Home სხვადასხვა დაიჯესტი კანადაში, ყოფილი ინტერნატის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი ბავშვის გვამი იპოვეს

კანადაში, ყოფილი ინტერნატის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი ბავშვის გვამი იპოვეს

კანადაში, ყოფილი ინტერნატის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი ბავშვის გვამი იპოვეს

ქალაქ კამლუპსის ამ სკოლაინტერნატში ინდიელი ბავშვები ცხოვრობდნენ და განათლებას იღებდნენ, _ იუწყება ტელეარხი CBC News. ეს დაწესებულება 1890-დან 1969 წლამდე კათოლიკური ეკლესიის პატრონაჟით ფუნქციობდა; მოგვიანებით დაექვემდებარა ფედერალურ მთავრობას და იარსება 1978 წლამდე.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს სიკვდილიანობა დოკუმენტურად გაფორმებული არ არის. გვამების ერთი ნაწილი 3 წლის ბავშვებისაა”, _ განაცხადა ქალაქ კამლუპსის ინდიელთა თემის თავმჯდომარე როზან კაზიმმირმა. მან დასძინა, რომ ძებნა გრძელდება და გვამების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

გვამები აღმოაჩინეს სპეციალური რადარის მეშვეობით, მაგრამ ეკსგუმაცია ჯერ არ დაუწყიათ.

ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის კორონერმა (სპეციალური მოხელე, რომელიც იკვლევს უჩვეულო ან მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევებს) ლიზა ლაპოინტმა განაცხადა, რომ გამომძიებლები ინდიელთა თემის წარმომადგენლებთან ერთად აგროვებენ ინფორმაციას დაღუპულთა ვინაობის დასადგენად.

“ჩვენ შეგნებული გვაქვს იმ ტრაგედიის სიმძიმე, რომელიც კანადის სკოლა-ინტერნატების სისტემამ უამრავ ადამიანს მოუტანა. დღეს ჩვენი ფიქრი და თანაგრძნობა მგლოვიარეთა მხარესაა”, _ თქვა ლაპოინტმა.

აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა 500-მდე ბავშვი. 1915-დან 1963 წლამდე აქ გარდაიცვალა 51 ბავშვი. საერთოდ კი, კანადის სკოლა-ინტერნატების სისტემა 1930-დან 1996 წლამდე 150 ათას ბავშვს მოემსახურა. ბოლო სკოლა-ინტერნატი 1936 წელს დახურეს. სიმართლისა და შერიგების ცენტრის მონაცემებით, ოთხ ათასზე მეტი ბავშვი შეეწირა ამ სისტემას, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, “რეალური ოდენობა, რა თქმა უნდა, მეტია”.

ინდიელების სკოლა-ინტერნატების მკვლევარ ელენ ტიურპელ-ლაფონდის აზრით, რომელსაც იმოწმებს ტელეარხი, “გვამების აღმოჩენა ადასტურებს იმას, რასაც წლების განმავლობაში აცხადებდნენ აქაური ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენლები: ბევრი ბავშვი, რომლებსაც სკოლებში აგზავნიდნენ, იქიდან აღარ ბრუნდებოდა”. იგი მიიჩნევს, რომ სკოლა-ინტერნატების ამოცანა იყო, მკვიდრი მოსახლეობის შვილები თავიანთი გავლენისა და კონტროლისთვის დაემორჩილებინათ, დაეშალათ მათი კულტურული იდენტობა, გაეწყვიტათ ყოველგვარი კავშირი ოჯახებთან. მისი შეფასებით, ბავშვების სიკვდილის შემთხვევები დოკუმენტურად გაფორმებული არ იყო, რადგან მათი დაღუპვა ფიზიკური და სექსუალური ძალადობით იყო გამოწვეული.

“ეს ტრაგედია ძნელად წარმოსადგენი მასშტაბისაა. სახიერი მაგალითია იმ ძალადობის, რომლითაც სკოლა-ინტერნატების კანადური სისტემა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ იჩენდა: სწორედ იმდროინდელი მხეცობის მაგალითებმა თავი იჩინა ჩვენს დღევანდელობაში”, _ განაცხადა ჯონ ჰორგანმა.

ტელეარხი იუწყება, რომ ვანკუვერის მოქალაქეებმა გარდაცვლილთა ხსოვნა ქალაქის ხელოვნების გალერეის საფეხურებზე ბავშვების ფეხსაცმლისა და სათამაშოების დადებით აღნიშნეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here