამ თანხაში კომუნალური გადასახადებიც შედის და იმ კარტოფილს მოხარშვა ხომ უნდა (ზეთის ფასის გათვალისწინებით, შეწვაზე არაფერს ვამბობთ)? ჰო, არც უნდა იმგზავროთ, ტანსაცმელი კიდევ… ერთი წყვილი მთელი ცხოვრება უნდა გეყოთ, სხვაგვარად ვერ გადაარჩენთ ტანისამოსისთვის და განსაკუთრებით ფეხსაცმლისთვის საჭირო თანხას.

იცით, ყველაზე საინტერესო რა არის? წინა ხელისუფლებამაც ხომ იცოდა, იმის წინამაც და ამჟამინდელმაც ხომ იცის, რომ ეს თანხა რეალურად საკმარისი არ არის? ხომ ზუსტად ხვდებიან, რომ გამორიცხულია, ჯანმრთელ ადამიანს ეს ფული ეყოს და მაინც არ ან ვერ უმატებენ. არ ფიქრობენ, რით არსებობს ერი (აქ არ დავწერთ ერი და ბერი, იმიტომ, რომ…)? პოლიტიკოსებს ქართული ხასიათის იმედი აქვთ, სჯერათ, რომქართულ ჯიგრულ პონტშივიღაც რაღაცასჩალიჩობსდა თავი გააქვს, მაგრამ ეს ჩალიჩი, ძირითადად, არაადამიანურ პირობებში ვირივით შრომას, საზღვარგარეთიდან სისხლის ფასად ნაშოვნ და გამოგზავნილ გროშებს ემყარება. ისიც გემახსოვრებათ, გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული ემიგრანტების თემა რომ მიაჩუმათეთ, რადგან ლამის საკონცენტრაციო ბანაკებში მოუწიათ ყოფნა და იმას ხომ არ იტყოდით, ჩვენმა მეგობარმა ისე გაგვრეკა მონებივით, როგორც ამას თავის დროზე ოსმალები და სპარსელები აკეთებდნენო. ჰო, ოსმალეთი და ირანი ტყუილად არ მიხსენებია, თურქეთი ახლა ერთერთ სტრატეგიულ პარტნიორად გვყავს გამოყვანილი, მას კი თვალი აჭარაზე უჭირავს. აქეთ კიდევ, საქართველოში დაკავებული ათი უცხოელი ნარკორეალიზატორიდან ნახევარი ირანის მოქალაქე რომ არის, ცალკე თემაა.

ისე, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 221.1 ლარი რომ არის და პენსია 240 ლარი, რას ნიშნავს? პანსიონერი თუ შრომისუნარიანია, პენსიაზე რატომ უშვებთ? ციფრები არასდროს ტყუიანო და, სწორედ ამ ციფრებში რომ ხართ დაკარგულები, ბატონებო, ხვდებით? და აღარც კი გვახსოვს, რამდენი წლის წინათ იყო, ასდოლარიან პენსიას რომ დაჰპირდით მოსახლეობას, სად არის? თუ ლარი გაიქცა და ვეღარ ეწევა პენსიის ნამატი ვალუტის კურსს?

საარსებო მინიმუმის მატებასთან ერთად, ხელფასები და სამუშაო ადგილები რომ არ მატულობს, ცალკე თემაა. მატულობს კი არა, პანდემიის პირობებში ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და, ახლა მუშაობის დაწყება ვისაც სურს, ისეთ ხელფასს სთავაზობენ, საარსებო მინიმუმზე მეტი რომ არ არის. არადა, ამ ადამიანს დასაქმებული ჰქვია, განცდა აქვს, რომ მუშაობს და თვიდან თვემდე არ ჰყოფნის ჯამაგირი. იმაზე თუ გიფიქრიათ, ბატონებო, ამდენი ქსელური სუპერმარკეტის ფონზე, რატომ მუშაობენ უბნის პატარა მაღაზიები? იმიტომ, რომ ისინი მოსახლეობას ნისიად აძლევენ პროდუქტს, შემდეგ ეს ადამიანები ხელფასის 90%- იმავე მაღაზიაში ტოვებენ და ხელახლა იღებენ ვალს. ასე ვალებით ცხოვრობს მთელი ქვეყანა თვიდან თვემდე და უკეთესი მომავლის იმედიც არ ჩანს.

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ: ბატონებო, გავიგეთ, ზუსტად ვიცით, რომ ოპოზიცია არის ცუდი, რომ წინა ხელისუფლება იყო სისხლისმსმელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ კარგი. აი, ეს უნდა გაიგოთ! სხვაგვარად ვერ წავალთ წინ და ერთ დღესაც მოსახლეობას მოსწყინდება მხოლოდ სისხლიანი პლაკატების ყურება და იმ ბილბორდებზე თქვენს თავებსაც მიახატავს. ამიტომ ვამბობთ, საარსებო მინიმუმის ნაბიჯ-ნაბიჯ მომატებასთან ერთად, იმაზეც იფიქრეთ, რომ ხალხს სამუშაო არ აქვს; იმაზეც, რომ სოციალურად დაუცველთა რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს და ეს საამაყო არ არის, აქაოდა, ადრე მხოლოდ მხარდამჭერებს აძლევდნენ დახმარებასო. ახლა ყველას რომ აძლევთ და მილიონს გასცდით, ეს გამათხოვრებულ ქვეყანას ნიშნავს და სიტყვაზე გვენდეთ, ბატონებო, მშიერი ხალხი ყველაზე საშიშია.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. წინა წერილი უფრო მომეწონა. აქაც მართალს ამბობს ავტორი, მაგრამ ავიწყდება, რომ დღეს სოციალიზმი აღარ არის, რომ მთავრობამ ხალხზე იზრუნოს, კაპიტალიზმია და ყველამ თვითონ უნდა იზრუნოს თავზე. სოფელი ცარიელია, წავიდნენ, მოსავალი მოიყვანონ, თვითონაც გამოიკვებონ თავი და ქალაქში გასაყიდადაც ჩამოიტანონ, მარტო სატაქსაოდ ჩამოსვლა კი არც მათ არგიათ, არც ქალაქელებს. სოფელო, ჩემო სოფელო… სოფელი გონიერია, თუ კაცი გონიერიაო. რა დაეცეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდესო… მე ბოდიში, მაგრამ ასეთი სულელური აზრები მომივიდა და აზრებ რა უყო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here