Home რუბრიკები საზოგადოება ლეიტენანტი დავით ნემსაძე: თავდაცვის სამინისტრო არის კოაბიტაციის პოლიგონი

ლეიტენანტი დავით ნემსაძე: თავდაცვის სამინისტრო არის კოაბიტაციის პოლიგონი

1702

ჩემი დღევანდელი მოსაუბრე, 28 წლის დავით ნემსაძე, რომ იტყვიან, «სიმშვიდის» დამრღვევთა ტიპს განეკუთვნება. ასეთი ადამიანები ძალზე არასასურველი ხელქვეითები არიან და მათ, როგორც ჭირს, გაურბიან ხელმძღვანელი მუშაკები. დავით ნემსაძემ 2008 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია, მსახურობდა ინჟინეროპერატორად საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფში, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, მსახურობდა სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, საიდანაც 2011 წელს დაითხოვეს «კადრების შემცირების» საბაბითთუმცა მოვუსმინოთ თავად ლეიტენანტს.

 

_ სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გამანაწილეს საზენიტო-სარაკეტო ნაწილში, სენაკში. დავიწყე მუშაობა უკრაინაში მილიონებად შეძენილ, მაგრამ მოძველებულ კომპლექსზე «Бук» М-1-ზე. სიძველეს ვინღა ჩივის! ამ შემთხვევაშიც «ბუკი» შეძლებდა, მეტ-ნაკლებად შეესრულებინა თავისი ფუნქცია; მაგრამ ეს კომპლექსი თავიდანვე დაზიანებული იყო და არც თუ ისე დიდი ხნის ჩამოტანილს, უკრაინიდან სარემონტო სპეციალისტებიც ჩამოჰყვნენ.

ახლა შემეკითხებით, _ რატომ არ შეიძინეს გამართული, დიდი რესურსის მქონე ტექნიკაო. ეს ექსპერტების საქმეა, მაგრამ ამ სფეროში ექსპერტები ძალიან ცოტა გვყავს და, ვინც ამ ტექნიკაზე დღემდე მუშაობს, მოგეხსენებათ, არავინ იტყვის, საკუთარი დედა მრუში მყავსო; ამ საქმის სხვა სპეციალისტები კი, დისკრიმინირებულნი და მოშორებულნი არიან შეიარაღებულ ძალებს! ამ რემონტზე კი ფული რომელმა გაათეთრა, ამის გარკვევა ფინანსური პოლიციის კომპეტენციაა.

_ და მაინც, როგორ იმუშავა ამ «ბუკმა» აგვისტოს ომის დროს?

_ აგვისტოს ამბებამდე 3-4 დღით ადრე ამ კომპლექსის ცალკეული სისტემებიდან საწვავის ავზები ამოიღეს. ვინც სამხედრო სფეროში ერკვევა, იცის, რომ დაზვერვის ინფორმაცია საომარი მდგომარეობის შესახებ გაცილებით ადრე, თუ გნებავთ, ერთი კვირით და თუნდაც სამი თვით ადრე უნდა სცოდნოდათ. რა მოხდა? ვინ გასცა ამის ბრძანება? ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

_ რატომ დაიშალა კომპლექსი?

_ ამ ავზების ამოღების მიზეზად დაასახელეს მათი საცობების დაგმანვა საწვავის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ამოიღეს და ამასობაში გამოცხადდა ჯერ საბრძოლო მზადყოფნა და სულ მალე _ საომარი მდგომარეობა. ნაწილის მეთაურმა _ თემურ შენგელიამ მოაწყო პირადი შემადგენობა და გვიბრძანა გადაადგილება ცხინვალამდე კომპლექსის ავტორესურსით. ეს ნიშნავდა მოძველებული, ჯართადქცეული ტექნიკის საკუთარი შესაძლებლობით გადაადგილებას. არადა, ინსტრუქციით, ეს კომპლექსი გადატანილი უნდა ყოფილიყო სპეცმზიდი მანქანებით ან სარკინიგზო ეშელონით. ამ ინსტრუქციის დარღვევამ, ანუ მარშმა ავტორესურსით გამოიწვია მგზავრობის დროს ლამპური სისტემების ვიბრაცია, რასაც მოჰყვა მისი ჩაშლა-დაზიანება. შედეგად კი საბრძოლო მუშაობის დროს კომპლექსში შემავალმა ობიექტმა მოწინააღმდეგის მიზანზე, გაუმართაობის გამო, გასროლა ვერ შეძლო.

პრობლემებმა თავი იჩინა ამავე კომპლექსის მართვის ობიექტშიც, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე გაიჭედა, გაჩერდა და ვერ იმოძრავა. სისტემის ცალკეულმა დანაყოფმა ვერ მოახდინა საკუთარი ალგორითმის შესრულება და მაინცდამაინც მაშინ გამოვიდა მწყობრიდან, როდესაც რუსულმა მოიერიშე ავიაციამ სამხედრო ბაზას შეუტია, რასაც მოჰყვა მსხვერპლი პირად შემადგენლობაში… აქვე აღვნიშნავ, რომ სრული რუტინის დარღვევით მოქმედებდა რადიოლოკაციური სადგური, რომელმაც, ფაქტობრივად, მიიყვანა ბაზაზე რუსული ბომბდამშენები!

ჩვენი მეთაური, შენგელია, ცხინვალთან იმყოფებოდა. საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის ბაზის მეთაურად დარჩა ამავე შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი თემურ ფერაძე, ზედმეტსახელად «ბულბულა». ამდენად, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი.

_ დავით, მეომარ კაცს ასეთი ნაზი სახელი საიდან?

_ ბატონი ვიცე-პოლკოვნიკი სრულიად ამართლებდა ამ მეტსახელს. იგი მობილურზე თავის სტვენას იწერდა, მერე ყურზე მიიდებდა და საკუთარი «გალობით» ტკბებოდა.

_ კონკრეტულად, თუ შეიძლება, რა ქონება ჩაბარდა რუსებს?

_ რუსებმა წაიღეს ნაწილის მთელი მსუბუქი შეიარაღება, ღირებული დოკუმენტაცია, უზრუნველყოფის მანქანები, დიდი რაოდენობით საწვავი და სხვა ქონება. ამაზე დეტალური საუბარი არ მსურს. რაც შეეხება «ბულბულას», იგი გაიქცა სენაკის ბაზიდან, რასაც მოგვიანებით «ტაქტიკური გადაადგილება» დაარქვა!..

_ სად არის ახლა ვიცეპოლკოვნიკი ფერაძე?

_ მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, დადის ჰალსტუხით, გატკიცინებული უნიფორმით და თავს გრძნობს ჩიტივით! ხოლო გმირი ოფიცრები – მაიორი ლეკვეიშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი მოსეშვილი ე. წ. ომის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოაპანღურეს შეიარაღებული ძალებიდან. ისინი დღეს უმუშევრები არიან.

_ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ?

_ გსმენიათ, «ომი ყველაფერს ჩამოწერსო»? ჰოდა, «ჩამოწერის» საშუალება არ მივეცი უფროსობას. შეიარაღებული ძალებიდან დამითხოვეს, ვითომდა ჩემი მეთაურის _ ზაალ მაჩიტიძის ღირსების შეურაცხყოფისთვის და კონტრაქტის მრავალჯერადი დარღვევისთვის. «ღირსების შეურაცხყოფად» ჩამითვალეს ახსნა-განმარტებითი პატაკი, რომლითაც ვუცხადებდი უნდობლობას მაჩიტიძეს, ვინაიდან იგი შემჩნეული მყავდა დიზელის ქურდობაში, საბრძოლო სულის გარყვნაში, ჯარისკაცთა დათრგუნვაში და თანხების არალეგალურ აკრებაში. რატომღაც ამ ადამიანს თვე-ნახევარის შემდეგ გაახსენდა, რომ ღირსება შეულახეს. დანარჩენი «ბრალდება» გამოიხატებოდა უადგილო ადგილას ჩემ მიერ სიგარეტის მოწევაში…

ყოველივე გავასაჩივრე, მაგრამ ზემდგომმა სამანდატო კომისიამ ძალაში დატოვა «პირველი ქურუმების» გადაწყვეტილება. საყურადღებოა, რომ ჩემს განთავისუფლებას დაეთანხმა, აგრეთვე, გენშტაბის დღევანდელი უფროსი, პოლკოვნიკი ძნელაძე, რომელიც დღესაც პოლიტიკური ნიშნით მბლოკავს და არ მაძლევს დასაქმების საშუალებას. მისი თანაშემწე კი ჩემი ღირსების შეურაცხყოფას და ჩემს პროვოცირებას ცდილობს. რას იზამ, ასეთია ეკლიანი გზა სამართლიანობის აღდგენისკენ.

_ როგორ მოხვდით სამხედრო პოლიციაში?

_ ეს გადაწყდა გია დგებუაძის («მასტერას») კაბინეტთან, რომელმაც ღამის 3 საათზე გამომიძახა და მითხრა, რომ მე მართალი კაცი ვიყავი, ოღონდ პოლკოვნიკების დასჯა ჩემი საქმე არ იყო. იყო მუქარებიც. დგებუაძე მოითხოვდა სრულ სიჩუმეს და იმ მასალების გადაცემას, რომლებიც ჩემს სიმართლეს ადასტურებდა. გადავეცი, მაგრამ ასლები წინდახედულად დავიტოვე. ასე, განთავისუფლებიდან სამ თვეში, «კონტრაქტის მრავალჯერადი დამრღვევი და მეთაურის ღირსების შეურაცხმყოფელი ოფიცერი» სასწაულებრივად აღმოვჩნდი სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში «მასტერას» პირადი კონტროლის ქვეშ. აქ ვიმუშავე სამი თვე.

_ «მასტერას» სისასტიკეზე ლეგენდები დადის. ეს ყველაფერი მართალია? რა იხილეთ იქ?

_ მე არ მინახავს, რომ «მასტერას» პირადად ვინმე ეცემოს. იგი საკუთარ თავს უწოდებდა «შეფს» და ყველასგან მოითხოვდა, ასე მიემართა მისთვის. იყო წყნარი, მშვიდი და ორაზროვანი პიროვნება. თუ დგებუაძე რამეს იტყოდა მუქარით, ის აუცილებლად აღსრულდებოდა. საერთოდ, ჩემდამი ნდობა არ ჰქონდათ. გამოძიების და დაკითხვის საქმეებს მე არ მასწრებდნენ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვიყავი ერთადერთი კაცი, რომელიც პოლიტიკურ თემებზე არ მუშაობდა. ჩემ მიერ წარდგენილი ცნობები იყო მხოლოდ სამხედრო ხასიათის, რაც მათ არ აკმაყოფილებდათ. 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, პირადად დამიბარეს დგებუაძემ და დაზვერვის უფროსმა ნუკრი ენდელაძემ. «მასტერა» მეკითხებოდა, თუ რა პოლიტიკური საზრისი გამაჩნდა და რატომ არ ვწერდი პოლიტიკური შინაარსის ცნობებს. მე განვუმარტე, რომ ვარ სამხედრო და პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა არაა ჩემი საქმე-მეთქი. დგებუაძემ მკითხა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ქვეყანას უჭირსო? ვუპასუხე: «ქვეყნის გაჭირვებას» სამოქალაქო სექტორიდან ოპოზიცია მიხედავს-მეთქი. «მასტერამ» ფეხები დამილაგა ცხვირწინ და მითხრა: შენთან ყველაფერი გარკვეულია, თავისუფალი ხარო.

აქვე მინდა გავიხსენო, «მასტერას» ბუნაგში როგორ აწამეს 18 წლის ბიჭი, რომელსაც «სამშობლოს ღალატს» ტენიდნენ; როგორ უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, სცემდნენ, დედას აგინებდნენ. გულწასულს კი აბაზანაში აგდებდნენ და წყალს ასხამდნენ მოსასულიერებლად. მოგვიანებით ამ ბიჭმა მითხრა, თუ როგორ უნდოდა მეორე სართულიდან გადახტომა, რათა მისი წამება თვითმკვლელობით დაემთავრებინა, ან გაქცეულიყო. ამ ბიჭის შემდგომი ბედი არ ვიცი. მახსოვს ისიც, თუ როგორ სცემდა ამჟამად თავდაცვის სამინისტროში კომენდანტად დაწინაურებული, ციხის ყოფილი ზედამხედველი ლაფერაშვილი სამოქალაქო პირებს, რომლებსაც «მასტერას» ბუნაგში მოათრევდა ხოლმე. აქვე მინდა გავიხსენო ლევან გაბუნიაც.

_ ეს ვინღაა?

_ ეს არის თუ არის! დგებუაძის მარჯვენა ხელი! პირდაპირ შეეძლო ახალაიასთან შესვლა. გაბუნია საქმის კურსში იყო იმ 18 წლის ბიჭის წამებასთან დაკავშირებით, მეტიც, ამ სიტუაციას აკონტროლებდა; 26 მაისს კი ხელაპყრობილი გაიძახოლა, რომ «ქვეყანა თავზე გვექცევაო». სწორედ ეს ადამიანი გზავნიდა თანამშრომლებს მიტინგის და მიმდებარე ტერიტორიების დასაზვერად. სწორედ გაბუნია იყო ის პირი, რომელიც კურირებდა ყველა უკანონო, ფარულ მიყურადებას და, აგრეთვე, გეგმავდა პოლიტიკურ პერსონებზე თვალთვალს.

_ გაბუნია დაკავებულია თუ «მასტერასავითაა» მიმალული?

_ როგორ გეკადრებათ! მისი პატიოსნების შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროში ლეგენდები დადის! და თუ ამ ლეგენდების გამვრცელებელს შეახსენებ, ვინაა სინამდვილეში გაბუნია, ასეთ პასუხს მიიღებ: მაინც ვერაფერს უზამთ, იმიტომ, რომ ალასანიას მოადგილე _ გეგეჭკორი «კრიშავსო».

გაბუნია კი თანამდებობრივ  «ტრამპლინზეა»! იგი სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეა. გეგეჭკორის მდივანს ვთხოვე, თავისი უფროსისთვის ეკითხა, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა გეგეჭკორი, იმ 18 წლის წამებული ბიჭის ადგილზე მისი შვილი რომ ყოფილიყო. მდივანმა შემატყობინა, რომ კითხვა გადავეცი და იგი დუმსო. მდივანმა თავისი აზრიც გამიზიარა, თურმე ქრისტეს მეგობარი იუდაც ყოფილაო. შევახსენე, რომ იუდა მისი მოწაფე იყო და არა მეგობარი. ამჯერად მდივანიც დადუმდა!

ამდენი ხანია, ვითხოვ ჩემ მიმართ სამართლიანობის აღდგენას! უშუალოდ ახალაიამ მომცა თაბახის ფურცელი და მითხრა, რომ დამეწერა განცხადება წასვლის თაობაზე, რაზეც კატეგორიული უარი განვუცხადე. ეს მისი «წიხლი» მომყვება დღემდე. ჩემი პრინციპები გახდა ჩემი მსაჯული. დღეს თავდაცვის სამინისტრო არის ე. წ. კოაბიტაციის პოლიგონი, რომელსაც ეწირება ღირსეულ ოფიცერთა შემადგენლობა.

_ და რას წარმოადგენს ახლანდელი თავდაცვის სამინისტრო?

_ თავდაცვის სამინისტრო იქცა უწყებად, რომელიც ატარებს რაღაც ბრიფინგებს. მასში დასაქმებულები არიან სამოქალაქო პირები, რომლებიც წყვეტენ სამხედროების ბედს. თუ დარეკავთ, ტელეფონზე პასუხად გაიგონებთ: «ნინი გისმენთ», «ნატკა გისმენთ», «ნათი გისმენთ» _ ესაა დღეს მისი სუბორდინაციული რუტინა! სამინისტროს სახეებია: ლექსენი და «შუა ქალაქის შოუს» უნიჭო «ვარსკვლავები». ეს მაშინ, როდესაც ღირსეულ ოფიცრებს არ ეძლევათ მუშაობის საშუალება. მე პირადად ლექსენის და «ბიკინი» საზოგადოების დასაცავი არაფერი მჭირს. გამოვთქვამ იმედს, რომ მოვა დრო, დაიმსხვრევა მანკიერი სტერეოტიპები და თავდაცვის სამინისტრო არ გახდება 2008 წლის აგვისტოს «ომის» შემოქმედთა ცოლების, საყვარლების, უახლოესი ნათესავების, მეგობრებისა და უბრალოდ «გოგონების» თავშესაფარი, სადაც გენშტაბის უფროსი არ იქნება პოლიტიკური პერსონა, რომელიც ამავე ნიშნით დაბლოკავს პროფესიონალებს და არ იხმარს ჟარგონს «დამაბოლე»; სადაც პოლკოვნიკს დაქვემდებარებაში არ ეყოლება გენერალი და სადაც ქართული ღირებულებები და ინტერესები დადგება ყოველგვარ ღირებულებებსა და ინტერესებზე მაღლა!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ბიძინა ლობიოს ჭამას მორჩი

    ტყუილად კი არ გეძახიან ანაკონდას მოახჩვე გარეწრები

  2. ალასანია ენა რომ გაქ წაგდებული და რომ გკითხოს კაცმა პრეზიდენტობა გინდა მის მაგივრად ჯარს მიხედე დაქვითვებით რომ აავსე ჯარისკაცები დავით ჯიგარი ხარ მივმართავ ოფიცრებს ვისაც უღირსად მოგექცნენ ენა ამოიდგით და თქვით სიმართლე ნუ შეძცრებით ლაკორიაში თორე კაცს რომელსაც საკუთარი თავის და ღირსების დაცვა არ შეუძლია მისი დაცული სამშობლოსი არავის სჯერა

  3. ვიცნობ ამ კაცს ღირსეული ადამიანია ერთი მინუსი აქვს უსამართლობას ვერ იტანს აი მაგალითი თავდაცვის სამინისტრო ფურთხის ღირსი ხარვშენ დღეს….

  4. დათო გავიცანი და დავიმეგრობრე,რითიც ვამაყობ კიდევაც.ასეთი ოფიცრები სჭირდება დღეს საქართველოსა და ქართულ არმიას და არა ისეთები,ვინც ომის დროს გარბის ბრძოლის ველიდან,თავის ქვედანაყოფს მიატოვებს და მერე გმირობასა და გენერლობას რომ მიანიჭებენ.თავდაცვვის სამინისტრო არაპროფესიონალებისა და უვიცების თავშესაფრად არის გადაქცეული.გული მწყდება ნამდვილად იმაზე,რომ არმიის ერთერთი ფუძემდებელი ვარ,1991 წლიდა ვმსახურობ და ყველა ომის მონაწილე ოფიცერი ვარ.ამ დროს შარშან აგვისტოში მაიძულეს,რომ სამსახურიდან წამოვსულვიყავი.ნოემბრის შემდეგ ვიბრძვი აღდგენაზე და დღემდე უმუშევარი ვარ სამი შვილის მამა და სამი ჯილდოს კავალერი.ამ დროს სამხედრო სამსახურში აღადგინეს და დაამატაე ისეთები,რომ გული აერევა ადამიანს.სულ მატყუებენ და იმასაც არ მეუბნებიან,თუ რა მიზეზით არ მაბრუნებენ სამსახურში!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here