Home რუბრიკები საზოგადოება “იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

“იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ…”

წერილი მეხუთე

ქვეყნის გაძლიერების, მისი ფეხზე დაყენების წამალს მანამ ვერ ვიპოვით, სანამ სწორ პასუხს არ ვიპოვით კითხვაზე: “რამ დასცა ჩვენი მამული?” რამ დასცა და დაამცრო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყანა?.. ნიკო ნიკოლაძის თვალსაზრისი ამ საკითხზე არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ ყურადსაღებიც და გასათვალისწინებელიც, თუკი გვინდა, რომ სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ და სხვის პატივისცემას ვეღირსოთ.

მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმარწმუნების დაკარგვამწაგვახდინაო”. საკუთარი შესაძლებლობებისადმი

რწმენის დაკარგვით გამოგვეცალა ის მორალური ძალაც, რომელიცამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს, მას აქით ჩვენ მოვტყდით და წავხდითდა ახლაც, მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნილთ, იმედი ჩაგვესახა: იქნებ სხვისი სათრევი აღარ ვიქნეთ, იქნებ სხვის პატივისცემას ვეღირსოთ

მამულის სიყვარული და მსახურება

რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის განმავლობაში მტრის დაწინაურებამ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო, რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა. რაკი ჩვენ რწმუნება დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდამ გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს, მას აქით ჩვენ მოვტყდით და წავხდით. მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმარწმუნების დაკარგვამწაგვახდინა.

აღარ გვწამდა ჩვენი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. აი, მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი, უცნობი ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს ათას კაცს უმორჩილებს…

აი, ბატონო ჩემო ცრუპატრიოტო, რამ დაჩაგრა, რამ დასცა და უკან დასწია ჩვენი ქვეყანა. უკან დასწიაო, რომ ვსთქვი, სწორი სიტყვა არ მიხმარია. დამიჯერეთ, დღევანდელი საქართველო ათასჯერ უფრო წინ წაწეულა იმ საქართველოზე, რომელიც მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე ან მეთვრამეტე საუკუნეში ისე მამაცურად თავს იჩენდა. ხალხიც მომეტებულია დღეს შიგ, სწავლაც დღეს უფრო დაწინაურებულია, სიმდიდრეც უფრო გავრცელებულია, _ ერთი სიტყვით, ყველაფრით უფრო მძლავრია დღეს ჩვენი ხალხი, ვინემ უწინ იყო. საუბედუროდ, მაშინ ჩვენი მეზობლებიც ჩვენსავით განვითარებული და განათლებული იყვნენ, და არა ჩვენზე უმეტესად.დღეს ყველა მეზობლები, და მთელი უცხოეთი, ათიათასჯერ, ან ასი ათასჯერ უფრო დაწინაურდენ უწინდელზე, ჩვენ კი მარტო ათასჯერ უფრო გავმაგრდითაი, ეს გარემოება შეადგენს ჩვენს უბედურებას, თორემ ჩვენი მეზობლები რომ ჩვენზე უფრო არ დაწინაურებულიყვენ, დღესაც ისე ადვილად შეგვეძლებოდა მათი მორევა და მათ შუა მარჯვედ გამოჯგიმვა, როგორც უწინ გვჩვევოდა

კაცი იყოს, თორემ, სადაც უნდა ისწავლოს, კაცად მაინც დარჩება და გრძნობა მაინც არ დაეკარგება. მარტო უსუსურები ხდებიან და ფუჭდებიან სხვის გავლენის ქვეშ, და უსუსურებს გინდ სიკვდილამდი ძიძად გაუხდე, გინდ ნიადაგ ჭკუას ასწავლიდე, ხეირის მოტანა მაინც თავის დღეში არ შეეძლება

მაცხოვარმა ბრძანა, _ როცა ჰკითხეს, რომელს ტაძარში უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთთან უფრო ადვილად მიაწიოსო, – “ოღონდ ლოცვა გულწრფელი ან მხურვალე იყოს, და სადაც უნდა ითქვას, ყოველთგნის ზეცას ავაო: ტაძარშიაც რომ არ იყოს კაცი, თუნდ მინდორში ლოცულობდეს წრფელის გულით, ღმერთი მის ლოცვას მაინც შეისმენსო”. ჩვენს მდგომარეობას მეტისმეტად შეეფერება ეს მცნება. დიახ, სადაც უნდა ვისწავლოთ, ვის შკოლაშიაც ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ოღონდ კი გულში მამულის მსახურების წრფელი ან მხურვალე სურვილი ვიქონიოთ და ჩვენი შრომა ნაყოფიერი იქნება, მამულს გამოადგება საუბედუროდ, ჩვენ ეს გულწრფელობა და გულმხურვალება, ან უფრო სწორეთ ვსთქვათ, ვნება გვაკლია.

დიდი უბედურებაა ჩვენის ქვეყნისთვის ეს ნაკლულევანება. ჩვენის ყმაწვილების უმეტესი ნაწილი თითქო მარტო წაბაძვით მოქმედებს… ორი, სამიც არ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ისეთი კაცი, რომ მამულის ან ხალხის მეტი საზრუნველად და სადარდებლად არა ჰქონდეს რა, რომ საზოგადო საქმის მეტი არაფერი ახსოვდეს, რომ მამულის სიკეთის მეტი არაფერი მადა ჰქონდეს, არას გრძნობდეს.

გვყავს ჩვენ ამისთანა მოქმედი? თქვენ თვითონ მიეცით პასუხი ამ უბრალო კითხვას. ნეტავი თქვენ, თუ შეგხვედრიათ სადმე, ჩვენში, ამგვარი გმირი. მე კი გული მიკვდება, რომ ამნაირი კაცის ლანდსაც ვერ ვპოულობ ჩვენს ქვეყანაში. მათ მაგიერ ვხედავ, რომ ჩვენი მოქმედი პირნი გულმოდგინედ ყველაზე უფრო თავის კერძო ბედნიერებას ემსახურებიან, მამულზე კი მარტო მაშინ მოიფიქრებენ, როცა საკუთარ საქმეებს მოილევენ, ყველა თავის კერძო მადას დააკმაყოფილებს… რასაკვირველია, ამგვარ კაცებს ნამდვილი მეცადინეობა მარტო იმაზე აქვთ მიქცეული, რომ მამულის აჩქარებულმა მოძრაობამ მათი კერძო კეთილდღეობა არ შეარყიოს… ვისგან გვესმის, უფრო ხშირად, ამ ნაირი ჩივილი? იმისთანა პირებისგან, ვინც მარტო თავის თავზე, მარტო თავის მუცელზე ან სხეულზე ხუთას და ექვსას თუმანს ხარჯავს წელიწადში, ვინც არც მდიდრულ ცხოვრებას იკლებს, არც ბატონობას და ას მანეთს კი არ იმეტებს წელიწადში სამშობლო მწერლობის შესაწევნად.

ნათქვამია, კაცს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროსო, და ეს სიტყვა მტკიცე ჭეშმარიტებაა. ვერ ემსახურება კაცი ერთსა და იმავე დროს თავის კერძო ინტერესებს და მამულის სარგებლობას, ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ ბატონს. ან ერთი უნდა დაივიწყოს, ან მეორე, ან ერთისაგან უნდა აიღოს ხელი, ან მეორისაგან…

დავუბრუნდეთ, ისევ, წეღანდელ ჩვენს საგანს, და ისევ იმაზე ვიფიქროთ, თუ რამ დასცა ჩვენი ხალხი, ან რა სჭირია მას დღეს, გასაძლიერებლად? ჩვენის ხალხის დასუსტების ერთი მიზეზი წეღან მოვიყვანე. მეორე მიზეზიც იყო, აგრეთვე მეტისმეტად შესანიშნავი, და ეს მიზეზი ახლა უნდა გამოვიკვლიოთ, იმიტომ რომ მის თავიდან მოშორებას უნდა ცდილობდეს ჩვენი ქვეყნის ყოველი ერთგული შვილი. ეს მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ უცხოეთლების შემოსევის გარდა, ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა.

ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი, ეს ხომ ერთი და მეორეც ის, როცა მთელი ეს მისი ძალა, თანამედროვე მეცნიერების იარაღით აჭღურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება და მოქმედებს.

რაც ჩვენის მომავლისთვის საჭიროა, იმას ჩვენ როდი ვიკარებთ, მაგიერად მავნებელს კი გულში ვიხუტებთ. აზრების სიუხვეს, შედარებას, წინააღმდეგობას არ ვითმენთ, ცოდვათ ვთვლით ვდევნით; გვგონია საჭირო დისციპლინა ჩვენში მარტო მაშინ დაარსდება, როცა ყველა ჩვენის ქვეყნის შვილები თვალ ახვეულად ერთს მოთავეს გაყვებიანამას ვეძებთ და საჭირო დისციპლინას კი ვერ ვახერხებთ, ვერ ვაწყობთ. განა ეს უბედურება არ არის, მაშ რა ოხრობაა? დისციპლინა დიდი რამ არის ხალხის ცხოვრებაში. დიდი უბედურებაა ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უთავბოლოდ, უგზოუკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რაგინდ გონიერი იყოს, მარტოხელად ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი გენიოსი, ცალცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა… გონიერი შრომის შეერთება, რიგიანი დისციპლინა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ათასი კაცის ტვინი და გონება საქმეს ეხმარებოდეს, რომ რაც მათ ძალა ან მოხერხება აქვთ, სულ ერთიანად შრომაზედ იყოს მიქცეული, რომ ამ ძალისაგან ან ამ მოხერხებისაგან არაფერი იკარგებოდეს… მაშინ საქმე კარგად წავა და ერთი მოთავის ბედზე როდიღა იქნება დამოკიდებული საქმის, ქვეყნის იღბალი. თუნდ მოკვდეს ეს მოთავე, თუნდ წახდეს, თუნდ შეცდეს, თუნდ ათას სხვა მოთავეს დაემართოს ამგვარივე უბედურება, მშრომლების საქმე მაინც ხეიეიანად წარმართული იქნება: მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს, თითქმის თითოეულს ამ მშრომელთაგანს მოთავედ გახდომა შეეძლება, და საქმე უპატრონოდ თავის დღეში აღარ დარჩება. მაშინ მოთავე მარტო დროშაა საქმის, ის დროშა, რომლის გარშემოც რიგზე დგებიან გონიერი მშრომელები. მაშინ ეს დროშა მარტო მას მიებარება, ვინც ყველაზე უფრო მაღალია, ვისაც სხვაზე უფრო შორს უჭრის თვალი…

ნუ დავივიწყებთ ამას, და ამ მხრით გადავხედოთ აბა ჩვენს მდგომარეობას. აქაც შევეყრებით ზოგიერთს ისეთს კანონს ისტორიული განვითარებისას, რომლის ცოდნაც უსარგებლო არ იქნება ჩვენთვის.

მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებასა და განათლებაზე ვიშრომოთ _ მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. ხალხის ცხოვრებაშიაც ის კანონი მოქმედებს, რომელიც აღებმიცემის დედაბურჯად დგას: ყველა მარტო იმ კაცს ენდობა, მარტო იმას ასესხებს ფულს ან კრედიტს გაუხსნის და შემწეობას მისცემს, ვისაც თავისი რამ აქვს შესაფერი. _ აი ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ჯერ ჩვენი რამ შევიძინოთ, ჩვენდათავად გავძლიერდეთ, ჩვენი მუხლი და წელი გავიმაგროთ და მაშინ ერთი დასტვენის მეტი არაფერი დაგვჭირდება: მაშინ ყველას ჩვენი ნდობაც ექნება, პატივიც და რწმუნებაც, მაშინ ყველა მეგობრებად გაგვიხდება და შემწეობას არავინ დაგვაკლებს. მაშინ ჩვენდა-თავად არც ტირილი დაგვჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამ საკუთარის გაძლიერებისგზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით …კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს…

მოახერხებს ეხლანდელი ჩვენი თაობა ამ საქმის წაყვანას, ამ მიზნის მიწევნას კი არა, ძებნას? არა მგონია. ერთობ შეჩვეულია ის ზლუქუნსა და ტირილს, ერთობ ნაჩვევია სხვისი იმედით ყოფნას, ერთობ გადაჩვეულია სიარულს, საკუთარის ძალით სარგებლობასდროა, დიდი ხანია დროა, რომ ახალმა თაობამ მიიხედმოიხედოს ამ ჩვენს მდგომარეობაზე და გარკვეულად შეუდგეს იმ შრომას, რომელსაც დღეს ჩვენის მამულის სარგებლობა მოითხოვს …თანდათან გვიახლოვდება ახალ-ახალი ქვეყნის მოძრაობა… ოცი წელიწადი არ გაივლის ისე, რომ ჩვენი ქვეყანა, ან ჩვენის მამულის ახლო-მახლო მდებარე ქვეყნები, მსოფლიო ბრძოლის ასპარეზად არ გახდეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შუა… ბედნიერი ის ხალხი იქნება, ვინც მზამზარეული დახვდება ამ ბრძოლის პირველ კიჟინს, ვისაც მაშინ ნამდვილი ერთობაც ექნება და გონიერი დისციპლინა. ამნაირად დამარაგებულ ხალხს ექნება ადგილი ხალხთა საერთო ტაბლაზე… და ვინც მაშინ დაფანტული, უძლური იქნება, მას არავინ ყურადღებას არ მიაქცევს…

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here