29 ივნისს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისელებმა გერმანელები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. ეს იყო “უემბლიზე” გერმანელთა პირველი მარცხი 25 წლის განმავლობაში, 1996 წლის 26 ივნისის შემდეგ. 1996 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ნახევარფინალური შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ _ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გაიმარჯვეს გერმანელებმა (6:5). აღსანიშნავია, რომ ერთადერთი პენალტი ინგლისელთა ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა გარეტ საუთგეიტმა გააფუჭა. რამდენიმე დღის წინათ კი მან მწვრთნელის რანგში რევანში იზეიმა და ინგლისელებს უზარმაზარი სიხარული მოჰგვარა.
ინგლისსა და გერმანიას დაპირისპირების მდიდარი ისტორია აქვთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისელები მიხვდნენ, რომ მათი მთავარი მოწინააღმდეგე გერმანელები არიან, თანაც ყველაფერში ეკონომიკით დაწყებული, სპორტით დასრულებული, ამიტომ საფეხბურთო მოედანზე ყოველი შეხვედრა ბრიტანელებისთვის მინიომი იყო (1966 წელს Daily Mail-ის ჟურნალისტმა ვინსენტ მალკროუნმა ომს გერმანელთა ეროვნული სპორტი უწოდა). აღსანიშნავია, რომ გერმანელები თავიანთ პრინციპულ მოწინააღმდეგედ ნიდერლანდელებს მიიჩნევენ.
ინგლისი და გერმანია ოფიციალურ ტურნირზე პირველად 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ (ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა). ინგლისელებმა გაიმარჯვეს 4:2, ჯეფრი ჰერსტმა 3 ბურთი გაიტანა, მაგრამ მესამე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო: 110-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ჰერსტმა მოულოდნელად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და თითქმის ვერტიკალურად ძირს დავარდა, მაგრამ ძალიან საეჭვო იყო, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. მატჩის მთავარმა არბიტრმა, შვეიცარიელმა გოტფრიდ დინსტმა ვითარებაში გასარკვევად გვერდით მსაჯს, საბჭოელ (აზერბაიჯანელ) ტოფიკ ბახრამოვს მიმართა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. გერმანელები ბახრამოვს ეცნენ, მაგრამ ის ცენტრისკენ გაიქცა. სპეციალისტები და გულშემატკივრები ამ გოლს ყველაზე საკამათოდ მიიჩნევენ ისტორიაში. სხვათა შორის, კადრი ტრანსლაციიდან, რომელზეც ცდილობდნენ, დაედგინათ, იყო თუ არა გოლი, ბრიტანელებმა კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელობის მიხედვით მეორე ადგილზე დაასახელეს, შერონ სტოუნის ფეხების გადაჯვარედინების კადრის შემდეგ.
ინგლისელთა კაპიტან ბობი მურს ჟიულ რიმეს თასი დედოფალმა ელისაბედ II-მ გადასცა. მსაჯებმაც მიიღეს სიმბოლური ჯილდოები _ ოქროს სასტვენები ფინალური მატჩის მსაჯობისთვის. დაჯილდოვდა ბახრამოვიც. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ოქროს სასტვენი სამივე მსაჯს გადასცეს. 1996 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოიკვლიეს კადრები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბურთს 7 სმ დააკლდა კარის ხაზის გადაკვეთამდე.
გერმანიისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ 4 წლის შემდეგ მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ინგლისელები ამ მატჩში თითქმის იმ შემადგენლობით გამოვიდნენ, რომელმაც 1960 წელს ჩემპიონატი მოიგო, ოღონდ ეს მეოთხედფინალური შეხვედრა გამოტოვა სახელგანთქმულმა მეკარე გორდონ ბენქსმა, რომელიც საკვებით მოიწამლა. მისი ადგილი კარში პიტერ ბონეტიმ დაიკავა. ინგლისელები იგებდნენ 2:0-ს და მეორე ტაიმში, სიცხის მიუხედავად, კარგად თამაშობდნენ. მწვრთნელმა ინგლისელთა ლიდერი ბობი ჩარლტონი 70-ე წუთზე შეცვალა _ გაუფრთხილდა ვეტერანს, რადგან მატჩის ბედი გადაწყვეტილი ეგონა, მაგრამ ჩარლტონის შეცვლამდე 1 წუთით ადრე გერმანელებმა ბეკენბაუერის ძლიერი დარტყმის შემდეგ ანგარიში შეამცირეს. შემდეგ ინგლისელებმა მეორე ბურთიც გაუშვეს უკვე ზელერის თავური დარტყმის შემდეგ. დამატებით დროში კი გერდ მიულერმა მესამე ბურთი გაიტანა და ინგლისელები გათამაშებიდან გამოთიშა. ინგლის-გერმანიის მესამე ოფიციალური შეხვედრა 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე გაიმართა ესპანეთში. მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა 75 ათასმა მაყურებელმა მოსაწყენი მატჩი იხილა _ 0:0.
1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში ინგლისი და გერმანია ნახევარფინალში შეხვდნენ. ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი კვლავ გერმანელებმა იმარჯვეს.
“ფეხბურთი მარტივი თამაშია: 22 კაცი 90 წუთის განმავლობაში ბურთს აგორავებს, ბოლოს კი გერმანია იგებს”, _ ინგლისელი ვარსკვლავი გარი ლინეკერი იმხანად ზუსტი იყო თავის გამონათქვამში.
“ევრო-96”-ს (როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ გერმანელებს და არა მსოფლიოზე) ინგლისელები შესანიშნავ განწყობაზე შეხვდნენ _ ტურნირი ინგლისში ტარდებოდა. ე.ი., მასპინძლებს უნდა გაემარჯვათ. ნახევარფინალში კვლავ გერმანელებს შეხვდნენ და საქმე კვლავ პენალტების სერიამდე მივიდა. გარეტ საუთგეიტს პენალტი გერმანელთა მეკარე კეპკემ აუღო და ინგლისი გათამაშებას გამოეთიშა. ამ მატჩის შემდეგ ინგლისელმა გულშემატკივრებმა ლონდონში არეულობები გამოიწვიეს და ქალაქი დაარბიეს.
2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში კი ისტორიული მომენტი დადგა _ ინგლისელებმა გერმანელები 5:1 დაამარცხეს მიუნხენში! მაიკლ ოუენმა 3 ბურთი გაიტანა. ამ მატჩის შემდეგ Sunday Mirror-ი ლაკონური სათაურით გამოვიდა Blitzed (“დაბლიცკრიგებულები”). ამ ხნის განმავლობაში ეს იყო ინგლისელთა ერთადერთი გამარჯვება გერმანელებზე.
2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა 1966 წლის ვალი დააბრუნა. ინგლისელთა ნაკრები, რომელსაც იტალიელი ფაბიო კაპელო წვრთნიდა, გერმანიას მერვედფინალში შეხვდა. გერმანელებმა სწრაფად გაიტანეს 2 ბურთი. მეტიუ აპსონმა ერთი გაქვითა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, კიდევ ორ წუთში ფრენკ ლამპარდმა თავზე გადაუგდო ბურთი გერმანელთა მეკარე ნოიერს _ პირველი ტაიმის ბოლოს 2:2 უნდა ყოფილიყო _ ინგლისეები დარწმუნებული იყვნენ, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ამაოდ…
მეორე ტაიმში ტომას მიულერმა ორი ბურთი გაიტანა და გერმანიამ კიდევ ერთხელ დაამარცხა ინგლისი, ფოტო ფრენკ ლემპარდისა, რომელიც ხელებს თავში იცემს იმ პერიდის ჰიტად იქცა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოუბოდიშა კიდეც დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელ პრემიერმინისტრ დევიდ კემერონს, რომელთან ერთადაც უყურებდა მატჩს G20-ის სამიტის მიმდინარეობისას ტორონტოში. ამ შეხვედრას მსაჯობდა ურუგვაელი არბიტრების ბრიგადა ხორხე ლარიონდას ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ ისინი დიდ ტურნირებზე სამსაჯოდ აღარ მიუწვევიათ.
რამდენიმე დღის წინათ კი ინგლისელებმა ძალიან პრინციპულ მატჩში დაამარცხეს გერმანელები _ 2:0.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა