Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: საქართველოს ვნებს გავრცელებული ტერმინი “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”

გულბაათ რცხილაძე: საქართველოს ვნებს გავრცელებული ტერმინი “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა 1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის თაობაზე, მაგრამ ეს შეთანხმება 16 სექტემბერს აფხაზებმა დაარღვიეს. ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე გაყვანილი ჰყავდა კონფლიქტის ზონიდან. ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს შემოტევას და ქალაქი დაეცა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ამ კონფლიქტში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა და დევნილად იქცა. სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს _ ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს _ გალი, შედეგად აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა. რა შანსი აქვს საქართველოს, რომ აფხაზეთი კვლავ ჩვენი ქვეყნის იურისდიქციაში მოექცეს? რა შეცდომები დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ და რა უნდა გავაკეთოთ, უწინარესად, ქვეყანა რომ გამთლიანდეს? ამ საკითხზე რამდენიმე წლის წინ ვესაუბრეთევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელს _ გულბაათ რცხილაძეს. დღეს მკითხველს ისევ ვთავაზობთ ამ ინტერვიუს, ვინაიდან მასში წამოჭრილი საკითხები არათუ გადაიჭრა, პირიქით, გამძაფრებულია კიდეც.

_ ბატონო გულბაათ, 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სამწუხაროდ, ამ დღეს მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემი ღონისძიებებით შემოვიფარგლებით ხოლმე, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად კი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ქვეყანას. მეტიც _ სოციოლოგიურ კვლევებში თითქმის გაქრა პუნქტი ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნის შესახებ, ამ საკითხზე არ საუბრობენ საპრეზიდენტო კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები.…

_ დავიწყოთ იმით, რომ შეკითხვაში უკვე შეცდომა დაუშვით. საქართველოს ვნებს გავრცელებული ტერმინი “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, რომელიც ოსებისა და აფხაზებისთვის ომთან, ჩაგვრასა და განადგურებასთან ასოცირდება. თუ ვილაპარაკებთ საქართველოს გამთლიანებაზე, ნებაყოფლობით გაერთიანებაზე, რომ ოსები და აფხაზები ისევ დაგვიბრუნდნენ, რათა ჩვენთან ერთად იცხოვრონ ერთ სახელმწიფოებრივ სივრცეში, ეს სულ სხვა საკითხია.

სამწუხაროდ, ბევრი საუბრობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ ეს მავნებლობასთან ერთად ისე არარეალურია, რომ ხალხში უკანა პლანზე გადაინაცვლა. მეძავი პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ხალხი ხვდება, რომ ასე საუბარი არ შეიძლება. პოლიტიკოსები, პრონატოელები თუ პრორუსები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობენ, რაც უკვე შეცდომაა.

რეალურია ის, რომ რუსეთის ნდობა მოვიპოვოთ, აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, დამყარდეს სამოკავშირეო ურთიერთობები, რათა მეზობელი ქვეყანა დარწმუნდეს, როგორი მნიშვნელოვანია მისთვის საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური მოკავშირე, და მხოლოდ ასეთი კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემდეგ (შესაძლოა, ამას წლები დასჭირდეს) გაჩნდება საფუძველი, რომ ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა რუსებთან ერთად დავილაპარაკოთ და მივაღწიოთ გარკვეულ შეთანხმებებს. თუ ეს ასე მოხდება, ძალიან კარგი იქნება, სხვა ყველაფერი კი ბლეფია. მხოლოდ ასეთ გადაწყვეტილებას ექნება ხალხის მხარდაჭერა, დანარჩენს ქართველი საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. სხვა დანარჩენი, რასაც ახლა ხელისუფლება გვთავაზობს, არარეალურია.

ალექსანდრე ჭაჭია

_ 2000 წელს და უფრო ადრეც პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ერთერთ გაზეთს მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა: “ჩვენი ქვეყნის დღევანდელმა მმართველებმა კარგად უწყიან, რომ ხალხი თანდათან ყველაფერს ეგუება და რა დანაშაულებრივი ქმედებაც არ უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ, საზოგადოებას პროტესტის თავიც არ აქვს. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი შეეგუა იმ აზრსაც, რომ აფხაზეთი დაკარგულია”. მართლა შეეგუა ხალხიც და მთავრობაც სოხუმისა და ცხინვალის დაკარგვას?

_ კი, ასეა. მთავრობა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეგუებულია. ახლაც და შორეულ პერსპექტივაშიც სასიკეთო არაფერი მოხდება. ეს თვითონაც იციან, თუმცა, შესაძლოა, საოცრების მოლოდინში არიან. იმ ინტერვიუში ალექსანდრე ჭაჭია ამბობს: იმხანად ყველას სჯეროდა, რომ “შევარდნაძე რამეს იზამს”… მართლაც ასე იყო, ხალხი შევარდნაძისგან საოცრებას ელოდა _ გამოცდილ პოლიტიკოსს მსოფლიო პატივს სცემდა. მერე იყო სააკაშვილი, რომელიც პროვოკაციულად და უსინდისოდ აღვივებდა იმედს ხალხში. გახსოვთ, ალბათ, მისი ბრიყვი მინისტრი ოქრუაშვილი რომ ამბობდა: ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო. ამ ტყუილებს იმედგაცრუების დიდი ტალღა მოჰყვა.

მართალს ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია, 2000 წელს უკვე იყო არეულობის ნიშნები, შევარდნაძის გარემოცვა დასუსტებული გახლდათ, არეულ-დარეული იყო ყველაფერი, სააკაშვილი და მისი გუნდი საბოტაჟს ამზადებდა, შესაბამისად, სოხუმი და ცხინვალი აღარავის ახსოვდა.

_ 2013 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება _ “ქართული ოცნებასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, ალექსანდრე ჭაჭიამ ასეთი რამ თქვა: “ხელისუფლებას ვთავაზობდი, პრეზიდენტი კანონით დაევალდებულებინა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაკავებულიყო აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირებით, მაგრამ ხელისუფლებამ ბუტაფორიული პრეზიდენტი არჩია”.

_ ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისთვის ეს ფუნქციები შეეთავსებინათ კანონით, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, თვითონ ალექსანდრე ჭაჭია ყოფილიყო პრეზიდენტი. ისეთ პრეზიდენტს, დღეს საქართველოს რომ ჰყავს, რა მნიშვნელობა აქვს, რა უფლება-მოვალეობა ექნება?!

ერთხელ ერთ-ერთ აქციაზე ასეთი რამ ვნახე და ძალიან მომეწონა: ახალგაზრდა ბიჭს ხელში ბანერი ეჭირა წარწერით: “სალომე, სანამ გაეროში სიტყვით გამოხვალ, ტექსტი წაგვაკითხე!”

_ შეძლებდა ალექსანდრე ჭაჭია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დარეგულირებას, აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკებას, ურთიერთობის დათბობას?

_ მე თითქმის ყველა ინტერვიუში ვამბობ, ბლოგში თუ საინფორმაციო პორტალში ვწერ, რატომ არ იყენებს მთავრობა ჭაჭიას პოტენციალს-მეთქი. არსად არ დანიშნონ, უბრალოდ, შესაბამისი სტატუსი მიანიჭონ და საქმე გააკეთებინონ. ბატონმა ალექსანდრემ თავისი შესაძლებლობების გამოყენება ბევრჯერ შესთავაზა ხელისუფლებას, ისე, რომ თანამდებობა არ მოუთხოვია, არ მოუთხოვია ძალაუფლება და არც ის უთქვამს, რომ ქვეყანას ევრაზიულ კავშირში შეიყვანდა. ის, უბრალოდ, დახმარების ხელს უწვდის საქართველოს რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. ჭაჭია უნდა გამოჩნდეს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად და მერე ნახავთ, აქ რა ამბები დატრიალდება, როგორ შეიცვლება დამოკიდებულება მის მიმართ.

რუსებს ჩამოუყალიბებელი აქვთ თავიანთი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ყველაფერი გადავადებული აქვთ. ჩვენი ხელისუფლება კი თვლემს და დუმს. არადა, საჭიროა ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, როგორიცაა ალექსანდრე ჭაჭია. ის არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბრწყინვალე ანალიტიკოსი და აუცილებელია ასეთი ადამიანის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება.

ბუნებრივ რესურსებზე, წიაღისეულზე, ფულსა და ბუნებრივ სიკეთეებზე მეტად საქართველოს კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს, ამიტომ, როდესაც ასეთი შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, როდესაც ჰყავს ალექსანდრე ჭაჭიასნაირი ადამიანი, უნდა გამოიყენოს. ბატონი ალექსანდრე ქვეყანას გამოადგება რუსეთში, მას აქვს ავტორიტეტი მეზობელ ქვეყანაში, რომ არაფერი ვთქვათ სოხუმსა და ცხინვალზე, შეუძლია ბევრი რამის მოგვარება, ამიტომ უნდა ჰქონდეს სტატუსი. ის, როგორც კერძო პირი, ვერ იმუშავებს სახელმწიფოს საქმეებზე _ ეს ყველგან უნდა ითქვას მკაფიოდ.

_ რა შანსი არსებობს აფხაზეთის შემოერთების?

_ შევთანხმდეთ, რომ “ტერიტორიების შემოერთებას” აღარ ვიტყვით.

რა ტერიტორიების დაბრუნება? სად ვართ?! ვის მოუნდება ამ ქვეყანაში დაბრუნება ან ტერიტორიებს ვინ დაგვითმობს? ჩვენს ვაიპოლიტიკოსებს ჯერ ისიც ვერ გაუგიათ, აფხაზეთში ვინ გვებრძოდა. ამბობენ, რუსეთს ვეომებოდითო. ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილში ჯოხარ დუდაევის კულტი რომ არის გამეფებული, მათ მოჰკითხონ, ვის ვებრძოდით და რატომ დაიკარგა აფხაზეთი. ჯერ გავარკვიოთ, ჩეჩენი და ჩრდილოკავკასიელი ბანდიტები რას სჩადიოდნენ ამ ომში. სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, სანამ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ თემაზე საუბარი ცალმხრივი იქნება.

უიმედოა საქართველოს მდგომარეობა ამ წუთშიც და უახლოეს მომავალშიც. აფხაზეთი კი არა, აგერ, აჭარაში რა ხდება, ის ვერ გაგვიგია; ჯერ ვერ გაგვირკვევია, მეჩეთები გვინდა, ტურიზმის განვითარება თუ თურქეთი. ასე რომ, იმას მივხედოთ, რაც ჯერ არ დაგვიკარგავს, დაკარგულზე კი მერე ვილაპარაკოთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here