Home რუბრიკები საზოგადოება უნდა გავაანალიზოთ, რა წარმოშობს დაუსჯელობის სინდრომს

უნდა გავაანალიზოთ, რა წარმოშობს დაუსჯელობის სინდრომს

971

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ალბათ, ხშირად გაიგონებთ უკმაყოფილებას ამნისტირებული პატიმრების მისამართით. ცხადია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ უკვე მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნეს, რამაც ერთ დროს მათი გათავისუფლების მომხრე საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ წინააღმდეგ აალაპარაკა. რა უბიძგებს პატიმრებს ბოლო დროს გახშირებული დანაშაულების ჩადენისკენ, არის თუ არა არსებული მდგომარეობა ხელოვნურად გამოწვეული, რა პრევენციული ღონისძიებებია ჩასატარებელი არსებული სიტუაციის შესაცვლელად?! _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს» ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მიქაელ გვარამაძე ესაუბრა.

 

_ საზოგადოებში უკვე შიშის ფაქტორი სერიოზულად არსებობს. ღამით ქუჩაში სიარულის ბევრს ეშინია. რას ფიქრობთ, ამდენი პატიმრის ციხეებიდან გამოშვებაზე? ეს უკვე უქმნის მრავალ პრობლემას საზოგადოებას

_ სანამ გიპასუხებთ, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია საზოგადოებისა და საკუთარი თავის წინაშე, იზრუნოს და გაითვალისწინოს შექმნილი სიტუაცია, ადამიანების სოციალური პირობები და მათი შინაგანი თუ მსოფლმხედველობითი წარმოდგენები თუ შეხედულებები.

ის, რომ ღამით ქუჩაში საშიშია სიარული, არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ მოსაზრება, რომ პატიმრების მასობრივად შეწყალება და გამოშვება საპატიმროებიდან განსაზღვრავს ან განაპირობებს ამ სიტუაციას, შეიძლება, ერთი შეხედვით, სწორი იყოს. მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა საზოგადოების შიში, ეს უფრო პოლიტიკურ თამაშს ჰგავს, ვიდრე რეალობას. ყოველთვის იყო ციხეები, პატიმრები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, მაგრამ ამით საზოგადოებაში დანაშაულის ჩადენის პროცენტული მაჩვენებელი შეწყალებული პატიმრების ხარჯზე არ იზრდებოდა.

წინა მთავრობის პერიოდიდან მოყოლებული პატიმრები ხშირად მოითხოვდნენ ეკლესიისგან დახმარებას. წლების განმავლობაში სასულიერო პირები ციხეებში დავდიოდით და დაკარგულ სამწყსოზე ვზრუნავდით. პატიმრებს ნუგეშად ჩვენი შესვლაღა ჰქონდათ. იმ გაუსაძლის პირობებში ღმერთის სიტყვის მოსმენა მათთვის სიცოცხლის წყარო, დღესასწაული და დიდი სიხარული იყო, რომელიც კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე ჰყოფნიდათ. ბევრი ადამიანი შეიცვალა ციხეში, ბევრი რამ ისწავლა _ ცოდვასთან ბრძოლა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, მოთმინება, ერთგულება. იმდენად დიდი იყო ადამიანების მონდომება, ციხეში შეცვლილიყვნენ, რომ დიდ შეურაცხყოფას ითმენდნენ, ერთმანეთს ანუგეშებდნენ, ასწავლიდნენ, ეხმარებოდნენ. ვფიქრობ, რომ ამ განსაცდელის დროს ციხეებში ეკლესიამ ბევრი რამ გააკეთა. საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელიც განსაცდელის გამო დატყვევებული და თავისი ოჯახისგან მოწყვეტილი იყო, გამოცდის წინაშე დადგა _ ან ჯანმრთელი დაბრუნებოდა საზოგადოებას, ან საბოლოოდ საზოგადოების ცუდი, უვარგისი ნაწილი გამხდარიყო. ციხეში მოხვედრილი დამნაშავე თუ უდანაშაულო ადამიანები ერთნაირი შემართებით ცდილობდნენ, ხსნა ღმერთში, ეკლესიაში ეპოვათ, რაც მათი პიროვნების შეცვლასა და ფასეულობების გადაფასებაში მდგომარეობდა. ეკლესიამ ეს ამდენი წლის განმავლობაში მოახერხა. დიდი ნაწილი პატიმრებისა, რომლებიც გარეთ გამოვიდნენ, საზოგადოებას სრულიად სახეშეცვლილნი ან ნაკლებად საშიშნი დაუბრუნდნენ.

თუ მასობრივი შეწყალების ნიადაგზე დაბნეულობა და შიში შეიმჩნევა საზოგადოებაში, ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ნამდვილი სახე სიტუაციისა და მდგომარეობისა არ არის ცნობილი. ამაზე საერთოდ არავინ საუბრობს. თუ ჩვენ კონკრეტულად დანაშაულზე ვილაპარაკებთ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ იუდა უფლის გვერდით იყო, მისი სიყვარულით იკვებებოდა, მაგრამ უღალატა და უდიდეს ცოდვასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რაც თვითმკვლელობით დაამთავრა. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სისუსტისა და უნებისყოფობის გამო მცდარ არჩევანს გააკეთებენ და ამით საზოგადოებას საფრთხეს შეუქმნიან. ალბათ, აჯობებს, ყველამ სხვანაირად შეხედოს სიტუაციას. ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე.

_ მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების ჯალათები, რომლებიც ციხეებში საშინლად აწამებდნენ პატიმრებს, ახლა ქუჩებში თავისუფლად დასეირნობენ. სწორედ ამ გარემოებამ ხომ არ წარმოშვა საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ბევრს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს?

_ უპირველესად, ის უნდა გავაანალიზოთ, რა წარმოშობს დაუსჯელობის სინდრომს. ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, სინდისის ხმის მოკვლა, სულიერი დეგრადაცია, ფასეულობების უგულებელყოფა, პიროვნების არქონა. საზოგადოებამ ნაკლებად იცის, რა არის სიმართლე და ვინ რამდენად დამნაშავეა შექმნილ სიტუაციაში. ყველა თავის ცოდვაზე აგებს პასუხს. ჩვენ არ გვეუბნებიან, რა არის სიმართლე, ვინ დამნაშავეა ან ვინ მართალი; თუ ვინმე იმის გამო გადაწყვეტს დანაშაულის ჩადენას, რომ ვიღაც გარეთ გამოუშვეს და არ დასაჯეს, ძალიან ცდება, რადგან, როგორც მე სხვისი ცოდვის გამო ჯოჯოხეთში არ მოვხვდები, ისე არც სხვისი სიკეთის გამო გამეღება სამოთხის კარი. ადამიანი, რომელსაც ცოდვის ჩადენა სურს, ყოველთვის გამონახავს გასასამართლებელ საბუთს. რაც შეეხება შეკითხვის პასუხს, არა მგონია, ამ მიზეზის გამო, გამწარებულმა ადამიანმა ცოდვა ჩაიდინოს; ალბათ, _ უფრო იმის გამო, რაც ციხეებში ხდებოდა. არ ვიცი, რამდენად მისწვდა ყველა ადამიანს უფლის წყალობა საპატიმროებში, რადგან იქიდან ბევრი გაბოროტებული გამოვიდა. შესაძლებელია, ციხის გარეთ ადამიანი თავს ძალადობით იცავდეს და გამოხატულებას ჰპოვებდეს ციხის ძალადობა საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში.

_ დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, თუნდაც ძალიან მკაცრი სასჯელების დროსაც. როგორ ფიქრობთ, მათი მაქსიმალურად აღმოფხვრის მიზნით, რა აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო _ რა და როგორ არის გასაკეთებელი?

_ არც სასჯელის გამკაცრებას და არც ნულოვან ტოლერანტობას არ მოაქვს შედეგი. ჯერ იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა სურს მთავრობას. ამაში კი გუშინდელი თუ ახლანდელი მთავრობა არ იგულისხმება. რა არის საზოგადოების მოთხოვნილება, როგორ სახელმწიფოში უნდა ხალხს ცხოვრება, რა არის ერის ფასეულობები, წარსულის სიმდიდრე რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. ნუ ფიქრობთ, რომ თემიდან შორს წავედით. პირიქით, პრობლემის სათავეს თუ არ აღმოვაჩენთ და არ ვუმკურნალებთ, მაშინ ავადმყოფობის შედეგებთან ბრძოლა არ აღმოფხვრის ავადმყოფობის კერას, შესაბამისად, მუდმივად იარსებებს პრობლემა და არასოდეს მოგვარდება.

თუ კიდევ შორს წავალ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ოჯახი განსაზღვრავს საზოგადოების ამა თუ იმ მდგომარეობას. დაფიქრდით, როგორი გვინდა იყოს პრეზიდენტი, მღვდელი, რა თქმა უნდა, სრულყოფილი. მაგრამ განა შეიძლება იმ საზოგადოებიდან, რომელიც ახლახან წამოდგა ფეხზე და სიარულის სწავლას ლამობს, გამოვიდეს სრულყოფილი ადამიანი?! როგორიც საზოგადოებაა, ისეთია პრეზიდენტი, მღვდელი თუ ნებისმიერი ადამიანი. საზოგადოება, სწორედ, ამ პატარა ოჯახებიდან არის შემდგარი. უპირველესად, ალბათ, ბაღის ასაკიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი მომავალი თაობების აღზრდაზე. მრავალი ხერხი და პირობა არსებობს იმისა, რომ ბავშვი სულიერად და ზნეობრივად ჯანმრთელი გაიზარდოს.

რაც შეეხება უკვე არსებულ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს მრავლად აქვს: ციხეების  პრინციპი _ დასჯისა და საზოგადოებისგან იზოლირებისა, უნდა შეიცვალოს გამოსწორებისა და საზოგადოებაში ჯანმრთელი და სრულფასოვანი წევრად დაბრუნებისკენ. პატიმრებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ეს არც ისე ძნელია. ყოველ ადამიანს, ციხეშიც კი უნდა მიეცეს საშუალება, აირჩიოს ჯანსაღი აზროვნება. ციხეში იზოლაცია არ შეაცვლევინებს ადამიანს შინაგან მდგომარეობას უკეთესობისკენ, არამედ უფრო გააბოროტებს და უფრო საშიშ ადამიანად გარდაქმნის მას.

მაშ, რა ვქნათ, გავაუქმოთ ციხეები?! გამოსავალი ისაა, რომ სახელმწიფოსთვის თითოეული ადამიანის სულიერი თუ ზნეობრივი მდგომარეობა უნდა იყოს მეტად პრიორიტეტული, ვიდრე რაიმე ყოფითი პრობლემა, რომელიც მანამ იარსებებს, სანამ სამყარო იქნება. ყველა თაობაში, რაც დრო გადის, ყველაფერი ძველდება, ახალი კი აღარ აკმაყოფილებს ადამიანს. თუ სახელმწიფოს მიზანი ნამდვილად  ადამიანებზე ზრუნვა, მათი გაფრთხილება არ გახდება, ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს. კანონით, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ დანაშაული არ იკლებს. თუ ციხეში მჯდომი ადამიანი საზოგადოებას ჯანსაღი არ დაუბრუნდა, მაშინ დანაშაული, სასჯელის ვადის სიმცირისა თუ სიდიდის მიუხედავად, კიდევ უფრო მოიმატებს, მომავალი თაობების მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. თუ გვინდა, რომ ამ თემაზე კონკრეტულად ვიმსჯელოთ, თუ რა და როგორ არის გასაკეთებელი, მაშინ დიდხანს მოგვიწევს საუბარი, რაც, ვფიქრობ, საგაზეთო თემა არაა.

_ თქვენი აზრით, საით მივდივართ, დეგრადაციისკენ ხომ არა?! გახშირებული მკვლელობები, ციხის შემზარავი კადრები, თუნდაც 17 მაისს ლგბტ წარმომადგენლების პროპაგანდა, ახლა მღვდლების გასამართლება _ ეს ყველაფერი რის თქმის საფუძველს იძლევა და რისი ლოგიკური შედეგია?

_ ახალი არაფერი ხდება, თუმცა შეიძლება ახალია ახალგაზრდა თაობებისთვის. იმისთვის, რომ სიტუაციაში გავერკვეთ, უნდა გადავხედოთ თუნდაც წინა საუკუნის ისტორიას და მაშინ მივხვდებით, რომ მთავრობის სათავეში მოსული პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა გამოცდილ საშუალებას იყენებდნენ სახელმწიფოს მართვისთვის. ან ტირანიასა და ხალხის დაშინებაზე უნდა ააგო სახელმწიფო დემოკრატიის სახელით, ან პური უნდა მისცე და იბატონო. დევნა მართალი ადამიანისა დასაბამიდან იყო და ახლა ქვეყნიერება ხომ არ შეიცვლებოდა?! არსებობდნენ კეთილი მმართველები, მეფეები, ასევე იყვნენ ტირანებიც და ისეთი მეფეებიც, რომლებიც საკუთარ ხალხს გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ სიმართლისა და ბედნიერების სახელით.

დევნა ყოველთვის იყო, უფალი იესო ქრისტე, რომელიც იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ მთელი კაცობრიობა ეხსნა, განდევნეს, გაასამართლეს და რომაული სამართლით (სხვათა შორის, რომლითაც დღეს გვასამართლებენ) განაჩენი გამოუტანეს და ჯვარს აცვეს. რომელთათვისაც მოვიდა, სწორედ იმ ადამიანებმა გააკრეს ჯვარზე მათი მხსნელი. აბა, ჩვენ რაღა დაგვემართება, მოციქულებს აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ! იოანე ნათლისმცემელს მხილების, ცოდვაზე მითითების გამო მოჰკვეთეს თავი. ადამიანები ისეთები არიან შინაგანად, როგორებიც ოდითგანვე იყვნენ, მხოლოდ იცვლება განათლება და სოციალური მდგომარეობა. სამწუხარო ისაა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ურწმუნო ადამიანები გვეუბნებოდნენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და მომავალი როგორ უნდა ავაშენოთ.

_ 17 მაისის უხერხულობას ერთი გარემოების შემთხვევაში ავცდებოდითთითოეულს პატრიარქისთვის რომ დაგვეჯერებინა. ხომ არ ფიქრობთ, რომ  მრავალი ადამიანისთვის კონსტიტუცია გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე პატრიარქის მიმართვა?

_ პატრიარქის კურთხევა ყველამ უნდა შევასრულოთ, ვინაიდან მამის მორჩილება აუცილებელია. შვილი, რომელიც მშობელს ეურჩება, განსაცდელში იგდებს თავს. ჩვენ, შვილებს, ხშირად გვგონია, რომ მშობელზე მეტი ვიცით. 17 მაისს საზოგადოების რეაქცია შინაგანი აღშფოთებით იყო გამოწვეული, თუმცა რამდენად სწორია ეს, სხვა საკითხია. ბრძოლის სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომლებითაც ბოროტიც იბრძვის ურწმუნო და სულიერად ავადმყოფი ადამიანების სახით. ისინი ყველა თაობაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ. ჩვენთვის ემოცია ცუდი მასწავლებელია, სიბრძნე კი გამარჯვების საწინდარია.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here