ევროპა თანდათან ხდება კოკაინით ვაჭრობისა და ამ ნარკოტიკის მოხმარების ცენტრი, _ წერს იტალიური Giornale. თუ ადრე კოკაინის გამავრცელებელ ქვეყნად მიიჩნევდნენ მხოლოდ კოლუმბიას, ბრაზილიას, მექსიკას, აშშ–ს, ახლა ბებერი კონტინენტის კოკაინიზაცია დაიწყო.
თებერვალში გერმანიისა და ბელგიის საბაჟოების თანამშრომლებმა რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს _ 23 ტონაზე მეტი. ტვირთი მიდიოდა ტრანზიტით ჰოლანდიაში. გერმანიის სპეცსამსახურმა ჰამბურგში 16 ტონა ნარკოტიკი 5 საზღვაო კონტეინერში აღმოაჩინა, რომლებიც პარაგვაიდან იყო გამოგზავნილი. კიდევ 7,2 ტონა კოკაინი ამოიღეს ანტვერპენში, სადაც ის პანამიდან შევიდა. “ეს ერთჯერადად ამოღებული ნარკოტიკის ყველაზე დიდი რაოდენობაა მსოფლიოში”, _ განაცხადეს გერმანელმა სამართალდამცველებმა.
ლისაბონში მდებარე ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი იუწყება, რომ პერუდან, ბოლივიდან და კოლუმბიიდან წამოსულმა ნარკოტიკმა წალეკა ევროკავშირის ქვეყნები. ამასთანავე, ნარკოკარტელები კლიენტებს გაცილებით სუფთა და ხარისხიან საქონელს სთავაზობენ. ამჟამად ევროპა, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა მომწამვლელი თეთრი ფხვნილის მოხმარების მიხედვით. მოთხოვნა “საქონელზე” გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. “კოკაინის ცირკულიაცია ევროპის ქალაქის ქუჩებში, _ წერს Giornal, _ ნიშნავს არა მხოლოდ ნარკომანიასა და დეგრადაციას, არამედ ომს ნარკობანდებს შორის ნარკოტიკების ცენტრებზე კონტროლის მოსაპოვებლად, იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრუნვის გაზრდას ბალკანეთიდან დანარჩენ ევროპაში, ხელშეწყობას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულში, ნარკოქალაქების შექმნას ბებერი კონტინენტის გულში…”
ევროპის კოკაინური დედაქალაქი ლონდონია. ბრიტანეთის დედაქალაქის მცხოვრებნი ყოველდღიურად მოიხმარენ 27 კგ სუფთა კოკაინს, წელიწადში კი _ 8 ტონაზე მეტს.
თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა ბევრი ახალი შესაძლებლობა წარმოაჩინა. დაშიფვრის ტექნოლოგიები კი ნარკომოვაჭრეებს შუალედური ეტაპების გამოტოვების საშუალებას აძლევს მყიდველთან მისასვლელ გზაზე. “დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ, ნარკოტიკი შეუკვეთონ, ალბანელებს, სერბებს, ადგილობრივ ბანდებს კი შეუძლიათ, შემკვეთებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი პირდაპირ კარის ზღურბლთან მიუტანონ. ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის გაეროს სამმართველოს მონაცემებით, ინგლისისა და უელსის ზრდასრული მოსახლეობის 2,25% მოიხმარს ნარკოტიკს, შოტლანდიაში უფრო მეტი _ 2,5%.
“ბრიტანეთს, _ წერდა The Gardian-ი, _ უყვარს კოკაინი და მისი სიყვარული ამ ნარკოტიკისადმი ძლიერდება”.
ამასთანავე, კოკაინის მოხმარება “აღარ არის მხოლოდ მდიდრების ხვედრი”, მისი მომხმარებლის რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა ახალგაზრდებში, რაც იწვევს გავლენის სფეროების სისხლიან განაწილებას ნარკოტრაფიკში ჩართულ ბრიტანულ ბანდებს შორის.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის სპეცსამსახურების მონაცემებით, ევროპაში კოკაინის შეტანასა და ვაჭრობაზე კონტროლს იყოფენ ალბანური მაფია “შიპტარე” და იტალიური “ნდრანგეტა”. ისინი მოკავშირეები არიან და ქმნიან საერთაშორისო დანაშაულებრივ კარტელს. გასულ წელს მხოლოდ “ნდრანგეტამ” უფრო მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე “დოიჩე ბანკმა” და “მაკდონალდსმა” ერთად.
ასე რომ, ლაპარაკია ძალიან დიდ თანხებზე და გასაკვირი არ არის, რომ ევროპელ მაღალჩინოსნებს არ ხელეწიფებათ ნარკომაფიასთან ეფექტიანი ბრძოლა _ ისინიც ნარკოტიკების ვაჭრობით მიღებული შემოსავლებით ცხოვრობენ.
კოკაინით მოვაჭრე ბანდებს შორის ქუჩაში ბრძოლებს უამრავი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე თვით ევროპის მშვიდ ქალაქებში. საბერძნეთში ალბანელთა ბანდებს შორის დაწყებულ ბრძოლებში 13 ადამიანი დაიღუპა, შვედეთში _ 124. ნარკობარონები დათარეშობენ საფრანგეთში, მხოლოდ ქალაქ მარსელში ბოლო წლებში 154 ადამიანი მოკლეს.
ბელგიური ანტვერპენი, დიდი ხანია, ევროპის “კოკაინურ კარიბჭედ” (აკონტროლებენ ალბანელები) გადაიქცა. ამ პორტში 2016-დან 2019 წლამდე ამოღებული ნარკოტიკების ღირებულება 3,2 მლრდ ევროს შეადგენდა. ეს უზარმაზარი ფული შესაძლებლობას აძლევთ ნარკოტიკით მოვაჭრეებს, გავლენა იქონიონ დიდ პოლიტიკაზე.
“ანტვერპენის პორტში შემოტანილი ნარკოტიკის (ევროპაში შეტანილი კოკაინის ნახევარი ამ პორტზე მოდის) რაოდენობა ისე დიდია, რომ კორუფცია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, _ ამბობს ანტვერპენის მერი ბარტ დე ვევერი, _ პორტი საცერივითაა დახვრეტილი… ფული, რომელსაც ჩვენ ნარკოტიკების ვაჭრობით ვიღებთ, უზარმაზარია. ეს აღწევს საზოგადოების ყველა ფენაში. აღწევს პოლიტიკაში… ანტვერპენში ჩვენ ვართ იმ ზღვარზე, როცა ადამიანები პოლიტიკურ გავლენებს ყიდულობენ”.
“ბებერი და განარკომანებული ევროპის ქუჩებში სისხლი და კოკაინი მოედინება, რომლის მცხოვრებნიც ნარკოტიკების მოხმარებით ხელს უწყობენ ტრანსნაციონალურ-ორგანიზებულ დანაშაულს ევროპის რუკის გადაკეთებაში”, _ ასკვნის იტალიური გაზეთი Giornale..
Fonds.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ