Home რუბრიკები საზოგადოება ღვთისმშობლობას გილოცავთ, მარიამ ღვთისმშობლის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს!

ღვთისმშობლობას გილოცავთ, მარიამ ღვთისმშობლის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს!

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულებაშობა მარიამისა” (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა დადაფარულსნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა, რომელმაც დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ამოირჩია, რათა განკაცებულს ადამის მოდგმა ეხსნა. ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: “რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი” (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: “მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი” (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: “აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეი” (ესაია 7:14). მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა _ საწმისად, დავითმა _ ტარიგად, მოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა _ სიწმინდის ბჭედ, დანიელმა _ შეურყეველ მთად, ესაიამ _ იესეს ძირად.

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის, აარონის, შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.

უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.

გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, რომელმაც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდაზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად”.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, “უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა”.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთგულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ _ ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი

ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონებაი ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რაითა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა.

გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ.

საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო.

ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლად იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე.

დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელი ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოისა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა.

ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი.

განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო.

უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირსმყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა.

ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაი უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლე, დედუფალო, რაითა მწიკვლი სულისა ჩემისა განვიწმინდო. სულთქმაი ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო. უძლური ესე ვედრებაი ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შესწირე.

უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთეას ვნებათა გამომაჩინე.

ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნელ მყავ მე.

ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა. ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here