Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველი პოლიტიკოსები ბჭობდნენ და შარლ მიშელი იცინოდაო

ქართველი პოლიტიკოსები ბჭობდნენ და შარლ მიშელი იცინოდაო

32 მილიარდი! _ ეს დაპირება მალე დალევს ჩაილურის წყალს

წინასაარჩევნოდ ყველა ხელისუფალი, როგორც წესი, ნათელ მომავალს ხატავს და ისეთ არარეალურ დაპირებებს იძლევა, მისი შესრულება, ქართულ კი არა, წამყვანი ევროპული ქვეყნის ეკონომიკას გაუჭირდება. გამონაკლისი არც მოახლოებული არჩევნებია, მაგრამ ისე ჩანს, დაპირებებში ხელისუფლება დროსა და სივრცეში ირევა. ოპოზიციას რა ენაღვლება, ნებისმიერ დაპირებას დადებს; თუ ვერ გაიმარჯვებს, იტყვის, შესაძლებლობა არ მაქვსო; თუ გაიმარჯვებს, ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც თავის დროზეოცნება” _ რაღაცები ვერ გავთვალეთ და დავთვალეთ, არასწორი დაპირებები გავეცითო დახელს დაიბანენ.

“წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონების 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაში. 32 მილიარდი ლარი, როგორც მოგეხსენებათ, მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად, ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოდის, მომდევნო ათი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 44 მილიონი ლარი დაიხარჯება. რას ნიშნავს ეს? მარტივად აგიხსნით: მუნიციპლიტეტების მხოლოდ 15%-ს თუ ექნება წლიურად 44-მილიონიანი ბიუჯეტი. დანარჩენებს ამ თანხაზე გაცილებით ნაკლები და რიგ შემთხვევებში ამ თანხის მესამედიც არ აქვთ. გამოდის, ხელისუფლება აპირებს მომდევნო ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად თითო მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის ოდენობის თანხა დაუმატოს პროექტების განსახორციელებლად. ამას დაუმატეთ უშუალოდ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი და ისღა დაგვრჩენია, ბოლო ხმაზე ვიყვიროთ _ გვეშველა! არა, არ გვეშველა. 32 მილიარდი ქვეყნის ამჟამინდელი ბიუჯეტის ორი წლის თანხაა და ფიზიკურად ვერ აიტანს ამხელა ხარჯს. გამოდის, ხელისუფლება ისევ ცრუობს და რატომღაც ამას ისევ არჩევნების წინ აკეთებს. რაც უფრო მასშტაბური და არარეალურია ტყუილი, მით ადვილად იჯერებს ხალხი და ახლა საქმე სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს _ 32 მილიარდი. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მსოფლიომ მიახლოებითაც კი არ იცის, პანდემიის გამო როდის დაუბრუნდება ძველ დღის წესრიგს, ასეთი თამამი განაცხადის გაკეთებას ევროპის წამყვანი ქვეყნებიც კი ვერ გარისკავდნენ, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ ევროპაშია დამარხული.

ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა”, _ ამბობს ღარიბაშვილი და ამით ევროპას უგორებს კოჭს, აქაოდა, ზუსტად ათ წელიწადში ქვეყანას ევროპულ თარგზე მოვჭრითო, თუმცა…

ჩვენ ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად”, _ ეს განცხადება იმავე ღარიბაშვილმა მას შემდეგ გაკეთა, როცა პრემიერმინისტრად მეორედ წარადგინეს და პარლამენტში საკუთარი გეგმები გააცნო კანონმდებლებს.

რა გამოდის? პრემიერი კვარტალში ერთხელ იმის მიხედვით ცვლის გადაწყვეტილებას, როგორც სჭირდება? აბა, რას მივაწეროთ, რომ 2024 წლისთვის გასაკეთებელმა განაცხადმა მოულოდნელად 10 წლით გადაიწია დაევროპეიზაციის” (საოცარი ტერმინია) გეგმა 2031 წლამდე გაგრძელდა? თუმცა, ქართველი პოლიტიკოსები ბჭობდნენ და შარლ მიშელი იცინოდაო, _ ხომ გაგიგონიათ? მათი ბრალიცაა, მიშელი ღმერთად რომ ჰყავთ გამოცხადებული და ათ მცნებას უფრო რთულად ასრულებენ, ვიდრე მიშელის მითითებებს. საქართველოში ბოლო ვიზიტისას შარლ მიშელმა პირდაპირ მიანიშნა, ევროკავშირის კარს ერთი თაობა გაშორებთო, თუმცა შემდეგ ეს ფრაზა გადაკეთდა და დაკონკრეტდა: თქვენს დამოუკიდებლობას ჯერ მხოლოდ ერთი თაობა ითვლის და ამ დროის განმავლობაში თქვენს საზოგადოებასა და ევროკავშირს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიის, მეტი სტაბილურობის, მეტი კეთილდღეობის და, რაც ყველაზე მთავარია, ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე”.

ერთი თაობა დაახლოებით 30 წელს მოიცავს და სწორედ ეს არის მანძილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ე.ი., უახლოესი 30 წლის განმავლობაში ევროკავშირის ოფიციალურ წევრობაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს და ეს ყველაფერი ზედმიწევნით ემთხვევა ნიკოლა სარკოზის განცხადებას, საქართველოსა და უკრაინას არც ევროკავშირსა და არც ნატოში გაწევრების პერსპექტივა გონივრულ პერსპექტივაში, ანუ, სულ ცოტა, 30 წელი არ აქვთო. ჰო, სარკოზიმ ეს ყველაფერი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თქვა, მანამდე თმას იგლეჯდა, დღედღეზე გაგიღებთ ევროკავშირისა და ნატოს კარსო.

საქართველოში, შეიძლება, თაობები 30 წელიწადში ერთხელ იცვლება, მაგრამ მუსიე მიშელმა, ალბათ, არ იცის, რომ პოლიტიკური თაობების ცვლილებას მეტი დრო სჭირდება. სულ ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ პოლიტიკაში და ასე განსაჯეთ, რამდენიმე ისეთი პოლიტიკოსიც არის, პირველი მოწვევის პარლამენტში რომ იყო წამოსკუპებული და დღესაც პარლამენტშია ან მთავარ საკანონმდებლო ორგანოსკენ ჯიუტად იწევს. მათ კი, ვისაც ასაკმა (ზოგს მიქელ-გაბრიელმაც) უწია, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკაში გამოთავისუფლებული ადგილი თავიანთ შვილებს გადაულოცონ, რადგან ჯერჯერობით ასეა _ საქართველოში პოლიტიკაზე კარგი ბიზნესი არ არსებობს და, თუ გინდა, მილიონერი უსწრაფესად გახდე, პოლიტიკაში მოსვლა უნდა სცადო. ჰოდა, ცდილობენ, ბატონო, ცდილობენ და შემდეგ ცეცხლითა და მახვილით ინარჩუნებენ თანამდებობას, ადამიანების გვამებზე გადავლით, დარბევით, ცემატყეპით.

სავარაუდოდ, შარლ მიშელმა არც ის იცის, რომ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობის მთავარი პრობლემა 24-საათიანი წყალმომარაგებაა. ძნელია, ევროპელს აუხსნა, რომ ქვეყანა, რომელსაც მთავარ პარტნიორობას ეფიცებით, 24-საათიან წყალმომგარებას ვერ უზრუნველყოფს; სოფლების უდიდეს ნაწილში, საერთოდ, წყალგაყვანილობაც არ არის, მოსახლეობა წყაროს წყლით საზრდოობსო. შორს წასვლა არ გინდათ, აგერ, თბილისის შემოგარენი ავიღოთ _ რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, მცხეთა… 24-საათიანი წყალმომაგარება ყველგან პრობლემა და მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, თუმცა… თურმე, წყლის ცენტრალური მილები საზიზღარმა კომუნისტებმა ცენტრალურ გზებზე ჩადეს, ახლა ეს მილები შესაცვლელია, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და, რომ შეიცვალოს, ამისთვის გზები უნდა გადაითხაროს, რაც დამატებითი ხარჯი ყოფილა. ჰო, იმას არავინ ამბობს, ამ დაზიანებული მილების გამო სასმელ წყალში გრუნტის წყლები რომ ერევა და, დასალევად ძალიან უვარგისი რომ არ იყოს, ქლორს მაქსიმალურად ურევენ.

გამოვიდეს წყალმომარაგების კომპანია და თქვას, რამდენი განცხადებაა შესული მოსახლეობისგან, რომელშიც წერია, რომ ონკანში მომდინარე წყალს ქლორის საშინელი სუნი და გემო აქვსო. მაგრამ მოწამვლას ისევ ეს ურჩევნიათ და მერე რა, თუ ქლორი ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის, სამაგიეროდ, მძიმე მოწამვლა გამორიცხულია. 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება წლიდან წლამდე იმას ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ყოფის შესამსუბუქებლად, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი გვაქვს ნული. ახლა არ თქვათ, 24-საათიანი ელექტრო და გაზმომარაგება ხომ გაქვთო? მადლობა რუსეთს, რადგან ენერგომატარებლების უდიდესი წილი სწორედ რუსეთიდან მოდის და, როგორც უნდა ვატრიალოთ ეს ფორმულა, არაფერი არ შეიცვლება. თავის დროზეც მოდიოდა რუსეთიდან, მაგრამ იმხანად ფულს არ ვიხდიდით და, როგორც კი გადახდა დავიწყეთ, გვეშველა. სამაგიეროდ, ფულს ვიხდით, მაგრამ 24-საათიანი წყალმომარაგება საქართველოს მასშტაბით ვერ გავაკეთეთ, არც ინტერნეტია ყველგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მოტყუება მარტივია და ისინი რეალობას მოწყვეტილნი არიან. როგორ გგონიათ, ასეთ ქვეყანას 2024 წელს გაუღებს კარს ევროკავშირი? სავარაუდოდ, სწორედ ამას მიხვდა ირაკლი ღარიბაშვილიც და ვადა ათი წლით გადაწია. ხომ ყველასთვის ცხადია, რომ არც ღარიბაშვილი იქნება მომდევნო ათი წლის განმავლობაში პრემიერი და არცქართული ოცნება” _ ხელისუფლების სათავეში. ჰოდა, ჩაილურის წყალს დალევს ეს დაპირებაც და შემდეგ გვეტყვიან: ჩვენ რომ ვყოფილიყავით, გავაკეთებდით, ახლებმა არ გააკეთესო. არადა, ყველა, აბსოლუტურად ყველა პრემიერს ჰქონდა განვითარების გეგმა, რომელსაც მისი მემკვიდრე იწუნებდა და ცვლიდა; ცვლიდა ყველა მიმართულებით და ყველაზე მძიმედ ეს განათლების სისტემაზე აისახა. სხვის დაწერილ გეგმას კი არა, აგერ, ღარიბაშვილმა თავის დაწერილს გადაუხვია, პირველ ჯერზე რომ წარადგინა და ახლა აღარ მოეწონა. ვინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ, თუ პრემიერობის პირველ წრეზე დაწერილმა გეგმამ (მაშინაც ათწლიანი გეგმა იყო) ვერ გაამართლა, რატომ და როგორ გაამართლებს ახალი გეგმა? თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, ამის მომკითხავი, ათი წლის შემდეგ კი არა, გაისად არ იქნება არავინ და ისტორიას შემორჩება ისტორიული რიცხვი _ 32 მილიარდი!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here