Home რუბრიკები საზოგადოება რა ნიშნით არის განსხვავებულ პირობებში ჩაყენებული ორ სხვადასხვა პერიოდში არჩეული სახალხო დეპუტატი?

რა ნიშნით არის განსხვავებულ პირობებში ჩაყენებული ორ სხვადასხვა პერიოდში არჩეული სახალხო დეპუტატი?

585

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს

 

ასლი:

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ ტყემალაძეს

საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ონოფრიშვილს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია «ქართული ოცნება _ მრეწველების» თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი თოფაძეს

მიმდინარე წლის 12 ივნისს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატთა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პარლამენტის სახელზე გამოგზავნილ წერილში გამოხატა რა ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსისადმი სრული მხარდაჭერა და თანადგომა; ამავდროულად გამოთქვა თავისი გულისწყრომა იმ დისკრიმინაციულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ მათი წინამორბედებისგან მიიღო. ამასთან, გამოთქმული იყო თხოვნა, რომ, სამართლიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს პარლამენტს განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება საპენსიო უზრუნველყოფის საკითხში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა მოწვევის დეპუტატებისა და შემდგომი პერიოდის პარლამენტარებისთვის მდგომარეობის გათანაბრების შესახებ.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეისათვის 1991-2012 წლებში არჩეულ ყველა 1268 დეპუტატს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, დაენიშნება სპეციალური სადეპუტატო პენსია 560 ლარის ოდენობით. ეს ნორმა არ ვრცელდება საბჭოთა პერიოდის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა მოწვევის დეპუტატებზე, რომელთაც მეტი თუ არა, არანაკლები დამსახურება მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

დისკრიმინაციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთ პრაქტიკა ცუდი შედეგის მომტანია ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის თვალსაზრისით. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის მიუღებელია ადამიანების, მით უმეტეს დეპუტატების დაყოფა არა მათი დამსახურების, არამედ ისტორიული პერიოდების მიხედვით.

წერილში დასმული იყო კონკრეტული კითხვა _ თუ 1990 წლის 28 ოქტომბერს (დამატებით _ 11 ნოემბერს) არჩეულ 246 დეპუტატს, რომელთა შორის 64 გასული იყო კომუნისტური პარტიის სიით და აქედან 30 ადრეც იყო არჩეული საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ეკუთვნის პერსონალური, ე.წ. სადეპუტატო პენსია, რატომ არ ეკუთვნის იგივე პენსია 1985-89 წლებში და უფრო ადრეულ პერიოდში არჩეულ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს? მითუმეტეს, რომ მათი გარკვეული ნაწილი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეული იყო არა პარტიული ნიშნით, არამედ როგორც უპარტიო და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ღირსეული წარმომადგენელი.

სამწუხაროდ, ჩვენს ზემოთ აღნიშნულ წერილზე, მიუხედავად დადგენილი წესით გასული ყველა ვადისა, საქართველოს პარლამენტიდან პასუხი არ მიგვიღია. მთავრობის კანცელარიამ კი გვაცნობა, რომ იგი გადაეგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საიდანაც შეგვატყობინეს საპენსიო უზრუნველყოფის არსებული წესი. შეიძლება ითქვას, რომ დასმულ საკითხზე რეაგირება ფორმალიზმის კლასიკური ნიმუშია.

ჩვენ ხომ პენსიას არ ვითხოვდით, თითოეული ჩვენგანი ისედაც იღებს კანონით გათვალისწინებულ პენსიას. საქმე ეხება სამართლიანობის აღდგენას და კითხვაზე პასუხს, რა ნიშნით არის განსხვავებულ პირობებში ჩაყენებული ორ სხვადასხვა პერიოდში არჩეული სახალხო დეპუტატი? რა დააშავა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა იმ ნაწილმა, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და დღეს არსებული პენსიით უკიდურესად გაჭირვებულად, სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობს? ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო დროის ქარტეხილს და ნაადრევად გარდაიცვალა, მათ შორის, წერილზე ხელმომწერი ორი ყოფილი დეპუტატი _ საქენერგოს ყოფილი დირექტორი იური ჭედია და ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.

თუ ასე გაჭიანურდა საკითხის გადაწყვეტა, მათ ბედს გაიზიარებს ბევრი ჩვენგანი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ცოცხლად დარჩენილი ყოფილი დეპუტატების საშუალო ასაკი ხომ 75 წელზე მეტია. მათ შორის ყველაზე «ახალგაზრდა» არის 55 წლის, ხოლო ყველაზე ჭარმაგი _ 93 წლის.

მთლიანად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თერთმეტივე მოწვევის (1938-1990 წ.წ.) 3998 დეპუტატიდან დღეისათვის დარჩენილია მხოლოდ 841 ყოფილი დეპუტატი. დანარჩენი გარდაცვლილია ან გასულია საქართველოს იურისდიქციიდან (ყოფილი სამხედროები, მიგრანტები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარცენილები და ა.შ.). დაზუსტების შემთხვევაში მათი რიცხვი ბევრად უფრო შემცირდება.

აქვე მოგახსენებთ, რომ 1991-2012 წლებში საქართველოს პარლამენტში არჩეული 1268 დეპუტატიდან 88 არის ყოფილი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა მოწვევის დეპუტატი, რომლებზეც ასევე ვრცელდება «სადეპუტატო» პენსიის შეღავათები.

გარდა ამისა, სადეპუტატო პენსიის მიმღებთა რიცხვი, ჩვენი მოსაზრებით, კიდევ უფრო შემცირდება, რადგან 1991-2012 წლებში საქართველოს პარლამენტში არჩეულ დეპუტატთა შორის, სამწუხაროდ, ძალზე ბევრია ისეთი, რომელთა მიმართ სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ზოგიერთი კი მიმალვაშია და იძებნება ე.წ. წითელი ცირკულარით.

მოგმართავთ რა განმეორებით, იმედია, გულისხმიერად განიხილავთ ჩვენს თხოვნას და მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას.

უღრმესი პატივისცემით და სამართლიანობის აღდგენის დიდი იმედით,

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა მოწვევის დეპუტატები.

მიმართვას ხელს აწერს

61 ადამიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here