კოაბიტაციის ნირვანაში მყოფი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის პირობებში წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების იმედი რომ ტყუილად უნდა გვქონდეს, უკვე ყველასთვის დღესავით ნათელია. არც სამართლიანობის აღდგენას უნდა ველოდოთ და არც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ღირსებაშელახულ მოქალაქეთა უფლებების დაცვას. რამდენიმე დღის წინ თავად პრემიერის მიერ გაკეთებულმა გულახდილმა განცხადებამ ამაში საბოლოოდ დაგვარწმუნა: «მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რომ იმ დონეზეც არ ვართ განვითარებულები, რომ დალაგებულად მოვახსენო, რას ვაპირებთ. ძალიან მერიდება, მაგრამ ასეა, ძალიან ცუდად არის საქმე».
ყველაფერი გასაგებია, კაცი პირდაპირ გვეუბნება, ოცნებას თავი დაანებეთ, «ზღაპარი» დასრულდაო. როგორც ჩანს, ეს ის ზღაპარია, რომლის ბოლოც კეთილი არ არის და რომლის დასასრულიც არა ტაძრამდე, არამედ სანაგვე ურნამდე, უკეთეს შემთხვევაში კი «მშვიდ» და «უშფოთველ» სიღატაკემდე მიგვიყვანს.
ფოტო, რომელსაც ამავე გვერდზე ხედავთ, გეომეტრიული სიზუსტით ასახავს დღევანდელ მდგომარეობას, ანუ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც 1 ოქტომბერს 41-ის შემოსახაზავად მივიდა საარჩევნო ურნებთან, რეალურად მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა: ახლა ისინი ყოველ ცისმარე დილით სანაგვე ურნებთან მიდიან სარჩოს საძებნელად. ისე, საინტერესოა, შიგნით რას პოულობენ, ალბათ, ახდენილ ოცნებას. აი, თურმე რას მივეცით ხმა ათი თვის წინ…
რაც შეეხება სხვა დაპირებებს, დაახლოებით ორი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილმა ერთ–ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებების ყველაზე მკაფიო გამოხატულება. მეტიც, მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ამბიცია, ეს არჩევნები იყოს უპრეცენდენტოდ სუფთა და სამაგალითო, ისე, როგორც ეკადრება ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. ცხადია, მსგავსი განცხადება მისასალმებელია, მაგრამ თავისთავად ჩნდება კითხვა: ვინ ან რა იქნება ამ ყველაფრის გარანტი, თუ საარჩევნო გარემო, ფაქტობრივად, უცვლელია?!
უფრო მარტივად თუ ვიტყვით, რატომ უნდა ელოდოს დღეს საზოგადოება უკეთეს არჩევნებს, როცა ეს არჩევნებიც იმავე მამუკა კაციტაძის კომისიის მიერ «დაზუსტებული» «მკვდარი სულების» სიით ტარდება?!
ამაზე პასუხს, ალბათ, ვერც «ყოვლისშემძლე» ივანიშვილი გაგვცემს და მით უფრო ვერც ხარატიშვილის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საარჩევნო სიების სანდოობაზე და მისი გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე «საქართველო და მსოფლიოს» უფრო დეტალურად ესაუბრება დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე.
_ ბატონო ავთანდილ, წინა ხელისუფლების დროს მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ საარჩევნო სიები ტოტალურად ყალბდებოდა. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ? რა შეიცვალა?
_ დემოგრაფიული ვითარების კუთხით არაფერი შეცვლილა ამ ათი თვის განმავლობაში. ოფიციალური მონაცემით, მოსახლეობა არის ისევ 4 მილიონ-ნახევარი, ჩვენი გაანგარიშებით კი _ 3 მილიონ 700 ათასი. აქედან, ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ მაქსიმუმ 2 მილიონ 800 ათასის ფარგლებში იქნება ამომრჩეველი, თუმცა ხელისუფლება ასახელებდა 3 მილიონ-ნახევარს. მაშინაც აქტიურად ვებრძოდით ამ გაყალბების მექანიზმებს და ყველაფერს ვაკეთებდით, რათა სიები მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო, მაგრამ «ნაციონალურ მოძრაობას» რა დამოკიდებულებაც ჰქონდა დამოუკიდებლად მომუშავე ხალხის მიმართ, ყველამ კარგად იცის. სხვათა შორის ზაქრო ქუცნაშვილი ძალიან კარგადაა გაცნობიერებული ამ საკითხებში, ამიტომ მქონდა იმედი, რომ ეს ხელისუფლება რამეს გამოასწორებდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა და ესაა ზუსტად იმის მიზეზი, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
_ რა არის მთავარი პრობლემა სიების დაზუსტებაში?
_ პირველ რიგში, ნება უნდა არსებობდეს. ეს თუ არ იქნება, რაც უნდა იძახონ არასამთავრობოებმა, ამდენი და ამდენი მკვდარი სულია ბაზაშიო, არაფერი შეიცვლება. აქ თეორიულად ყველაფერი ძალიან მარტივია, უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. არ შეიძლება, ამომრჩეველთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდეს, როცა 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობა კატასტროფულად მცირდებოდა.
_ თქვენ დეტალურად აკვირდებოდით ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებს. კონკრეტულად რა ფაქტებმა გაფიქრებინათ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა?
_ სიმართლე გითხრათ, ბოლო არჩევნებზე ანალიზი სპეციალურად არ გავაკეთე, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ, როდესაც ვიცი, ჩემი ქვეყნის ფაქტობრივი მოსახლეობა შეადგენს 3 მილიონ 700 ათასს, იქ არ შეიძლება იყოს 3 მილიონ-ნახევარი ამომრჩეველი. ახლა ესენი იტყვიან, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს ვანგარიშობთო, ამ დროს ისინი საერთოდ გამოთიშეს არჩევნებიდან. აი, ეს იყო ზოგადად ის სქემა, რომელსაც წინა ხელისუფლება იყენებდა სიების გასაბერად. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ყველამ ვიცით, რომ სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, პირველ რიგში, ეფუძნება ზუსტ სიას. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად არაფერი კეთდება გარემოს გასაუმჯობესებლად, ძალიან ძნელია საუბარი იმაზე, თუ რა იქნება და რამდენად დემოკრატიულად ჩაივლის ეს პროცესი.
_ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, არსებულ სიას 700 ათასს გამოვაკლებთო. ეს რამდენად არის გამოსავალი, როგორ ფიქრობთ?
_ ეს აბსურდია და მიკვირს, რომ ამას ქუცნაშვილი ამბობს. რომელ 700 ათასს გამოაკლებს?! რა იცის ასე ზეპირად, რა დემოგრაფიული ცვლილებები მოხდა ქვეყანაში?! ახლა მე გეტყვით ერთ ფაქტს: ამას წინათ ხაშურში ჩინელები ვნახე გვირაბის მშენებლობაზე, რომლებიც ნოზაძეებად არიან ჩაწერილები. მერე დავინტერესდი და თურმე მათ შორის გელაშვილებიც ბევრია. ეს ხალხი დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მიერ და სიებშია შეყვანილი. ასე რომ, რომელ 700 ათასზე მელაპარაკება ბატონი ქუცნაშვილი?!
_ კი მაგრამ, თუ ასე მასობრივად რეგისტრირდებოდნენ წინა ხელისუფლების დროს უცხოელები საქართველოს მოქალაქეებად, დღეს არავინ სწავლობს ამ საკითხს?
_ ხაშურში ხუთი დღის წინ ვიყავი და იქ გავიგე ეს ამბავი, ადგილობრივებმა მითხრეს. რაც შეეხება ხელისუფლებას, არ ვიცი, მათ რა ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ასეთი ფაქტები გასაიდუმლოებული არ არის. ის ჩინელი აქ ლეგალურად ჩამოდის და ყველაფერს კანონის დაცვით აკეთებს. ჩავიდნენ ხაშურში და ნახავენ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რაიონებშიც…
_ არჩევნებამდე სამი თვე დარჩა. ამ დროში რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ სიები მეტ–ნაკლებად მაინც დაზუსტდეს?
_ ეს ხელისუფლება რომ რამის გამკეთებელი ყოფილიყო, მოსვლისთანავე დაიწყებდა ფიქრს ამაზე. ახლა რის მოსწრება შეიძლება?! 3 თვეში, ფაქტობრივად, ვერაფერს იზამ. საერთოდ, ქვეყანაში, სადაც დემოგრაფებს პატივს არ სცემენ და დემოგრაფია, როგორც დარგი, არ უნდათ, რომელ სამართლიან არჩევნებზეა ლაპარაკი?! აქ ყველაფერი ნათლად ჩანს და გასაგებია. მე დაახლოებით უკვე წარმომიდგენია, რა არჩევნებს მივიღებთ…
_ პრემიერი დაგვპირდა, რომ ეს არჩევნები იქნება ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებების ყველაზე მკაფიო გამოხატულება.
_ მოისმინეთ «ნაციონალების» დაპირება და შეადარეთ, თუ ჩამოუვარდება რაიმეთი პრემიერისას. აქ რეალურ საქმეზეა საუბარი. რა გაკეთდა ამ ათი თვის განმავლობაში? არაფერი! ფაქტობრივად იგივე გარემოა და იგივე საარჩევნო პირობები. ან ის რაღაც კომისია თუ ლიგა რომ შეიქმნა თავის დროზე კოკა გუნცაძის ხელმძღვანელობით, ერთი კვალიფიციური დემოგრაფი ჰყავდათ?! დაუძახეს ვინმეს?! იგივე მამუკა კაციტაძე რომ სიებს აზუსტებდა, ვინ ედგა გვერდით?! რა ხალხი იყო?! ამით იმის თქმა მინდა, რომ არაპროფესიონალიზმია ყველაფერში და არ აძლევთ ხელს სიმართლის მთქმელი ხალხი. აი, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ვერ მოეღო ბოლო ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში.
_ წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ ყველა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ბარიერების გადალახვა უწევდათ ხმის მისაცემად. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
_ არ გამოვრიცხავ, რომ იმათ არ მიაღებინონ კიდევ მონაწილეობა არჩევნებში, ანუ შეიძლება უთხრან, ჩამობრძანდით, ბატონო, და მიეცით ხმა ადგილზეო. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი, სად რა ხდება, არსად მეძახიან, არ მიწვევენ და არაფერში მახედებენ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ისე კარგად იყოს, როგორც პრემიერი გვპირდება; თუმცა, ჯერჯერობით რასაც ვხედავ, «ოცნების» იმედები არ მართლდება.
_ თქვენ თქვით, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების მხრივ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. როგორ ფიქრობთ, რა აფერხებს ამ ხელისუფლებას?
_ თავისთავად ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, იქ ხარჯებია, იქ კონკრეტული გეგმაა საჭირო და კონცეფცია, მაგრამ დასაწყისშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მთავარია ნება. აი, ამ ნებას ვერ ვატყობ მე ხელისუფლებას. რატომ? რის გამო? _ ვერ გეტყვით, ჩვენ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია…
_ თქვენ რას ფიქრობთ?
_ არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ მომავალი არჩევნები წინასწარ გაყალბებულად გამოვაცხადო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: დღევანდელ მმართველ გუნდში ძალიან ბევრი ისეთი პოლიტიკური სუბიექტია, რომელთაც სამართლიანი არჩევნების პირობებში, უბრალოდ, შანსი არ ექნებათ. ეს კარგად იცის კოალიციის ხელმძღვანელობამ და, ბუნებრივია, გარკვეული ძალები იქ ცდილობენ უსიამოვნების აცილებას. იმავე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე რომაა ლაპარაკი, ესეც მათთვის დიდი უსიამოვნებაა.
_ ზოგადად, დემოგრაფიულ მდგომარეობას რაც შეეხება, უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები გვაფრთხილებენ, რომ ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. საინტერესოა, რას აკეთებს ახალი ხელისუფლება მის მოსაგვარებლად…
_ ახალმა ხელისუფლებამ ეს საკითხი გახადა მეათეხარისხოვანი. თითქოს ჩვენი გენოფონდი იმდენად კარგ მდგომარეობაშია, ამაზე დრო არ უნდა დავკარგოთ.
_ დემოგრაფიული განვითარების ფონდზე რა აზრის ხართ?
_ მივესალმები ამ ფონდს, თავისთავად ეს რომ დაფუძნდა, კარგია, მაგრამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც თუ იქნებიან იქ, უკეთესია. მე პროფესიონალები მყავს მხედველობაში, იმიტომ, რომ ცოდნის ნაკლებობა ყველგანაა.
_ ამასწინათ მანანა კობახიძემ განაცხადა, დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია უნდა შევიმუშაოთო.
_ შემუშავებული გვაქვს უკვე, სამჯერ გავაკეთეთ: პირველად _ 1989 წელს, მეორედ _ 1999 წელს და მესამედ _ 2009-ში, ანუ ყოველ ათ წელიწადში ახალ-ახალ პროგრამას ვამზადებდით, მაგრამ არც უნახავთ. ზუსტად ამაზე მწყდება გული, დემოგრაფების შრომები არ წაუკითხავთ და ისე, ჰაერში უნდათ საქმის კეთება.
_ კონკრეტულად ამ ეტაპზე რა დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს?
_ პატრიარქის მოწოდების შემდეგ საქართველოში შობადობა გაიზარდა, მაგრამ აქ ერთ მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი, მეორე ბავშვის ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდა და ასევეა პირველ ბავშვთა რაოდენობაც. ამას სერიოზული სისტემური მუშაობა სჭირდება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ამიტომ ვერ ხერხდება ამ პრობლემის არა თუ ბოლომდე მოგვარება, მინიმუმის გაკეთებაც.
_ უპირველესად, რა შეიძლება გაკეთდეს?
_ პროპაგანდა ერთ-ერთი საშუალებაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ძალიან კარგ შედეგს იძლევა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამას არ იყენებს. არადა, საშუალება არის. დღეს ქუჩაში ბილბორდებზე ვერსად ნახავთ პატრიარქის სურათს ბავშვებთან ერთად. სამაგიეროდ მე ვნახე ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტო, როგორ ზის ველოსიპედზე, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ქვეყანაში პრიორიტეტები უნდა არსებობდეს. როცა მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ გენოფონდი გიმცირდება და, ფაქტობრივად, ამოწყვეტის პირას ხარ, შოუები არ უნდა იყოს შენი მთავარი ამოცანა…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია