8 აგვისტოს ტოკიოში დასრულდა XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 205 ქვეყნის 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენებმა შესანიშნავად იასპარეზეს და, საერთო ჯამში, 8 მედალი მოიპოვეს: 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს. ეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველი სპორტსმენების რეკორდული მაჩვენებელია.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საქართველო 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტით იყო წარმოდგენილი. 35-მა ქართველმა სპორტსმენმა, რომლებიც 11 სახეობაში მონაწილეობდნენ, 4 სახეობაში _ ძიუდოში, ძალოსნობაში, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში _ 8 მედალი მოიპოვეს: 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს.
ამ შედეგით საქართველომ 33-ე ადგილი დაიკავა 205 ქვეყანას შორის.
ქართველი ძიუდოისტების შესანიშნავი ასპარეზობა
ქართველი ძიუდოისტებისთვის ტოკიოს ოლიმპიადა უხვმოსავლიანი აღმოჩნდა. ქართველმა ფალავნებმა 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს.
90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა, ვერცხლის მედლები ერგოთ: ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილსა (73 კგ) და გურამ თუშიშვილს (100+ კგ).
ძიუდოში ასპარეზობა იაპონელთა ტრიუმფით დასრულდა, საქართველოს ვაჟთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა, საერთო ჩათვლაში (ქალები და კაცები) კი _ მეოთხეზე.
იაკობ ქაჯაიას ვერცხლი
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა (130 კგ) იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა, ფინალში კი 3-გზის (ახლა უკვე 4-გზის) ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეხვდა და… ვერცლის მედალს დასჯერდა.
ბოლო წამზე ხელიდან გაშვებული ოქრო
საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-3 ოქროს მედლის მოპოვებასთან. ქართველი მძიმეწონოსანი (125 კგ), 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი ამერიკელ გეიბლ სტივენსონთან შეხვედრას იგებდა, მაგრამ ბოლო წამზე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ეს ყველაზე დრამატული ფინალი იყო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიაში.
ლაშა ტალახაძის ოქრო და რეკორდები
ძალოსანმა (+100 კგ), რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტის უძლიერესი ადამიანია და მეტოქეობას ვერავინ უწევს. 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი და თავისივე მსოფლიო რეკორდებიც გააუმჯობესა. მან ატაცში 223 კგ (მსოფლიო რეკორდი) ასწია, აკვრაში _ (მსოფლიო რეკორდი) _ 265 კგ, სულ ორჭიდში _ 488 კგ. ეს მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდებია. აღსანიშნავია, რომ ლაშამ მეორე ადგილზე გასულ ირანელ ძალოსანს 47(!) კგ-ით აჯობა.
ერთადერთი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს წარმოშობით უკრაინელმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (-96 კგ) მოუტანა.
ტოკიოში გამართული XXXII ოლიმპიური თამაშების პროგრამით სპორტის 33 სახეობის 50 დისციპლინაში ასპარეზობა იყო გათვალისწინებული. გათამაშდა მედლების 339 კომპლექტი, 33-ით მეტი, ვიდრე წინა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა