პატიმარ გენერალთან საუბარი გრძელდება. იგი მეუბნება: _ მეცნიერი ბრძანდებით, თქვენი ხედვა განსხვავებულია, ის, რაც ჩვენ ვერ გავარკვიეთ, შეიძლება თქვენ გაარკვიოთ… მეცნიერის აზროვნება მაინც სხვანაირია.
არ შევკამათებივარ, მან ხომ დამნაშავე სამყაროსთან ბრძოლა უმდაბლესი ჩინით დაიწყო და გენერლობას მიაღწია, «ამ საქმის» პროფესიონალია. მე კი, დილეტანტი, ვცდილობ, ვიპოვო პასუხი კითხვაზე _ «რატომ არ შეიძლება «იმნაირი» ადამიანების შემობრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ?
მორიგი შეხვედრისას, საუბრის ინიციატორი «ფოსტალიონი» იყო.
_ ბატონო ნაპოლეონ, გუშინდელი «ლიტერატურული საქართველო» მოგიტანეთ. საინტერესო რამეები წერია…
_ მაინც რა?!
_ აი, მაგალითად, _ თქვა და გაზეთი გადაშალა, _ წერია, რომ «ხელისუფლებას, რომელსაც ხალხის რისხვის შიში არ აქვს, დროთა განმავლობაში კრიმინალები ხდებიან». კიდევ წერია: «ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები დაანგრევენ სახელმწფოს», კიდევ… _ და რამდენიმე ამონარიდი წაიკითხა თამაზ წივწივაძის წერილიდან.
_ კი ეგრეა, მერე რა?
_ ის, რომ ჩვენთანაც ასეა, ხელისუფლებას ხალხის აღარ ეშინია, ამიტომ ჩადის ამდენ ბოროტებას, ხელისუფლებაში ბუნდოვანი წარსულის ხალხია, გამოდის, რომ კრიმინალები ჩვენ კი არა, ისინი უფრო არიან…
_ არ გირჩევ ასეთ თემებზე ლაპარაკს, სახიფათოა, _ ვუთხარი მე.
_ ხომ ხედავთ, სანამ თქვენთან მოვიდოდი, სხვებმაც ასე მითხრეს. ყველანი ერთნაირად ფიქრობთ? არადა, განათლებულები ხართ…
«ყველანი ერთნაირად არ ვფიქრობთ, მაგრამ ერთნაირად გვეშინია, აქაც კი _ ციხეში», _ გავიფიქრე, «ფოსტალიონს» კი ვუთხარი, რომ ყველა დროსა და ეპოქაში კრიმინალი ხელისუფლება ადრე თუ გვიან მარცხდება…
_ ეგ როდის იქნება?
_ როდესაც ხალხის მოთმინების ფიალა აივსება. თუმცა ძნელი სათქმელია, მიძინებული ქართველები როდის გამოფხიზლდებიან, _ ჩავილაპარაკე.
«ფოსტალიონმა» უკმაყოფილოდ მოიფხანა თავი, საუბარი აღარ გაგრძელებულა, სიგარეტი გავაბოლეთ და ერთმანეთს დავშორდით.
ერთხელ რატომღაც ხრუშჩოვზე დამიწყო საუბარი: წიგნის წაკითხვის დროს ძალიან ვიხალისეო, კიდევ რაღაცეები გაიხსენა, ბოლოს კი მკითხა:
_ საინტერესოა, სტალინმა მისი ორპირობა როგორ ვერ გაშიფრაო, მაგარი მოთამაშე ყოფილა, რომ თავს ამდენი წელი «ინახავდა», სტალინის სიკვდილის შემდეგ კი რამხელა ბოღმა და სიძულვილი გადმოანთხია.
გამახსენდა, 1964 წლის ოქტომბერში, ხრუშჩოვის გადაყენების მეორე დღეს, ასეთი კითხვა მეც დავუსვი კანდიდ ჩარკვიანს, რომელიც სტალინის დროს საქართველოს კომპარტიას ხელმძღვანელობდა და ნიკიტას იცნობდა.
_ კარგი შემსრულებელი იყო, _ მიპასუხა მაშინ ბატონმა კანდიდმა.
ხრუშჩოვთან დაკავშირებით პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო. 1968 წელს მოსკოვში ჩემი ასპირანტობის მეგობარს ვეწვიე აგარაკზე. მამამისი ცნობილი მეცნიერი იყო. მათი აგარაკის გვერდით ნიკიტა ხრუშჩოვი ცხოვრობდა. ის ხრუშჩოვი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს აზანზარებდა, ახლა კი ყველასგან დავიწყებული პენსიონერი იყო. ნიკიტა მოწნულ სავარძელში იჯდა და ჟურნალ-გაზეთებს ათვალიერებდა. მისალმებაზე ხელის აწევით გვიპასუხა და, როდესაც გაიგო ჩემი ქართველობა, ღობისკენ წამოვიდა.
_ კარგა ხანია, ქართველი არ მინახავს, _ თქვა და ხელი ჩამომართვა.
_ საქართველოში დღემდე გახსენებენ, ნიკიტა სერგის ძევ, _ ვუთხარი მე.
_ უფრო მეტად, ალბათ, მლანძღავენ, 1956 წელი დიდი შეცდომა იყო, _ თქვა, ხელი ჩაიქნია და რაღაც წაიბუზღუნა.
_ კი, ესეც ახსოვთ, _ მივუგე მე.
_ როგორ მიდის საქმეები საქართველოში? _ შეცვალა თემა.
_ ვშრომობთ, როგორც ყოველთვის, საქმე ბევრია…
_ ქართველები ნიჭიერები ხართ, მე დიდხანს ვიმუშავე სტალინთან.
_ თქვენ ამბობთ, სტალინთან?! _ დაბნეულად ვკითხე მე.
_ დიახ, სტალინთან და ეს იყო დიდი სკოლა. ის მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი იყო, ჩვენ კი კაცუნები აღმოვჩნდით. ეჰ… რაც იყო, იმას ვეღარ დააბრუნებ. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი საქართველოში.
_ ეს იყო 1964 წლის ოქტომბერი, ბიჭვინთაში ისვენებდით….
_ ნუთუ ესეც გახსოვთ?
_ ქართველები მეხსიერებას არ ვუჩივით…
_ მდა, _ თქვა და კეფა მოიფხანა, _ მინდა, ქართველებს მოკითხვა გადასცეთ. აბა, ჯანმრთელობას გისურვებთ…
იმ საღამოს დაუჯერებელი ამბავი მომითხრო ჩემმა მეგობარმა: თურმე ნიკიტას კაბინეტში ის პლაკატი აქვს გაკრული, რომელზეც სტალინი ქვეყნის რუკას დასცქერის, პლაკატის ქვევით კი წარწერაა: «ჩვენ გვალვასაც დავამარცხებთ». დაუჯერებელია, არა? მეც ასე ვფიქრობ.
ხრუშჩოვი «ფოსტალიონის» კითხვაზე გამახსენდა.
_ ხრუშჩოვს აღიზიანებდა ის, რომ საქართველო ლამაზი ქვეყანაა, თქვენ ისეთი ნიჭიერები ხართ, ყარა-ყუმის უდაბნოსაც კი ბაღნარად გადააქცევთო, _ უთქვამს და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის _ მჟავანაძის გამჭრიახობა და სიმამაცე რომ არა, შეიძლება ქართველები გადავესახლებინეთ უდაბნოში, _ ვუთხარი ჩემს ციხის «მეგობარს».
_ რა ცუდი და ბოროტი კაცი ყოფილა! რატომ ჰყავდა საქართველოს ყოველთვის მტრები?
_ იმიტომ, რომ საცხოვრებლად კარგი და დოვლათიანი ქვეყანაა.
_ მერე? ახლა რაღა დაგვემართა?
_ გავზარმაცდით, სხვის ხარჯზე ცხოვრებას მივეჩვიეთ, მუქთახორობით კი ქვეყანას ვერ ააშენებ.
_ მერე, ხმას რატომ არავინ იღებს?
_ განა შენს მოტანილ გაზეთებში პროტესტს ვერ ხედავ? ხომ წაიკითხე წივწივაძის წერილი?!. ხმის ამომღები ბევრი გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, მომსმენი და გამგები არავინაა…
_ ჰო, ალბათ, ეგრეა.
იმ დღეს საუბარი ამით დავამთავრეთ.
შემდეგ მოსვლაზე სპილოს ძვლისგან გაკეთებული ღვთისმშობლის მინიატურული ხატი მომიტანა: მათ გისაჩუქრესო, _ მითხრა. ზოგად თემებზე ვისაუბრეთ, შევეხეთ მეორე მსოფლიო ომს, დავახასიათეთ ჩერჩილი, სტალინი… ვლანძღეთ ჰიტლერი!
_ რატომ არის, რომ ქართველები სხვების სამსახურში გამორჩეულები ვართ, შინ კი ვჯაბანდებით? _ იკითხა და თვითონვე მოიყვანა მაგალითები, ეგვიპტელი მამელუქების, ერაყის ქართველი მმართველის, პეტრე ბაგრატიონის, თანამედროვეებსაც შეეხო და შალიკაშვილიც ახსენა _ ყველაზე დიდი ქვეყნის ჯარების სარდალი ქართველი იყოო?!
ვუსმენდი, ახალგაზრდა კაცის აზრიან ლაპარაკს და ვფიქრობდი «მისნაირებზე», რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდნენ საქართველოში. იმაში, რომ მათ ცხოვრებამ დასაწყისშივე უმკაცრესი გამოცდა მოუწყო, ჩემი თაობის ბრალსაც ვხედავდი. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც მათში მტერსა და მეტოქეს კი არა, თანამოაზრეს დაინახავდა, რომელიც იზრუნებდა მათ განათლებაზე, დასაქმებაზე და საციხედ არ გაუხდიდა საქმეს…
_ მართალია, რომ ილია და აკაკი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენო? _ მკითხა ერთხელ.
ყურმოკრულად მეც ვიცოდი, რომ სიბერეში შესულებს ერთმანეთში მართლაც ჰქონდათ უთანხმოება, მაგრამ მართალი იყო თუ არა, მეეჭვებოდა.
_ დიდ ადამიანებს ასეთი რამ ახასიათებთ… შენ თუ წაგიკითხავს აკაკი წერეთლის მიერ წარმოთქმული სიტყვა ილია ჭავჭავაძის დასაფლავებაზე?!
_ დიახ, რასაკვირველია… «თუ საქართველოს»… _ და მან დაახლოებით გადმოსცა აკაკის სიტყვის შინაარსი.
_ მე, როგორც ვატყობ, შენ საკმაოდ გათვითცნობიერებული ხარ ლიტერატურაში!
_ ადამიანს კითხვა უნდა უყვარდეს, მე აქაც ბევრს ვკითხულობ, ციხის ბიბლიოთეკაში. რუსული წიგნებიცაა, მაგრამ მე რუსულში მოვიკოჭლებ.
_ ქართული ლიტერატურიდან რომელი ნაწარმოები და ავტორები მოგწონს?
_ «კაცია ადამიანი?!», დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები, «დათა თუთაშხია», რომელი ერთი ჩამოვთვალო… აი, ლექსებს კი გული ვერ დავუდე, თუმცა მომწონს, როცა კარგად კითხულობენ.
_ «თუთაშხიამ» რითი მოგხიბლა?
_ ჯერ ერთი, ბატონი ჭაბუა ნაღდი კაცია. 15 წელიწადი ციხეში და ლაგერებში იყო და არ ჩაჭრილა, არც სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და ბოლომდე სუფთა კაცად დარჩა. დათაც მას ჰგავს, ასეთი კაცები, სხვისი მონები არასოდეს გახდებიან.
_ კიდევ რომელი გმირები მოგწონს?
_ რა ვიცი, ბევრია ასეთი. მომწონს დონ-კიხოტი, კვაჭი, დანტესი, კიდევ არიან, ალბათ, და არ მახსენდება…
_ რატომ მაინცდამაინც ისინი?
_ რა ვიცი, დონ–კიხოტი, ალბათ, იმიტომ, რომ გულუბრყილოა, მაგრამ კეთილშობილი. თავისი აზრით, ვითომ ბოროტებას ებრძვის. კვაჭი იმიტომ, რომ უბოროტო ავანტიურისტია, მიზანს ისე აღწევს, რომ ცდილობს, სხვები ნაკლებად დააზარალოს, დანტესი კი, სამაგიეროს რომ უხდის ბოროტ ადამიანებს, ალბათ, იმიტომ.
_ შენ საინტერესო მოსაუბრე ხარ. წიგნმა ადამიანი უნდა დააფიქროს…
როდესაც წავიდა, მივხვდი, რომ მეც დაახლოებით მასავით ვფიქრობდი. დონ-კიხოტი ბავშვობიდანვე მომწონდა, ციხეში კი გავაცნობიერე, რომ მას ძალიან ვგავდი _ ნეტავი, რატომ დამარქვეს ნაპოლეონი?!
«ფოსტალიონი» კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. გამიხარდა, როდესაც ისევ მოვიდა. შეფერთხილი და ფერმკრთალი იყო. ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთეო, _ მითხრა.
_ რამდენიმე დღეში ზონაში გადამიყვანენ და დასამშვიდობებლად მოვედი, _ მითხრა გულდაწყვეტილმა.
_ მე მგონი, შენ აქ ცუდად არ იყავი. რატომ გადადიხარ?
_ ზონა ციხეს ყოველთვის სჯობს, აქ კაცი დუნდება და ჯაბანდება, იქ უფრო მეტი თავისუფლებაა.
_ ვადა როდის გიმთავრდება?
_ თუ «უდო» შემეხო, ერთ წელიწადში გავალ. რა ვიცი… აქედან კარგი დახასიათებები მიმაქვს, ალბათ, არც იქ შემეშლება რამე.
_ გარეთ რომ გახვალ, რას აპირებ?
_ ძნელი სათქმელია. საზოგადოება ჩემნაირებს ყოველთვის ალმაცერად უყურებს. არც იმისი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო იზრუნებს ჩემზე. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში შიში, დაბეზღება, ღირსების შელახვა და კიდევ ბევრი რამ ცხოვრების ნორმად იქცა. ვინც ამათ დაკრულზე არ იცეკვა… ახლა გავიგე, რომ შევარდნაძის დროინდელი პოლიციის მინისტრიც აქ მოიყვანეს, გაუხსენეს «ვარდების რევოლუციის» დრო, სხვა მინისტრებივით რომ არ გაიყიდა… ბოდიშს გიხდით, ვიცი, რომ ამ თემაზე არ უნდა ვილაპარაკო იმიტომ, რომ თქვენთვის მტკივნეულია… ქვეყანამ იცის, რომ თქვენ უდანაშაულო ხართ, რომ ერთი კაცის პირადი პატიმარი ხართ, მაგრამ ვინმემ ამოიღო ხმა?! იმიტომ კი არა, რომ თქვენ პატივს არ გცემენ, არა… თავიანთ თავს გაუფრთხილდნენ, შარში არ გავეხვიოთო.
_ ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ! _ ვუთხარი მე.
_ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთ საქართველოში თავმოყვარე კაცი ვერ იცხოვრებს. მე ვინა ვარ, მაგრამ მეც არ მაცხოვრებენ აქ. თქვენი საზოგადოება კანონმორჩილია, მაგრამ რას იგებთ ამით?! ვერაფერს… კანონის წინააღმდეგ ვერ მიდიხართ, თუმცა იცით, რომ კანონები ხელისუფლებისა და მათ ირგვლივ მყოფი ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება…
კიდევ ბევრი რამ თქვა საგულისხმო. სამწუხარო ის იყო, რომ სიმართლეს ამბობდა, მწარე სიმართლეს.
_ გამოდის, რომ ისევ შენს სამყაროში ბრუნდები? იქ რა, ანგელოზები არიან?
_ არა, რასაკვირველია, მე, უბრალოდ, იმისი თქმა მინდა, რომ ჩემი სამყარო ბევრად უფრო სამართლიანია.
ცოტათი დამაბნია მისმა პასუხმა. იგი აღარ იყო ისეთი მორიდებული, როგორც უწინ.
_ მაინც რით არის გამორჩეული შენი სამყარო? რომელ სამართლიანობაზე საუბრობ, როდესაც ადამიანებს ძარცვავთ და შეურაცხყოფას აყენებთ?! _ უფრო მის გასაღიზიანებლად ვთქვი, მინდოდა, რომ ბოლომდე გახსნილიყო.
_ მგონი, ზედმეტი ვთქვი, მე გამოსამშვიდობებლად მოვედი და ჩემი ბჟუტურით, მგონი, გაგაღიზიანეთ.
_ პირიქით, ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობ. მაინტერესებს, რა ხიბლი აქვს ქურდბაცაცობას ისეთი, რომ ადამიანები, რომლებმაც ციხე გაიარეს და ზოგმა რამდენიმეჯერ, ისევ წარსულს უბრუნდებიან?
_ აქედან ფრთიანი ანგელოზი რომ გავიდე, ესენი მაინც არ გამახარებენ. ადამიანს, რომელმაც სასჯელი მოიხადა, მას მუდმივად არ უნდა ახსენებდე წარსულს, არ უნდა აშანტაჟებდე, პოლიციის აგენტი არ უნდა გახადო. მაკმარე ის სასჯელი, რომელიც მოვიხადე, მომეცი უფლება ნორმალური ცხოვრების, იქნებ, მეც მინდა ახალი ცხოვრების დაწყება… არა, ვერ ისუნთქებ თუ ამათ არ შეეკარი, მე კი ამას ვერ ვიზამ, ბოზობას ვერ დავიწყებ. კაცისთვის ამაზე დიდი «გრეხი» არ არსებობს… ალბათ, წავალ საქართველოდან იქ, სადაც არავინ მიცნობს, თუ ცხოვრება ამეწყო, ჩემებსაც წავიყვან. ჯერ არ ვიცი, იქ «რომელ საზოგადოებაში» ვიქნები, მაგრამ, საქართველოში რომ აღარ დავრჩები, ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს.
ეს იყო «ფოსტალიონთან» ჩემი ბოლო შეხვედრა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის დედასთან და დასთან ერთად საქართველოდან წასულა. ვინ იცის, სად ამოყრის ყლორტებს მისი გენები… ანდა ვიცით კი, რამდენი ასეთი საჯიშე გოგო-ბიჭია საქართველოდან იძულებით წასული?! ალბათ, არა…
_ ირაკლიევიჩ, მე თქვენს შორიახლოს რომ დავდიოდი და ზოგჯერ საუბარშიც ვერეოდი, ხომ არ გწყინდათ? _ მკითხა გენერალმა «ფოსტალიონის» წასვლის შემდეგ.
_ არა, რატომ უნდა მწყენოდა!
_ აქ ციხეა, ძნელია კაცის ნდობა, თავდაპირველად ის მოგზავნილი მეგონა, მერე გადავამოწმე და «სუფთა» აღმოჩნდა.
_ გამოდის, რომ მე მიცავდი?!
_ ჩემი დასაცავი რა გჭირთ, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა, მე მგონი, მან კარგი «გაკვეთილები» ჩაგიტარათ.
_ პირიქით, გაკვეთილებს მე ვუტარებდი, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი. კარგი ბიჭია და მინდოდა, ჩვენკენ შემომებრუნებინა, მაგრამ, მგონი, ვერ შევძელი.
_ აზრიანი ბიჭია, მაგნაირებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ მხარეს იქნებიან. თავს ყველგან გაიტანს, არ დაიკარგება, _ მითხრა გენერალმა.
ციხემ დაახლოება იცის. გენერალთან კარგი ურთიერთობა მქონდა და დღემდე მაქვს. სხვათა შორის, ის ჩემი ნარდის მასწავლებელიც იყო: _ ირაკლიევიჩ, ნარდს ისე თამაშობ, რომ კაცს ეჭვიც კი შეეპარება თქვენს აკადემიკოსობაშიო, _ მითხრა ერთხელ. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ნარდის ყველა სახეობას ვთამაშობ და არცთუ ურიგოდ!..
ქვეყანა ის მიწა–წყალია, რომელსაც შენი სამშობლო ჰქვია და სადაც შენი ჯილაგი ცხოვრობს. იგი თითოეული ჩვენგანის საზრუნავია, ქვეყანაც უნდა, ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის საქართველოში ეს ურთიერთობა დარღვეულია.
მკითხველო, აქ რაც წაიკითხე, ლიტერატურულ ჩარჩოებში მოქცეული სინამდვილეა, თუმცა შენც ხომ ამ სინამდვილეში ცხოვრობ?!
ციხეში ხუმრობენ
დეპრესია ცუდი დაავადებაა. ის ძირითადად უიმედო, სასოწარკვეთილ ადამიანებს ემართებათ. განსაკუთრებით თვალშისაცემია დეპრესია ციხეში. მეც მინახავს იქ შეშინებული, კარჩაკეტილი, ეჭვიანი ადამიანები, რომლებიც იოლად ემორჩილებიან ძალადობას. სწორედ ასეთ ადამიანებს იყენებენ ციხის თანამშრომლები ბეზღობისთვის, ჩაუდენელი დანაშაულის დაბრალებისთვის და ყველა იმ ბინძური საქმიანობისთვის, რომლითაც განთქმულია ციხეები.
სივრცეში, რომელშიც მოვხვდი, ძირითადად ძლიერი ადამიანები იყვნენ, ისეთები, რომლებსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ღირსების შენარჩუნება. სხვა პატიმრებთან შედარებით ჩვენ კომფორტულად ვგრძნობდით თავს. ამაში ხელს ისიც გვიწყობდა, რომ ცნობადი სახეები ვიყავით და ერთმანეთთან კონტაქტს იოლად ვამყარებდით. იმ სივრცეში შესვლის მეორე დღესვე მე თავს ვგრძნობდი, როგორც ახლო მეგობრების წრეში.
ციხეში თავის გატანის ყველაზე კარგი საშუალება იუმორია, ზოგჯერ ბავშვური სიცელქეც. ჩვენი ხუმრობა იყო მოზომილი და რაფინირებული. გარედან მაყურებელი ადამიანი ძნელად თუ დაიჯერებდა, რომ ამას ვაკეთებდით ასაკოვანი, ცხოვრებაგამოვლილი, სერიოზული ბიოგრაფიების მქონე ადამიანები.
ერთი შეხედვით, ჩვენი უწყინარი ხუმრობა და ლაღობა ის იარაღი იყო, რომლითაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით და დავცინოდით სააკაშვილის რეჟიმს, ვამხელდით მის უბადრუკ მცდელობას, დეპრესიაში ჩავეგდეთ და «დავეჩმორებინეთ». ჩვენ რეჟიმთან დაპირისპირების მხოლოდ ეს «იარაღი» გვქონდა და მას ეფექტიანად ვიყენებდით…
მაშ ასე, ციხის რამდენიმე ხუმრობა და ცელქობა.
ამბავი პირველი
ზაფხულის პაპანაქება სიცხე ჩვენს საკნებში აღწევდა. სივრცის «ავტორიტეტებმა» სადილისთვის შედარებით გრილი საკანი შევარჩიეთ. ტრაპეზი რომ დავამთავრეთ და დასვენების თადარიგს შევუდექით, საკნის ღია კარში დაბალი ტანის, მელოტი კაცი გამოჩნდა, რომელსაც ხელში ჩანთა ეჭირა, პირში კი… მუნდშტუკში გარჭობილი სიგარეტი. უცნობი, კარის ძგიდეს მიეყრდნო და ძველბიჭურად შეგვათვალიერა.
საკანში სიჩუმე ჩამოვარდა. პატიმრებმა ერთმანეთს გადავხედეთ, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემოსული ან მართალა კერკეტი კაკალი იყო, ან კერკეტობას იბრალებდა.
_ მახო, ვერ ხედავ? სტუმარი კარში გაიჭედა, მიდი გაარკვიე, ვინაა და რა უნდა? _ დავალება მისცა წვერმოშვებულ გამხდარ პატიმარს კუთხეში მიდგმულ ლოგინზე ნებივრად წამოწოლილმა ასაკოვანმა პატიმარმა, რომელსაც კისერზე ხის დიდი ჯვარი ჰქონდა ჩამოკიდებული.
შემოსულმა მუნდშტუკი ნერვიულად აამოძრავა, მის გვერდით მდგარ მახოს ცერად გახედა და თქვა:
_ აქანა ვარ მე გამწესებული, მარა ცარიელ ლოგინს ვერ ვხედავ! _ პატიმრებმა ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს, ცხადია, მივხვდით, რომ ჩვენ წინაშე სახალისო პატიმარი იდგა…
_ ვა… იქნებ ლოგინიც ამოგარჩევიოთ? _ დაცინვით თქვა ერთ-ერთმა.
შემოსულმა თავი აწია და ზევიდან გადმოგვხედა, მერე აულაგებელ მაგიდას თვალი მოავლო და თქვა.
_ აქანე საფერფლე არაა, სიგარეტს სად აქრობთ? _ თქვა და საკანი ისევ შეათვალიერა.
_ აქ სიგარეტს არ ეწევიან, _ უთხრა მახომ.
შემოსულმა სიგარეტი თითებით გასრისა და მუნდშტუკთან ერთად ჯიბეში ჩაიდო.
_ მახო, გაარკვიე ვინაა და აქ რა უნდა? _ გაიმეორა ლოგინზე წამოწოლილმა ასაკოვანმა პატიმარმა და წამოჯდა:
_ მე მეკითხებით? _ იკითხა შემოსულმა.
_ შენ, მა ვის? _ მკაცრად უთხრა მახომ.
შემოსულმა კეფა მოიფხანა, მერე ჩანთა ძირს დადო და თქვა:
_ პატიმარი ვარ მე…
_ აქ ანგელოზები არ შემოჰყავთ. გვითხარი, რა გქვია, გარეთ რას საქმიანობდი, _ ჰკითხა ნამინისტრალმა, რომელიც მის სიახლოვეს ლოგინზე იყო ჩამომჯდარი.
_ დაპატიმრებამდე იურისტი ვიყავი მე.
სახალისო ამბის მოლოდინში საკანი უცებ გამოცოცხლდა…
_ ოო… გასაგებია, იურისტები გვაწყობს. რას აკეთებდი?
_ ერთხანს რაიონებში ვმუშაობდი, _ უღიმღამოდ თქვა მელოტმა, რომელსაც აშკარად არ მოსწონდა ჩვენ მიერ წამოწყებული «დაკითხვა».
_ ამას ქრთამზე დაიჭერდნენ, _ თქვა საკნის სიღრმიდან ვიღაცამ.
_ ხო, მასეა, მაბრალებენ!
_ ალბათ, არ აგიღია, ასეა ხომ? _ დაუსვა შეკითხვა ცნობილმა არქიტექტორმა.
_ ქრთამის აღება დიდი დანაშაულია. ქრთამს ხელს რაფერ მოვკიდებდი?! მერე რაფერ უნდა შემეხედა ბაღნებისთვის, _ თქვა და ცხვირსახოცში მაგრად ჩააჩვიხვინა.
პატიმრებმა ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს.
_ ოო, რას უშვებიან პატიოსან ადამიანებს, რა ეტყობა ამას მექრთამის?!..
_ ჩემი ადგილი უნდოდენ და ამაზე გამაფუჭენ!..
_ ოო, რთული საქმეა, უნდა დავილაპარაკოთ, _ თქვა ასაკოვანმა და პატიმრები თავისთან იხმო. ჩურჩულით თათბირობდნენ, მაგრამ ისე, რომ ზოგიერთი სიტყვა შემოსულს დაეჭირა: «გვაბოლებს», «არიფები ვგონივართ», «ტიპიური მექრთამეა», «მაგრად უნდა გავფცქვნათ» და ა. შ.
მელოტი ყურებდაცქვეტილი იჭერდა სიტყვებს და შეშინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
_ ციხეში რომ ჩამსვეს, მეორე დღეს სოფელში ვინცხამ სახლი მთლად გადამიბუგა, ბაღნები მშივრები დამიტოვეს, _ წუწუნებდა ჩვენს გასაგონად მელოტი.
_ მახო, გაიყვანე ეს ტიპი «კაზინოში» (სათამაშო ოთახი), დაუანგარიშე, რამდენი ქრთამი ექნება აღებული, უთხარი რამდენი აქვს მოსატანი, ვადაც დაუდგინე და მისამართიც მიეცი, სადაც ფულს მიატანინებ, _ «გამოაქვეყნა განაჩენი» ასაკოვანმა და პატიმრები იაპონური ჯოკერის სათამაშოდ მიიწვია.
_ რა ქრთამი, რის ქრთამი, აბაშიძის დროს მაგას ვინ გაბედავდა, ბავშვების საჭმელი ფულიც არ მქონდა, _ გაიბრძოლა მელოტმა.
_ მთლად დაქცეულა ეს კაცი. ფული ხომ არ შეგიგროვოთ, მეგობარო?! _ თქვა ნამინისტრალმა და ხანშიშესულს წინადადება «მიაწოდა», _ წუწურაქი კაცი ყოფილა, ამან არა მარტო ფული უნდა გადაიხადოს, არამედ ყოველდღიური «პერედაჩიც» უნდა მოიტანოს.
მელოტი წაბარბაცდა და კარის ჩარჩოს ხელებით ჩაეჭიდა.
_ მგონი, მე სხვაგან მოვხვდი, წავალ, გავარკვევ, _ ძლივს ამოღერღა.
_ გასარკვევი არაფერია, იქ მოხვდი, სადაც უნდა იყო, _ უპასუხა ვიღაცამ.
_ მითხრეს, იმ საკანში აჭარელიცააო, ასეთს კი აქანა ვერ ვხედავ…
აჭარელი გენერალი მართლაც იყო ჩვენს საკანში, რომელსაც ამ დროს უდრტვინველად ეძინა საკნის სიღრმეში.
_ გენერალო, ადექი, «ზემლიაკი» მოგივიდა, _ შეაღვიძა ვიღაცამ.
წვერმოშვებული, წელს ზევით შიშველი გენერალი, თვალების ფშვნეტით ლოგინზე წამოჯდა და შემოსულს მიაჩერდა.
_ ჯო… შენ ის არა ხარ? იქანა რომ მუშაობდი?
მელოტი გამოცოცხლდა:
_ კი, ისა ვარ, დეიწვა ჩემი გაჩენის დღე…
_ მერე ფეხზე რეიზა ხარ? დაჯექი სუფრასთან, წეიხემსე, მოშიებული იქნები! _ მიიპატიჟა გენერალმა.
_ ჭამა კი არა, თავი აღარ მინდა ცოცხალი, ესენი ფულს მაწერენ, _ დაგვასმინა მელოტმა.
_ ო… ესენი სამართლიანი ხალხია, გაარკვევენ საქმეს, თუ მოსატანი გექნება, ქე მოიტან… ასეთია აქაური წესი, _ მხარი აგვიბა გენერალმა.
_ შენც მაგას ამბობ, ჯო?! იქინა იმგენმა გამატყავეს, ახლა თქვენც მძარცვავთ?!
წარმოდგენის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და საკანი ერთხმად ახარხარდა.
რამდენიმე დღე ვხალისობდით მელოტზე, რომელმაც თავადაც მოგვხიბლა შესანიშნავი იუმორით.
_ იურისტი ვარ, ციხის ცხოვრებას ვიცნობ. ადმინისტრაციაში მითხრეს, რომ კარგ ხალხთან გიშვებთო, აკადემიკოსებთან და ყოფილ მინისტრებთანო, იმიტომ შემოვდგი კარში ფეხი… მარა რომ შეგხედეთ, არც ერთი არ ჰგავდით არც მინისტრს და არც აკადემიკოსს, ყველა სტაჟიან «ზაკონნიკებს» მიგამსგავსეთ, მართალი უნდა ვთქვა, ნამეტანი შემეშინდა, კინაღამ წავხდი ყაზახი…
ნათქვამი იმისი დასტური იყო, რომ ხუმრობა კარგად გამოგვივიდა… ეჰ, რა მსახიობები ეკარგება ქვეყანასო, თქვა ვიღაცამ.
მოგვიანებით, მელოტმა ოპერატიული კასეტა გვაჩვენა, რომელზეც მისთვის ქრთამის მიცემის პროცესი იყო დაფიქსირებული, ქრთამს კი ახალგაზრდა, ტანწერწეტა, ლამაზი ქალი აძლევდა.
_ ასე როგორ შეცდი კაცი, ვერ მიხვდი, რომ მოგზავნილი იყო? _ ვკითხეთ ჩვენ.
_ რაფერ უნდა მივმხვდარიყავი. ოთხი დღე სასტუმროში ჩემთან ხვანხვალებდა, კოცნით მახრჩობდა, მიყვარხარო, მეუბნებოდა.
_ მერე იმ ნომერში სარკე არ გქონდათ? _ კითხა ვიღაცამ.
_ სარკე რა შუაშია?
_ იმ შუაშია, რომ უნდა ჩაგეხედა და შენი თავი კარგად შეგეთვალიერებინა. იმნაირი ქალი შენთან სიყვარულისთვის რომ არ იხვანხვალებდა, მიხვდებოდი.
_ ხო, მაგიც მართალია… მარა, ეტყობა, იმ დროს გავაბდლდი.
სასამართლოზე მელოტს იმ ქალისთვის უთქვამს: რეიზა დამღუპეო… იმას კი ხელები გაუშლია და ახლაც მიყვარხარო, _ უპასუხია.
_ დამცინა, სასამართლოშიც დამცინა მაგ შობელძაღლმა, _ ამოიხვნეშა მელოტმა.
_ ისე, მაგნაირ ქალთან ოთხი ღამე კოტრიალი კი ღირდა ციხედ, _ არ დაინდო მელოტი აჭარელმა გენერალმა.
გაგრძელება იქნება