Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: საქართველოში მზე დასავლეთიდან ამოდის, საქმეებიც დასავლისკენ მიემართება

თამარ კიკნაძე: საქართველოში მზე დასავლეთიდან ამოდის, საქმეებიც დასავლისკენ მიემართება

თამარ კიკნაძე: საქართველოში მზე დასავლეთიდან ამოდის, საქმეებიც დასავლისკენ მიემართება

როგორ კარგავდა დამოუკიდებელი საქართველო ტერიტორიებს 30 წლის განმავლობაში, ვინ იდგა ქვეყანაში განვითარებული პროცესების უკან _ პატრიოტული ძალები თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 15-ვე რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სანამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, მას არ ჰქონდა პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების შესაძლებლობა და, შესაბამისად, არ ჰქონდა გლობალური პოლიტიკის წარმოების არც უნარი და არც გამოცდილება. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა დასავლეთს ლამაზ ფერებში ხედავდა, არ ჰქონდა ცოდნა და ვერ ითვალისწინებდა იმას, რომ ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს, ამ ინტერესის განსახორციელებლად კი იყენებს საგარეო ფაქტორებსაც და სხვა ქვეყნებსაც. ეს ყველაფერი ქართველი პოლიტიკოსებისთვის, შესაძლოა, ცნობილი იყო, მაგრამ გამოცდილება არ ჰქონდათ და ამიტომ შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. ამ შეცდომების შედეგია ჩვენი დღევანდელი სავალალო მდგომარეობა.

პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს ქვეყნების ისტორია, მათი განვითარების ეტაპები, უნდა აკეთებდეს გლობალური პროცესების ანალიზს და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომელსაც, როგორც წესი, სპეცსამსახურები მოიპოვებენ. მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სპეცსამსახურების დიდი ნაწილი, რომელებიც საბჭოთა კავშირის სადარაჯოზე უნდა მდგარიყო, დასავლეთის მოკავშირე ყოფილა _ ყველაფერი კეთდებოდა ქვეყნის დასანგრევად და დაანგრიეს კიდეც.

ელცინი თავისი პრეზიდენტობისას ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად ამერიკის პრეზიდენტს ურეკავდა… პროცესები ისე სწრაფად განვითარდა და ისეთი სცენარით, რომ ამერიკის მმართველები თვითონ ცდილობდნენ, როგორმე შეენარჩუნებინათ საბჭოთა კავშირი. მათთვისაც კი მოულოდნელი იყო ამხელა ქვეყნის ასე სწრაფად დაშლა და, ალბათ, სწორედ ამისთვის შეიქმნა დსთ _ დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობა. რუსები ქართველებს ხშირად გვსაყვედურობენ, რომ მათ არ ვუერთგულეთ, მაგრამ კარგად მახსოვს დრო, როდესაც რუსეთის ლიბერალი ხელმძღვანელები ქართველებს გვეუბნებოდნენ: წადით და თავს თვითონ მიხედეთო. საქართველოს იმჟამინდელი ხელმძღვანელები გაკვირვებულები იყვნენ რუსეთის მიდგომებით. მათ არ ესმოდათ, რა სურდა მეზობელ ქვეყანას ჩვენგან. დალაპარაკებას ვერ ახერხებდნენ რუსეთთან, რადგან იქ იყვნენ ლიბერალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არ ცდილობდნენ კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას და კავშირების შენარჩუნებას.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი სცენარი საქართველოში განვითარდა. ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები მანიპულირებისა და წნეხის საშუალებაა. ის, ვინც ფიქრობს, რომ აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტები მხოლოდ რუსეთთან არის დაკავშირებული, ძალიან ცდება _ ეს კონფლიქტები გლობალური დონისაა.

საქართველომ შეცდომები დაუშვა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ზოგჯერ უცოდინარობითა და გამოუცდელობით, ზოგჯერ კი ღალატითა და გამყიდველობით, ჩვენმა ხელისუფლებებმა ვერ და არ გაითვალისწინეს გლობალური პოლიტიკის არსი.

_ საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არც ისეთი გამოუცდელი იყო გლობალურ პოლიტიკაში. მან ბერლინის კედლის დანგრევას შეუწყო ხელი. ფიქრობთ, რომ არ იცოდა, რა მოჰყვებოდა აფხაზეთში იარაღით შესვლას?

_ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ინტერესის გატარება. პოლიტიკურ მეცნიერებაში ბევრი ტექნოლოგიაა იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ოსეთის მსგავსი ტიპის კონფლიქტები თავიდან აიცილო, თუკი უფლება გაქვს, იმოქმედო სწორად, მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი არ იყო იმხანად და არც დღეს არის.

თუმცა, ამ პირობებშიც შეიძლებოდა კონფლიქტის თავიდან აცილება, რომ არ მოვყოლილიყავით გლობალური ნგრევის პროცესის შუაგულში და ყველა აგური ჩვენ არ მოგვხვედროდა. მათ, ვინც გეგმავდა ნგრევის პროცესს, კარგად ჰქონდათ გათვალისწინებული საქართველოს როლი. ჩვენი ქვეყანა არ არის ხელიდან გასაშვები, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა, ისტორიული განვითარება და ადამიანური რესურსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუსეთსაქართველოს ალიანსი.

რუსებს ესმით საქართველოს მნიშვნელობა და ამ პატარა ქვეყანასთან ურთიერთობის ფასიც. ეს ურთიერთობა არ გაფუჭდებოდა, გარე და შიდა ფაქტორები ცუდად რომ არ ჩარეულიყო.

პოლიტიკაში ხშირად ხდება, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფალი იღებს, არ არის პოპულარული, საზოგადოებაში იწვევს აღშფოთებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია… მიხვდით, ალბათ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებაზე ვლაპარაკობ. დღეს ასეა _ საქართველოში პოლიტიკოსი, თუ სურს, პოპულარობა მოიხვეჭოს, რუსეთს აგინებს, უფრო მეტიც: პოლიტიკური პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს რუსეთის გინებაში. არადა, რუსეთთან პრობლემების მოგვარების გზებს უნდა ვეძებდეთ. შესაძლოა, ხალხს არ მოეწონოს ხმამაღლა ნათქვამი, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოსაგვარებელია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემა სასიკეთოდ გადაიჭრება.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამ ესმით, დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. საბედნიეროდ, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გინებას არად დაგიდევენ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭირო საკითხზე _ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე საჯაროდ საუბრობენ. ამას აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოს სიყვარული ამოძრავებთ.

ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ისტორიული პროცესების მართებულად შეფასება, ამას აქტიური მუშაობა სჭირდება. ჯორჯ ორუელი ამბობს: ვინც მართავს წარსულს, მართავს მომავალს, ხოლო, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს”.

საქართველოში მოძლიერებულია ფსევდოლიბერალური ფრთა და პატრიოტული ძალების წინააღმდეგ იბრძვის, რაც მართლაც სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს არ აძლევს საშუალებას, აწარმოოს სწორი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. მსგავს რამეს, რაც საქართველოში ხდება, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. სიმართლის მთქმელი ადამიანი გამარგინალებულია, ჩაწიხლულია ისე, რომ წელში ვერ გასწორდება.

მე რუსეთს განვიხილავ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ სუბიექტს, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას აქვს რთული ურთიერთობა. ვიცი ისტორიული განვითარების გზა და ამიტომ მიმაჩნია, რომ “ცუდ” მეზობელთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, რადგან ეს საქართველოს წაადგება.

ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე არ ზრუნავენ, გვეუბნებიან, რომ რუსეთს უნდა ვებრძოლოთ, რომ ჩვენ უცხო ქვეყნის ინტერესები გავატაროთ და წაგებული დავრჩეთ _ ასე მოვდივართ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე.

როდესაც “კეთილისმსურველები” გეუბნებიან, _ რუსეთს უნდა დაუპირისპირდეო, და ეკითხები, _ თქვენ რა ძალებით დაგვეხმარებით, გვპასუხობენ, _ დასავლური თანამეგობრობა თანადგომას გამოგიცხადებთო, მაგრამ, პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, შენს გამო რუსეთს აშკარად არავინ არ დაუპირისპირდება. რუსეთს დაუპირისპირეს ქართველი, როგორც ეს 2008 წლის ომში მოხდა.

დასავლურ თანამეგობრობას თავისი ინტერესები აქვს და ჩვენი კეთილდღეობა ამ ინტერესებში არ შედის. 30 წლის განმავლობაში ჩვენ გარშემო და ჩვენთან ისეთი პროცესები ვითარდება, საქართველოს არაფერში რომ არ არგია. რამდენიც უნდა ვიძახოთ, ყველაფერი კარგადააო, კარგად არაფერი არ არის.

_ თქვით, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლება არ იყო დამოუკიდებელი და ვერ იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს, მაგრამ 2008 წელს ხომ ვიყავით დამოუკიდებელი? გამოცდილებაც თითქოს უნდა გვქონოდა

_ სააკაშვილის პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. ქვეყნის მმართველის უმთავრესი დანიშნულებაა, კატაკლიზმები ააცილოს ქვეყანას. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველო დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მისი “მოღვაწეობა” უნდა გააანალიზებულიყო, ისე, როგორც შევარდნაძის “მოღვაწეობა” და საერთოდ, ანალიზის გაკეთება უნდა ვისწავლოთ, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე მაინც… ყველაფერი, რაც თავს გადაგვხდა, საქართველოსთვის ცუდად დასრულდა. მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, ვინ იყო ომის ინსპირატორი, მაგრამ ჩვენ შედეგებზე ვთქვათ. ომები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა, ყველას ხელს აძლევდა, საქართველოს გარდა. ამაზე უნდა ეფიქრა ჩვენს ხელისუფლებებს…

საქართველომ დაკარგა ისეთი ძირძველი ორი ტერიტორია, რომლებზეც თვითონ რუსეთიც კი ამბობდა, რომ საქართველოს ნაწილია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენივე ნებით ჩავაბარეთ მათ, მაგალითად, კოდორის ხეობა.

1999 წლის სტამბოლის ხელშეკრულებით საქართველოდან გაყვანილ იქნა რუსეთის ბაზები, მაგრამ შემდეგ სააკაშვილმა ისე გააკეთა, რომ ორი იმდენი რუსული ბაზა და ტანკი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, თანაც სროლით და ვაი-უბედურებით.

_ გაზეთისაქართველო და მსოფლიოგამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ, თუ ტერიტორიების დაბრუნება გვინდა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა მოგვარდეს, რაც ფსევდოლიბერალებისთვის წარმოუდგენელია

_ ძალები, რომლებიც არ არიან საქართველოს კეთილდღეობით დაინტერესებულნი და ანგარებით მოქმედებენ, თქვენს გაზეთს განიხილავენ “რბილი ძალის” ერთ-ერთ გამოვლინებად, მაგრამ, თუ საქართველოში ლიბერალური საზოგადოებაა, მაშინ ყველანაირ აზრს აქვს არსებობის და საჯაროდ გამოთქმის უფლება, ეს ლიბრერალიზმის ფუძემდებლური პოსტულატია. რაც შეეხება რუსეთის “რბილ ძალას”, არ ვფიქრობ, რომ ის საქართველოში განსაკუთრებით ვლინდება. ყოველ შემთხვევაში, აქ სხვა ქვეყნების “რბილი ძალის” გავლენა უფრო ძლიერია. რუსეთისთვის არ არის დამახასიათებელი “რბილი ძალის” გამოყენება.

დასავლურ სამეცნიერო სახელმძღვანელოებსა და წერილებში შეხვდებით ისეთი პრობლემების განხილვას, რომლებიც ჩვენთვისაც საჭირბოროტოა, მაგრამ თუ ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობ, მაშინვე იარლიყს მოგაწებებენ _ “ანტიდასავლელი და პრორუსი ხარ!” საქართველოში მზე დასავლეთიდან ამოდის, საქმეებიც დასავლისკენ მიემართება.

დღეს მსოფლიოში აშკარად შეინიშნება გლობალიზაციის გარკვეული სახით დასრულება და ეროვნული სახელმწიფოს კვლავ წინ წამოწევა. ჩვენ კი ისევ ულტრალიბერალურ ნარატივში ვცხოვრობთ. თვით გლობალიზაციის ცნობილი აპოლოგეტი ფუკუიამაც კი აღნიშნავს: “გლობალურმა ინსტიტუტებმა ვერ ჩაანაცვლეს ეროვნული სახელმწიფოების ფუნქცია”, ამიტომ ჩვენც ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე, ყველა ფაქტორის გააზრებაზე.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here