24 ივლისს აშშ–ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი ჩიკაგოში ჩავიდა, რათა სტარტი მიეცა ახალი ინიციატივისთვის ქვეყანაში შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად. გენპროკურორის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ჩიკაგოში 3-ჯერ ატყდა მასობრივი სროლა, შედეგად დაიჭრა 17 ადამიანი და დაიღუპა 14 წლის მოზარდი. ტელეარხ ABC News–ის ჟურნალისტებმა დათვალეს, რომ იმ დღეს ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღი 800-ჯერ გამოიყენეს.
მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ აშშ-ის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის ჩიკაგოში, პროკურორებისა და ფედერალური აგენტების “დამრტყმელ ჯგუფებს” გაგზავნის. “ჩიკაგოში მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში 200 ბავშვი მოკლეს. აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობის ნამდვილი ეპიდემიაა”, _ აღნიშნავს ABC News-ი.
კოვიდ-19-ისა და სისხლის სამართლის ნაციონალური კომისიის (NCCCJ) მოხსენებაში ლაპარაკია, რომ გასულ წელს აშშ-ში მკვლელობის შემთხვევათა ყველაზე დიდი მატება აღინიშნა. 2020 წელს ამერიკის 34 ქალაქში 1200 მკვლელობით მეტი მოხდა, ვიდრე 2019 წელს. შემთხვევათა რაოდენობამ 30%-ით მოიმატა. 2020 წელს 2019-თან შედარებით ამერიკის ქალაქებში თავდასხმის 6741-ით მეტი შემთხვევა მოხდა, 16 ქალაქში შეიარაღებული თავდასხმების რაოდენობა კი 3557-ით მეტი იყო. მოხსენების ავტორი ხაზს უსვამს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის ასეთ მატებას “ანალოგი არ აქვს თანამედროვე ისტორიაში”.
პრინსტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი პატრიკ შარკი ჟურნალ Time–სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ–ის 100-დან 75 დიდ ქალაქში შეიარაღებული ძალადობა 2020 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, ხოლო ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა და მის შემდეგ დაწყებულმა მასობრივმა არეულობებმა გამოიწვია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო შემთხვევების მატება.
“ატეხილ სროლებსა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინციდენტებში 2020 წელს 19 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა ბოლო 20 წლის განმავლობაში”, _ წერს Time.
ზაფხულის დადგომისთანავე კვლავ მოიმატა შეიარაღებული ძალადობის შემთხვევებმა. ნიუ–იორკი პირველი შტატი იყო, რომელშიც 6 ივლისს საგანგებო ვითარება გამოცხადდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობასთან საბრძოლველად. “ამჟამად ცეცხლსასროლი იარაღით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კოვიდით”, _ განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ. დემოკრატმა გუბერნატორმა თქვა, რომ ნიუ–იორკის მომავალი დამოკიდებულია მის უნარზე, შეაკავოს შეიარაღებული ძალადობა, რომელიც ყველაზე მეტად შეეხო ფერად საზოგადოებას. მას კუომომ “მთელი შტატის პრობლემა” უწოდა.
ნიუიორკელი რესპუბლიკელები გუბერნატორის წინააღმდეგ გამოვიდნენ და დემოკრატები დანაშაულის საწინააღმდეგო კანონების შესუსტებასა და ამის გამო შეიარაღებულ ძალადობის მომატებაში დაადანაშაულეს. ნიუ-იორკის შტატის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ნიკ ლენგუორსიმ დაგმო შტატის დემოკრატების მიერ განხორციელებული გირაოს რეფორმა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ნაღდი ფული გამოიყენონ სერიოზული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
“რა მოხდება, კუომოს აზრით, როცა ის ყველა საშიშ დამნაშავეს ქუჩაში გაუშვებს?” _ სვამს კითხვას ლენგუორსი.
The New York Time-ი წერს, რომ დანაშაულის შემთხვევათა მკვეთრი მატება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში განხორციელებულმა ლიბერალურმა ზომებმა _ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციამ, პატიმრების ნაწილის გათავისუფლებამ გამოიწვია. ამ ზომებს NYT-ი თანაგრძნობის გამოხატვას (?) უწოდებს და აღნიშნავს, რომ “ამერიკაში უსაფრთხოება და თანაგრძნობა კონკურენტები არიან”. შფოთიან პერიოდში თანაგრძნობა აქტუალური არ არის.
ამერიკული მასმედია ქვეყანაში მკვლელობების მიზეზების გაანალიზებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ეს გამოიწვია “დიდი რაოდენობით იარაღის გაყიდვამ, საყოველთაო უმუშევრობამ, პოლიციის დისკრედიტაციამ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის დისფუნქციამ”. მედიასაშუალებები აღნიშნავენ, აგრეთვე, რომ ციხეებში კოვიდ-19-ის აფეთქების საბაბით, საპყრობილეების პერსონალისა და პატიმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ამას გარდა, ხანგრძლივმა კარანტინმაც საკმაოდ ბევრ ადამიანში ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია.
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინათ თეთრ სახლში მიიწვია მერებისა და პოლიციის უსაფრთხოების ჯგუფი ქვეყნის თითქმის ყველა შტატიდან, რათა მათთან ერთად ემსჯელათ ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის აფეთქებასა და მის საწინააღმდეგო ზომებზე. ბაიდენი შეხვედრის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ სამართლებრივი ორგანოების დაფინანსებას მნიშვნელოვნად გაზრდიდა მიმდინარე წლის მარტში კონგრესის მიერ მიღებული “ხსნის ამერიკული გეგმის” ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ ამ გეგმის ბიუჯეტი 1,9 ტრილიონი დოლარია. ამ გეგმას რესპუბლიკელებმა ცივი წყალი გადაასხეს. სენატორმა მარშა ბლეკბერნმა ტენესის შტატიდან განაცხადა: “თუ ბაიდენს სურს, აჩვენოს ამერიკელ ხალხს, რომ მზად არის, სერიოზულად ებრძოლოს დამნაშავეობას, მაშინ მან საზღვრის დაცვით უნდა დაიწყოს”.
როგორც ჩანს, ამერიკის ქალაქების ქუჩებში ადამიანებზე ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობა მალე არ დასრულდება.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ