9 აგვისტო არის დიდი სასწაულმოქმედი მკურნალისა და საკვირველთმოქმედის _ პანტელეიმონის ხსენების დღე. შეგეწიოთ და ყველა სნეულებასა შინა მყოფთ მოგმადლოთ ნუგეში და ჯანმრთელობა, რომელიც ახლა, კოვიდპანდემიის მძვინვარების პერიოდში, განსაკუთრებით სანატრელია ადამიანებისთვის.
დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, “მეფის თანამეინახის”, ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი _ “ყოვლად ლომი” დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, “განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა”, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს _ მკურნალთა მთავარს, რომელიც მეფის მკურნალი გახლდათ.
გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოეწონა ყმაწვილი და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად ესწავლებინა მისთვის სამკურნალო საქმე, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა, ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინედ, უთხრა: “შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფე თქუენი, არარანი არიან”, შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარებას სწავლობდა.
ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი მკვდარ ბავშვს წააწყდა, რომელიც ასპიტს დაეგესლა, რომელიც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეცბა და განზე გადგა კიდეც, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: “ჰოი, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო–გიჩს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაი ესე სახელითა შენითა!” ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი გასკდა და მოკვდა. “მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაი”, მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.
ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.
მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა “ხელითა თვისითა”, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფვოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. “შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეი იგი მისი” და მიზეზს ეძებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული “ჰკურნებს… მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაისა”, და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაკიდეს, რკინის სამთითებით “ხუეტეს” და “დაბძარეს” ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ–ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი _ ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს, პანტელეონს კი უთხრეს, რომ შენი მოძღვარნი, აღიარეს რა ჩვენი ღმერთი, ახლა სასახლეში დიდ პატივში არიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ “წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტეისსა”.
გონდაბინდულმა მაქსიმიანემ კვლავ “ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა”, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს “ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაი წმიდისაი მის” და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი “არარაი ევნო”. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, “ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაი, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთსაყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ხელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ”.
ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: “უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი”. მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორ–უყვეს ნეტარს, “და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი”. წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოი და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ.
დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ინახება.
ლოცვა წმ. პანტელეიმონისადმი
ჰოი, მკურნალო უვერცხლოო და ჩვენთა სალმობათა შემტყვებარო, წმიდაო დიდმოწამეო პანტელეიმონ, ლოცვითა შენითა მსწრაფლშეწევნადითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი. მღვდელთა და დიაკონთა ღმრთისმსახურებისა სიყვარული მოჰმადლე, სამონაზნოთა წესთა მაცხოვნებელი მღვიძარებაი მოანიჭე და ყოველთა მართლმადიდებელთა ცხოველსმყოფელისა სიყვარულისა ბჭენი განუხვენ, რაითა სულიერსა სიმრთელესა კვალადგებულნი და ღმრთისა სასუფეველსა შეწყნარებულნი ჩვენცა შენ თანა ვადიდებდეთ არარაისაგან კაცთა არსად მომყვანებელსა ღმერთსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!