14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი შესრულდა. ტრაგიკული მოვლენებიდან თითქმის სამი ათეული წელი გავიდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ისტორიული სამართლიანობა აღდგება: “29 წლის წინათ, დღევანდელ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა _ აფხაზეთის ომი. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის _ ჯარისკაცთა და მშვიდობიანი მოქალაქეების _ სიცოცხლე შეიწირა. ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები იდგნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახებს. ისტორიული სამართლიანობა აღდგება და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება…”
პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო მშვიდობისა და განვითარების გზით აფხაზებთან და ოსებთან ერთად შექმნის ძლიერ სახელმწიფოს, რომელშიც ყველას ექნება თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობა: “მშვიდობისა და განვითარების გზით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება მისი თითოეული მოქალაქისთვის, სადაც ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების პირობებში ყველას ექნება თვითმყოფადობის შენარჩუნების, კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა…”
მოგვიანებით განცხადებები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მზად არის კონფლიქტის მხარესთან რეალური დიალოგისთვის, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ ეს დიალოგი დღევანდელ ვითარებაში და ვინ შეიძლება განიხილებოდეს “კონფლიქტის მხარედ”, მმართველი გუნდში არ დაუკონკრეტებიათ…
რა პერსპექტივა არსებობს ომიდან 29 წლის შემდეგ ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებში და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეალურია თუ არა პრემიერის შეფასება ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ–ლეიტენანტი გიორგი შერვაშიძე.
_ ბატონო გიორგი, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 29 წელი შესრულდა, _ თითქმის სამი ათეული წელი. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ გარკვეული დასკვნები გაკეთდეს… რას იტყვით, თქვენთვის, როგორც თავის დროზე იმ ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტში მყოფი ადამიანისთვის, როგორ ჩანს ეს ყველაფერი დღევანდელი გადმოსახედიდან?
_ 30 წელი საკმარისზე მეტი დროა მოვლენების შესაფასებლად და გარკვეული დასკვნების ცივი გონებით გამოსატანად, მაგრამ, მეორე მხრივ, დასკვნებსაც გააჩნია. რა იყო ეს ომი და რა დაგვანახვა? ვისთვის როგორ… ბევრს ვიცნობ ნაომარი ხალხიდან ისეთს, რომელსაც დღემდე მიაჩნია, რომ საქართველომ იმხანად სწორი ნაბიჯები გადადგა, თუმცა ასევე ძალიან ბევრია ისეთიც, ვისაც მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ჩვენი შენაერთები არ უნდა შესულიყვნენ აფხაზეთში. მე, მაგალითად, და ჩემს გარემოცვაში მყოფ ადამიანებსაც 15 რიცხვში უკვე ოცნებად გვქონდა ქცეული, რომ ჩვენებს იქიდან სასწრაფოდ გამოეყვანათ ტექნიკა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და ომი გამწვავდა. მერე როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით… დიდი შეცდომა იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და შედეგიც სავალალო მივიღეთ…
_ კი მაგრამ, ვითარება დღითიდღე იძაბებოდა, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას?
_ მაშინაც ვამბობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ საქართველოს მთელი თავისი დიპლომატიური თუ პოლიტიკური რესურსი, ყველა გზითა და საშუალებით, რომლებიც ვითარების დამშვიდებისკენ იქნებოდა მიმართული, უნდა მიემართა რუსეთისკენ. გასაგებია, რომ იმხანად რუსეთშიც საკმაოდ არეული ვითარება იყო და სათავეშიც სხვა ხალხი იმყოფებოდა, მაგრამ სხვა გზა ჩვენ, უბრალოდ, არ გვქონდა; რაღაცნაირად უნდა გამოგვენახა საერთო ენა და კონფლიქტამდე არ მივსულიყავით…
_ ე.ი., ისევ და ისევ რუსეთთან დიალოგის გზით უნდა წავსულიყავით?
_ რა თქმა უნდა. ამ გზას რეალურად ალტერნატივა არც ჰქონდა, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ რაღაც ილუზიებს ავყევით. “რუსეთი არ გვჭირდება”, “ცივილიზებული სამყარო დაგვიცავს” და ა.შ. ამ ლოზუნგებით გაბრუებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ზღაპრები დაიჯერა, რამაც მერე და მერე საზოგადოებაც შეიყვანა შეცდომაში. რა მივიღეთ შედეგად? მივიღეთ ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა ტერიტორია და დაგვაკარგვინა ყველაზე ძვირფასი _ ადამიანები.აფხაზებისა და ქართველებისთვის ეს იყო ტრაგედია, რომელმაც მრავალი წლით დაგვაშორა ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა… სხვათა შორის, როდესაც ვსაუბრობთ დიალოგსა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე, როგორც გამოსავალზე, უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად რუსეთში, მათ შორის, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეც საკმაოდ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული რუსულ–ქართული ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგე გარკვეულ ძალებს. ისინი უდიდეს როლს თამაშობდნენ მთელ რიგ კონფრონტაციულ პროცესებსა და აფხაზეთში კონფლიქტის გამწვავებაში…
_ ვის გულისხმობთ?
_ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გამგები, ალბათ, გაიგებს. ესენი იყვნენ ჩვენი მეზობლები, რომლებმაც კარგად იციან, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარება აძლიერებს საქართველოს. ძლიერი და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მქონე საქართველო, ცხადია, არავის არ სჭირდება. ყველას სჭირდება დაუცველი, დაქუცმაცებული და დაუძლურებული საქართველო, რომელსაც დამოკლეს მახვილივით ექნება თავზე საფრთხე დაკიდებული…
_ დღევანდელ რეალობაზეც ვისაუბროთ. პრემიერმა სოციალურ ქსელში თქვა, რომ ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და საქართველო “მშვიდობისა და განვითარების გზით აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შექმნის ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც მიმზიდველი იქნება მისი თითოეული მოქალაქისთვის…” დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური და იდეოლოგიური კურსი გვაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს?
_ საქართველოში, დღიდან საბჭოთა კავშირის დაშლისა, არ ყოფილა ხელისუფლება, რომელსაც არ გამოეცხადებინოს, რომ ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი გზით აღადგენს და აფხაზ და ოს ძმებს ისეთ პირობებს შეუქმნის, მიმზიდველი გავხდებით. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და რა მივიღეთ შედეგად? ვინმე იტყვის, რომ დღეს უფრო ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ვიდრე, ვთქვათ, 15-20-25 წლის წინათ? არ მგონია. რაც შეეხება ბატონი პრემიერის განცხადებას, ძალიან მინდა, რომ მისი სურვილები გამართლდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ პოლიტიკით აფხაზებისა და ოსებისთვის მიმზიდველ საქართველოს ვქმნიდეთ. ამ პოლიტიკით, არათუ კონფლიქტის რეგიონებს, ერთმანეთსაც ვშორდებით _ ხელისუფლება დღითიდღე სწყდება ხალხს, რომლის არჩევანიც და ნებაც ნამდვილად არ არის ის, რაც ხდება. ვგულისხმობ გარედან ნაკარნახევ იდეოლოგიურ დიქტატურას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ისედაც ნომინალური ჩვენი დამოუკიდებლობა, პრაქტიკულად, გაანულა…
_ აფხაზები ან რუსები მზად არიან საქართველოსთან დიალოგისთვის?
_ რუსებისგან უკვე მერამდენედ გვესმის განცხადება დიალოგისთვის მზადყოფნაზე, მაგრამ ჩვენები, როგორც წესი, ან უპასუხოდ ტოვებენ ამ განცხადებებს, ან პროვოკაციად აფასებენ. აფხაზებს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არიან თუ არა ისინი მზად დიალოგისთვის, მაგრამ ვიცი ხალხი, რომელიც საკმაოდ კარგად და პოზიტიურადაა საქართველოს მიმართ განწყობილი. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება გამოყენება და გეგმაზომიერი შემხვედრი პოლიტიკა, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. სხვათა შორის, იმ ხალხისგან, რომელიც რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას იზიარებს, ხშირად მომისმენია ასეთი არგუმენტი: რუსეთს იმიტომ უნდა ველაპარაკოთ, რომ ნატოში არ გვიღებენო… მე ასე არ ვფიქრობ, ჩვენ რუსეთს ნატოში ვერშესვლის გამო კი არა, უწინარესად, იმიტომ უნდა ველაპარაკოთ, რომ მეზობელია, რომ რეგიონის და არა მხოლოდ რეგიონის, მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთ–ერთი უძლიერესი მოთამაშეა და, რაც მთავარია, იმიტომ უნდა ველაპარაკოთ, რომ უდიდესი მართლმადიდებელი სახელმწიფოა, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. აი, ეს არის აქ წინა პლანზე წამოსაწევი და არა ის, რომ სადღაც არ გიღებენ. ნატო საერთოდ არაა ამ შემთხვევაში სახსენებელი…
_ არსებული ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია რუსეთთან დიალოგი?
_ ერთი რამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ, თუ ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება ამ იდეას, თუ არ იქნება რეალური მზაობა პირდაპირი დიალოგისთვის, დასავლეთის და განსაკუთრებით დღევანდელი დასავლეთის იმედად დარჩენილი ვერც ერთი ძალის მმართველობა წარმატებული ვერ იქნება; ვერ იქნება ვერც ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა რამ თვალსაზრისით. სხვათა შორის, ის, რაც ახლა ავღანეთში ხდება, არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორი სანდო პარტნიორი შეიძლება იყოს აშშ ნებისმიერი ქვეყნისთვის. დაახლოებით ასე მიგვატოვეს ჩვენც 2008 წელს, დიდი ალბათობით, მათ მიერვე პროვოცირებულ ომში და მიგვატოვებენ მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, სათავეში ისევ გვეყოლება ძალა, რომლის მოყვანისა და დასმის პირობაც იმთავითვე სხვისი ინტერესების ბრმა მსახურება იქნება. რაც შეეხება ისევ ნატოს, რომლის ლიდერებიც კი გვეუბნებიან შიგადაშიგ, რომ ვერ მიგვიღებენ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას არ ვიშლით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 20 წელი ალიანსის მიმართ ილუზიებში ვიცხოვრეთ და, პრაქტიკულად, რეალობას ვიყავით მოწყვეტილი. ვფიქრობ, აწი მაინც უნდა ვუთხრათ ახალგაზრდებს სიმართლე. მათ უნდა ვასწავლოთ და გავაგებინოთ რეალობა, რომ ნატო არ არის ჩვენი გზა, ის არის ქვეყნისთვის დამღუპველი და ამ გზას არაფერი ჩვენთვის სასიკეთო არ მოჰყვება. აი, ამ რეალობას თუ დეკლარირებული პოლიტიკის დონეზე ავიყვანთ და გამოვალთ ილუზიებიდან, რომელმაც დღევანდელ დეგრადაციამდე მოგვიყვანა, მერე შეიძლება ფიქრი ცვლილებებზე, თუ არა, არჩევანი გასაგებია _ განვაგრძობთ არსებობას აბსოლუტურად უპერსპექტივო რეალობაში, რომელიც, რაც დრო გავა, მით უფრო გართულდება და დამძიმდება…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია