დანია ჯაშუშური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა; გაირკვა, რომ სამეფოს სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპელი პოლიტიკოსების საუბრების მიეყურადებაში _ იწერდნენ შვედეთის, ნორვეგიის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირების საუბრებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრიეს, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის, სატელეფონო საუბრებს. სქემა გამოამზეურეს ჟურნალისტებმა.
კოპენჰაგენის პორტის შესასვლელს ცნობილ ქალთევზასთან ერთად იცავს ციხესიმაგრე კასტელეტი _ ზარზაბნებიანი თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობაც არ დაუკარგავს. იქ განლაგებულია დანიის სამხედრო დაზვერვა ï Forsvarets Efterretningstjeneste (შემოკლებით FF). დანიელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ნაგებობა 15 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ამერიკელების წვდომას ევროპელი პოლიტიკოსების კონტაქტებზე.
“აშშ–ის მძლავრი სადაზვერვო სამსახური _ ეროვნული უშიშროების სააგენტო _ დანიელებთან თანამშრომლობას იყენებდა გერმანიიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის სახელმწიფო მეთაურების, წამყვანი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების თვალთვალისა და მიყურადების მიზნით”, _ აღნიშნავს დანიური საზოგადოებრივი ტელეკომპანია DR-ი.
“ველოდებით, რომ ჩვენი დანიელი და ამერიკელი პარტნიორები წარმოგვიდგენენ სრულ ინფორმაციას ამ სკანდალური გამომზეურების შესახებ”, _ იმედოვნებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებული არიან თვალთვალისა და მიყურადების მსხვერპლი მხოლოდ გერმანელი პოლიტიკოსები: კანცლერი ანგელა მერკელი, იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა კი ფედერალური პრეზიდენტი, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი, და იმ მომენტში გერმანელი სოციალ-დემოკრატების ლიდერი _ პეერ შტაინბრუკი.
“ფედერალურმა მთავრობამ ამ სკანდალური გამოძიების გამო განმარტებების მისაღებად მიმართა ყველა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოს “, _ განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.
აშშ მოკავშირეებს რომ უთვალთვალებს, ცნობილია 2013 წლიდან, როცა აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი აგენტის, ედუარდ სნოუდენის, მეშვეობით პრესაში მონაცემებმა გაჟონა, მაგრამ საქმე აშშ-ისადმი გამოთქმული საყვედურების იქით არ წასულა.
აი დანია კი, თეორიულად, საკმაოდ ძლიერი წნეხის ქვეშ შეიძლება მოექცეს.
“მერკელი, შტაინმაიერი და შტაინბრუკი ევროპელი პოლიტიკოსების უმაღლეს ლიგას მიეკუთვნებიან. ისინი არა მხოლოდ გერმანიის ტოპპოლიტიკოსები არიან, არამედ წამყვან პოზიციებზე არიან ევროპაში, ისინი, ევროპის ბედს წყვეტენ, _ ახსნა ვითარება სამხრეთი დანიის უნივერსიტეტის დოცენტმა, სპეცსამსახურების მუშაობის ექსპერტმა, დოცენტმა ტომას ვაგენერ ფრიისმა. _ და ამ გარებოებამ ისინი ამერიკელების ინტერესების სიის სათავეში მოაქცია. შედეგად, დანიას პრობლემები შეექმნა ევროპელ მოკავშირეებთან”.
პრობლემების ფესვი ჩამალულია 1990-იანი წლების ბოლოში, როცა ინტერნეტტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დანიელმა მზვერავებმა თავიანთი თავი საკომუნიკაციო ქსელის ცენტრში აღმოაჩინეს, რაც დაკავშირებულია დანიის გეოგრაფიულ მდებარეობასთან. ინტერნეტის წყალქვეშა კაბელებთან მიერთებით დანიელებმა მიიღეს შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინათ გლობალური ტრაფიკისთვის და ეს წვდომა “გაუნაწილეს” აშშ–ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს. ქალაქ სანდარგერგორდში ააშენეს მონაცემების შეგროვების ცენტრი და დაიწერა პროგრამა Xreyscore, რომელიც ნებისმიერი ინფორმაციის დეკოდირების საშუალებას იძლევა.
“DR-ის წყაროების ცნობით, ჯაშუშური სისტემა FE-ს საშუალებას აძლევდა, უპრეცედენტო მასშტაბით მიეყურადებინა სატელეფონო საუბრებისთვის და წაეკითხა ტექსტები ჩატებში.
წყაროები ჯაშუშურ სისტემას აღწერენ, როგორც ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე _ ტერორისტების გეგმებით დაწყებული, რუსეთისა და ჩინეთის მონაცემებით დამთავრებული”, _ აღნიშნავს დანიური ტელერადიოკომპანია DR-ი.
“ოქროს საბადოზე” წვდომის სანაცვლოდ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტომ დანიური FE აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სადაზვერვო კორპორაცია “კლუბ ხუთ თვალში” ჩართო. სწორედ ამ ანგლოსაქსური სადაზვერვო კორპორაციისა და გლობალური თვალთვალის პროგრამა “პრიზმის” შესახებ განაცხადა 2013 წელს სნოუდენმა.
სურათის სრულად წარმოსადგენად: ჯერ კიდევ 2002 წელს ზოგიერთმა ყურადღება მიაპყრო თეთრ პრიზმას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს შენობის სახურავზე, მაგრამ ინგლისელებმა თქვეს, რომ ეს დეკორის ელემენტი იყო და მათი განმარტებით დამშვიდებულმა გერმანელებმა უარი განაცხადეს ობიექტის ელექტრომაგნიტურ სკანირებაზე.
სამაგიეროდ, 2013 წელს ყველაფერი გამოაშკარავდა. მაგალითად, აშშ–ის საელჩოს შენობის სხვენი ინფრაწითელ დიაპაზონში ზოგჯერ ისე აენთებოდა ხოლმე, როგორც დომენის ღუმელი, რაც ამტკიცებდა სნოუდენის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იქ ბუდე ჰქონდა ელექტრონულ დაზვერვა Special Collection–ის ქვედანაყოფს.
ამ სკანდალის შემდეგ ამერიკელები გერმანელებს დაჰპირდნენ, რომ ყველაფერს გათიშავდნენ და აღარ იჯაშუშებდნენ, მაგრამ ახლა, ალბათ, კვლავ საჭიროა აშშ-ის საელჩოს სახურავის ინფრაწითელი სხივით დამუშავება, შემოწმება, 2021-შიც აქტუალურია თუ არა 2013 წლის ანეკდოტი: “როცა მერკელმა დაურეკა პრეზიდენტ ობამას და განმარტება მოსთხოვა, ეროვნული უშიშროების სააგენტომ ფრაუ კანცლერის ახალი სატელეფონო ნომერი ჩაიწერა”.
დანიურ პრესაში გამოქვეყნებულ წერილზე რეაქცია ედვარდ სნოუდენისა, რომელმაც გაიხსენა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო, ასეთია:
“ჯო ბაიდენი მზად უნდა იყოს კითხვებზე პასუხისთვის ევროპაში ვიზიტისას, რადგან ის ღრმად იყო ჩართული ამ სკანდალში. აუცილებელია, მოვითხოვოთ ინფორმაციის სრულად გამჟღავნება არა მხოლოდ დანიისგან, არამედ მისი უფროსი ძმისგანაც”, _ განაცხადა სნოუდენმა.
საინტერესოა, რით იყვნენ დაკავებულნი ამერიკისა და დანიის დაზვერვები ბოლო 8 წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მიერთება ინტერნეტკაბელებზე ამ ხნის განმავლობაში თითქმის არავინ იცოდა, ეს ამბავი არც “სნოუდენის დოსიეში” იყო აღნიშნული. სენსაციას საფუძვლად დაედო ინფორმაციის გაჟონვა თვით დანიურ სპეცსამსახურ FE-დან, რომელმაც 2014 წელს ამერიკელებისგან ფარულად ჩაატარა შიდა ოპერაცია Dunhammer–ი, რათა გაერკვიათ, ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო დანიელ პოლიტიკოსებსაც თუ უთვალთვალებდა. გაირკვა, რომ ამერიკელები დანიელებსაც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, მაგრამ არც სამსახურის დირექტორმა იმ მომენტში, ტომას არენკილმა, და არც მისმა მემკვიდრემ, ლარს ფინდსენმა, ამერიკელებთან თანამშრომლობის შეწყვეტა საჭიროდ არ ჩათვალეს.
“ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, ჩვენ გვაქვს ჩრდილოვანი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ცალკე სისტემა, ჩნდება კითხვა: იციან კი ხალხმა და პარლამენტმა, რაც იქ ხდება?” _ ამბობს სამხრეთი დანიის უნივერსიტეტის დოცენტი, სპეცსამსახურების მუშაობის ექსპერტი ტომას ვაგენერ ფრიისი.
დღეს, როცა გაჩნდა დაწვრილებითი ინფორმაცია, როგორ უთვალთვალებდნენ სპეცსამსახურები ადამიანებს და ცნობილია მათი სახელები, ვისაც უთვალთვალებდნენ, ისტორიას ფართო რეზონანსი უნდა ჰქონდეს. “ეს ძალიან სერიოზულია. ახლა აუცილებელია, შემოწმდეს, დაუშეს თუ არა შეცდომები დანიელთა პარტნიორებმა ევროპაში ამერიკელებთან თანამშრომლობისას”, _ დასძენს ტომას ვაგენერ ფრიისი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სკანდალს სადამსჯელო ღონისძიებები არ მოჰყვება. რაც უნდა იყოს, ამერიკელები არიან. დანიელებიც მხოლოდ ბოდიშებით შემოიფარგლებიან, რომლებსაც მიიღებენ. და არანაირი სანქციები _ ისინი ხომ მოკავშირეები არიან?!
Vesti.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ