Home რუბრიკები საზოგადოება მიხეილ მაჭავარიანმა ბელადის ძეგლს ესროლა

მიხეილ მაჭავარიანმა ბელადის ძეგლს ესროლა

ზურაბ მაჩაიძე 34 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კომკავშირის ცენტრალური კომიტეტიდან შინაგან საქმეთა ორგანოებში სამუშაოდ გადავიდა, მგონი, არ დარჩენილა უბანი თუ განყოფილება, რომლის უფროსი არ ყოფილიყო. დავუმატოთ ამას შინაგან საქმეთა თბილისის სამმართველოში, სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობაც და ჩვენ წინაშე წარმოდგება დამსახურებული პიროვნება, რომლის თვალწინ, უმეტესად, მისივე მონაწილეობით ვითარდებოდა ბევრი მოვლენა და ფაქტი, რომლებიც იმ პერიოდის სამართალდამცავი სტრუქტურების ისტორიაში საინტერესო და ფრიად საყურადღებოა. ერთგვარი კრიმინალური ქრონიკის მემატიანეა ბატონი ზურაბი, დეტალურად ახსოვს ბევრი ფაქტი, რომელთაც გრიფი «საიდუმლოდ» ედო და საჯაროდ დღემდე არავის გამოუტანია. შინაგან საქმეთა პოლკოვნიკი ზურაბ მაჩაიძე დათანხმდა «საქართველო და მსოფლიოს», მოეთხრო ამ ფაქტების შესახებ. დღეს პირველი პუბლიკაციაა.

 

ტრაგედია თბილისის ცენტრში, ლენინის ძეგლის კვარცხლბეკთან

_ ეს ამბავი ძალიან კარგად მახსოვს, _ იწყებს ბატონი ზურაბი, _ რადგან ამ ტრაგედიის მსხვერპლი იყო ჩემი თანამშრომელი. ტრაგედია 1976 წლის 8 თებერვალს დატრიალდა.

მიხეილ მაჭავარიანი (ბიჭიკოს ეძახდნენ) ქალაქის სამმართველოში და, ალბათ, რესპუბლიკაშიც ერთ-ერთ საუკეთესო მუშაკად იყო აღიარებული. უპატიოსნესი და საქმისთვის თავდადებული თანამშრომელი იყო. ეს სიკეთე ოჯახიდან მოჰყვებოდა: მამა, ზურაბ მაჭავარიანი, სახელმწიფო უშიშროების ერთ-ერთი დიდი სამსახურის  დანაყოფის უფროსი იყო ქალაქ გაგრაში; ბიძა, დავით მაჭავარიანი, რომელიც მე შევცვალე, კალინინის რაიონში ოპერატიულ დარგში მოადგილედ მუშაობდა.

მიშა მაჭავარიანს მილიციის უფროსი ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. ეს ის პერიოდია, როცა 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში შს მინისტრის ძალისხმევით ძალიან გამკაცრდა ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. კანონმდებლობაც მკაცრი იყო. აქტიურად ჩაერთნენ ამ საქმეში ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევარები _ გელა ლეჟავა და ანზორ გაბიანი. საზოგადოებრიობაც, პრესაც ფეხზე იდგა და შედეგიც ადეკვატური მივიღეთ.

ეს იყო, შეიძლება ითქვას, გარდამტეხი პერიოდი «თეთრი სიკვდილის» წინააღმდეგ საყოველთაოსახალხო ბრძოლაში, საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღებისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ნარკომანიის პრობლემის არსებობაზე ღიად ლაპარაკი საბჭოთა კავშირში მიღებული არ იყო.

მაღალი ტანის ბიჭი იყო. ქალაქის ნარკომანები შორიდან რომ თვალს მოჰკრავდნენ, იმწამსვე იმალებოდნენ, როგორც თაგვები სოროებში. ეშინოდათ.

მაგრამ, როგორც ხდება, ამ ახალგაზრდა კაცმა თავისი პრინციპულობით ბევრი ადამიანი გადაიმტერა, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფნიც.

საქმე ის არის, რომ ამ პარტიული თუ საბჭოთა ბობოლების, ასევე, იატაკქვეშა მილიონერების ნაშიერები, რომლებისაც მატერიალური საშუალება ჰქონდათ ნარკოტიკებთან «თამაშის», მიშა მაჭავარიანმა არაერთხელ ამხილა. ნარკომანი შვილი მამის კარიერაზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებდა და, რა გასაკვირია, რომ ასეთი კარიერისტები ჩასაფრებულები იყვნენ მილიციის უფროსი ლეიტენანტის წინააღმდეგ.

ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდა ერთი ფაქტის შემდეგ, რომელიც მიშას პროფესიული საქმიანობის პროცესში გახმაურდა.

მის, ასე ვთქვათ, ბადეში მოჰყვა ერთი გოგონა, სანიმუშო ოჯახის შვილი _ მამა პროფესორი ჰყავდა, წლების შემდეგ თვითონაც კარგი ოჯახი შექმნა და ამიტომ მის სახელსა და გვარს არ დავასახელებ. სამწუხაროდ, ნარკომანი იყო. ეს გამოავლინა მიშამ და ჩხრეკის დროს მისგან, რბილად რომ ვთქვა, ეროტიული ფოტოსურათები ამოიღო, რომლებზეც ეს გოგონა მთავარი ფიგურა იყო.

აღმოჩნდა, რომ ეს ფიგურანტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთ გავლენიან თანამშრომელთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა. მიშა დაიბარეს, ჩამოართვეს ეს ფოტოები და მკაცრადაც გააფრთხილეს, რომ აღარ გაკარებოდა ამ გოგოს.

ეს დღე იყო და დაიწყეს მიშას დევნა.

მოხდა ისე, რომ ერთერთი დაკავებული ნარკოდილერის ოპერატიული დამუშავების პროცესში მიშამ წინასწარი დაკავების საკანში მყოფ საიდუმლო თანამშრომელს ნარკოდილერისთვის გადასაცემად ჩაუტანა ანაშა, რის გაკეთებაც აუცილებელი იყო მრავალი მოსაზრებით, მათ შორის, ნდობის მოპოვებისა და საქმის გახსნისთვის.

ეს ფაქტი ცნობილი გახდა სამინისტროს ხელმძღვნელობისთვის. დაიხვიეს ეს ხელზე მისმა არაკეთილმოსურნეებმა, საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიაზე განსახილველად გაიტანეს და გაათავისუფლეს მიშა მაჭავარიანი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობიდან.

ქალაქის სამმართველოს უფროსი მაშინ გივი ბაკურაძე იყო, ახლადგადმოყვანილი პარტიული სამუშაოდან _ ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივნობიდან. გივი მიშას კარგად იცნობდა, იცოდა მისი მოუსყიდველობის ამბავი და ამიტომ გადაიყვანა სოციალისტური საკუთრების დაცვის განყოფილებაში, რომელიც «ობეხეესესის» სახელით უფრო იყო ცნობილი და, რა დასამალია, ხალხში მაინცდამაინც კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა. დაქვეითებით ინსპექტორის თანამდებობაზე გადაიყვანა.

იმ პერიოდში განსაკუთრებით დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა სპეკულაციის წინააღმდეგ. მაგრამ ბობოლა სპეკულანტები, თავიანთი კავშირების წყალობით, მაღალი რანგის ბიუროკრატიასთან კვლავ თავისუფლად განაგრძობდნენ «მოღვაწეობას».

ერთერთი ქალბატონი, სახელად ნათელა, რომლის გვარი კარგად არ მახსოვს და, რომ არ შევცდე, არ ვასახელებ, დამუშავებაში ჰყავდა ქალაქის სამმართველოს შესაბამის სამსახურს, სადაც სამუშაოდ გადაიყვანეს მიშა. სწორედ მას შესთავაზეს ეს საქმე, რადგან დამუშავებასაც თავისი ვადები აქვს _ ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

მიშამ მოახერხა და ამ ქალის საქმე 10 დღეში დაამთავრა _ დაიჭირა ქალბატონი ნათელა გადამყიდველობის ფაქტზე. ამოღებული იქნა 30 ათას მანეთამდე ფული, რაც მაშინ დიდი თანხა იყო (მინისტრის ხელფასი 450 მანეთი იყო. _ ა. ს.), ბევრი იმპორტული საქონელი და ყველაფერთან ერთად უბის წიგნაკი, რომელშიც ეს ქალი იწერდა, ვის და რამდენად მიჰყიდა ტანსაცმელი თუ სხვა ნივთები. ჩამოთვლილ გვარებს შორის აღმოჩნდა სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელის ოჯახის წევრის გვარიც.

აქ მიშამ, ერთი შეხედვით, პატარა შეცდომა დაუშვა: არ დანომრა ამ უბის წიგნაკის გვერდები. ამით ისარგებლა ერთერთმა ხელმძღვანელმა და ამოხია ის გვერდი, რომელზეც ეს გვარი ეწერა, რითაც საქმის სიძლიერე შესუსტდა და გამოძიებისთვის დაეკარგა ღირებულება. ბრალი კი მიშას დასდეს. მაგრამ ეს არ იყო მთავარი.

სამინისტროში ყოველდღიურად ადგენდნენ სამართალდარღვევების ფაქტების ჩამონათვალს, ანუ ჯუმს. ფაქტობრივად, გასაიდუმლოებული დოკუმენტი იყო. სპეკულანტ ნათელას დაკავების ფაქტი, ბუნებრივია, ჩაიწერა ჯუმში.

როცა ამ დოკუმენტს გაეცნო სამინისტროს პირველი ხელმძღვანელი (გვარს არ ვასახელებ იმიტომ, რომ, როგორც ცნობილია, გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს), დაინტერესდა, ვინ იყო ამ საქმის გამხსნელი. ეს ქალი ცნობილი გადამყიდველი იყო, ისეთი, მაგალითად, როგორიც «ჩაშკა» გახლდათ, წამლების უბადლო სპეკულანტი, რომელსაც მსოფლიოში არსებული ნებისმიერი უახლესი პრეპარატის შოვნა შეეძლო, გარდა უკვდავების წამლისა, რომელიც არ არსებობს.

ამ ქალის დაკავება განსაკუთრებით დადებითად შეფასდა და იმ ხელმძღვანელმა, რომლის გვარიც არ დავასახელე, ქალაქის სამმართველოს უფროსს გივი ბაკურაძე ჰკითხა, ვინ იყო ამ საქმის ბოლოს და ბოლოს ლოგიკურ დასასრულამდე მიმყვანი. გივიმ მიშა მაჭავარიანი დაუსახელა.

_ მიშას «ობეხეესესში» რა უნდა, მიშას ადგილი ციხეშია, _ მიიღო პასუხად, _ სასწრაფოდ გაათავისუფლეთ!

წახალისების ნაცვლად მიიღო ეს.

მინისტრთან მოინდომა შესვლა, რათა გაერკვია, რატომ ხდება ასეთი უსამართლობა. მივიდა. უთხრეს, თათბირი აქვსო. მინისტრმა არ მიიღო.

ეს ხდება იმ საბედისწერო დღეს.

გამწარებული წამოვიდა მინისტრის მისაღებიდან მიშა. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ბოლომდე ებრძოლა. მივიდა «კავშირგაბმულობის» სახლში, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მდებარეობდა და ხალხში უფრო «დომ სვიაზის» სახელით იყო ცნობილი. დაწერა იქ რამდენიმე წერილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის _ ედუარდ შევარდნაძის, სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის _ შელეპინის სახელზე, კიდევ რამდენიმე მისამართით და დანიშნულებისამებრ გააგზავნა.

ერთ მომენტს განსაკუთრებით გამოვყოფ: წინა დღეს, 7 თებერვალს ჩემთან შემოვიდა და ფულს დამესესხა, 40 მანეთს _ მოსკოვში მივდივარ, ეგებ, იქ მაინც ვიპოვო სამართალიო. თუ იქაც ვერაფერს მივაღწიე, მაშინ მე ვიცი, მავზოლეუმთან რასაც გავაკეთებო. 40 მანეთის სესხება მთხოვა, როცა ხელში ეჭირა ჩანთა 30 ათასი მანეთით, იმ ფულით, რომელიც სპეკულანტ ნათელას სახლიდან ჰქონდა ამოღებული. ეს ჩანთა სულ თან დაჰქონდა, ეშინოდა, ეს ნივთმტკიცება არ მოეპარათ, სეიფშიც არ ინახავდა, გამიტეხავენო…

8-ში დაწერილი წერილებიდან, ერთი ჩემ სახელზე იყო: ზურა, ხომ იცი, რომ პატიოსანი კაცი ვარო.

მაგრამ ეს ყველაფერი ტრაგედიის შემდეგ გახდა ცნობილი. იმ მომენტში არავინ არაფერი იცის. ტრაგედია 11 საათიდან 12-ის ნახევრამდე დატრიალდა. იმედგადაწურული კაცი მიდის ლენინის მოედანზე, დგება ძეგლის კვარცხლბეკთან, ამოიღებს ტაბელურ იარაღს, ესვრის ბელადის ძეგლს და მეორე ტყვიას შუბლში  დაიხლის…

ამ დროს ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა შოთა ბუხრაშვილი. ურეკავს ბუხრაშვილი ქალაქის სამმართველოს მორიგეს და ეუბნება, რომ ლენინის ძეგლთან კაცმა თავი მოიკლა. მორიგე იმავე წუთს გვატყობინებს, სასწრაფოდ ვჯდებით მანქანაში, მივდივართ შემთხვევის ადგილზე. ჩვენი სამმართველო მაშინ ერეკლეს მოედანზე იყო, სულ რამდენიმე წუთში ძეგლთან ვართ. გვეუბნებიან, რომ მძიმედ დაჭრილი მიშა მაჭავარიანი არამიანცის საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმი იყო ოთარ სიგუა, ნევროპათოლოგი (თავში იყო დაჭრილი მიშა). 6 დღე იცოცხლა ექიმების არნახული ძალისხმევით…

იმ დღეს ამ ამბავს შეესწრო დედამისი, ქალბატონი მზია, რომელიც ტროლეიბუსში იჯდა და ვაკეში, შინ მიდიოდა. ვიღაცას ამბავი შემოუტანია, უბედურმა ახალგაზრდამ თავი მოიკლაო. შინ რომ მივიდა, მაშინღა გაიგო, რომ ის ახალგაზრდა მისი შვილი იყო. სასწრაფოდ მოვიდა საავადმყოფოში, რომ დავინახეთ, ცრემლები ვერ შევიკავეთ და ყველა ავტირდით. მაშინ გვითხრა საოცარი რამ, რაც ცხოვრებაში არ დამავიწყდება:

_ მაგ გლახაკს, ჯერ ისინი უნდა დაეხოცა, ვინც მოსაკლავი იყო და შემდეგ უნდა მოეკლა თავიო.

ძლიერი ქალი იყო, ძლიერი პიროვნება.

მამა, გაგრიდან რომ ჩამოიყვანეს, თავზარდაცემული იდგა, ხმას არ იღებდა!

14 თებერვალს, ისე, რომ გონზე ვერ მოვიდა, მიშა მაჭავარიანი, ჩვენი ბიჭიკო, გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ამბავი ასე არ დამთავრებულა. მილიციის თანამშრომლის მიერ თავის მოკვლა საბჭოთა კავშირში ექსტრაორდინალური ამბავი იყო. საქმის გამოსაძიებლად მოსკოვიდან, საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის კომისია ჩამოვიდა. ამ კომისიის წევრები ჩვენც შეგვხვდნენ და მრავალ შეკითხვასთან ერთად, ერთი ასეთიც დაგვისვეს, ხომ არ შეგიმჩნევიათ მის ქცევაში ნორმიდან გადახვევებიო _ გიჟად უნდოდათ გამოეცხადებინათ.

მაშინ ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი:

_ ეს ახალგაზრდა კაცი სამი წლის განმავლობაში ჩვენი პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივნად მუშაობდა. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პარტორგანიზაციის მდივნად გიჟი?!

ეს შეკითხვა აღარ გაუმეორებიათ.

მეორე ფაქტი, რომელიც ასევე ლენინის ძეგლთან იყო დაკავშირებული, კურიოზული შემთხვევების რიგს განეკუთვნება.

თუმცა, შეიძლება, ვცდები.

ახლოვდებოდა 1971 წლის 22 აპრილი, ლენინის დაბადების 100 წელი, საიუბილეო თარიღი, რომლისთვისაც სსრ კავშირის ყველა რესპუბლიკა საგანგებოდ ემზადებოდა.

ემზადებოდა საქართველოც და, უპირველესად, _ დედაქალაქი თბილისი. გადაწყვიტეს ლენინის მოედნის რეკონსტრუქცია. რადგან ერთი ცნობილი ლექსის მიხედვით, თუ «საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი _ შიგ ჩასმული ბადახში», ხოლო თბილისის გულში დგას გრანიტის ძეგლი ლენინის, მაშასადამე, ის უნდა იყოს უპირველესად რეკონსტრუირებული, ყოველ შემთხვევაში, ისე უნდა იდგეს, რომ მოედანზე მოძრავ ტრანსპორტს პრობლემებს არ უქმნიდეს. ამისთვის კი პოსტამენტის ოთხკუთხა ფორმის მომრგვალება გახდა საჭირო.

შემორაგვეს ძეგლი ღობით და დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. რამდენიმე კვირა ისე საქმიანობდნენ მუშები, რომ არავინ აქცევდა ყურადღებას.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა შემოვლაზე ვიყავი (კალინინის რაიმილიციის უფროსის მოადგილე გახლდით და შემოვლები ჩემი ჩვეულებრივი რუტინული მოვალეობა იყო). ვხედავ, ძეგლის კვარცხლბეკს მისდგომია ვიღაც კაცი და გრანიტის ქვის კრიალა ზედაპირზე უკვე ამოუკვეთია ერთიანი, მიუწერია ნული და მეორე ნულის ამოკვეთას შედგომია.

ვიცოდი, რომ რეკონსტრუქცია მხოლოდ ძეგლის საფუძველს ეხებოდა, ამიტომ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა ამ ქვისმთლელის საქმიანობა.

დავურეკე კალინინის რაიაღმასკომის თავმჯდომარეს _ ბათუ იაკობაშვილს (პარტრაიკომის პირველი მდივანი სერგო რიგვავა იყო) და ვკითხე, რა ხდება ამ ძეგლთან დაკავშირებით-მეთქი.

არაფერი ვიციო.

მაშინ ვუთხარი, რაც ჩემი თვალით ვნახე. იმ წუთში ჩააყენეს საქმის კურსში პარტიული ხელმძღვანელობა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. მივიდნენ და ხედავენ: ერთი ჯანიანი კაცი მისდგომია ძეგლს და ურახუნებს ჩაქუჩს საჭრეთელს _ ალამაზებს, თავისი აზრით.

გივი ლომიძე აღმოჩნდა, ცოტა ვერ იყო ჭკუაზე. ჯერ ჩვენთან ჩამოიყვანეს, მილიციის განყოფილებაში და, როცა ვკითხეთ, რას აკეთებდა, გვიპასუხა, ლენინის 100 წლის თარიღი მოდის და, აბა, რა გინდათ, ჩვენი ბელადის იუბილეს მეც ჩემებურად აღვნიშნავო.

კარგია, არა?

არ დაუჭერიათ მაშინ ეს კაცი. როგორც ვიცი, საგიჟეთში გაამწესეს სამკურნალოდ.

საუბარი ჩაიწერა

არმაზ სანებლიძემ

 

4 COMMENTS

  1. ერთადერთი კაცი,რომელსაც გენერლობა არ აღირსეს!არადა ცხვირმოუხოცავი ღლაპები ხდებოდნენ გენერლები,სასაცილოა სატირალი,რომ არ იყოს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here