Home რუბრიკები პოლიტიკა თქვენ თვალში ხომ არ გეპატარავებით?!

თქვენ თვალში ხომ არ გეპატარავებით?!

1999 წლის 18 ნოემბერი - ქ. სტამბოლში ეუთოს სამიტის ქარტიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის პროექტების ხელმოწერის ცერემონიაზე: ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი

ლგბტქ+ კვირეულის თბილისში დაწყების წინა დღეს, ერთსართულიანი ამერიკის ერთერთი ჩვეულებრივი ქალაქის მოსახლეობის ორი დაპირისპირებული ნაწილი ერთმანეთს დაერია სექსუალურ უმცირესობათა მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამო.

კერძოდ:

მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ქალად მოიაზრებდა, ქალების სპა-სალონში დედიშობილა შევიდა.

მათ, ვინც იმ დროს იმ სალონში პროცედურებს იღებდა, არ იცოდნენ (ან საიდან, ან რატომ უნდა სცოდნოდათ?!), რომ ის კაცი ქალად მოიაზრებდა თავს, და ატეხეს წიოკი და ვაი უშველებელი.

გამოვარდა ხალხი სახელდახელო აქციაზე და მოითხოვა ქალებსა და კაცებს შორის საზღვრის დამრღვევის ჭკუაზე მოყვანა.

ეს რომ შეიტყვეს ნაკაცარების საზოგადოების წევრებმა, ისინიც გამოცვივდნენ ქუჩაში _ ჩვენიანს ერჩიან და საკუთარი მკერდით დავიცვათ ჩვენი უფლებებიო!

მკერდით! დიახაც!

რადგან სხეულის სხვა სერიოზული ნაწილი სხვა სერიოზულობით ჰქონდათ დაკავებული.

არც გენდერული წონასწორობის დამცველნი აღმოჩნდნენ ჯაბანნი და ეკვეთნენ ორად გახლეჩილი დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს!

მტრისას, რაც იქ დატრიალდა!

არც მთლად ისეთი, რეზო გაბრიაძის “შერეკილებში” აღწერილი “აშლი-მაშლი”, როცა ნემეცების უბანში “ბულვარდში ბუზიკამ დასცხო ვალსი ჩქარული! ჩვენებური! ვაჟკაცური!”, ხოლო “იაშა ფლეიშმანი პანჩურით დირიჟორობდა ორკესტრს!”

მაგრამ _ რაღაც მსგავსი. რადგან იაშა ფლეიშმანი ამერიკას ვერ მივართვით.

ის, რაც აშშ-ის ერთ პატარა ქალაქში მოხდა, საქართველოს ლგბტ პრაიდის აღლუმის დაწყების ნიშანი აღმოჩნდა.

დანარჩენი ჩვენმა მკითხველმა იცის.

აშშ-ს დიდი გამოცდილება აქვს არეულობების დასაშოშმინებლად, მოუვლის ამათაც.

ჩვენ რა გვესაქმება?

ახალი ქართულით თუ ვიტყვით, საქმე იმაშია, რომ ის გამოცდილება თავის კანში ვერ ეტევა და ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, ყველა ქვეყანაში იწყებს თვითრეალიზაციას.

სადაც კი უფლებას აძლევენ.

და “წესრიგს ამყარებს”.

არც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი. გამოდგება ვინმე მოცოროზი ელჩი და 5 ივლისს (და შემდგომ დღეებში) თბილისში დატრიალებული მოვლენების შეფასებას დაიწყებს.

ჭკუას დაგვარიგებს! ბითუმად და ცალობით!

გმადლობთ!

მაგრამ ჯერ თქვენს ქვეყანაში დაამყარეთ ნაქები ნეოლიბერალური წესი და რიგი, მერე დაფიქრდით _ ღირს კი ამაოდ გაისარჯოთ საქართველოს გაქათმებისთვის?

ეგ კიდევ არაფერი: გაქვთ კი კარგად გაცნობიერებული ჩვენი რაობა? ისტორია? ტრადიციები?

ვინ აღგჭურვათ უფლებით, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, მთავრობის მიერ თავის ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ ღონისძიებებს, მათ საქმიანობას ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, დანაშაულის გამოძიების შედეგად დამდგარი რეალობის მიხედვით ეჭვმიტანილთა დასასჯელად საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მცდელობას _ გამოავლინოს პროვოკატორები, ამ არეულობის ორგანიზატორები, უწოდოთ სამარცხვინო?

ლიდერთა შორის

სანამ მოცოროზების თავგასულობას საერთოდ არ წაუშლია დიპლომატიაში დადგენილი ურთიერთობების წესები, ეთიკა და პარტნიორების მიმართ პატივისცემის დადგენილი “წითელი ხაზები”, მოუსმინეთ ფაქტების ღაღადისს!

ამ კნინი მოხელეების კარიერა, ალბათ, მონიშნულიც არ იყო, როცა საქართველო-ამერიკის ურთიერთობას განახორციელებდნენ ამერიკული ხელისუფლების ისეთი გიგანტები, როგორებიც იყვნენ პრეზიდენტები რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში (მამა), ბილ კლინტონი… როგორი პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულნი საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელის მიმართ.

ბილ კლინტონმა შევარდნაძეს პირველივე შეხვედრის დროს უთხრა: “არ დაგიმალავთ, როცა ტელევიზიით ვნახე, რომ პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან დემონსტრაციულად გადადექით, ფეხზე დავდექი და ტაში დაგიკარით!”

იციან ეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა? ვერ გეტყვით. ალბათ, არა, რადგან არასოდეს, არსად, არც ერთ გამოსვლაში არავის უხსენებია.

ხოლო იმდროინდელი კოლეგები საქართველოს პრეზიდენტთან რიგში რომ იდგნენ რჩევის მისაღებად და საერთაშორისო ურთიერთობათა პერსპექტივაში საფუძვლიანად გასარკვევად, ამაზე, ალბათ, წარმოდგენაც არ აქვთ.

დრონიც მეფობენ და ბედაურებიც დაიხოცნენ. ამათ დარჩათ სარბიელი?

ან, ეგებ, დროთა მეფობის ჟამის განსაზღვრა აშშ-ის ელჩის “მოვალეობაში შედის” და ამის შესახებ დღემდე არაფერი ვიცით?

არ ვიცოდით და ისე დავყაბულდით.

სამაგიეროდ უგანათლებულესმა ელჩებმა ხომ უნდა იცოდნენ, რომ დემოკრატია, ეთიკური საფუძვლის გარეშე ანარქიული ეგოიზმია”, რომის პაპის _ იოანე პავლე II-ის დებულებაა.

დემოკრატია ეთიკური ნორმაც არის.

ახლა კი, ისტორიული დამსახურების უარმყოფელთა საყურადღებოდ მხოლოდ ორიოდ ფაქტს გავიხსენებ მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ტრიუმფალური წარმოჩენის შესახებ.

ხაზს ვუსვამ: მხოლოდ ორიოდეს და ისიც სხვათა შეფასებით, რომელთაც თავად ვესწრებოდი, რაც ვნახე და მოვისმინე.

როცა 1997 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 18 საუკუნის შემდეგ, ათასრვაასწლიანი პაუზის შემდეგ, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, ჩავიდა რომში, იტალიურმა პრესამ ეს შეაფასა, როგორც მსოფლიო რეზონანსის მქონე მოვლენა.

შევარდნაძემ ამ თემაზე საუბრისას ჟურნალისტს უთხრა: “…სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ვხედავ, ამჯერად რომშიც დავრწმუნდი, არ ვარ ჩამოწერილი, არ დავვიწყებივარ ადამიანებს. უწინარეს ყოვლისა,ყველაფერი ეს მსიამოვნებს იმიტომ, რომ რაღაც ფორმით, რაღაც სახითა და დოზით ჩემს ქვეყანას წაადგება”.

1997 წლის სექტემბერში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი დამსახურებისთვის ალექსანდრე ონასისის პრემია მიანიჭეს საქართველოს პრეზიდენტს.

ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “ფონდი აღიარებს და აჯილდოვებს დიდ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელმაც მთელი მსოფლიოსთვის ერთერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში მთავარი როლი შეასრულა ზესახელმწიფოთა შორის ურთიერთდაპირისპირების იდეოლოგიის უკუგდებასა დაცივი ომისდასრულებაში; ყველა სახეობის სამხედრო იარაღის გავრცელების შეზღუდვასა და ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცებაში; ეროვნული ღირსების, მშობლიური ენისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვაში; ხალხის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად კერძო მეწარმეთათვის და თავისუფალი ბიზნესისთვის ხელსაყრელ სამართლებრივ ნორმათა შემოტანაში”.

გლობალურ საქმეთა ნუსხაა ეს ჩამონათვალი.

მაგრამ მხოლოდ ნაწილია, რადგან “ფონდი პატივს მიაგებს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც მოახერხა, გათავისუფლებულიყო მის სამშობლოში დამკვიდრებული იმ ურთიერთდაპირისპირებულ დაჯგუფებათა გავლენისგან, რომლებმაც მას ძალაუფლება გადასცეს

მან ბოლო მოუღო მის ქვეყანაში გაბატონებულ სამოქალაქო ომსა და საყოველთაო ქაოსს და ყველაფერი კანონის უზენაესობას დაუქვემდებარა”.

და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი საქართველოზეა, მისი უახლესი ისტორიიდან არის.

1999 წლის 20 სექტემბერი, 13 საათი და 10 წუთია. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს პლენარულ სხდომათა დარბაზის ტრიბუნასთან დგას და ქართულად ლაპარაკობს. დარბაზი სულგანაბული ისმენს პირველად, ხაზს ვუსვამ, პირველად, გაეროში დამკვიდრებული წესის (5 სამუშაო ენა) დარღევით აჟღერებულ პატარა ქვეყნის უნიკალურ ენას _ ქართულს.

უპრეცედენტო ფაქტია.

გაეროს ხელმძღვანელობამ ასეთი გამონაკლისი გააკეთა ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებული დამსახურების გათვალისწინებით, მისდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად.

ესეც საქართველოს შესახებაა, ბატონებო.

მოირგო გაერომ, მსოფლიო აუდიტორიამ ქართული ენა, ორგანულად შეუთავსდა და შეეთვისა. იქნებ, ესეც არის ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც “დამარხულ არს ამ ენათა შინა”.

ასეთია გაეროს ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერილი ფაქტი, რომელსაც მომავალში უფრო მეტი ფასი დაედება.

1999 წლის 12 ოქტომბრის ზუსტად 19 საათია.

საქართველოს პრეზიდენტის “ილ-62” ღამის ფონიდან გამოკვეთეს ძლიერმა პროჟექტორებმა და სხვა განზომილებაში მოაქციეს ზეციდან დაშვებული თეთრი მიუწვდომლობა.

ამ შორეული სითეთრიდან წითელნოხდაფენილ თეთრ ტრაპზე გამოჩნდება საქართველოს პრეზიდენტი.

ქვემოთ, საპატიო ყარაულში _ გაჭიმული ჯარისკაცები, დამხდურ მაღალჩინოსანთა შავი კოსტიუმების სოლიდურობა და გულითადი მოლოდინი.

და ზარბაზნების პირველი ზალპი.

გაერთიანებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მისი დედაქალაქი ბერლინი ეროვნებათა სალუტით მიესალმება საქართველოს პრეზიდენტს.

ესეც საქართველოზეა, ბატონებო. თქვენ რომ გაბონი გგონიათ და წაჰკრავთ თითო ქიშტს, როცა მიზანშეწონილად მიიჩნევთ.

2002 წლის 16 მარტს ჰალეში გამართულ ჰანს დიტრიხ გენშერის გრანდიოზულ საიუბილეო საღამოზე გერმანიის ერთ-ერთმა უდიდესმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ასე წარუდგინა ედუარდ შევარდნაძე დამსწრეთა მასას:

“_ ყველამ, თითოეულმა გერმანელმა რომ საკუთარი წვლილი გაიღოს საქართველოსთვის, მაინც ვერ გადაგიხდით იმის საფასურს, რაც ჩვენ გვაჩუქე, _ და მიმართა ხალხს, _ თქვენ წინაშე მსოფლიო ლეგენდა დგას. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის.

და ესეც საქართველოზეა, თქვენ რომ თვალში გეპატარავებათ და ხან რას წამოგვაძახებთ, ხან რას!

რისი ხოშიც გაქვთ!

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here