Home რუბრიკები საზოგადოება სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქი კირიონ II

სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქი კირიონ II

წმიდა მღვდელმოწამე კირიონ მეორემ სარწმუნოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ძნელი და რთული გზა განვლო. უსაზღვროდ დიდია მისი დამსახურება ერისა და ეკლესიის წინაშე, რისთვისაც ის საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხდა.

მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.

როგორც სასულიერო ოჯახში აღზრდილს, კირიონ II უფლება მიეცა, უფასოდ სწავლა-განათლება მიეღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1876 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ იგი სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად კირიონმა სათანადო ცოდნა მიიღო მსოფლიო ისტორიაში, გეოგრაფიაში, არქეოლოგიაში და სხვა. აქვე მოხდა მისი მსოფლმხედველობრივი ფორმირება.

კიევის სასულიერო აკადემია 1880 წელს დაამთავრა დისერტაციის წარდგენით, რის გამოც მას ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ერთხანს ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ მუშაობს. 1883 წელს კირიონი, იმდროინდელი საქართველოს ეგზარქოსის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბრუნდება და სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თელავის, გორისა და ქუთაისის სასწავლებლებში. ერთხანს იგი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ასწავლიდა ქართული სიტყვიერების ისტორიას, რუსულ ენას, და საღმრთო ისტორიას.

1896 წლიდან კირიონ II მისიონერულ მოღვაწეობას ეწევა. იგი დაინიშნა “კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებასთან” არსებული სკოლების ინსპექტორად. მართალია, აღნიშნულ თანამდებობაზე მას დიდხანს არ მოუწია მუშაობა, მაგრამ მცირე დროის მანძილზე მისი ინიციატივით ქართლის მთიანეთში აღნიშნულ საზოგადოებაზე დაქვემდებარებული 19 სკოლა დააარსა.

1896 წელს კირიონ II დიდი უბედურება დაატყდა თავს. დაეღუპა ცოლ-შვილი, რის გამოც იგი ბერად აღიკვეცა. ბერად აღკვეცილი კირიონი ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1898 წელს კირიონ II ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და დაადგინეს ალავერდის ქორეპისკოპოსად.

1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალგაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.

1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.მან დაღუპვას გადაარჩინა “ვეფხისტყაოსნისა” და “ქართლის ცხოვრების” რამდენიმე ხელნაწერი.

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. მან საკუთარი სახსრებით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.

1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს.

1903 წელს კირიონ II-ს სამართავად ორიოლის ეპარქია ჩააბარეს. ორი წლის შემდეგ რუსეთის უწმინდესი სინოდის განკარგულებით, იგი სამშობლოში დააბრუნეს და სოხუმის ეპარქიის მმართველად დანიშნეს. კირიონ II-ის მიმართ რუსეთის სასულიერო ხელისუფალთა ასეთი ლოიალობა მათი ლიბერალური პოლიტიკით არ იყო ნაკარნახევი. 1905 წელს იმპერიის მასშტაბით დაწყებული რევოლუციური მოძრაობის დროს მოწინავე ქართველმა საზოგადოებამ და სამღვდელოებამ რამდენიმე პეტიცია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნით გააგზავნა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფალთა უმაღლეს ინსტანციებში. რუსეთის უმაღლესი ხელისუფალნი დროის გაყვანის მიზნით აჭიანურებდნენ ქართველთა კანონიერ მოთხოვნას. იმპერატორის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებაზე, რომლის ჩატარების ვადა წინასწარ არ იყო მითითებული, უნდა გადაეწყვიტათ. აშკარა იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება ელოდა იმ დროს, როცა რევოლუციური მოძრაობა დაცხრებოდა, შემდგომ კი გადავიდოდა შეტევაზე. რევოლუციური აღმავლობის პერიოდში რუსეთის სასულიერო უწყების ზოგიერთი წარმომადგენელი თვლიდა, რომ ქართველთა მიერ ავტოკეფალიის მოთხოვნას გარკვეული დაბრკოლება შეექმნებოდა, თუკი საქართველოს საეგზარქოსოს გარკვეული რეორგანიზაციის შემდეგ ეგზარქოსად დანიშნავდნენ რომელიმე ქართველ მღვდელმთავარს. ასეთ მღვდელმთავრად მათ მიერ მოიაზრებოდა ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი. აღნიშნული მიზეზით კირიონ II სამშობლოში დააბრუნეს და დანიშნეს სოხუმის ეპისკოპოსად. რა თქმა უნდა, კირიონისთვის უცნობი იყო მისი საქართველოში გადმოყვანის ნამდვილი მიზეზი. თუმცა, როგორც მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან ირკვევა, კირიონს 1906 წელს არაერთხელ შესთავაზეს საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა.

სოხუმის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს კირიონ II აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. კირიონ II ეპისკოპოს ლეონიდე ოქროპირიძესთან და სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო 1906 წელს ივნისში პეტერბურგში გამართულ უწმინდესი სინოდის სხდომებში, რომლებზეც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკურობის საკითხი იხილებოდა. მან და მისმა თანამოაზრეებმა რუსეთის ოფიციალურ წრეებს, მართალია, ისტორიულად და ეკლესიური კანონიკის მიხედვით დაუსაბუთეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერება, მაგრამ სინოდმა ქართველთა კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, კირიონი დიდი მონდომებით აგრძელებდა ბრძოლას. კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

1907 წლის სექტემბერში წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა.

1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს.

მას მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია”.

მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება მაინც არ მისცეს.

წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.

ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.

1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს.

1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.

სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა: სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვავაებასა განწმედილო! შენთვის ტანჯული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისავიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა მცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომაპყარ: “არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა” (მთ. 20,28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი”.

კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე მოკლეს. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყვნენ ის წმიდა ადამიანები, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო ხალხში. საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობელის, წმიდა კირიონის სარწმუნოებრივეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს. დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და… 1918 წლის 26 ივნისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.

მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე წმიდანად შეირაცხა და მისი ხსენების დღედ 27 (ახალი სტილით 10 ივლისი) ივნისი დაწესდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here