Home რუბრიკები სამართალი იაშარ უსუპოვი: რამდენადაც ვიცი, იმ საღამოს ჩემი შვილი და ზურა ერთმანეთს არ...

იაშარ უსუპოვი: რამდენადაც ვიცი, იმ საღამოს ჩემი შვილი და ზურა ერთმანეთს არ შეხვედრიან

ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ჟვანიას საქმის გახსნას და სიმართლის გაგებას, იმავეს «ნაციონალებიც» კი ითხოვენ, მაგრამ ამ დრომდე ჯერ ახალი და საინტერესო ვერაფერი მოვისმინეთ, ჯერაც არ არის გარკვეული, თუ ვისი ხელი ურევია პრემიერმინისტრისა და რაულ უსუპოვის მკვლელობაშიმკვლელობის საქმის დეტალებზე «საქართველო და მსოფლიო» რაულ უსუპოვის მამას _ იაშარ უსუპოვს დაუკავშირდა. იაშარ უსუპოვი თელავის შუალედურ არჩევნებში გავიცანი, ყარაჯალაში «ნაციონალების» მხარდამჭერი იყო, მაშინვე ძალიან გამიკვირდა და ვიფიქრე, რომ, ალბათ, ამ ადამიანს აშინებენ, ემუქრებიან, თორემ ისე «ნაციონალების» გვერდით როგორ უნდა იდგეს და მათ სასარგებლოდ ხმებს როგორ უნდა აგროვებდესმეთქი?!


 _ ბატონო იაშარ, თქვენი შვილის მკვლელობის საქმის რა დეტალები იცოდით მანამდე? რამე ახალი და მნიშვნელოვანი ხომ არ გამოიკვეთა? ვისი ხელი ურევია თქვენი შვილი მკვლელობაში, სააკაშვილის?

_ მაგას ნუ მათქმევინებთ. სააკაშვილის ხელი ურევია თუ მერაბიშვილის, გამოძიება დაადგენს. თუმცა ვიტყვი ერთ რამეს, რომ ამ საქმის გამოძიება მის ინტერესებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე გამოუძიებელია. თავიდან სასაფლაოზეც დადიოდა მიშა, მაგრამ მერე უკვე აღარ მინახავს.

საქმის დეტალებში სიახლე მალე გამოჩნდება, მე ვამბობ, რომ ჩემი შვილი მოკლულია, დანარჩენი გამოძიების საქმეა და მე მასთან ვთანამშრომლობ. ამ ბოლო დროს ბევრჯერ ვთქვი და თქვენთანაც იმავეს თქმა მომიწევს, ახალ ვერსიას ველოდებით: სად მოკლეს, როგორ და რა ვითარებაში. იმ საღამოს, რამდენადაც ვიცი, ჩემი შვილი და ზურა ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდნენ და არც შეხვედრიან. გარდა ამისა, მაშინვე ვთქვი, არ დამიმალავს, რომ ჩემს შვილს ყელზე ნაჭდევი და ორი ნანემსარი ეტყობოდა. ისინი გაგუდეს, მაგრამ არა გაზით, ყველასთვის ცნობილია, რომ გაზი იმ სახლში საერთოდ არ იყო.

_ გაქვთ იმედი, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს?

_ დადგა, ალბათ, ისეთი პერიოდი, როდესაც სიმართლე აღარ დაიმალება. ფაქტია, რომ დღეს ამბობენ, რომ მათ სხეულზე ძალადობის ნიშნები იყო და რომ ისინი მოკლულები არიან.

_ ყარაჯალაში დიდი ძალა და გავლენა გაქვთ, «ნაციონალები» არჩევნებს პირწმინდად რომ იგებდნენ, თქვენ ხალხს არ ეუბნებოდით, რომ ამ ადამინებისთვის ხმა არ უნდა მიეცათ? თუმცა პირიქით _ მე ისიც მახსოვს, ბატონო იაშარ, როგორ ეხმარებოდით «ნაციონალებს» არჩევნების პერიოდში. მაშინ ვიფიქრე, რომ გემუქრებოდნენ.

_ «ნაციონალებს» ხმა არ მისცეთ-თქო, რომ მეთქვა, ხომ იცით, რა მოხდებოდა? თქვენ რა, გაბედავდით მსგავსი რამის თქმას?

მე არასოდეს დამიმალავს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი მოკლეს. თუ ოდესმე ამ საკითხზე ვინმე დამლაპარაკებია, ალბათ, გაიხსენებენ, რომ არასოდეს შემშინებია ამის თქმისა. ჩემი ნათესავები მეუბნებოდნენ ნუ ლაპარაკობ, საშიშიაო, მაგრამ ზემოდან ასეთი მუქარა არ ყოფილა. უბრალოდ, სერიოზულ თანამდებობაზე აღარ მიმუშავია. როდესაც ჩემი შვილი მოკლეს, მე ყარაჯალის გამგებელი ვიყავი და მაშინვე თანამდებობა დავტოვე. მას შემდეგ «ნაციონალები» აღარ მენდობოდნენ და მხოლოდ უბრალო სამუშაოს ვასრულებდი. მერე რაღაც პერიოდი რომ გავიდა, წყალკანალში დავიწყე მუშაობა. ისიც ცხონებულმა გია არსენიშვილმა მირჩია, რომ მუშაობა დამეწყო, არსენიშვილი ჩემი და ჟვანიას ოჯახების ახლობელი იყო. წყალკანალიდან, იმის გამო, რომ გავეჩუმებინე, გამგეობაში გადამიყვანეს, ეროვნულ უმცირესობასთან ურთიერთობა დამავალეს, თუმცა აშკარა იყო, რომ ჩემი ნდობა არ ჰქონდათ, არაფერში ვმონაწილეობდი, ძალიან მშრალ საქმეს მაკეთებინებდნენ.

_ ჟვანიას ოჯახთან თქვენს ოჯახს რა აკავშირებდა?

_ ჟვანია ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა, მაგრამ ის და ჩემი შვილი ძალიან ახლოს იყვნენ. ჟვანიას აზერბაიჯანული ენის მცოდნე ადამიანი სჭირდებოდა, ჩემი შვილი სიღნაღში სწავლობდა და მაშინ რექტორმა ჟვანიას ჩემი შვილის კანდიდატურა შესთავაზა. მას შემდეგ ისინი თანამშრომლობდნენ და სულ სათაო ოფისში მუშაობდა. ცოტა ხნის შემდეგ, რაული ქვემო ქართლის გუბერნიაში გადმოიყვანეს სამუშაოდ. სწორედ ამიტომ იმ საბედისწერო დღესაც რაული შეარჩიეს, რადგან იცოდნენ, რომ ზურა მასთან ახლოს იყო და არავის გაუკვირდებოდა, რომ საქმეზე ერთად ყოფილიყვნენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here