ღია წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს
ქალბატონო მინისტრო,
აგერ უკვე თვეებია, რაც მორწმუნე საზოგადოება თქვენი უწყებისგან უშედეგოდ ელის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული საბუთების შემოღების შესახებ. ამ გაჭიანურების მიზეზად თქვენ საქმის ნამდვილ, სულიერ არსში გარკვევის აუცილებლობას ასახელებდით, თუმცა, სიმართლე გითხრათ, რაც დრო გადის, მით უფრო მიმტკიცდება აზრი, რომ მართლაც ეს კი არ აფერხებს ამ საკითხის გადაწყვეტას, არამედ ჩვენს ჩინოვნიკებზე ქვეყნის გარედან ზეწოლა, მოსახლეობის აზრის ვითომ კვლევა და მორწმუნეებთან პერიოდული «სამუშაო» შეხვედრები კი მხოლოდ დემოკრატიის ილუზიის შექმნისთვის, ხალხის თვალის ასახვევად მიმდინარეობს. ჩვენს ჩინოვნიკებს, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ავიწყდებათ, რომ ანგარიშვალდებული, პირველ რიგში, არა უცხო ძალების, არამედ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან.
როგორც გაირკვა, ამ პრობლემის მოგვარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ევროკავშირის მოთხოვნაა, მთელი ქვეყნის აიდიზაციის შესახებ, რის გარეშეც ჩვენი ხელისუფლება შიშობს, რომ ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას დაკარგავს. მე კი მგონია, რომ ნატოცა და ევროკავშირიც ის ქიმერა–სატყუარებია, რომლებსაც არც არავინ გვპირდება რეალურად, თუმცა მათ გამო ჩვენს სტრატეგიულ, პრინციპულ, სასიცოცხლო ინტერესებზე უარის თქმას გვაიძულებენ.
ქალბატონო მინისტრო, თუმცა თქვენზე თავიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ გულწრფელი, ხალხის გულშემატკივარი იყავით, ეს შთაბეჭდილება, სამწუხაროდ, თანდათან გამინელდა. ალბათ, გახსოვთ, თუ როგორ გთხოვეთ პირადად ID ბარათების ალტერნატივის საკითხის გადაწყვეტამდე ვადაგასული საბუთებისთვის ვადის გაგრძელება. თუკი თითოეულ ჩვენგანს რაღაც საარსებო წყარო მაინც გვაქვს, არის მორწმუნე ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, პრინციპულად ამბობენ უარს ID ბარათების აღებაზე და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იბრძვიან არსებობისთვის. პირადად მე რამდენიმე მაგალითიც მოგიყვანეთ უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა, რომლებსაც უსაბუთობის გამო ისედაც დუხჭირი ყოფა უკიდურესად აქვთ დამძიმებული. ამიტომ გთხოვეთ, რომ გულთან მიგეტანათ ამ ადამიანების გასაჭირი და მოგენახათ გამოსავალი, რაზეც სიტყვიერი თანხმობაც მივიღე თქვენგან. ამით დაიმედებულმა ბევრ ადამიანს ვურჩიე, რომ წერილობით მიემართათ იუსტიციის მინისტრისთვის დახმარების თხოვნით, რაც მათ გააკეთეს კიდეც, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, მათ დღემდე პასუხიც კი არ მიუღიათ.
ქალბატონო მინისტრო, თუ გახსოვთ, ასევე პირადად დაგისვით კითხვა: რატომ არ გიჩნდებათ ეჭვი, თუ რის გამო გაძალებთ ევროკავშირი ქვეყნის უალტერნატივო აიდიზაციას, თუკი იგი ძველი საბუთებიდან არაფრით განსხვავდება-თქო, რაზეც მიპასუხეთ: არჩვენების გაყალბებისგან უზრუნველსაყოფადო. მაგრამ განა თავად დასავლეთის ქვეყნები არ ხუჭავდნენ თვალს წლების მანძილზე «ნაციონალების» მიერ არჩევნების გაყალბებაზე, სცნობდნენ რა მის შედეგებს დემოკრატიულად?! და განა ასეთი მიამიტია ჩვენი ხელისუფლება, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ იძულების უსუსური მოტივი ასე ადვილად დაიჯეროს? მით უმეტეს, რომ უამრავი კონტრარგუმენტი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ, ხელისუფლების ნების არსებობის შემთხვევაში, ID სისტემა ყველაზე უფრო მოსახერხებელი საშუალებაა არჩევნების გასაყალბებლად.
ევროკავშირის მხრიდან ეს იძულება მით უფრო საეჭვოდ გამოიყურება იმ ფონზე, როცა თავად მის წამყვან წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ასევე თავად აშშ–ში ID სისტემა არაა სავალდებულო.
ასე რომ, ნუ ეცდებით ამ თეთრი ძაფით ნაკერი ტყუილებით ხალხის შეცდომაში შეყვანას და ნურც თავად შეიყრით თვალში ნაცარს, რადგან საბოლოოდ ყველას მოგვიწევს ღვთის წინაშე პასუხისგება ყველა ჩვენს საქციელსა და სიყალბეზე.
მე თქვენ ტელევიზიით მოგიწოდეთ და ახლა პრესის ფურცლებიდანაც მინდა გაგიმეოროთ _ ნუ აღიმაღლებთ თავს და დაჯექით ჩვენთან დებატებში თქვენი არგუმენტებით, თუ ოდნავ მაინც დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და დაე, საზოგადოებამ განსაჯოს, თუ ვისი პოზიციაა ყალბი და ვისი _ არა.
დასასრულს, კიდევ ერთი: აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თქვენ მიმართეთ საპატრიარქოს 15 კითხვით, რომლებზე პასუხებს რატომღაც საიდუმლოდ ინახავთ. ეს თქვენივე უწყებიდან მასმედიის მეშვეობით გახდა ცნობილი. მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ რაღაც ორმაგ თამაშებს, დააკმაყოფილოთ თქვენი ამომრჩევლის ინტერესი, გაასაჯაროოთ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ მის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათეულ ათასობით მორწმუნე ადამიანი პროტესტის ნიშნად არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას!
ხათუნა საგინაშვილი,
ჟურნალ «ქვაკუთხედის» რედაქტორი