დღეს მამულიშვილობა მხოლოდ ის კი არ არის საპროტესტო აქციებით შენი ხალხისთვის მიუღებელი დაგმო და თანამოძმეების აყოლიებას შეეცადო, უცხოეთს ჩვენი დღევანდელი ყოფის რეალური სურათის დახატვით უნდა შეაგნებინო, რომ ქართველებიც ღვთის გაჩენილი ადამიანები ვართ, რომ ქართული პოეზია, მწერლობა, მუსიკა, ჩვეულებანი და “სხვა ამ გვარი თვისებანი ყოველი განათლებული კაცისგან იმ ხალხის პატივისცემას მოითხოვს, რომელსაც ამდენი გაჭირვება გამოუვლია, ამდენი უშრომია და დღეს კი საცოდავი მონობა ღუპავს…”
უცხოეთის თვალში ფასი მხოლოდ ამ გზით დაგვედება და არა ვინმესთვის კუდის ქიცინით, სხვისი შეხედულებების, მოთხოვნების დაუფიქრებლად შესრულებით, სხვისი ბრმად მიბაძვით… მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ ვაიპოლიტიკოსებს ჰგონიათ, ასე დაუახლოვდებიან “სტრატეგიულ პარტნიორებს” და ამაღლდებიან მათ თვალში. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ხალხისთვის მათი ენა გაუგებარია, მათი სიტყვა _ უნდო.
თუ გვინდა, სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ და სხვის პატივისცემას ვეღირსოთ, ყველას უნდა ვუჩვენოთ რა შეგვიძლია, რისი უნარი გაგვაჩნია. გაუთავებლად კი არ უნდა ვიწუწუნოთ იმაზე, რომ საქართველოში ყველაფერი, სადაც დიდი ფული კეთდება, უცხოელებმა ჩაიგდეს ხელთ და უკანასკნელ ლუკმას ლამის პირიდან გვაცლიანო, “რაც ადგილია, მათ დაიკავესო, რაც დუქნებია, მათ ხელში არისო, რაც ვაჭრობა ან აღებ–მიცემობა მოიპოვება, მათიაო, პურსაც ისინი გვიცხობენ, ხორცსაც ისინი გვიჭრიან, წაღებსაც გვაცმევენო, ტანსაცმელსაც გვიკერავენო და სხვ.”.
როგორც ჩანს, მსგავს სიტუაციაში ადრეც ყოფილა ჩვენი ქვეყანა. ამას მოწმობს დიდი ქართველი მამულიშვილის _ ნიკო ნიკოლაძის წერილიც, რომელზეც ჩვენი გაზეთის უკვე მესამე ნომერში განვაგრძობთ საუბარს.
მამულის სიყვარული და მსახურება
მიბაძვის პერიოდი ერთობ გრძელი იყო ჩვენში. ბუნებას ჩვენი ქვეყანა იმისთანა ადგილს მოუთავსებია, საცა ათასნაირი ხალხი იყრიდა თავს, თითქო ისეთს მოედანზე, რომელზედაც ერთბაშად ოცი თუ ოცდა ათი ქუჩა გამოდის… ჩვენს სამშობლოს ჯერ ერთი ხალხი მოადგებოდა კარზე, მერე _ მეორე, მერე _ მესამე და სხვ. თითქმის ყველანი კი ჩვენზე გაძლიერებულნი ყოფილან. ერთის გაცნობას ვერ მოვასწრებდით, მისი დაწინაურება გაგვეგო, მისი ხეირიანი ჩვეულებანი შეგვეთვისებია, აკი მეორე მოგვადგებოდა, პირველზე უფრო ძლიერი ან დაწინაურებული. ვიწყებდით მაშინ ამ ხალხის გაცნობას, ან შეთვისებას… ერთიც ვნახოთ, მესამე მობრძანდებოდა, ორივეზე უმჯობესი, მერე _ მეოთხე და მეხუთე. რა უნდა გვექნა ამ მდგომარეობაში, რა გვეშველებოდა? უბრალო სტუმრად რომ მობრძანებულიყო ყველა ეს ხალხი, კიდევ რასმე მაინც მოუხერხებდით. შეგვეძლებოდა მათი კარგი და ავი გონიერად გაგვეცნო, მათი სიკეთით გვესარგებლა ან მათს ცუდს ავშორებოდით, მაგრამ ისინი, სტუმრად კი არა, გამგლეჯ–გამაოხრებლად მოდიოდენ ჩვენსა.
თითოეული ეს წვეულება ჩვენი ხალხისთვის აკლება იყო. თითოეული მათგანი ჯერ თავ-პირს დაგვამტვრევდა, მერე ბატონად გვიჯდებოდა სახლში, მშიერად და ღატაკად გვტოვებდა… ვის ექნებოდა დრო, გონიერად დაკვირვებოდა მათს კარგსა და ავს? განუმარტებლად, უბრალო შეჩვევის ძალით, გვრჩებოდა თითოეულ ამ ხალხისაგან უმთავრესი მისი ზნე, სწორედ ისე, როგორც დიდ ჯარში ან ვეება ხალხის გროვაში გარეულ კაცს ყოველი მისი შემხვდომის ჩირქი ან ტალახი ედება, და კარგი რამ კი ძვირად ხვდება… ამ სახით მონგოლებსაც კი ვბაძავდით დიდხანს ძალა-უნებურად, სპარსელებსაც, თათრებსაცა და ლეკებსაც. ზოგმა ქუდი დაგვიტოვა, ზოგმა შარვალი, ზოგმა სიზანტე, ზოგმა ორპირობა… ხეირიანი და მაგარი ბუნება რომ არ გვქონოდა, ჩვენ სისხლში რომ ის დაუნდობელი და დაუშრეტელი ძალა არ მდგარიყო, რომელიც ზოგიერთს რჩეულ ხალხს უკვდავებას აძლევს, დიდი ხანია, რაც დედამიწის პირითგან ქართველებისა და საქართველოს ხსენებაც კი გაქრებოდა. ყველასაგან იმოდენი ჩირქი გვრგებია, ყველას ჩვენთვის იმდენი ტალახი და მტვერი მოუცხია, რომ სხვა, უფრო სუსტი ხალხი, კიდეც დაიმარხებოდა აქამდი ამ სისქე ტლაპოს ქვეშ…
ვინ, რომელი ბრძენი, ისტორიკოსი ან ეთნოგრაფი გვეტყვის დღეს, როგორი იყო ნამდვილი და პირველ-დროინდელი ქართველების ბუნება, ზნე, ხასიათი, თვისება? რა შეგვრჩა ჩვენი საკუთარი, ან რა გამოგვყვა და მოგვედო სხვისი? ჩვენი რა გვაქვს დღეს და სხვისი რა, ან რომლის რა? ვინ იცის ეს! მართალია, ბევრს არც საჭიროდ უნდა მიაჩნდეს ამნაირი გამოკვლევა, მაგრამ დღეს ამ უბედურ მიმბაძველობის პერიოდი რომ, ღვთის მადლით, ჩვენთვის გათავდა, და ვიწყებთ შემდგომს ისტორიულ პერიოდს, პერიოდს ჩვენის თვისტომობისკენ დაბრუნებისას, მეტის მეტად საჭიროც არის და გამოსადეგიც ვიცოდეთ _ ჩვენი თვისტომობა ნამდვილად რაში მდგომარეობს ან რომელ თვისტომობას უნდა დავუბრუნდეთ, დავუახლოვდეთ? რომელს დროსა ან რომელს ზნეს უნდა დავუბრუნდეთ: როცა ქართველობას სპარსეთის დაღი ეკრა თუ როცა თათრების გავლენის ქვეშ ყოფილა ჩვენი ქვეყანა, როცა თათრების ჭკუით ვცხოვრობდით და ვიკვებებოდით, თუ როცა საბერძნეთი გვპატრონობდა, როცა ბიზანტიის სწავლით გაბრწყინვებულ იქნა მოკლე ვადით ჩვენი ბნელი ცხოვრება? რა ზნე და წესი უნდა გვიყვარდეს, რა წყობილებისკენ უნდა მივესწრაფებოდეთ, რაში უნდა ვხედავდეთ ჩვენს იდეალს, რას უნდა ვსთვლიდეთ კარგად და ავად?
ხომ შეუძლებელია ყველა ამ კითხვის განმარტება და გარჩევა, სანამ არ დაარსდება ჩვენში ხეირიანი ისტორიული შკოლა, სანამ ისეთი ხეირიანი ისტორიკოსები არ გაგვიჩნდებიან, რომელთაც ჩვენის ხალხის ძველი ცხოვრება გამოიკვლიონ და ის სიბნელე თვალიდან მოგვაშორონ, რომელიც ჩვენს წარსულს გვიმალავს? სანამ ამნაირი ისტორიკოსები არ გვეღირსებიან, სანამ მათის შემწეობით ჩინებულად არ გაიგებს ჩვენი ხალხი თავის წარსულ ცხოვრებას, მანამდი იმ ახალ პერიოდში, რომელშიაც ჩვენი ქვეყანა ამ ხანებში შესულა, ერთობ დაბნეულად, უთავბოლოდ და უმნიშვნელოდ წაჩოჩდება ჩვენი ხალხის გონებითი წინ-წაწევა. დღეს რომ ჩვენ ამისთანა ისტორიკოსები გვყვანდეს, დღესვე ზედმიწევნით რომ ვიცნობდეთ ჩვენს წარსულს, ეს ისტორიული პერიოდი იქნება მარტო თუთხმეტიოდე წელიწადს გაგრძელდეს ჩვენში, მეტის კი არა. მაშინ, რაკი ასე მალე მოვიხდით ამ სახადს, ადვილად შეგვეძლებოდა, ისტორიულ ცხოვრებაში შემდგომი ნაბიჯი გადაგვედგა და ჩვენი საკუთარი მუხლების ძალა გვეშინჯა… დღეს კი უთავბოლოდ უნდა ვიბოდიალოთ და ვინ გვეტყვის _ რამდენს ხანს, რამდენს წელიწადს ან იქნება საუკუნესაც, გასწევს ეს “დროებითი” პერიოდი ჩვენის ხალხის ისტორიული განვითარებისა?…
კერძო პირი ხშირად ვერც კი ხედავს, თუ თვითონ მას რა ისტორიული ძალა ამოქმედებს, რა ბუნების ძალას მიჰყავს ის ხან წინ, ხან უკან. ვისაც ზედმიწევნით არ შეუსწავლია “ისტორიის ფილოსოფია”, მას ყოველთვის ჰგონია, რომ, რასაც მე დღეს ვშვრები, იმას ჩემი საკუთარი ჭკუით ვშვრებიო, ჩემი გონებით ვმოქმედობ და სხვებს ვამოქმედებო. დიდი შეცდომაა ეს, დიდი სიბრიყვეა. კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ან ათამაშებს. ათასიც რომ იხტუნოს ამ პაიკმა, ათასიც რომ თავის ნებით გაიწიოს, ქვეყნის ჩარხის ბრუნვა მას მაინც უპოვის თავის ადგილს და თავის ნებაზე დაატრიალებს. მართალია, კაცის გონიერებასაც ბევრი შეუძლია ამ საქმეში, მაგრამ ეს ბევრის შეძლება მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი პაიკი გაიგებს, რა ძალა ათამაშებს იმას და ამ ძალით ისარგებლებს, ამ ძალას დაეხმარება; ზოგი კი ამას ვერ მიხვდება და ბრიყვულად თავს გაალახვინებს, ან მთელ თავის ღონეს ამ ძალასთან შეუფერებელ ბრძოლაში დალევს… ეს უნდა გვახსოვდეს კარგად, მეტადრე იმიტომ, რომ ჩვენში ზოგიერთს ყმაწვილთაგანს ჰგონია, რომ ქვეყნის ისტორია მით იწყება და მითვე გათავდებაო…
…ჩვენს დროში ვერც ერთი ხალხი, რაგინდ ძლიერი, ან დიდი იყოს, თავისთავად ვერ იცხოვრებს ისე, რომ სხვა ხალხთან დამოკიდებულება ან განწყობილება არ ჰქონდეს. თუნდ მართლაც შეეძლოს ამ ხალხს თავის თავად განკერძოებული ცხოვრება, იმას ხომ მაინც ვერ იტყვის, ჩემს დღეში არც ერთ სხვა ხალხთან შეტაკება არ მომიხდებაო?
…სულ სხვა იქნებოდა, მათ (ავტორი სლავიანოფილების მაგალითზე აშუქებს ამ პრობლემას _ დ. ა.) რომ საქმით ეშველათ ამ შენიშნულ ვნებისთვის, ან ხეირიანი რჩევა მიეცათ ხალხისთვის, თუ როგორ, რა გზით შეუძლია მას ნემცების ან ფრანცუზების უპირატესობისაგან თავის დახსნა, ესწავლებიათ, იმ დალოცვილებს – ნემცებივით იმუყაითეთ, მათსავით ისწავლეთ ხელოსნობა და შრომაო, ეს სირცხვილი კი არა, ჩინებული საქმე იქნებაო, და სხვ. და სხვ. ან გაეხსნათ სამოსწავლო და სახელოსნო სასწავლებლები და სხვა ამგვარი დაწესებულებანი, მაშინ რუსობას ადვილად შეეძლებოდა იმ ადგილების ან მდგომარეობის დაპყრობა, რომელიც ნემცებსა თუ ფრანცუზებს ჩაეგდოთ ხელში. ისიც მოიფიქრეთ, თუ რა გასაკვირველი უნდა ყოფილიყო, რკინის გზის ან სპეციალური სამსახურის ადგილები ნემცებს რომ კავებოდათ, რაკი სლავიანოფილები დილიდგან საღამომდი იმას ქადაგობდენ, უცხოეთის მეცნიერება ჩვენ გვავნებსო, საჭირო არ არისო უცხოეთის გამოცდილების მიღება და მისი სწავლის შეძენა! რათ უნდა გაკვირვებოდათ, რომ ამ ცრუ ქადაგების გამგონთ არც უცხოეთის მეცნიერება ესწავლათ, არც იქაური გამოცდილება მიეღოთ, და, მაშასადამე, არც უცხოეთის წესზე გამართული სამსახურის ასრულება შეეძლოთ?… მთელ რუსეთს რომ დაეჯერებია სლავიანოფილების ქადაგება, მართლა ყველა რუსებს რომ სლავიანოფილების ჭკუაზე ეარათ, ყველანი უმეცარნი დარჩებოდენ, და მთელი სახელმწიფოს უმჯობესი ადგილები… მთელი მისი აღებ–მიცემა, ვაჭრობა, წარმოება და შეძლება სულ ერთიანად მარტო უცხოეთლების ხელში ჩავარდებოდა. მაშინ რუსები თავის საკუთარ ქვეყანაში სხვის სასარგებლოდ მეწველ ძროხად გადიქცეოდენ და მართლა ნემცების ან ფრანცუზების შინაყმად გახდებოდენ…
რომ ვინდომო ამგვარი შედარების გაგრძობა, ერთ თვეშიაც ვერ გავათავებდი ყველა მსგავსების ჩამოთვლას, _ იმ სიდიდე ანალოგია არსებობს სლავიანოფილებს და ჩვენ ვიწრო პატრიოტებს შუა…”
* * *
ეს ამონარიდი ზემოხსენებული წერილიდან გონიერი მკითხველის, როგორც ნ. ნიკოლაძე ამბობს, “თვალის ასახილველათ” საკმაო უნდა იყოს ჯერჯერობით, რადგან “ვიწრო პატრიოტები” დღესაც მრავლად გვყავს.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე