Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ამირეჯიბი: ბიძინა ივანიშვილს გარემოცვა არ უვარგა

ლაშა ამირეჯიბი: ბიძინა ივანიშვილს გარემოცვა არ უვარგა

«სახალხო კრების» ერთერთი ლიდერი, ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 8 თანამშრომლის დაკავება, რომელსაც მინისტრ დავით კირვალიძის გადადგომა მოჰყვა, ხელისუფლების ერთი ჯგუფის მიერ იყო   ინსპირირებული და ეს ადამიანები უდანაშაულონი არიან. ამირეჯიბი ამ ოპერაციის დამგეგმვის შესახებაც ღიად აცხადებს, რომ ამის შესახებ სამი კვირით ადრე იცოდა. გარდა ამისა, საქართველო და მსოფლიოს» იგი «სახელისუფლო კულუარების არაერთ ექსკლუზიურ დეტალს უმხელს.

_ ინტერვიუს დასაწყისში მითხარით, რომ წინასწარ იცოდით, თუ რას უმზადებდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები დავით კირვალიძესა და მის თანამშრომლებს. სად და როდის შეიტყვეთ ეს?

_ მე შინაგან საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილ მოადგილეს _ გელა ხვედელიძეს შევხვდი მისსავე კაბინეტში და მასთან გარკვეულ თემებზე მქონდა საუბარი. ჩვენი შეხვედრის შემდეგ იყო, ხვედელიძემ გიორგი ფარესიშვილს ის სკანდალური ვიდეო რომ გამოუქვეყნა და გააუბედურა ეგ ბიჭი, თუმცა თვითონაც გადაჰყვა მაგ საქმეს. ამაზე აღარ შევჩერდები. ჩემთან შეხვედრისას ხვედელიძემ დააანონსა, რომ დათო კირვალიძისა და სოფლის მეურნეობის სხვა მაღალჩინოსანთა საქმეებს უკვე სწავლობდნენ საგამოძიებო ორგანოები. მოკლედ, როგორც იტყვიან, უკვე კუდზე ესხდნენ კირვალიძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ზედა ეშელონებში უკვე გახმაურებული იყო ეს ამბავი. მოკლედ, მე სამი კვირით ადრე მითხრა ხვედელიძემ, რომ კირვალიძეს დაჭერას უპირებდა. ვუთხარი, რას ერჩი, შესანიშნავი ადამიანია, მინისტრადაც ჩინებულია-მეთქი, მაგრამ მე ვინ რას მეკითხებოდა?!

_ რატომ გენდო? რა გარანტია ჰქონდა, რომ კირვალიძეს არ გააფრთხილებდი ან არ გაახმაურებდი ამ ამბავს?

_ მე არც არავის არ გავაფრთხილებდი და არც გავახმაურებდი ამ ამბავს, ეს ხვედელიძემ კარგად იცოდა. თუ რატომ, ამის შესახებ სხვა დროს გეტყვი. ჩვენ გარდა ამ შეხვედრას ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი და კიდევ ერთი პიროვნება ესწრებოდა. გიორგი მამაცაშვილი ვერ უარყოფს, რომ ხვედელიძემ პირდაპირ მითხრა, რომ დავით კირვალიძეს ცუდად ჰქონდა საქმე. მე მაშინვე მივხვდი, რომ მის წინააღმდეგ რაღაცებს ხლართავდა.

_ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებსა და შპს «მექანიზატორის»  ხელმძღვანელებს სახელმწიფო ქონების მითვისებაგაფლანგვას ედავებიან. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. დავიჯერო, ეს ბრალდება შეთითხნა ხვედელიძემ?

_ ეს ბრალდება სამმა კაცმა შეთითხნა: გელა ხვედელიძემ, მთავარი პროკურორის მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა. ეს სამეული ცდილობდა, გაეკონტროლებინა არა მარტო მთელი მსხვილი ქართული ბიზნესი, არამედ ყველა სახელისუფლო სტრუქტურა. გია ხუხაშვილმა დავით კირვალიძეს უთხრა, «ჩემი კაცი» დანიშნე შენს სამინიტროში და ამ კაცისთვის მაღალი პოსტიც მოსთხოვა, რათა სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეკონტროლებინა. გესმის? კაცს მთელი სამინისტროს გაკონტროლების პრეტენზია ჰქონდა და ამას მინისტრს პირდაპირ ეუბნებოდა.

_ კირვალიძე როგორ მოიქცა?

_ როგორც უნდა მოქცეულიყო ღირსეული კაცი და ღირსეული მინისტრი? უხეშად მოიშორა ხუხაშვილი _ ვიდრე მე ვარ მინისტრი, შენს ბინძურ თათებს ჩემს სამინისტროში ვერ აფათურებო. ცოტა უარესი სიტყვებიც აკადრა ხუხაშვილს, რომელთა გამეორებასაც მკითხველს ვერ შევკადრებ. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ამ სამეულისთვის. მანამდე მათ დათო კირვალიძემ საქართველოში არ შემოატანინა იმპორტული, უხარისხო კვერცხი და საბაჟოზე ასი ათასობით დოლარის კვერცხი გაუფუჭდათ. ამ კვერცხის შემოტანაზე უარი კირვალიძემ პირადად ლაშა ნაცვლიშვილს სტკიცა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამით ადგილობრივი მწარმოებლებისა და მოსახლეობის ინტერესები დაიცვა, რაც სამეულს სულ არ ადარდებდა. მოკლედ, გადაეკიდნენ კირვალიძეს და მართალია, ვერ დაიჭირეს, მაგრამ მისი თანამშრომლები დააპატიმრეს.

ახლა ერთ საყურადღებო ამბავზე შევაჩერებ ყურადღებას. ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და შპს «მექანიზატორის»  მესვეურები ტრაქტორების შეძენის საკითხს შეეწირნენ. ტრაქტორების შეძენას სამინისტროში კურირებდა ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. ამ კაცის გარეშე, მაპატიეთ და, ტუალეტში ვერ დადიოდა ის ხალხი, რომელიც ტრაქტორების შეძენაზე მუშაობდა სამინისტროში. ქარსელაძის გარეშე არათუ კონტრაქტი არ ფორმდებოდა რომელიმე კომპანიასთან, ერთ დოკუმენტსაც კი არ აწერდა ხელს არც მინისტრი და არც მისი რომელიმე მოადგილე. ქარსელაძე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იყო სამინისტროში ტრაქტორების შეძენის კუთხით. მე მაინტერესებს, რატომაა გარეთ ქარსელაძე და რატომ არ დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი? ყველაფერს სათავეში ქარსელაძე ედგა და როგორ აღმოჩნდა, რომ  ტენდერი, რომელსაც ის თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა, კანონდარღვევით ჩატარდა და იქ ვიღაცებმა ხელის მოთბობა მოისურვეს? წესით, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მაგრამ გამომძიებლებს ქარსელაძის პიროვნება სულ არ აინტერესებთ. ვიდრე პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილია, ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ და არც ირაკლი ქარსელაძით დაინტერესდება ვინმე.

_ შენ არაერთხელ გითქვამს, რომ ხუხაშვილს, ნაცვლიშვილსა და ხვედელიძეს მთელი ქართული ბიზნესისა და სახელისუფლო ვერტიკალის გაკონტროლება სურდათ. დავუშვათ, ეს ვერსია მართალია. გელა ხვედელიძის დაჭერის შემდეგ მათ სერიოზული დასაყრდენი გამოეცალათ. გამოდის, საკუთარი გეგმის შესრულებას ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი ვეღარ შეძლებენ.

_ ჯერ ერთი, ეს ვერსია არ არის, მე ფაქტებით ვსაუბრობ და ამ სამეულს მართლა სურდა ქართული ბიზნესისა და სახელისუფლო ვერტიკალის სრულად გაკონტროლება. მეორეც, მართალი ხარ, ხვედელიძე მათთვის უდიდესი დანაკარგია, აუნაზღაურებელიც, რადგან ის ქვეყნის უშიშროების უფროსი იყო, ფლობდა უზარმაზარ ინფორმაციასა და სახელისუფლო ბერკეტებს. თუმცა ამ სამეულში მთავარი ფიგურა გია ხუხაშვილი იყო და მას ხვედელიძის განეიტრალების შემდეგ ეს სურვილი არ გაქრობია. ჩემი ინფორმაციით, ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი კვლავაც ცდილობენ იმავეს _ ბიზნესისა და აღმასრულებელი სტრუქტურების დამორჩილებას. მე როგორც ვიცი, ეს ორეული მესამე კაცის შეამხანაგებას აპირებს ამ მიზნის მისაღწევად. მართალია, მას იმხელა რესურსი არ გააჩნია, რაც ხვედელიძეს ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ წონიანი ფიგურაა.

_ ბარემ მითხარით, ვინ არის.

_ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი. ჩემი ინფორმაციით, მელაშვილი ხუხაშვილის კანდიდატურაა და ამ ვარიანტზე ნაცვლიშვილიც თანახმაა.

_ თუ შენი ინფორმაცია მართალია, პრემიერმინისტრის ორი მრჩეველი «რუხ კარდინალად» გვევლინება

_ მე რასაც ვლაპარაკობდი საქვეყნოდ, რომ ხვედელიძე არ არის წესიერი ადამიანი-მეთქი, მაშინ პრემიერის გარემოცვა მისი «გათეთრებით» იყო გართული. იქნებ ახლა მაინც მომისმინონ და დამიჯერონ? ბევრი მითქვამს გია ხუხაშვილის ავკაცობის შესახებ, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვთქვა: ამ კაცს პატარა ბავშვები აღარ ენდობიან, რადგან საქვეყნოდ ცნობილი მატყუარაა. გეფიცებით, მეცოდება ეგ კაცი… ხან ჩეჩნები დაათრევდნენ მანქანის საბარგულით აღმა-დაღმა, ხან ქართველები და ხანაც აზერბაიჯანელები.

მანქანის საბარგულში რა უნდოდა?

_  რა მიამიტივით მეკითხები, თუ კაცი ხარ? არ იცი, საბარგულში რატომ ხვდებიან ადამიანები? იმიტომ, რომ გია ხუხაშვილმა ჩეჩნები დიდ ფულში გადააგდო, 2 კვირა საბარგულით ატარეს შემდეგი რეისით: გროზნო-მოსკოვი-გროზნო და მერე გამოუშვეს. ფული გადაიხადა და იმიტომ გამოუშვეს თუ შეეცოდათ, ეს აღარ ვიცი, დანარჩენი ბიძინა ივანიშვილმა გაიკითხოს თავის მრჩეველზე. საამისო კავშირები, ვის-ვის და ივანიშვილს ნამდვილად აქვს. მერე, გოგი ლიპარტელიანთან მუშაობდა ნავთობკომპანიაში, ეს კაციც «გადააგდო», საქმე სოლიდურ თანხებს ეხებოდა, მე რამდენადაც ვიცი, გოგი ლიპარტელიანს მთელი ვაგონი ნავთობპროდუქტი «მოუტეხა». ამის შემდეგ კიდევ მოუწია მანქანის საბარგულით «სეირნობა» ხუხაშვილს. მერე «სოკარში» მუშაობდა და არც იქიდან წამოსულა კარგი სახელით. «სოკარის» ხელმძღვანელები მოატყუა, თბილისში ბინა არ მაქვსო, კომპანიამ ბინა მისცა  სოლოლაკში. ხუხაშვილმა კი, იცი, რა ქნა? «სოკარის» მიცემული ბინა გააქირავა და თბილისში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. კარგი, ჩეჩნები შორს არიან, მაგრამ «სოკარის» მესვეურნი და გოგი ლიპარტელიანი ხომ თბილისში არიან? ჰკითხოს მათ ივანიშვილმა, ერთმა ან მეორემ რატომ გამოაგდო ეს კაცი სამსახურიდან? ხუხაშვილი რკინიგზაშიც მუშაობდა 2004-2006 წლებში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და  რკინიგზის კორპორატიული დირექტორი იყო. დღეს ფინანსური პოლიციაა შესული რკინიგზაში. მაინტერესებს ერთი, იმ პერიოდს შეისწავლის თუ არა ფინანსური პოლიცია, როცა იქ ხუხაშვილი მუშაობდა? არადა, მაქვს ინფორმაცია, რომ მას არაერთი კანონდარღვევა აქვს იქ მუშაობის დროს ჩადენილი და საქმე მის მიერ  გაფლანგულ მილიონებს ეხება.

_ როგორ ფიქრობ, რატომ არ ინტერესდება გია ხუხაშვილის წარსულით ბიძინა ივანიშვილი, როცა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, შარშან დაიწყო ამ კაცის საეჭვო წარსულზე მედიით ლაპარაკი?

_ რა გითხრათ? ალბათ, ჰიპნოზს უკეთებს ხუხაშვილი… ისე, ამ კაცს შეუძლია, ტარაბუა დაახვიოს ნებისმიერ ადამიანს და დააჯეროს, რომ დიდი საქმეების გამკეთებელია, მაგის დიდოსტატი ნამდვილად არის. ეტყობა, ივანიშვილიც გააბრუა. ისე, მარტო ხუხაშვილში არ არის საქმე. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს არ უვარგა გარემოცვა. პრემიერის მთელი გარემოცვა რომ გადაადნო, ერთი ვიტალი ხაზარაძე ძლივს გამოვა. ვიდრე ეს ხალხი დაღუპავდეს, დროა, მოიცილოს. მარტო მრჩევლებზე არ არის ლაპარაკი. მინისტრებიდანაც, ყველას ნდობა არ შეიძლება. ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, ლევან ყიფიანი… ესენი ნამდვილად მისი ერთგული ხალხია და შეიძლება მათ დაეყრდნოს. იგივე შეიძლება ითქვას «ქართული ოცნების» საპარლამენტო დეპუტაციაზე. თითები არ მეყოფა იმ ხალხის ჩამოსათვლელად, რომლებიც ბატონ ბიძინას ბოლომდე უერთგულებს და პირველსავე გასაჭირში არ მიატოვებს. რესპუბლიკელები ავიღოთ. 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი 0,6% იყო. აი, ასეთი მომაკვდავი პარტია ჩაიბარა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს და დღეს ამ პარტიას პარლამენტში ხომ ჰყავს სოლიდური წარმომადგენლობა სპიკერის ჩათვლით, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც უჭირავთ საკვანძო პოსტები.

გარდა ამისა, არაერთ რაიონს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. მოკლედ, ლამისაა, მთავარ სახელისუფლო პარტიად მოგვევლინონ რესპუბლიკელები. არადა, მათი და «ნაციონალების» იდეოლოგია არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ხალხს ეგენი რომ სდომებოდა ხელისუფლებაში, 0,6% არ ექნებოდათ რეიტინგი. თანაც ქართველი ხალხი რა მოწყალეცაა არჩევნებისა და სოციოლოგიური კვლევების დროს, ხომ ცნობილია, არა? რესპუბლიკელები, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, «ნაცმოძრაობის» ფაშისტური რეჟიმის ნარჩენების გადასარჩენად იბრძვიან. ვინ დაავალა მათ ეს საქმე? ხალხის დაკვეთა ამ რეჟიმის ნარჩენების მოცილებაა და არა «ნაცმოძრაობის» რეანიმაცია. რეგიონებში ხომ არნახულ  კოაბიტაციაში არიან რესპუბლიკელები «ნაცმოძრაობასთან» და ეს უკვე საერთო საქმის ღალატია. ვისაც არ ეზარება, ნაციონალებიდან რესპუბლიკურ პარტიაში გადადის, მერე ამ ხალხს ან გამგებლად ნიშნავენ რესპუბლიკელები, ან მის მოადგილედ ან სოფლის რწმუნებულად. რაიონებში არაერთ საკრებულოში გარესპუბლიკელებული «ნაცები» არიან უმრავლესობაში, «ნაციონალ» გამგებლებს ხსნიან და მერე იმაზე უარესს ნიშნავენ, ცხადია, ისევ ყოფილ «ნაციონალს». მოკლედ, ის ხალხი მოჰყავთ ისევ თანამდებობებზე, რომლებიც წლების მანძილზე ამ ხალხს ატერორებდნენ და სისხლს სწოვდნენ.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკელები და მისი გარემოცვის სხვა წევრები ამას შეგნებულად უკეთებენ, რათა ხალხს დააშორონ, ხალხი აუმხედრონ,  ნდობა დაუკარგონ. ამით ივანიშვილის «ქართული ოცნების» რეიტინგიც დაეცემა. დროა, გამოფხიზლდნენ. 

_ ანუ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გარემოცვის წევრები საბოტაჟს უწყობენ?

_ კი, ეგრე გამოდის. «ქართული ოცნების» რაიონული და რეგიონული შტაბები გელა ხვედელიძემ დააკომპლექტა, ის იყო «ქართული ოცნების» რეგიონული სამსახურის უფროსი. რატომ არავინ ინტერესდება მის მიერ დანიშნული ხალხით? ზოგი პოლიციის სამმართველოს უფროსია, ზოგი _ ფინანსური პოლიციის სამმართველოს შეფი, ზოგი _ გამგებელი და ზოგიც _ საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონებში ამ ხალხს საკვანძო პოსტები უჭირავთ, ბიძინა ივანიშვილის სახელით ლაპარაკობენ    და გადაწყვეტილებებს «ქართული ოცნების» სახელით იღებენ. ვინ არიან ეს ადამიანები, რა დამსახურებისთვის გახადა ისინი წარჩინებული გელა ხვედელიძემ?

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here