საქართველოს უპირველესი სპორტული კომენტატორი, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ჯამლეტ ხუხაშვილი ამჟამად ისრაელში იმყოფება. ტოკიოს ოლიმპიადის დროს ქალაქ რამათ–განში მკურნალობდა. სერიოზულად.
ნიშნავდა თუ არა ეს, რომ იგი მსოფლიოში უპირველეს და უმთავრეს სპორტულ პაექრობას მოსცდა, თვალყური ვეღარ მიადევნა, როგორც პროფესიონალმა კომენტატორმა?
_ არა, არ ნიშნავს, _ მიპასუხა ბატონმა ჯამლეტმა, როცა ინტერვიუს ჩამოსართმევად ისრაელში დავუკავშირდი.
_ არა, არ ნიშნავს, _ მიპასუხა და განმიმარტა, _ სამი წლის განმავლობაში მე, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, უშუალოდ ვიყავი დაკავშირებული ოლიმპიადის სამზადისთან, ხოლო ოლიმპიადის მიმდინარეობისას აქტიურად ვეხმაურებოდი ჩვენი წარგზავნილების გამოსვლებს.
სამი წლის განმავლობაში ჩემს გადაცემებში ყოველთვის მონაწილეობდა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა _ ლერი ხაბელოვი, ელგუჯა ბერიშვილი, ემზარ ზენაიშვილი, მამუკა ხაბარელი, ნინო სალუქვაძეც იყო. ჩვენ მიზნად დავსახეთ ორი ოქროს მედლისა და ექვსი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება. მესამე ოქროს მედლის იმედიც გვქონდა. იმ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა კოვიდინფექციის პანდემიის გამო, სახელმწიფომ, სპორტულმა ორგანიზაციების მესვეურებმა ყველაფერი გააკეთეს, ჩვენი ათლეტები მაქსიმალურად მომზადებული რომ ყოფილიყვნენ და სერიოზული დანაკლისი არ განგვეცადა.
თვე-ნახევარია ისრაელში ვიმყოფები და ვემზადები თვალების პრობლემის სამკურნალოდ იმ საავადმყოფოში, რომელშიც ჩემი შვილი და სიძე მუშაობენ. დიდი ყურადღებით ვარ მოსილი, როგორც ადგილობრივების მხრიდან, ისე საქართველოდან. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. მხნედ ვარ და მომავალს იმედიანად შევყურებ.
მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი მკურნალობის იყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. დაიწყო თუ არა, თითქმის ყოველ საღამოს მქონდა პირდაპირი სატელეფონო ჩართვა ოლიმპიურ სოფელთან, ადგილთან, სადაც ყველა ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი იკრიბებოდა. ყველა სპორტსმენი, რომელიც კი მონაწილეობდა შეჯიბრებებში, სწორედ აქ იღებდა პირველ მილოცვებს.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ლერი ხაბელოვს, რომელმაც რამდენიმეჯერ მომცა შესაძლებლობა, პირველს მიმელოცა გამარჯვება ჩვენი ბიჭებისთვის. მისი ხელშეწყობით პირველმა მე მივულოცე ლაშა ტალახაძეს, ლაშა ბექაურს, ყველა პრიზიორს!
ყველასი ვარ მადლობელი, უპირველესად კი _ გუჯა ბერიშვილის, რომელთანაც უშუალო სატელეფონო კავშირი მქონდა. მისი წყალობით თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ტოკიოში ვიყავი, ჩვენების გვერდით.
ეს ოლიმპიური ციკლი იყო ძალიან ძნელი, რთული და მნიშვნელოვანი ეტაპი ოლიმპიალიზმის განვითარების, რომელიც საქართველომ პირნათლად განვლო.
აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ებრაელებისადმი დამოკიდებულება საქართველოში ყველას კარგად მოეხსენება, ასევე _ ქართველების მიმართ იუდეველების დამოკიდებულება. ტოკიოს ოლიმპიადის ასპარეზობებს, რომლებიც ტელევიზიით გადმოიცემოდა, ყოველთვის ებრაელებთან ერთად ვადევნებდით თვალს და უნდა გენახათ, როგორ უხაროდათ ჩვენი წარმატება. და ახლაც, თქვენ რომ გელაპარაკებით, იაკობ გაგულაშვილი, ქართველ ებრაელთა მსოფლიოს მთავარი რაბინი, რომელიც ამ ინტერვიუს ესწრება, მიდასტურებს, რომ მართლაც ასე იყო და კვლავ და კვლავ გვისურვებს ახალ-ახალ წარმატებებს.
_ დიდი მადლობა გადაეცი ბატონ იაკობს. ახლა კი ერთი, ცოტა უხერხული შეკითხვა. ლაშა ტალახაძის უდიდესი გამარჯვების რეპორტაჟი ჩვენმა კომენტატორებმა ისე წარმართეს, განსაკუთრებით კი მსოფლიო რეკორდების დამყარებით მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონობა, ისე უღიმღამოდ და უემოციოდ, თითქოს საბუღალტრო ანგარიშს კითხულობდნენ. ეტყობა, თვითონაც მიხვდნენ, რომ რაღაც არ გამოუვიდათ და თავი იმით იმართლეს, რომ ტალახაძის გამარჯვება ისედაც მოსალოდნელი და უეჭველი იყო და ამის გამო აღფრთოვანება საერთოდ არ იყო საჭირო.
სწორია ასეთი მიდგომა?
_ არავითარ შემთხვევაში არ მივესალმები ასეთ პოზიციას. ღმერთმა მოგვცა ეს პიროვნება. ღმერთებივით კაცებმა გაზარდეს იგი _ მწვრთნელებმა, პედაგოგებმა, სპორტის ფუნქციონერებმა, ექიმებმა. ზურაბ კახაბრიშვილი არ დაგვავიწყდეს, ჩვენი გუნდის მთავარი ექიმი ყველა ოლიმპიურ თამაშებზე… ასანიძე, ოდიკაძე _ რომელი ერთი ვთქვათ, ვიღაც აუცილებლად გამოგვრჩება.
უდიდესი შრომა არის ჩადებული ამ სპორტსმენში, უპირველესად კი, საკუთრივ მისი მონდომება და გამარჯვებისადმი სწრაფვა.
ექვსი წლის წინათ საქვეყნოდ გამოვაცხადე, რომ ათი წლის განმავლობაში მას ვერავინ მიეკარება-მეთქი. შეიძლება _ მეტისაც.
ასეთი სპორტსმენი გყავდეს და მისი გამარჯვება _ მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი რომ არის, ჩვეულებრივ ამბად გაატარო, გაუგებარი და მიუღებელია.
48-კილოგრამიანი სხვაობით რომ იგებ ოლიმპიურ ჩემპიონობას, მეფედ-მეფე ხარ, უპირველესი და უძლიერესი. მეფეს კი მეფურად უნდა მიესალმო, ისე, როგორც ხელმწიფეს შეჰფერის.
მე იმის მომხრე ვარ, რომ ყველა გამარჯვება ყოველთვის საზეიმოდ უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო და სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო.
_ ჩვენი ნინო სალუქვაძე მეცხრეჯერ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში და ამ შემთხვევაშიც თითქოს არაფერიო. მონაწილეობის ლიცენზია რომ მიიღო, არაერთი საერთაშორისო შეჯიბრი უნდა მოიგო. ეს ისე არ არის _ მომინდა და შევიარე…
_ ამ საკითხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. 26 წლის წინათ, შეიძლება, ცოტა ადრეც, ნინო სალუქვაძეს ვუთხარი _ ათგზის მიიღებ-მეთქი მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში.
გაეცინა მაშინ ნინოს, შემდეგაც ეცინებოდა.
მეოთხედ თუ მეხუთედ რომ მიემგზავრებოდა ოლიმპიადაზე, ჩემმა მეუღლემ ევა ბაბალაშვილმა თავისი გადაცემისთვის _ “წახნაგები” ინტერვიუ რომ ჩამოართვა, ნინომ განუცხადა: ჯამლეტმა რომ მიწინასწარმეტყველა ათჯერ დასწრება, უფლება არ მაქვს, არ შევასრულოო.
ნინო არის დედოფალი! განუმეორებელია! მივმართავ ნინო სალუქვაძეს, რომელიც აუცილებლივ წაიკითხავს ამ ინტერვიუს:
_ ნინო, მოემზადე ჩემი წინასწარმეტყველების აღსრულებისთვის. სამი წელიღა დარჩა პარიზის ოლიმპიადამდე _ მეათე ოლიმპიადამდე, რომელიც შენი მსოფლიო რეკორდი იქნება.
_ ამ ოლიმპიადაზე კიდევ ერთმა ძალოსანმა გვასახელა.
_ ეს არის უკრაინელი ანტონ პლესნოი, რომელიც ჩვენს გუნდში გამოდიოდა. მისი ბრინჯაოს მედალიც ფრიად სასიამოვნო და სასახელოა.
_ იგი დაგვპირდა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე აუცილებლად ჩემპიონი გახდება. ეს ემოციური წამოძახილი იყო, თუ ამ დაპირებას რეალური საფუძველი აქვს?
_ გამოცდილი სპორტსმენები ემოციური წამოძახილებისგან თავს იკავებენ. ყველა ფრთხილობს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, ისეთი სიტყვა არ წამოსცდეს, რომელიც შემდეგ მის წინააღმდეგ იმუშავებს, ამიტომ შემიძლია დავასკვნა, რომ ის, რაც თქვა, წინასწარ იყო აზომილ-აწონილი, დარწმუნებულია, რომ სამი წლის შემდეგ სიტყვას შეასრულებს.
_ ჯამლეტ, შენ ისე მხნედ მიპასუხებ, რომ ავად ყოფნის არაფერი გეტყობა, მაგრამ ექსპლუატაციას არ გაგიწევ და შეკითხვებით არ გადაგღლი.
_ ავადმყოფობის სიმპტომები არასოდეს მქონია, ახლაც არ მეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ ქიმიოთერაპიის ერთი კურსი უკვე ჩავიტარე. ექიმები ცდილობენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, მიუხედავად იმისა, რომ უიშვიათესი დაავადების დიაგნოზი დამისვეს _ მილიონი პაციენტიდან ერთს თუ აღმოაჩნდება. ეტყობა, ამითაც “გამორჩეული” ვარ (ეცინება).
_ აბა, როგორ!
_ სანამ საუბარს დავასრულებ, მინდა, ერთ სპორტსმენზეც გითხრათ, რომლის გვარი ამ სამი წლის განმავლობაში ყოველთვის ფიგურირებდა ჩემს მიმოხილვებში. ეს არის გოგიტა არქანია, კარატისტი, ლიცენზიანტთა შორის პირველ ადგილზე იყო. მისგან ცოტა მეტს ველოდით, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო, ასე მოგვივიდა. არავის სჯეროდა, რომ გოგიტა ტოკიოში წასვლის უფლებას მოიპოვებდა. მოიპოვა, წავიდა და ოლიმპიადის დამთავრების ზეიმზე ჩვენი მედროშეობა ანდეს.
მართალია, მეხუთე ადგილი დაიკავა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო მძიმე წონაში მეხუთე ადგილი. საოცრება! ზღაპარი! მსოფლიოში 110 მილიონი ადამიანი კარატეში ვარჯიშობს და გოგიტა საუკეთესოთა ხუთეულშია, ამიტომ მინდა მის აღმზრდელ მწვრთვნელ კახა ბასილიას, მწვრთნელებს, რომლებიც ბასილიას ეხმარებოდნენ, მადლობა ვუთხრა. მეც ერთგვარი მწვრთნელი ვიყავი… გოგიტა არქანია 37-ე წელში გადავიდა და ამ ასაკში გახდა მსოფლიოს მძიმეწონოსან კარატისტთა შორის (ყველაზე მსუბუქი იყო, მხოლოდ 84 კილოგრამს იწონის) მეხუთე ათლეტი. იმასაც გეტყვით, რომ მისი მეუღლე საერთაშორისო არბიტრია კარატეში!
მოკლედ, ოლიმპიადა იყო წარმატებული!
ჩვენს საუბარს ესწრება მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი, რომლის ოჯახს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქართველთა და ებრაელთა სიყვარულის განმტკიცებაში.
როცა თბილისში ვიყავით, იაკობ გაგულაშვილი და სხვა სახელოვანი ებრაელები თავის სახლში მიიწვია ბიძინა ივანიშვილმა და უხვი ქაშერული სუფრით გააკვირვა ყველანი. ბიძინა ივანიშვილი სასწაული მოყვარულია ისრაელისა და ებრაელი ხალხის.
ჯამლეტ ხუხაშვილმა სიტყვა გადასცა მთავარ რაბინს. მოვასწარი და ჩავრთე:
_ შემაყ, ისრაელ, ადონაი ელოჰეინუ, ადონაი ეხად!
_ ოჰ! _ გაიოცა, _ ისრაელის ძალა მოგცეს ღმერთმა, სულ წინ წასვლით, ბედნიერებით… მეც ვუერთდები ჯამლეთის მილოცვებს. ვულოცავ საქართველოს უდიდეს მიღწევას. სპორტის დიდი მოყვარული და მაყურებელი არ ვარ, მაგრამ, როცა ისრაელელებმა მითხრეს, რომ ჩემპიონად გავიდა საქართველო, ასე ვუთხარი მე: ჩათვალეთ, რომ ისრაელია გასული, იცოდეთ! იმიტომ, რომ ისეთი სიყვარული გვაქ, ისეთი ძმობა, ურთიერთობა, მეტი რომ არ მოხთება.
_ აგაშენათ ღმერთმა!
_ რაც ეხება ბიძინა ივანიშვილს, ერთს დავუმატებ მარტო: ქართველ ხალხიდან მას ბევრი ეკუთვნის, მაგრამ ებრაელებიდან _ მე ამას მისდღემჩი არ დავივიწყებ! მაგან გამოაკეთა ჩვენი სალოცავები, მაგან იყო, შუქი დაანთო ყველა სალოცავებში, რომლებიც დავტოვეთ ორმოცდაათი წლის წინეთ, მაგან იყო, გააახლა მთელი სასაფლაოები! ღმერთმა არ დაუვიწყოს და ჩემგან არ დავიწყდება არასოდეს!
_ ლეჰითრაოთ _ მომავალ შეხვედრამდე! _ დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
_ ახლა ხმით გაგიცანით, ლაპარაკით გაგიცანით, მაგრამ შემდეგში იმედია, პირი-პირზე გნახავთ, _ დასძინა მთავარმა რაბინმა.
აქ შეიძლებოდა წერტილის დასმა, მაგრამ, სადაც ჯამლეტია ჩარეული, დასკვნას ის აკეთებს, როგორც ყოველთვის, მოულოდნელსა და ორიგინალურს.
ჰოდა, ჯამლეტმა მითხრა:
_ ხომ გახსოვს, შენ რომ ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე იყავი და მსოფლიოს ტელევიზიების თავმჯდომარეებს შორის ჩემპიონი გახდი შტანგის აწევაში _ 140 კილოგრამი აჭიმე მკერდიდან (ბოდი-ბილდინგის მოძრაობაა), მსოფლიო ჩემპიონი ხარ ძალოსნობაში ტელევიზიების თავმჯდომარეებს შორის.
140 კილოგრამი ფაქტია, მაგრამ სხვა ყველაფერი _ ჩემპიონატი, ჩემპიონობა ხუხაშვილის მოგონილია.
ჩემო ჯამლეტ, შენ მანდ, მილიონში ერთ კაცს რომ ემართება, ის დაავადება მოიცილე, მე კი შენი ხათრით იმ რეკორდს შევეჭიდები და გავიმარჯვებთ.
არმაზ სანებლიძე