13 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ყვარელში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კურსი, რომელიც საქართველოს, წლებია, აღებული აქვს, გამოწვევების მიუხედავად, უცვლელია. მისი თქმით, სწრაფვას დასავლური ცივილიზაციისკენ ალტერნატივა არ აქვს, რადგან “ეს არის ქართველი ხალხის ერთადერთი და ისტორიული არჩევანი”, რომელსაც კვლევებიც ადასტურებს.
კუჭავას განცხადებით, ილია ჭავჭავაძე იყო პირველი საქართველოს ისტორიაში, ვინც დაიწყო “ქვეყნის ევროპული მომავლის ნარატივის, როგორც უალტერნატივო გზაზე ლაპარაკი და ხედვის ჩამოყალიბება, რისთვის უნდა ვიღვწოდეთ”.
შეგახსენებთ, რომ ევროპული კურსი და ნარატივი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხალხის ისტორიულ არჩევანს უწოდებს, საქართველოსთვის და ტრადიციული ქართული კულტურისთვის მთელ რიგ იდეოლოგიურ წინააღმდეგობებს გულისხმობს _ ევროკავშირი უკვე დაუფარავად ითხოვს ხელისუფლებისგან, ქვეყანაში გეიაღლუმები შეუფერხებლად ტარდებოდეს, დაცული და გაძლიერებული იყოს “ლგბტ-ების უფლებები”, რომელიც რეალურად მამათმავლობის პროპაგანდაა და ა.შ.
არის თუ არა დღეს საქართველოსთვის უალტერნატივო გზა ლიბერალური ევროპა და შეიძლება თუ არა ამ კურსს ხალხის არჩევანი ეწოდოს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტია “ქართული იდეას” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.
_ ბატონო ლევან, ამას წინათ პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ–ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დღეს ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული სწრაფვა და არჩევანი, რომელსაც, თურმე, არაერთი კვლევა ადასტურებს. გამოსვლაში მან ილია ჭავჭავაძეც ახსენა… რამდენად ადეკვატურია ეს შეფასება და რეალურად შეიძლება თუ არა, ხალხის არჩევანი იყოს თანამედროვე ლიბერალური ევროპა?
_ უწინარესად, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით სრულიად საქართველოს მივულოცო დიდგორის ომში ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლისთავის იუბილე. ჩვენ ყოველ 12 აგვისტოს ვზეიმობთ ამ დიდ დღესასწაულს, რომელიც “ძლევაი საკვირველის” სახელით შევიდა მსოფლიო ისტორიაში. ეს დღე სახელმწიფოებრივ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც ეროვნული დღესასწაული და ხელისუფლებაც უნდა აღნიშნავდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა სამარცხვინოდ იქცევიან ხელისუფლება და ოპოზიცია იმის შიშით, რომ თურქეთს რამე არ აწყენინონ, ან ევროკავშირმა არ დაგვადანაშაულოს ქსენოფობიაში თუ თურქოფობიაში… ფაქტობრივად, საუბარსაც ვერ ბედავენ დიდგორზე. სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, 12 აგვისტოს დიდგორობაზე ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს თურქ–სელჩუკები არ უხსენებია. ყველგან ამბობდნენ სიტყვებს: “მტერი”, “მოწინააღმდეგე”, “დამპყრობელი”… და ვინც ისტორია არ იცის, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, ბევრი იფიქრებდა, დიდგორზე ქართველებმა, სელჩუკები კი არა, რუსები დავამარცხეთო. დღეს ხომ მთელი პროპაგანდა იქით არის მიმართული, რომ თითქოს საქართველოს, რუსეთის გარდა, ისტორიული მტერი არ ჰყოლია. აი, ასეთი პროპაგანდის მსხვერპლია ახალგაზრდობა, რომელსაც არც სკოლაში და არც ინსტიტუტში საქართველოს რეალურ ისტორიას არ ასწავლიან.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, დასავლური კურსის უალტერნატივობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მარიონეტი ხელისუფლებები, უკვე სამი ათწლეულია, მოწყვეტილნი არიან რეალობას და ვერ აცნობიერებენ სად, რა გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ვიმყოფებით, ეს განცხადება ნამდვილად არ უნდა გვიკვირდეს. მით უფრო, რომ ეს არ არის არც კუჭავას და არც სხვა რომელიმე ცალკე აღებული “მეოცნების” პოზიცია, ეს არის არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ხაზი, რომელიც თავიდან ბოლომდე ლიბერალური დასავლეთის მიერ დეკლარირებული ნარატივია. მეორე მხრივ, ყველა ხვდება იმასაც, რომ ის, რაც კუჭავამ ილაპარაკა ყვარელში, სრული ბოდვაა და რეალურად ევროპა, განსაკუთრებით დღევანდელი ნეოფაშისტურ–ლიბერასტური ევროპა, არ შეიძლება იყოს და არც არის ნორმალური ქართველის არჩევანი; დღევანდელი ევროპა თვითონ ევროპელებისთვის აღარ არის მისაღები. დღევანდელი ევროპა მომაკვდავი ცივილიზაციაა, რომელიც ისე მოსწყდა თავის ტრადიციულ ფესვებსა და ფასეულობებს, რომ, მიუხედავად ცალკეული კონსერვატორი პოლიტიკური მოღვაწეების მცდელობისა, ვეღარ შეძლებს იდენტობის შენარჩუნებას…
_ საზოგადოების რა სეგმენტზეა გათვლილი ეს პროპაგანდა, ვინ შეიძლება, დაარწმუნონ, რომ დღევანდელი ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია?
_ ეს პროპაგანდა, უწინარესად, გათვლილია ახალგაზრდებზე, რომლებსაც კახა ლომაიას განათლების მინისტრობის პერიოდიდან დღემდე ტვინი გამოურეცხეს ლიბერალური სიბინძურეებით. მათ შთააგონეს, რომ ყველაფერი კარგი და პროგრესული ევროპულია, ხოლო ყველაფერი ქრისტიანული, ეროვნული და ტრადიციული _ სიბნელე, რომელიც ბნელი საბჭოთა წარსულიდან გადმოგვყვა. ისტორიისა და ისტორიული ფაქტების ტოტალური ფალსიფიკაცია სწორედ ასეთ დემაგოგიას ემსახურება. ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყოო. ილია, რა თქმა უნდა, იყო პროგრესისა და წინსვლის მქადაგებელი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს მეცნიერება, ხელოვნება, სოფლის მეურნეობა, თვითმართველობა თუ სხვა მიმართულებები, მაგრამ იმას, რასაც ის წერს ლიბერალიზმზე, არაფერი აქვს საერთო დღევანდელი ცისფერი კომისრების მიერ ნაკარნახევ ნეოლიბერასტულ, უზნეო და მულტიკულტურულ აბდაუბდასთან… რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის და ვერც იქნება თანამედროვე გლობალისტური დასავლეთი ჩვენი ისტორიული არჩევანი, დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ძირძველი მართლმადიდებელი ქვეყანაა და ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძველი მართლმადიდებლობაა… მართლმადიდებლობა განსაზღვრავდა ყოველთვის და განსაზღვრავს დღესაც ჩვენს კულტურას და, საერთოდ, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ტრადიციულ ღირებულებებთან… ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: როგორ იქნება ჩვენი არჩევანი ის იდეოლოგია, რომელიც არათუ ვერ ემთხვევა, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და დემოკრატიის სახელით თითის ქნევით მოითხოვს მართლმადიდებლური სწავლების, ოჯახის სიწმინდის, მორალისა და ზნეობის უარყოფას? უარყოფის მოთხოვნაა, აბა, რა არის, როცა გეუბნებიან, რომ რუსთაველზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, მამათმავლებს აღლუმი უნდა ჩაატარებინო… როგორ იქნება ჩვენი, მართლმადიდებელი ერის, არჩევანი ასეთი ნეოფაშისტური, სატანისტური იდეოლოგია?! სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყნის ევროპული გზის უალტერნატივობას არაერთი კვლევა ადასტურებსო. სად არის ეს კვლევები, გვაჩვენონ. გვაჩვენონ ერთი ობიექტური გამოკითხვა, რომელიც დაამტკიცებს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპისკენ სწრაფვის მომხრეა… აბსურდია ეს ყველაფერი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რისი მომხრეცაა და რა აზრისაა იგივე ლიბერასტული დასავლეთიდან დაძალებულ სოდომისტურ დირექტივებზე, 5-6 ივლისს ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, მსგავს მოვლენებს მომავალშიც არაერთხელ ვნახავთ და ვნახავთ კიდევ უფრო დიდი მასშტაბების სამოქალაქო მღელვარებით. მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მონა, რომლისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ევროკავშირი და მისი ცისფერი კომისრების დირექტივები, ვიდრე ქართული სახელმწიფო, მისი ატრიბუტიკა და ხალხი… მადლობა ღმერთს, ქართველმა ხალხმა არ დაკარგა თავისი გზა და იცის, რა არის მისი ისტორიული მისია, ისტორიული ადგილი და რა მნიშვნელობა აქვს მის არსებობაში ქრისტიანულ სწავლებას. არავითარი ევროპა და სოდომ–გომორული დასავლეთი საქართველოს არჩევანი არ არის, საქართველოს არჩევანია ქრისტეს გზა, უფლის მცნებები და ის ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთ განსაცდელს გადაგვარჩინა.
აი რას ამბობს ილია ჭავჭავაძე: “ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზე, როგორც კლდეზე, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც სამართლიანი თავმოწონებით ვეძახით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს _ ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”
_ დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვა მართლმადიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობასაც, ვთქვათ, რუსეთთან…
_ ჩვენ არათუ მართლმადიდებელ სამყაროსთან უნდა გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ ურთიერთობები, არამედ ყველასთან მსოფლიოში, სადაც დამოუკიდებელი ხელისუფლებებია და კონსერვატიული დღის წესრიგი იკრებს ძალას. რუსეთის შემდეგ უნგრეთმაც მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას. სხვათა შორის, ამის გამო მთელი ევროკავშირი დაუპირისპირდა მას და სანქციებზეც იყო საუბარი, მაგრამ ორბანმა უკან არ დაიხია. ასევე მოიქცა ბელარუსის ლიდერიც. აი, ასეთ ქვეყნებთან უნდა ვითანამშრომლოთ და ვეძებოთ გზები მოკავშირეობისთვის. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მართლმადიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთს ვაძლიერებდეთ, ერთმანეთს ვებრძვით და ვასუსტებთ, ეს კი ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ყველაფერი განპირობებულია, ერთი მხრივ, მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდნენ დასავლეთის მარიონეტი შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმები; მეორე მხრივ კი _ კრემლის მოუქნელი და ძალისმიერი პოლიტიკით, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ერების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ლიბერალური ინტერნაციონალი მალე დასრულდება და საქართველოს მოყვარე სლავი წმინდანების ლოცვებით კრემლშიც და სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებშიც მოვლენ ქრისტიანულად მოაზროვნე ისეთი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც მთავარი ამოცანა ქრისტესმიერი ურთიერთობა იქნება მართლმადიდებლობისთვის ჯვარცმულ საქართველოსთან და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვასუსტებდეთ, ერთმანეთის გაძლიერებაზე ვიქნებით ორიენტირებულნი… სახელმწიფო დონეზე თანამშრომლობასა და გაძლიერებას ვგულისხმობ, თორემ ერების დონეზე პრობლემა ისედაც არ არსებობს. რუსი, უკრაინელი, ბელარუსი თუ სერბი ჩვენთვის ისევე ძვირფასია, როგორც ქართველი… ეს ბუნებრივია და ამაში, ალბათ, ყველა მორწმუნე ქრისტიანი დამეთანხმება…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია