ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ლადო ასათიანის პრემიების ლაურეატმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» (2013 წლის 5-11 ივნისის #20) ფურცლებიდან ქვეყნის პრემიერს მიმართა. იგი დეტალურად საუბრობდა, თუ როგორი დარღვევებითა და უფლებების გადამეტებით მიმდინარეობდა კულტურის სამინისტროში გამოცხადებული კონკურსი, რომლის თანახმადაც ერთი წლის გამოცდილების მქონე გამოცემები უნდა დაფინანსებულიყო. რას ედავება კულტურის სამინისტროს პოეტი ვაჟა ოთარაშვილი, რა გამოხმაურება მოჰქვა ბიძინა ივანიშვილის ამ საქმით დაინტერესებას და გრძელდება თუ არა «ჩარეცხილების» თემა ახალი ხელისუფლების პირობებშიც _ ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე «საქართველო და მსოფლიოს» ვაჟა ოთარაშვილი ესაუბრა.
_ ბატონო ვაჟა, ვიცი, რომ გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» გასული თქვენი მასალის შემდეგ კულტურის სამინისტროდან არავინ გამოგეხმაურათ.
_ კულტურის სამინისტროს მხრიდან არ მოჰყოლია, თორემ ისე თქვენი გაზეთი მთელმა ქვეყანამ წაიკითხა, ინტერნეტის საშუალებით საზღვარგარეთაც წაიკითხეს. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა. «ნაციონალური» ხროვის გეზი საქართველოში არ შეცვლილა და ეს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პრობლემაა. საზოგადოებაში მხოლოდ შიში გაქრა, თორემ ქვეყნის განვითარების გეზი არ შეცვლილა.
სანამ თქვენამდე მოვიდოდი, თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემაში ვწერდი წერილებს სათაურებით: «ოდიშარია საბიუჯეტო თანხებს ტენდენციურად განკარგავს», «ბატონო ბიძინა, კულტურის სამინისტროში იმაზე მეტი დომხალი და კრიმინალია, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო», გამოვედი მედიაკავშირ «ობიექტივის» არხზე და იქაც ხმამაღლა განვაცხადე, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი ანტიქართულ საქმეს ხმარდება, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასე უგულისყუროდ მოიქცეოდნენ, ასეთი ცინიზმით მიუდგებოდნენ ამ საქმეს.
რაკი სხვა გზა აღარ დამრჩა, გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ეს ნომერი პრემიერს ბრიფინგზე გადავეცი, თან ვუთხარი, რომ გაძლევთ გაზეთს, რომელშიც ყველაფერი ნათლად არის აღწერილი. დიდ მადლობას ვეტყვი პრემიერის პრესსამსახურის თანამშრომელს _ მანანა თოქმაჯიშვილს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, რომ შეკითხვა დამესვა. აღმოვაჩინე, რომ ბატონი ბიძინა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. იმ ქარბორბალაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო არსებობს, არა მარტო «ნაციონალური» ხროვა, არამედ კოალიციაში შემავალი ძალებიც მონაწილეობენ, რომელთა ტუსაღიცაა, როგორც ჩანს, პრემიერი.
მეჩვენება, რომ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფალი არ არის. ის პოლიტიკურ ბრძოლებში გამოუცდელია, მაგრამ საკმაოდ კარგი ბიზნესმენია, თუმცა ბიზნესმენობის დროს რუსეთში პოლიტიკასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემთვის ერთი რამაა ცხადი, რომ საქართველოში პროქართული პოლიტიკა არ მიმდინარეობს, ქართული სახელმწიფოს დაქცევა გრძელდება. ჩემთვის საქართველოს განვითარების გზა კონსტიტუციურ მონარქიაზე გადის. არ მაინტერესებს, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, ჩემი დევიზია «როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!» და მე ვხედავ იმას, რომ ჩემს სამშობლოს ყოველდღე თითო აგური ეცლება და ინგრევა. ამ ნგრევაში წვლილი დღევანდელ ხელისუფლებასაც შეაქვს, ისინი არაფერს აკეთებენ ქართველი ხალხის პირობების გასაუმჯობესებლად.
_ ბატონო ვაჟა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგზე ხმა მიაწვდინეთ და თქვენი სატკივარი უთხარით?
_ ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგი 3 ივლისს იყო, მას შემდეგ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ პრემიერი დამპირდა, რომ პირადად დაინტერესდებოდა პრობლემით, ამის შემდეგ, მეორე დღესვე, იმის მაგივრად, რომ კულტურის სამინისტრო დაინტერესებულიყო პრეტენზიებით, რომელიც მე, ვაჟა ოთარაშვილს _ პოეტს, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, ალმათის პოეზიის ფესტივალის, ბალტიისპირეთის ქვეყნების პოეტური ფესტივალის, ქრისტიანული პოეზიის ფესტივალისა და სხვადასხვა ლიტერატურული პრემიების ლაურეატს, ათი პოეტური კრებულის ავტორს, ავტორს ლექსებისა, რომელიც 15 ენაზეა თარგმნილი, ჟურნალ «ლიტერატურა და ხელოვნების» გამომცემელსა და მთავარ რედაქტორს. ავტორს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციისას, ე.წ. კულტურის მინისტრის ვინმე მოადგილე მპასუხობს და მწერს ასეთ რამეს: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმაურება 3 ივლისს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პრეკონფერენციაზე მოქალაქე ოთარაშვილის მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო პრეტენზიას. ამ ვინმე მოადგილის გვარია მარგიშვილი. ვინ არის მარგიშვილი? ადამიანი, რომელიც მუშაობდა «სახალხო ბანკში», «საქართველოს ფოსტაში» და ახლა კულტურის სფეროში აღმოჩნდა. მას მინდა ვუთხრა: მარგიშვილო, შენი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულია, შენ უნდა ითვალო შენი ფულის აისბერგები, პირველივე სიტყვებიდან ჩანს, როგორი ანტიქართული პოლიტიკაა, მოქალაქე მარგიშვილი არ იცნობს ოთარაშვილს, ასეთი მოადგილეები ჰყავს ოდიშარიას, რომელმაც თემურ-ლენგის აულად აქცია კულტურის სამინისტრო. აი, მესმის მიდგომა შემოქმედებით ინტელიგენციასთან, მათი «გულისხმიერი» დამოკიდებულება. მარგიშვილო და ოდიშარიავ, თქვენ როცა ფულის «აისბერგებს» ითვლიდით, მე რუსთაველზე, რიყეზე თუ იპოდრომზე ჩემს ივერიელებთან ვიდექი…
_ თემურლენგი რა შუაშია?
_ მტარვალი თემურლენგის მახინჯი სული და სხეული ვერ იტანდა ქართულ კულტურას. მარგიშვილი მწერს, რომ თურმე 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე ლიტერატურის დაფინანსებისთვის არ გამოუცხადებიათ არც ერთი კონკურსი, ტენდერი და თავისთავად პასუხი მიღებულია. მოქალაქე მარგიშვილი ატყუებს ქართულ საზოგადოებას და ბიძინა ივანიშვილს. როდესაც კულტურის სამინისტრომ მწერლის სახლის ეგიდით კონკურსი გამოაცხადა, მეგობრებმა მირჩიეს, რომ კონკურსისთვის სურათი გადამეღო. ჩემთვის განკუთვნილ წერილში ისიც წერია, რომ კულტურის სამინისტროს არავითარი კავშირი არ აქვს მწერლის სახლთან, ამდენად, დაფინანსებასაც არ აპირებს. ვინმე მარგიშვილს ავიწყდება, რომ მწერლის სახლი არის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მის დირექტორსაც კულტურის მინისტრი ნიშნავს და კონტროლსაც ახორციელებს მასზე. ასევე მწერს, რომ კონკურსი, მწერალთა სახლმა გამოაცხადა და კონკურსის ფარგლებში შემოსული განცხადებებიც განიხილა მწერალთა საბჭომ, მე კი მაქვს ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ საბჭო, რომელიც განიხილავს განცხადებებს, არის მინისტრის მრჩეველთა საბჭო, ხოლო დარბაზს, რომელშიც კომისიის წევრები სხედან, დიდი ასოებით აწერია «კულტურის სამინისტრო». აი, კიდევ ერთი საბუთი, რომ ვინმე მარგიშვილი ცრუობს.
არანაირი კონკურსი არ გამოგვიცხადებიაო და მარგიშვილი იქვე ლიტერატურის დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხაზე საუბრობს, კერძოდ, 1 მილიონ 50 ათას 750 ლარზე, რომლიდანაც, როგორც თავადვე განმარტავს, გაიხარჯა 267 ათას 810 ლარი.
ვეკითხები მოქალაქე მარგიშვილს: თუ არანაირი კონკურსი არ გამოცხადებულა, რაში დაიხარჯა ეს თანხა? ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ შევხვდი კულტურის მინისტრს, ასევე ნიკა რურუას დანიშნულ წიგნის სახლის დირექტორს _ ნატაშა ლომოურს, რომლებმაც შესანიშნავად იციან, რომ ჩემი ჟურნალის სახელით სამინისტროში ნამდვილად შევიდა განაცხადი, ათ სხვა განაცხადთან ერთად. ახლა კი ამის აღიარება არ უნდათ. და აი რატომ:
კონკურსში პროექტების მიღების ვადა 11 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღვრული. სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული კონკურსის პირობის თანახმად, მასში მონაწილე პირებს უნდა ჰქონოდათ მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. მაგრამ 29 მარტს მწერალთა სახლის «ფეისბუქის» გვერდზე მათ კონკურსის სულ სხვა პირობები დადეს, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იგივე პირობები იდო. როდესაც ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგზე ამის თაობაზე ვუთხარი, აღმოჩნდა, რომ ამ ვაიკულტურის მუშაკებმა ოფიციალურ გვერდზეც შეცვალეს ეს ინფორმაცია, რითაც თვალებში ნაცარს აყრიან საზოგადოებასაც და ბიძინა ივანიშვილსაც.
ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ გაემარჯვა მათ ფავორიტ ჟურნალ «ახალ საუნჯეს», მაგრამ ვაჟა ოთარაშვილის ძალისხმევის შედეგად, ფული ხელში გაუშეშდათ. რატომ აფინანსებენ «ახალ საუნჯეს»? იმიტომ, რომ მინისტრის მრჩევლის _ თეონა დოლენჯაშვილისაა. «ახალი საუნჯე» არის ჟურნალი, რომელშიც ვინმე კოდალაშვილი აგინებს ჩვენს წმინდანებს, «ლიტერატურული ფარისევლები» _ ასე ეწოდება მის ამ ნაბოდვარს, რომელიც «ვეფხისტყაოსნის» გმირებს, «აბესალომ და ეთერს», «ოთარაანთ ქვრივს» საშინლად მოიხსენიებს. ასეთი ყვავ-კოდალები დაფრინავენ ოდიშარიას სამინისტროში. არ გავჩერდები, მირჩევნია შევაკვდე ამ საქმეს, ოღონდ კულტურა გადავარჩინო. კულტურა არის ეროვნული ფენომენი, ის არის ჩვენი ტრადიციების დამცველი. არ მინდა, ჩემი მომავალი თაობა აღიზარდოს დეისაძის, კოდალაშვილის და მისთანების ნაბოდვარზე. მეშაირე ოდიშარიას კულტურის არაფერი გაეგება. მაშ, რაში იღებთ ამხელა ხელფასს, ბატონებო და ქალბატონებო, მაშინ, როდესაც ქართველ შემოქმედთა აბსოლუტური უმრავლესობა სიღარიბის ზღვარზეა?…
დღეს კულტურის მინისტრი ისევე ატარებს კონკურსებს, როგორც ატარებდნენ გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ა. შ. ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შესაყრელად.
ზუსტად იგივე ქარიშხალი დატრიალდა ჩემი მეგობრის _ ლევან ანჯაფარიძის გარშემო. ცნობილმა რეჟისორმა ორი კვირა იშიმშილა გამოცხადებული კონკურსის პირობებისა და შედეგების გასაჯაროებისთვის, მაგრამ კინოცენტრმა ქართული კინოს განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა ჟიურის წევრებს შორის გაანაწილა.
მოქალაქე მარგიშვილო და მინისტრო ოდიშარია, «მამა აბრამის ბატკნებად რომ მოგაქვთ თავი», გაბედეთ და მთელი თქვენი გუნდით დამიჯექით პირდაპირ ეთერში, გაეცით პასუხი საზოგადოებას. მე ყველა ჩანაწერი მაქვს კულტურის სამინისტროს აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით. მოვითხოვ, გადადგეს გურამ ოდიშარია და ასევე დატოვოს თანამდებობა ნატაშა ლომოურმა. ისევ მივმართავ ბატონ პრემიერს: ბატონო ბიძინა, გთხოვთ, რამდენიმე წუთი დამითმოთ, რათა დეტალურად აგიხსნათ, თუ როგორ ატყუებენ სამინისტროს თანამშრომლები ქართულ საზოგადოებას, დაგარწმუნოთ, რომ ისინი არ ემსახურებიან ქართული კულტურის წინსვლის საქმეს თავიანთი ფინანსური მაქინაციებით. ვფიქრობ, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები, რომლებთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებ. უნდა გამოიკვლიონ მათი საეჭვო «ვოიაჟები» საზღვარგარეთ, რომელიც ქართული კულტურის აღორძინებას არ ემსახურება, რატომ იხარჯება მათ ვიზიტებზე ამდენი ფული? საქართველოში რაიონი არ არის დარჩენილი, რომელიც ცეკვა-თამაშითა და დოლ-გარმონით არ შემოევლოთ, არსებობს ამის საბუთებიც.
_ სააკაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს «ჩარეცხილები» უწოდა, დღესაც იგივე ტენდენცია შეიმჩნევა?
_ მართალი ხართ, თქვენ ზუსტად შენიშნეთ. თავის დროზე ჟურნალი «ლიტერატურა და ხელოვნება» სააკაშვილმა «ჩარეცხა», იმავეს აგრძელებს ოდიშარიას, ოსმალური კულტურის ძეგლების გადარჩენაზე მზრუნველი კულტურის სამინისტრო, მარგიშვილების ხელით. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გურამ ოდიშარია იქნება თუ ნიკა რურუა მინისტრი, სახელები და გვარები არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ არაფერი შეცვლილა. ამაში საქართველოს კულტურის სფეროს უამრავი მუშაკი დამეთანხმება. ხალხი ელოდა, რომ «ოცნება» მოვიდოდა და ეროვნული ცნობიერება გაიღვიძებდა, წინ წამოიწევდა, ხალხზე ზრუნვა დაიწყებოდა, ამათ კი უარესი გააკეთეს, უარესი იმ თვალსაზრისით, რომ «ნაცების» ხროვა საშინელებებს პირდაპირ და დაუფარავად აკეთებდა, ესენი კი საზოგადოებას თვალს უხვევენ და ატყუებენ. ყველამ ვიცოდით, რომ სააკაშვილის ფავორიტები იყვნენ ბუღაძე, დეისაძე და მათნაირები, ანუ ქართული ცნობიერების მაგინებლები და ამას არც მალავდნენ. იმავეს აკეთებს გურამ ოდიშარია, ოღონდ, «ოცნების» ხილაბანდმოფარებული, თვალებში გიყურებს მიამიტი სახით.
ბატონო ბიძინა, ქართული კულტურა ქართველი კაცის ხერხემალთა ხერხემალი და ბალავართა ბალავარია და მას მოფრთხილება სჭირდება!
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი