პოლონეთის მმართველი პარტია “სამართალი და სამართლიანობის” (PiS.) თავმჯდომარე იაროსლავ ჩაკინსკიმ განაცხადა, რომ შეიქმნა ალიანსი ევროპული კონსერვატიული ძალებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს “მომავალი ევროპის დეკლარაციას”.
პოლონეთის პარტია “სამართლისა და სამართლიანობის” გარდა ალიანსში გაერთიანდნენ: Fratelli d Italia (იტალია), VOX (ესპანეთი), Fidesz-ი (უნგრეთი), Lega (იტალია), Rassemlement national-ი (საფრანგეთი), VMRO (ბულგარეთი), FPO (ავსტრია),Vlaams Belang-ი (ბელგია),Dansk Folkeparti (დანია), EKRE (ესტონეთი),Perussuomalianset (ფინეთი),Elliniki Lysi (საბერძნეთი), ja21 (ნიდერლანდები),Lietuvas Lenku rinkimu akcija (ლიეტუვა),Purtidul National Taranesc Crestin Democrat (რუმინეთი).
პოპულარული პოლიტიკოსებიდან შეიძლება დავასახელოთ ვიქტორ ორბანი, მარინ ლე პენი და მარიო სალვინი. ალიანსის ლიდერები სექტემბერში ვარშავაში შეიკრიბებიან კონფერენციაზე და სამოქმედო გეგმას დასახავენ.
პროექტის ინიციატორები არიან: პოლონური პარტია “სამართალი და სამართლიანობა”, უნგრული Fidesz-ი და იტალიური Lega. ამა წლის აპრილის დასაწყისში ბუდაპეშტში გაიმართა შეხვედრა ორბანის, სალვინისა და პოლონეთის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავეცკის (პარტია “სამართალი და სამართლიანობის” სახელით) შორის. შეხვედრაზე გამოცხადდა აღნიშნული პარტიების სამმხრივი კავშირი. როგორც უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, რომლის პარტიამაც სკანდალით დატოვა ევროპის სახალხო პარტია, იმხანად განახადა, “ევროპის სახალხო პარტიამ, აშკარაა, პასუხისმგებლობა დაიკისრა, ითანამშრომლოს ევროპელ მემარცხენეებთან, ქრისტიანულ დემოკრატიას კი ევროპაში რეალური წარმომადგენლობა არ ჰყავს”. ეს თვალსაზრისი, თუმცა პირდაპირ არა, მაგრამ მაინც ასახულია სამი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაში, მასში ლაპარაკია რადიკალური ძალების მისწრაფებების მიუღებლობაზე, განახორციელონ ევროკავშირის “კულტურული, რელიგიური ტრანსფორმაცია” და გამოთიშონ ევროპელი ერები ევროპის მშენებლობიდან, ამ რადიკალური ძალების სურვილზე “შექმნან ევროპული ზესახელმწიფო, დაანგრიონ ტრადიციები, გადააკეთონ სოციალური ინსტიტუტები და მორალური პრინციპები”.
შეთანხმების მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ ევროპელი ხალხების თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციებს, ევროპული სახელმწიფოების კულტურისა და ისტორიის პატივისცემას, ევროპის იუდეურ-ქრისტიანულ მემკიდრეობასა და საერთო ფასეულობებს, რომლებიც ჩვენს ერებს აერთიანებს…
ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ერების ძირითადი უჯრედი არის ოჯახი. როცა ევროპაში სერიოზული დემოგრაფიული კრიზისია, შობადობა დაბალ დონეზეა და მოსახლეობა ბერდება, ამის პასუხი ოჯახური პოლიტიკა უნდა იყოს და არა მასობრივი მიგრაცია. ფსონი კეთდება ქვეყნებზე, რომლებმაც შექმნეს ევროკავშირი, ამიტომ აუცილებელია, წინ აღვუდგეთ ევროკავშირის მმართველი ორგანოების გარდაქმნას ისეთ სტრუქტურად, რომელიც პრიორიტეტული იქნება ნაციონალურ ინსტიტუტებზე. უარყოფილია ბერლინის წინადადება, გაუქმებულიყო კონსენსუსის პრინციპი ევროკავშირში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, რადგან ეს გადაიყვანს ევროკავშირს “ოლიგარქიის განსაკუთრებულ ფორმაში” და უუნაროდ აქცევს ეროვნულ მთავრობებსა და პარლამენტებს”. ევროკავშირის მმართველ ძალებს ჯერჯერობით რეაქცია არ გამოუვლენიათ ალიანსის გამოწვევის მიმართ, მაგრამ ეჭვი არავის შეეპარა, რომ პასუხს აუცილებლად გასცემენ.
ევროკავშირის ბოსები მთავარ დარტყმას ამზადებენ პოლონეთსა და უნგრეთზე, რომლებსაც ბოლო წლებში რეგულარულად უტევს ბრიუსელი. გამორიცხული არ არის, რომ მათ წინააღმდეგ აამოქმედებენ ფონდებიდან სახსრების გამოყოფის დაბლოკვის მექანიზმებს; გაძლიერდება მიმდინარე საინფორმაციო კამპანია ვარშავისა და ბუდაპეშტის “ბოროტ რეციდივისტებად” წარმოსაჩენად, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობის პრინციპსა და სიტყვის თავისუფლებას. კაჩინსკისა და ორბანის პარტიებს ბრალს დასდებენ სახიფათო ნაციონალიზმის გაღვივებაში, რომლის მსგავსმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. ეს, უწინარესად, იმიტომ გაკეთდება, რომ ალიანსში განხეთქილება შეიტანონ.
როგორც Polska Radio24 აღნიშნავს, ქსენოფობიასა და ფაშიზმში დადანაშაულებამ “უნდა დააფრთხოს ამომრჩევლები, აგრეთვე, უარი ათქმევინოს კონსერვატიულ პარტიებს თანამშრომლობაზე, რადგან, თუკი ცნობილია, რომ მოცემულ ქვეყნებში პარტია X-ს საერთო არაფერი აქვს ფაშიზმთან, მეზობელი ქვეყნის პარტია Y-ს შეიძლება გენეტიკაში ჰქონდეს ნაცისტური ტრადიციები.
შეძლებენ კი ასეთ ვითარებაში ევროპელი კონსერვატორები მდგრადი კოალიციის შექმნას თუ მისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან? მათი ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებენ. როგორც ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ლიდერმა ირატჩე გარსია პერესმა განაცხადა, “ეს უკიდურესად მემარჯვენე, პოპულისტური და ნაციონალისტური კავშირი დიდხანს ვერ გაძლებს”. ხოლო, “ვინც ვერ შეძლებს თანამშრომლობას, საბოლოოდ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, როგორც უკვე ვნახეთ მსგავსი ექსპერიმენტებისას ევროკავშირის პარლამენტში”.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა საბაზისო წერტილებს განსაზღვრავენ კონსერვატორები გამაერთიანებელი პროგრამისთვის.
ევროუნიონისტების საწინააღმდეგო თამაში რაღაც ევროპის შეერთებული შტატების შესაქმნელად საკმარისი არ იქნება, აუცილებელია პოზიტიური პროგრამის წარდგენა სრულიად ევროკავშირის დონეზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსი შედგება პარტიებისგან, რომლებიც ნაციონალურ პრიორიტეტებს ანიჭებენ უპირატესობას, მათ ერთმანეთთან შეთანხმება გაუჭირდებათ, რადგან მოუწევთ ბევრ საშინაო და საგარეო საკითხზე შეთანხმება. მაგალითად, შეთანხმება აშშ-თან (ჩინეთთან და რუსეთთანაც) ურთიერთობაზე. და აქ იქნება ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები, ამიტომ ევროპელი კონსერვატორების ამჟამინდელი აქცია ევროკავშირის “კულტურული რევოლუციისა” და “ცენტრალიზაციის” შესაჩერებლად წინაამდეგობის გაწევის ბოლო თავგანწირული მცდელობა შეიძლება აღმოჩნდეს გლობალიზაციის ზეიმის წინ.
jarex.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა