მას შემდეგ, რაც «მეოცნებე» ხელისუფლებამ სამართლებრივ პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, პოლიტიკურ ასპარეზზე სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. პარლამენტს საზაფხულო არდადეგები დაეწყო, თავად პრემიერი კი, როგორც ამბობენ, თვეზე მეტია, ურეკში ისვენებს. მხოლოდ ესაა, რომ საზოგადოება ვერ ეღირსა «შვებულებას». კოაბიტაციით შეშფოთებული ხალხი უკვე აქციებს აქციებზე მართავს კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
მოკლედ, კოალიცია სარეიტინგო დეფოლტს განიცდის, თუმცა მმართველი გუნდი ამით დიდად შეწუხებული არ ჩანს _ არც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობენ და არც 1 ოქტომბრამდე გაცემული დაპირებების შესრულებაზე. მოსახლეობის უკმაყოფილება, რომ იტყვიან, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. რა გაკეთდა ხელისუფლების შეცვლიდან თერთმეტი თვის თავზე კონკრეტულად სამართლიანობის აღდგენის კუთხით და რას უნდა ველოდოთ მომავალში, ამის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის «გადაარჩინე სიცოცხლე» ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი.
_ ბატონო იური, რამდენიმე დღის წინ თქვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართეთ და დაპირებები შეახსენეთ. კონკრეტულად რით ხართ უკმაყოფილო?
_ უპირველესად, დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გაზეთს, რომ დაინტერესდით ამ საკითხით.
ყველამ იცის, მთელმა საქართველომ, რა ხელისუფლება გვყავდა «ნაცმოძრაობის» სახით და რა უბედურებაში ვიყავით განვლილი ცხრა წლის მანძილზე. გვახსოვს, რა გადავიტანეთ, თუ ამას გადატანა ჰქვია, და რის ფასად დაგვიჯდა ეს ყველაფერი. მაშინდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი იმ დროს ჩვენთან ერთად იდგა ქუჩაში (ვგულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელიც დღეს არის საკანონმდებლო ორგანოში და მთლიანად ხელისუფლებაში). კითხვები აქ ძალიან მარტივია: სად არიან ახლა ის ადამიანები? რატომ არ იბრძვიან ადრინდელივით და რატომ არ ამბობენ სიმართლეს? შევთანხმდით, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები იყო დიდი მონაპოვარი, მაგრამ ახლა ნუ გვაფიქრებინებენ, რომ თურმე დიდი სისულელე ყოფილა. მეთერთმეტე თვე გადის, რაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, რა ვიგრძენით, ერთი მითხარით? რამე უკეთესობა არის?
_ ბევრს საუბრობენ «ქართული ოცნების» რეიტინგის ვარდნაზეც. თქვენც მიგაჩნიათ, რომ კოალიციის მიმართ ხალხს ნდობა აქვს დაკარგული?
_ რა თქმა უნდა, რეიტინგი დაუვარდებათ, კუბლაშვილს რომ ცივ ნიავს არ აკარებ და «ნაცმოძრაობას» მთავარ ოპოზიციურ ძალას ეძახი, აბა, რას ელოდები?! აქ მეორე მომენტიცაა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან: 1 ოქტომბრის შემდეგ ხალხი ეიფორიაში იყო და მოეშვა, რის გამოც ახალი ხელისუფლება, ფაქტობრივად, უკონტროლოდ დარჩა. ახლა ეს გამოსასწორებელია. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ჩვენივე მოყვანილ ძალას, რომ თვითნებურად იმოქმედოს. აუცილებელია, ყველა შენიშვნაზე დავარტყათ და, თუ საჭიროა, მივუთითოთ. სხვანაირად მათ ყოველთვის ექნებათ ცდუნება, მარტო თავიანთ ნებაზე მართონ სახელმწიფო. ამის ნათელი მაგალითი წინა ხელისუფლებებია.
_ თავიდან პროკურატურა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. თვითონ კბილაშვილიც პირობას იძლეოდა, რომ ბურუსით მოცულ საქმეებს ნათელი მოეფინებოდა. მერე რამ შეუშალა ამ ყველაფერს ხელი, როგორ ფიქრობთ?
_ მოდი, ასე შევხედოთ ამ საკითხს: რა შეიცვალა პროკურატურაში ადეიშვილის შემდეგ? მე რომ ვუყურებ, თითქმის იგივე პროკურატურაა, იგივე კადრები და არც ერთი საქმე წინ არ მიდის. კიდევ ვიმეორებ: არ ვარ ამ ხელისუფლების მტერი, მაგრამ «ვაცალოთ, ვაცალოთ», ძახილის დრო აღარაა. რამდენჯერაც ვაცალეთ, ყოველთვის ვინანეთ, ამიტომ ჩვენ ახლა არავის მივცემთ უფლებას, ისევ ძველებურად წარიმართოს პროცესები.
_ ამ ეტაპზე ხელისუფლებას შეჩერებული აქვს რიგი საქმეების გამოძიება, წინასაარჩევნო პროცესებს ხელი არ უნდა შეეშალოსო.
_ ზუსტად ამ თემაზე უნდა მესაუბრა ახლა. პროკურატურაში 25 ათასამდე საჩივარი დევს და თითოეული მათგანის უკან დგას გაუბედურებული ადამიანები. რომელს მიაქციეს ყურადღება? გამოძიება გაჩერებული კი არაა, შეწყვეტილია და არავინ იცის, მომავალში გაგრძელდება თუ არა.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ აგერ სახეზეა ყველაფერი, თუნდაც ერთი საქმე მაჩვენონ ბოლომდე გასული. დავიწყოთ თუნდაც მკვლელობებით, რომელი ერთია გამოძიებული? ამ დროს ნახე, რა ხდება: დაიჭირეს ახალაია, ხალხი ელოდება სამართლიან განაჩენს და სამ ეპიზოდში ბრალი მოუხსნეს. მიდი ახლა და აუხსენი ეს საზოგადოებას.
_ თქვენი აზრით, რა ახსნა აქვს ამას?
_ რაც დასაწყისში გითხარით: სააკაშვილის ჯალათებითაა ისევ პროკურატურა და სასამართლო გატენილი. კონკრეტულ პიროვნებებს გეტყვით: შაქრო ზაალიშვილი, თენგიზ ხარებავა და ძმანი მათნი… ესენი ამუშავებდნენ და აყალბებდნენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს.
_ და კონკრეტულად სად არიან დღეს ეს ადამიანები?
_ პროკურატურაში. მაგალითად, შაქრო ზაალიშვილი იყო ბაჩო ახალაიას პროცესის პროკურორი. მე, სხვათა შორის, შევხვდი არჩილ კბილაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს და ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ბოლოს რა მითხრეს, იცით? ეგენი ხელს ვერ შეგვიშლიანო. აი, თუ ვერ გიშლიან, მაშინ ამიხსენით, რატომ გამართლდა ბაჩო ახალაია სამ ეპიზოდში, როცა მის წინააღმდეგ 95 მოწმე არსებობდა?
_ იმ მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს.
_ მერე ჩვენი კანონმდებლობით ხომ ისჯება ჩვენების შეცვლა? რატომ არ მოთხოვეს პასუხი? შენ მოსამართლეს რომ აძლევ უფლებას, ვინც უნდა, გაათავისუფლოს, გაუშვას, ეს ვისი ბრალია _ ჩემი და თქვენი?
_ იქნებ კადრების ნაკლებობაა პროკურატურაშიც და სასამართლოშიც.
_ თავის დროზე კონკურსი რომ გამოაცხადეს ახალ კადრებზე, სამიათასზე მეტი განაცხადი შევიდა პროკურატურაში. ახლა გეკითხებით, იმ სამი ათასი იურისტიდან ორმოცდაათი ვერ შეარჩიეს? აქვე მინდა პოლიტპატიმრების თემასაც შევეხო. 198 კაცს ხომ მიანიჭეს ეს სტატუსი. ჯერ ერთი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბევრად მეტს ეკუთვნოდა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. დღემდე არც ერთი მათგანის საქმე ბოლომდე არაა მიყვანილი. ის პროკურორები, რომლებმაც მათ განაჩენი გამოუტანეს, ისევ პროკურატურაში სხედან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი თანამშრომლებიც თავიანთ ადგილებზე არიან. ამის შემდეგ რა იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ სამართლიანობის და საერთოდ, რომელ სამართლებრივ პროცესზე ვსაუბრობთ?!
_ დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი თქვენი ყოფილი თანამებრძოლია. მათთან თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?
_ მე წელიწადში ორჯერ გავდიოდი კორტებთან და არ მახსოვს, იქ ჩვენთან ერთად ძიძიგური არ ყოფილიყო, თუნდაც ბესელია, ბიძინა გუჯაბიძე და სხვები. მაინტერესებს, ახლა სად არიან ეს ადამიანები? გაგიგიათ ამ თერთმეტი თვის მანძილზე, ვინმეს ხმა ამოეღოს პარლამენტში და ან გაუხსნელი მკვლელობების გამოძიება, ან რამე კომისიის შექმნა მოეთხოვოს? საუბარი საიდან მექნებოდა ვინმესთან, როცა თვალით არ მინახავს ეს ხალხი.
_ გასაგებია, რომ პროკურატურისა და სასამართლოს მუშაობა ბევრ კითხვას აჩენს, მაგრამ რის გაკეთება შეეძლო ცენტრალურ ხელისუფლებას ამ სისტემაში ძირეული ცვლილებების განსახორციელებლად? ბევრი, ალბათ, ამას მართლმსაჯულების საქმეში ჩარევად შეაფასებდა.
_ ვინ შეაფასებდა? დასავლეთი? მაშინ მე გეკითხებით, სად იყო ის დასავლეთი, მოსამართლეებს ტელეფონით რომ კარნახობდნენ განაჩენს? მერაბიშვილი და ადეიშვილი რომ თითს უქნევდა სასამართლოს? იცით, რა? არც დასავლეთის აზრი მაინტერესებს და არც სხვისი! მკვლელმა, გამაუპატიურებელმა და მწამებელმა პასუხი უნდა აგოს! რისი ეშინიათ, არ მესმის, ამდენი მტკიცებულებაა, ამდენი მოწმე და ფაქტი, რა აფერხებს პროკურატურას?!
_ როგორ ფიქრობთ, სანამდე მოითმენს საზოგადოება პროკურატურის და მთლიანად ხელისუფლების უმოქმედობას?
_ საზოგადოება უკვე ვეღარ ითმენს და ამაში მალე დარწმუნდებით. ჩვენ ორშაბათს გავხსენით საგანგებო შტაბი ჩვენს ოფისში, დავიწყეთ რეგისტრაცია და 29 სექტემბერს ვაპირებთ შეკრებას რუსთაველზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ. იქ ვიწვევთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. კერძოდ: პარლამენტის თავმჯდომარეს _ დავით უსუფაშვილს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს _ ვახტანგ ხმალაძეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს _ ეკა ბესელიას, იუსტიციის მინისტრს _ თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორს _ არჩილ კბილაშვილს და სახალხო დამცველს _ უჩა ნანუაშვილს. აი, ამ ხალხისგან მოვითხოვთ პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც დაგროვდა ბოლო თერთმეტი თვის მანძილზე.
_ ვთქვათ, მათაც, წინა ხელისუფლების მსგავსად, იგნორირება გაუკეთეს თქვენს მოთხოვნას. შემდეგ რა გეგმები გაქვთ?
_ ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს და, შემდეგ რასაც გავაკეთებთ, ამას პირველად თქვენი გაზეთით ვიტყვით. ახლა, ამ ეტაპზე, უბრალოდ, არ იქნება სწორი, ამაზე საუბარი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს და პროცესების თანმიმდევრობა.
_ რას ელოდებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? თქვენი აზრით, რა შეიცვლება?
_ ამ არჩევნებს ყველა ელოდება, მეტიც: შეიძლება ითქვას, ხალხს ეს აკავებს, რადგან ჰგონიათ, რომ მერე ხელისუფლება უფრო თამამად იმოქმედებს. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მაგრამ ბოლო ათი თვის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, არც არაფერს უნდა ველოდოთ. ისე, ვისურვებდი, რომ პროკურატურაში უფრო პრინციპული ადამიანები ყოფილიყვნენ, ისეთები კი არა, ამერიკის ელჩს რომ შესციცინებენ თვალებში.
_ გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ «ნაცმოძრაობის» ზოგიერთ მაღალჩინოსანს, უპირველესად, სააკაშვილს, შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტია მისცენ. რამდენად მოსალოდნელია ეს, როგორ ფიქრობთ?
_ გარანტია ვინ უნდა მისცეს? «ქართულმა ოცნებამ»? მაშინ რა გამოდის? პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე მიდის ხელისუფლება? გააკეთებენ ამას? არა მგონია. თუ გააკეთებენ, მიიღებენ საზოგადოების რისხვას! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: საკმარისია ერთი მსგავსი საბედისწერო შეცდომა და ივანიშვილის რეიტინგი იმ წუთში განულდება. აღარ აქვს უკვე ხალხს ის რაღაც მესიანისტური დამოკიდებულება მმართველი გუნდის მიმართ, როგორც ადრე ჰქონდა.
_ სამაგიეროდ, ამერიკის მხარდაჭერას მიიღებენ.
_ ეგ რომ საკმარისი ყოფილიყო, სააკაშვილი 1 ოქტომბერს კი არ დამარცხდებოდა, აქ გვეყოლებოდა უვადოდ. ასე რომ, წინამორბედის გამოცდილება ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს. თუ არადა, არჩევნები კიდევ იქნება…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია