თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვწერდით, როდის და რამდენით გაძვირდებოდა პური და როგორ აისახებოდა ეს მოსახლეობაზე. ხელისუფლებაში ხვდებიან თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ პური საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მთავარი საკვებია და ათასობით ოჯახი ხშირად სწორედ მხოლოდ პურით საზრდოობს. სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი ამ შემთხვევაშიც გამართლდა და პურის ფასმა ოფიციალურად 10 თეთრით მოიმატა. ეს ოფიციალურად, თორემ არაერთმა მცხობელმა პური 15 და 20 თეთრით გააძვირა. ვერც გაამტყუნებ _ სახელმწიფო სუბსიდიის პირობებში, ქარხნები ერთ ტომარა ფქვილს 50 ლარად იღებდნენ, ახლა კი ფასი 62 ლარია. ამას დაუმატეთ გაძვირებული ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ვნახავთ, რომ პური კიდევ უფრო უნდა გაძვირებულიყო.
როგორც გვეუბნებიან, პურის ამჟამინდელი ფასი ნოემბრის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება, მერე კი კვლავ მატებას ელიან. რთული მისახვედრი არ არის, სად არის ძაღლის თავი დამარხული _ 2 ოქტომბერს არჩევნებია, შემდეგ კი მეორე ტურები გაიმართება არაერთ მუნიციპალიტეტში, ამიტომ არჩევნებამდე პური არ უნდა გაძვირდეს, მოსახლეობა რომ არ აჯანყდეს. არც არჩევნების დასრულებისთანავე უნდა გაძვირდეს, რომ არ თქვან, თავისი გაინაღდეს და გააძვირესო, ამიტომ ნოემბრის შუა რიცხვები იდეალური დროა. შევეცდებით, ისევ ავხსნათ, რა გამოიწვევს პურის გაძვირებას და სად არის გამოსავალი. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია, მაგრამ ყური არასდროს არავინ გვათხოვა.
შემოდგომისთვის ხორბალი ყოველთვის ძვირდება, რადგან მოსავალი ყველგან დაბინავებულია, სათესლე ხორბალი _ გადარჩეული და მწარმოებელმა ქვეყნებმა ზუსტად იციან, რამდენი უნდა გაყიდონ. შესაბამისად, ფასსაც მარტივად ადგენენ და ზუსტად იციან, ამ ფასის გადამხდელი ქვეყნები აუცილებლად გამოჩნდებიან, რადგან პური ყველას სჭირდება. საქართველო იმ ქვეყნებს განეკუთვნება, რომლებსაც პურისთვის საჭირო ხორბლის რაოდენობის თითქმის 100% საზღვარგარეთიდან შემოაქვს და ამ 100%-იდან 98%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. რუსეთმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ წელს რეკორდული მოსავალი ჰქონდა და გაისად კიდევ უფრო მეტს ელის. არ გამორიცხოთ, რომ ხორბალი რუსეთში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტიმულატორი გახდეს ნავთობპროდუქტებისა და წიაღისეულის შემდეგ. საქმე ის არის, რომ რუსეთი უკვე მსოფლიო ბაზრის უიდესი მოთამაშეა და მას ანგარიშს ყველა უწევს, როგორც მთავარი საკვები პროდუქტის მწარმოებელს.
სამწუხაროდ, საქართველო ხორბალში მომატებულ ფასს გადაიხდის, რადგან რუსეთმა მხოლოდ მეგობარი ქვეყნებისთვის დააწესა შეღავათიანი ფასი და კიდევ მათთვის, ვინც ჩავიდა, დაელაპარაკა, ეკონომიკური ურთიერთობები შეათანხმა. ჩვენ კი რუსეთში ჩასვლა ოფიციალურად გვაქვს აკრძალული. ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ ბედავს, ხმამაღლა თქვას, რომ რუსეთთან საუბარს აპირებს ან მათთან საუბარს აზრი აქვს. ბოლოს, ვინც ამის სურვილი გამოთქვა, ლევან ვასაძე გახლდათ და ის სასწრაფოდ სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს ე.წ. დასავლურმა ძალებმა. არადა, ამ საუბრის გარეშე პურის ფქვილის გაიაფების პერსპექტივა, უბრალოდ, არ არსებობს.
პრობლემა მხოლოდ პურის ფქვილი არ არის. პრობლემურია აბსოლუტურად ყველა სეზონური პროდუქტის გასაღება, რადგან მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია და ისე ჩანს, ეს პერსპექტივა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვლება. ევროპულმა და ამერიკულმა ბაზარმა უკვე ნათლად დაგვანახვა, რომ საქართველო იქ წარმოდგენილი იქნება ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც ამ ქვეყნებს აძლევთ ხელს _ თუ, მაგალითად, რუსეთში იყიდება 35 მლნ ბოთლი ღვინო, ევროპასა და ამერიკაში იყიდება _ 3-4 მლნ ბოთლი. თანაც, ამ პროპორციით მხოლოდ ღვინო სარგებლობს, თორემ არავის უნდა ქართული მინერალური წყლები და სულ ტყუილად აქებენ “ბორჯომს”. არც ამ სასმელზეა გაგიჟებული ევროპა და ეს კომპანიაც ძირითად კლიენტს სწორედ რუსულ ბაზარზე პოულობს.
ახლა ხილის სეზონია. კახეთსა და შიდა ქართლში ატმისა და ვაშლატამას უხვი მოსავალია, მაგრამ რად გინდა _ გლეხებს მოსავალი ხეზე ულპებათ და გამოსავალს ვერ პოულობენ. სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეგობარმა უკრაინამ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და როგორც ატმის, ისე ვაშლატამას შეძენაზე მზადყოფნა გამოთქვა: უკრაინელები შეიძენენ ყველაფერს, რასაც ჩავიტანთ, მაგრამ ისეთი ფასი დაასახელეს, გლეხი წაგებული რჩება, აქეთ მოუწევს ფულის დამატება, რომ პროდუქტი უკრაინაში ჩავიდეს. რუსეთი აქტიურად კი ყიდულობს ყველაფერს, მაგრამ მის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი და იმაზე მეტს არ იღებს, რამდენიც სჭირდება.
მარტივი მაგალითი ავიღოთ _ კახეთში ნესვს, საზამთროს, ატამსა და ვაშლატამას 20-25 თეთრად იშოვით. რა ღირს თბილისში ეს პროდუქტი? ნესვი, სულ ცოტა, 1,50 ლარი კგ, ატმის ფასი 2 ლარიდან იწყება და მას არავინ აკონტროლებს. თუ გურჯაანში კგ ატამი 20 თეთრი ღირს და თბილისში _ 2 ლარი, გამოდის, ფასი ათჯერ არის გაზრდილი და ეს რაღაცამ ან ვიღაცამ უნდა დაარეგულიროს, თუმცა ყურს არავინ იბერტყს. ადგილობრივ წარმოებას ვინ ჩივის, ყოველდღიურად არაერთი კონტეინერი შემოდის ირანიდან და თურქეთიდან… კახურ ნესვსა და საზამთროზე იაფად შემოაქვთ თავიანთი პროდუქცია და ყიდიან.
გონიერი მთავრობა აუცილებლად მოახერხებდა იმდენს, რომ რუსეთთან სასაუბროდ დამჯდარიყო და, პურის ფქვილის გაიაფებაზე კი არა, პროდუქციის გაცვლაზე ესაუბრა. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როცა ჩვეულებრივ, გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს და ამით ორივე მხარე კმაყოფილია. რაც მთავარია, კმაყოფილია მეწარმე, რადგან სახელმწიფო დაინტერესებულია, მეწარმეს ხელი შეუწყოს, უფრო იაფი დაუჯდეს პროდუქცია, რათა შემდეგ სარფიანად გაცვალოს. საქართველოში ხილის ჭარბი რაოდენობა სეზონურად ყოველთვის არის. თუ ახლა ატამი, ნესვი და საზამთროა, მალე ვაშლი გვექნება, მანამდე სხვა ხილი იყო, შემდეგ ყურძენი გვექნება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ხელშეკრულება რომ გვქონდეს რუსეთთან და პროდუქციას ვუცვლიდეთ? სახელმწიფო იყიდის გლეხისგან და გაუშვებს რუსეთში, იქიდან კი პურის ფქვილს შემოიტანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასე მარტივი არ არის, როგორც ვწერთ, ამას სერიოზული მოფიქრება, კონტაქტები და ურთიერთობები სჭირდება. კიდევ ვიმეორებთ: ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს აქვთ და კმაყოფილიც არიან. ჩვენ კი, დიალოგის დაწყებაც არ გვსურს, რადგან, რუსეთს სასაუბროდ რომ დავუჯდეთ, დასავლეთი გადაირევა და გაგვიბრაზდება. აქეთ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს დაასწრებენ მოღალატის იარლიყის მიკერებას. უფრო მარტივია, ისედაც გაძვალტყავებულ და გამათხოვრებულ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შემოუჭირო ქამარი და მერე რა, რომ უკვე ახლა თითოეულ ჩვენგანს თვეში, სულ ცოტა, 5-6 ლარი მხოლოდ პურის ფასში დაემატა. რამდენია ეს თანხა 4-სულიან ოჯახზე? _ 20-25 ლარი და საიდან უნდა მოიტანოს ეს თანხა რიგითმა ადამინმა? _ უნდა მოაკლოს სხვა რამეს, რადგან პურს ვერაფრით მოიკლებს და ის “სხვა რამე” კარტოფილი, ბურღულეული და სხვა, შედარებით იაფი პროდუქტია. ხორცსა და თევზს გემოს თვეობით ვერ უსინჯავენ ადამიანები და სახელმწიფო ისე იქცევა, თითქოს ეს ყველაფერი არ იცის.
სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება ის, რასაც ვიწინასწარმეტყველებთ და უფრო სამწუხარო ის არის, რომ ეს წინასწარმეტყველება, ძირითადად, რიგითი ადამიანების ყოფის გაუარესებას ეხება. ასეა ამჯერადაც _ უკვე მერამდენედ, გლეხი მოწეულ მოსავალს ვერ ყიდის და მას კონკურენციას სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი, გაცილებით იაფი და უვარგისი პროდუქცია უწევს; რომ პურის გასაიაფებლად ხელისუფლება, საერთოდ, არაფერს აკეთებს და, თუ ვინმე ლამის ერთწლიან სუბსიდიას დაგვაყვედრის, იმასაც ვეტყვით, რომ ყოველთვიურად ამ სუბსიდიისთვის განკუთვნილი 10 მილიონი ლარი სახელმწიფოს ჩვენი ჯიბიდან მიჰქონდა.
მომავალი ზამთარი წინაზე უარესი იქნება, მომავალი შემოდგომა და რთველი _ შარშანდელზე ცუდი. ყურძენი, რომლის მოსავალსაც ძალიან კარგი პირი უჩანს, კაპიკებად ჩაუვარდებათ ხელში ღვინის მწარმოებელ ქარხნებს და შემდეგ ღვინოს მამასისხლად გაყიდიან… რუსეთში. სამაგიეროდ, ზამთარში სომხეთიდან შემოვიტანთ ათეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ყურძენს და ვიყიდით. სამაცივრე მეურნეობის აწყობა-გამართვაზე არავინ ფიქრობს და იგივე ვაშლი, ატამი თუ ვაშლატამა ზამთარში სხვა ქვეყნებიდან შემოვა. შესადარებლად გეტყვით _ ზამთარში კილო ალუჩა 200 ლარს სცდება, მაშინ, როცა სეზონზე ორი ლარი ღირს ჩვენთან. ვერ ვინახავთ და შემდეგ ასჯერ უფრო ძვირად შემოგვაქვს სხვა ქვეყნიდან. ისე არ იფიქროთ, ეს “სხვა” შორეული ქვეყანაა. პროდუქტს, ძირითადად, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ვეზიდებით.
ბესო ბარბაქაძე