რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბროს. მეტიც, კარასინმა პირდაპირ თქვა: “დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”-ო და დასძინა, იმედი მაქვს, ზურაბ აბაშიძეს შემოდგომაზე შევხვდები და ამ საკითხს განვიხილავთო.
გონიერი ხელისუფლება კარასინის განცხადებას ყურადღებით მოეკიდებოდა და შემოდგომისთვის მზად ექნებოდა წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, მაგრამ ამის ნაცვლად, ყველამ, ვისაც არ დაეზარა, კარასინი გააკრიტიკა, აქაოდა, რუსეთი საკუთარ თავზე ფიქრობს და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ამიტომაც სურსო. თურმე, რუსეთს იმიტომ სურს ავიამიმოსვლის აღდგენა, რომ რუსი ტურისტები წვალობენ, საქართველოში შემოვლითი გზებით ჩამოდიან და ზედმეტი ფული ეხარჯებათ. იმით, რომ რუს ტურისტებს შემოვლითი გზების გამო ზედმეტი თანხები ეხარჯებათ, არამხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები აღფრთოვანდნენ, არამედ ის ადამიანებიც, სოციალურ ქსელში კომენტარების წერის გარდა სხვა საქმე რომ არ აქვთ. არადა, იგივე პოლიტიკოსები საქართველოს მზარდ ეკონომიკაზე, ძირითადად, სწორედ რუსი ტურისტების იმედად საუბრობენ, უკვე ვეღარ მალავენ, რომ რუსი ტურისტების ხარჯზე მოიმატა ეკონომიკის მაჩვენებლებმა; ვერც იმას მალავენ, რომ ტურისტულ სეზონზე შემოსული ვიზიტორების 90%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებია. ესეც არ იყოს, რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მუშაობს და, საკუთარი ოჯახის გარდა, საქართველოში ნათესავებსაც არჩენს, ისინიც შემოვლითი გზებით რომ დადიან და ისინიც ორმაგს რომ იხდიან სამშობლოში ჩამოსასვლელად, ამაზე არავინ ფიქრობს. რა გამოდის? კარასინის ინიციატივა (ეს ინიციატივა უმაღლეს დონეზე რომ იქნება შეთანხმებული, ადვილი მისახვედრია) უფრო მეტად იმ ქართველებს წაადგებათ, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და, რაც მთავარია, როგორ გგონიათ, მგზავრობაში ნაკლებს რომ გადაიხდიან და პირდაპირ ჩამოვლენ, იმ თანხას, რომელიც მორჩებათ, საქართველოში არ დატოვებენ? მაგრამ შორსმიმავალი გეგმები და გათვლები როდის გვქონია?! ჩვენთვის მთავარი ის არის, კონკრეტულ დროს ვიღლიცინოთ და თითი დავანახვოთ რუსეთს, აგერ, უარს ვაცხადებთ თქვენთან ნებისმიერ საუბარზეო. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, იმავე რუსეთმა რომ გვითხრას, აგერ, ათეულობით მილიონ დოლარს გაჩუქებთო, ვიტყვით, არ გვინდა, არ დაგელაპარაკებითო. ჰო, ის უკვე დავივიწყეთ, ვაშლატამას 20 თეთრად რომ იხვეწებოდნენ კახელი გლეხები სეზონის დაწყებისას და მერე, როცა რუსეთმა თქვა, რასაც მოიწევთ, ყველაფერს შევისყიდიო და ერთ დღეში (სწორედ, რომ ერთ დღეში) ფასმა 20 თეთრიდან 4 ლარამდე აიწია და გლეხებმა ვაშლატამა უპრეცედენტო ფასად გაყიდეს _ აქამდე არასოდეს მომხდარა, გლეხს ადგილზე 4 ლარი აეღოს ამ ნაყოფში. რამდენიმე გლეხმა სატელევიზიო კომენტარისას ისიც თქვა, _ ახლა კი კარგი თანხა ავიღეთ, მაგრამ გაისად რა იქნება, კაცმა არ იცისო. ანუ, მაინც უკმაყოფილო დარჩა რამდენიმე და ერთსაც არ დასცდენია სამადლობელი სიტყვა რუსეთის ნაბიჯზე, ან დასცდათ და ეთერში არ გვიჩვენეს. სამაგიეროდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამაყად გამოაცხადა: წელს ვაშლატამა ყატარშიც გავიტანეთ, ერთი ქვეყანა კიდევ დაგვემატაო. ამ ამბავს მივყევით და გავარკვიეთ, რომ ყატარშ 120 კილოგრამი გაგვიტანია _ ვიღაცამ ჩანთაში ჩაყარა და წაიღო შინ კომპოტის გასაკეთებლად და ჩვენ დამატებულ ქვეყნად მოვინიშნეთ…
სიცხის მიუხედავად, საქართველომ სამხედრო წვრთნები “მტკიცე სული _ 2021” გამართა. რაღა თქმა უნდა, ეს წვრთნები დასავლელმა პარტნიორებმა დააფინანსეს, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარიც დაჯდა და მასში მონაწილეობა ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებმაც მიიღეს. ჰო, ქართულმა მხარემ მომხდარით კმაყოფილება ვერ დამალა, _ ნატოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგითო. ისე, რამდენი ნაბიჯია ნატომდე, ის მაინც გვითხრან, თორემ ყოველთვის თითო ნაბიჯის გადადგმა სარბენ ბილიკზე დგომას დაემსგავსა, თავს რომ იკლავ სირბილით და რეალურად წინ სანტიმეტრითაც ვერ მიდიხარ. ჰოდა, წვრთნებს რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, გამოეხმაურა: “სამხედრო სწავლება “მტკიცე სული _ 2021” კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებს ირგვლივაა, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება”.
აი, ამბავი ამის შემდეგ ატყდა, თუ ატყდა. ცალკე ოპოზიცია და ცალკე ხელისუფლება ერთმანეთს ასწრებდა, ვინ უკეთესად შეამკობდა პესკოვსა და რუსეთს. თურმე რუსეთს არავინ ეკითხება, საქართველო თავის ტერიტორიაზე წვრთნებს გამართავს თუ ბალ-მასკარადს. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ასეა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. უწინარესად, ის ვთქვათ, რომ ნატოს ეს წვრთნები რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რომ გაემართა, გაცილებით იაფი დაუჯდებოდა. ამ სამხედრო წვრთვნების ჩატარებაზე დელიკატურად თქვა უარი პოლონეთმა და მიზეზი გასაგებია _ რუსეთის გაღიზიანება არ მოისურვა. აი, საქართველო კი ყველაფერზე დათანხმდა და ყველაზე დიდი მეზობელი გააბრაზა. ასე გვგონია, წვრთნების მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო და ახლა ქართული მხარე ბოლო ხმაზე იყვირებს: რუსეთი ჩვენს საშინაო საქმეებში ერევა, წვრთნების ჩატარებას გვიპროტესტებსო.
ნატოს სარგებლიანობა ეჭვქვეშ პირველად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააყენა ძალიან მწვავედ და ამის ბრალიც გვგონია, მეორე ვადით პრეზიდენტად რომ არ აირჩიეს. ჩვენი მეზობელი თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, ცეცხლის ალშია გახვეული და მერე რა, რომ ნატო სამხედრო ორგანიზაციაა, მარტივად შეუძლია როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით დაეხმაროს თურქეთს ხანძრის ლიკვიდაციაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ მხოლოდ შეშფოთება გამოთქვა და თურქებს დაჰპირდა: გამაგრდით, ჩვენ თქვენთვის ვილოცებთო. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არათუ პარტნიორის, არამედ წევრი ქვეყნის მიმართ აქვს ნატოს და ახლა, თუ ვინმე ევროკავშირისკენ გაიშვერს თითს, უახლოეს წარსულს შევახსენებთ _ პანდემიამ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად იტალიას შეუტია და მაშინ, როცა აპენინებზე გვამები ლამის ქუჩაში ეყარა, ევროკავშირი დადუმდა. მხოლოდ კრიზისის გადავლის შემდეგ მოიხადეს ბოდიში: ეს რა დაგვემართა, როგორ ვერ დაგეხმარეთო. და ამით იმ გარდაცვლილ ადამიანებს რა შეღავათი? რა შეღავათი აქვთ ნატოს წარმომადგენელთა ლოცვით ცეცხლთან პირისპირ შერჩენილ თურქებს, რომლებიც ხანძარს ვერ გაურბიან? არც არაფერი და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირიც და ნატოც მხოლოდ იმას ემსახურებიან, რაც თვითონ სჭირდებათ. მათი გეგმების წინააღმდეგ იტალია და თურქეთიც კი უძლურნი არიან და საქართველო… ვის ახსოვს საქართველო?! ამერიკა უკვე ცხვირში გვტენის “ფაიზერის” იმ დოზებს, რომლებიც გვაჩუქეს, აქაოდა, როცა გაგიჭირდათ, მხარში ხომ ამოგიდექითო? ასე, გამოხრული ძვლის გადმოგდებით ხდება ფსიქოლოგიური წნეხისა და საკუთარი გეგმების განხორციელება. გაღიზიანებულია რუსეთი, პესკოვი დამოუკიდებლად არაფერს იტყოდა და ვაი, რომ ეს ყვითელი ბარათია საქართველოსთვის. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი ამ წვრთნების, რუსეთს რომ ყვითელი ბარათი ეჩვენებინა და გვერწმუნეთ, თუ დასავლეთი მოინდომებს, წინა ხელისუფლების მსგავსად, დღევანდელ ხელისუფლებასაც აიძულებს, რადიკალური ნაბიჯი გადადგას, ისეთი ნაბიჯი, რომელსაც გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
სამწუხაროდ, ერთი და იმავე ნაღმზე ვფეთქდებით მუდმივად და მტრის ხატის შექმნით ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვზივართ. ზევით მოსავალი ტყუილად არ გვიხსენებია, არც ყურძენს უჩანს ცუდი პირი და, ყურძნის მოსავლის 90%-ზე მეტი ისევ რუსეთში რომ უნდა გავიდეს როგორც ნაყოფის, ისე ალკოჰოლური სასმელების სახით, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის. ამის მიუხედავად, სწორედ ხელისუფლება ცდილობს რუსეთის გაბრაზებას დასავლეთის წაქეზებით. მერე, თუ ჩრდილოელი მეზობელი უარს იტყვის ქართულ პროდუქტზე, უფრო მეტად აყვირდება: აგერ, მტერია და საარსებო წყაროს გვიკეტავსო. არადა, როცა იცი, რუსეთზეა დამოკიდებული ქართული ეკონომიკის 70%-ზე მეტი, რატომ ცდილობ, გააღიზიანო, საერთაშორისო ასპარეზზე გააკრიტიკო?!
რთული სათქმელია, კიდევ რას მოიფიქრებს დასავლეთი იმისთვის, რომ საქართველომ მორიგი შეცდომა დაუშვას, მაგრამ საქრთველოში ტყუილად არც წვრთნები რომ არ იმართება და არც “ფაიზერის” დოზებს გვჩუქნიან, ცხადზე ცხადია. არ გეგონოთ, ეს ქართველი პოლიტიკოსებისთვის კარგი მაგალითი იქნეს. ისინი შეგნებულად გაივლიან იმ დანაღმულ ველზე, რომელსაც დასავლეთი კვლავ დიდი რუდუნებით დაგვიგებს და მერე რა, თუ ავფეთქდებით? აფეთქდა აგერ თურქეთი და დაჰპირდნენ: ვილოცებთ, თქვენ კი ცეცხლს ებრძოლეთო. ცეცხლთან ბრძოლა როგორია, ნანახი გვაქვს და აღარ გვინდა, ბატონებო, აღარ!
ბესო ბარბაქაძე
შესანიშნავი ანალიზი, მადლობა თქვენ!!! განსაკუთრებით მომეწონა: <> აქაოდა იყო გენიალური ჩართვა ამ წინადადებაში. წარმატებები!