Home რუბრიკები საზოგადოება იმედი მაქვს, კვლავ დაირეკება შპს «საბას» სკოლის ზარი

იმედი მაქვს, კვლავ დაირეკება შპს «საბას» სკოლის ზარი

2003 წელს . ზუგდიდში, შპს «საბას» ბაზაზე გავხსენი ცოტნე დადიანის სახელობის საშუალო სკოლა, რომელიც გამორჩეული იყო თავისი სასწავლო პროგრამებითა და მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობით, აღზრდის მეთოდებით. სკოლის მოსწავლეები არ ეწეონენ, არ დაჰქონათ ცივი იარაღი, არ აყენებდნენ ერთმანეთს ფიზიკურ ან მორალურ შეურაცხყოფას. სკოლაში სწავლება იყო ორსემესტრიანი, ყოველი სემესტრის ბოლოს მაპროფილებელ საგნებში ტარდებოდა გამოცდები, რომელთაც ესწრებოდნენ საგამოცდო კომისიის წევრები, მოსწავლეთა მშობლები და სკოლის დირექტორი.

სკოლაში გაძლიერებით ისწავლებოდა: მათემატიკა და უცხო ენები. ასევე  ისწავლებოდა ეთიკა და საოჯახო ცხოვრების კულტურა, რელიგიის ისტორია. კლასში სწავლობდა მაქსიმუმ 15 მოსწავლე. ქალაქის ფარგლებში ხდებოდა მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირება, გვქონდა ერთჯერადი უფასო კვება და გახანგრძლივებული დღის რეჟიმი. დაწესებული იყო სწავლის ქირა 50 ლარი. შეღავათები ჰქონდათ ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახების შვილებსა და დევნილებს, რომელთა რაოდენობა სკოლის კონტიგენტის 60% შეადგენდა. სკოლა პრაქტიკულად იყო საქველმოქმედო.

სკოლის დაარსების დღიდან მასწავლებლები სამუშაოდ მიიღებოდნენ სტაჟირების შემდეგ. სისტემატიურად ტარდებოდა ღია გაკვეთილები. მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას, გარკვეული ცოდნის მიღების შემდეგ მასწავლებელი ინიშნებოდა სამუშაოზე უანგაროდ. მას შემდეგ, რაც სკოლა გაიხსნა, ჩვენ ვიბრძოდით, სახელმწიფო ფასებში შეგვეძინა ქალაქში დახურული რომელიმე სკოლის შენობა, თითქოს განათლების მინისტრებიც ხელს გვიწყობნენ ამ საქმეში, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოთავისუფლებული სკოლის შენობები სხვა მიზნებისთვის სჭირდებოდათ.

ბოლოს დაქირავებული გვქონდა ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორი ორსართულიანი კერძო სახლი, შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ როგორც ცოდნის მიღება, ასევე გართობა და დასვენება. სკოლას ჰქონდა ყოველივე ის, რაც საჭირო იყო ავტორიზაციის გავლისთვის, გარდა ლაბორატორიისა, რომელიც არ იყო სრულყოფილი.

მოსწავლეთა კონტიგენტის უმეტესობა გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თბილი, მეგობრული ურთიერთობა იყო. მოსწავლეები საპატიო მიზეზის გარეშე არ აცდენდნენ გაკვეთილებს. მოსწავლეებსა და მშობლებს უყვარდათ ჩვენი სკოლა და, როცა დაგვხურეს, ისინი აპირებდნენ განათლების სამინისტროში ამის გაპროტესტებას, მაგრამ, ჩვენი თხოვნით, გადაიფიქრეს. რადგან ჩვენ ვიცოდით, ამას რაც მოყვებოდა.

ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნდა საკუთარი აზრი და შეხედულებები, რაც არ გვაპატიეს. მავანნი ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენი სკოლის ბლოკირებას _ არ გვაწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას, ცდილობდნენ, სხვა სკოლები აემხედრებინათ ჩვენ წინააღმდეგ. ყოველწლიურად გვივრცელებდნენ ჭორებს, რომ სკოლა იხურებოდა.

სკოლას 2011 წლის 21-22 დეკემბერს გვეწვია საავტორიზაციო კომისია სამი კაცის შემადგენლობით. მათ ვერ მოიძიეს რაიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი, რომ სკოლა დაეხურათ, მოგვცეს უსუსური შენიშვნები, რომელთა უმეტესობა კომისიის წევრების წასვლამდე გამოვასწორეთ:

1. ბიბლიოთეკაში არსებულ I და XII კლასების ჩათვლით  სახელმძღვანელოებს აკლია სამი წიგნი. ჩვენ ეს ხარვეზი სკოლიდან კომისიის წასვლამდე გამოვასწორეთ, მაგრამ შენიშვნაში მაინც ჩაგვიწერეს;

2. სკოლაში 15 კლასია და 12 სასწავლო ოთახი. ჩვენ ავუხენით, რომ უცხო ენებში სადაც გაკვეთილები ტარდებოდა დონეების მიხედვით, აგრეთვე, სპორტის გაკვეთილებზე გამოთავისუფლებულ ოთახებში ტარდებოდა გაკვეთილები ისე, რომ არც ერთი კლასი არ რჩებოდა ოთახის გარეშე. მიუხედავად ამისა შენიშვნის მოცემიდან ერთ საათში ზუგდიდის იუსტიციის სახლიდან მოვიტანეთ საბუთი ჩვენ მიერ დაქირავებული მეორე სასწავლო კორპუსის დამატებით მეორე სართულის დაქირავების შესახებ ფართით 200მ2. ეს ფართი სამი კლასისთვის სრულიად საკმარისი იყო, მაგრამ შენიშვნაში მაინც ჩაგვიწერეს;

3. სპორტის მასწავლებელს IV კლასის თემატურ გეგმაში გაწერილი ჰქონდა სირბილი 1000 მ-ზე 100-ის ნაცვლად. ცხადია, აქ მას შეცდომით ერთი ნული გაეპარა. ესეც შენიშვნაში ჩაგვიწერეს;

4. დაწყებითი კლასის მასწავლებელი თავის სამუშაო გეგმაში წერდა მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის დროს გამარჯვებულ ჯგუფს ვარსკვლავებით ვაჯილდოებო. შენიშვნაში ჩაგვიწერეს, _ ეს ხომ შეფასება არისო, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი არ ვაფასებთო;

5. შენიშვნაში ასევე ეწერა, რომ სკოლას ჰქონდა არასრული ლაბორატორია. ჩვენ მართლა ვერ ვიყიდეთ უსახსრობის გამო მათ მიერ ფულის საკეთებლად გაყიდვაზე გატანილი ლაბორატორია, ამიტომ დრო ვითხოვეთ მის შესაძენად.

თბილისში 2012 წლის 18 იანვარს ჩვენი სკოლის ავტორიზაციის საკითხის საჯაროდ განხილვისას კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად საკითხებზე, რომლებზეც შენიშვნები მოგვცეს, სათანადო საბუთების წარდგენა მოგვთხოვა. ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდა, რის შემდეგაც გამოაცხადეს: ჩაეთვალოსო და ბოლოს მოგვცეს დროც, რომ ლაბორატორია შეგვეძინა და ეს შენიშვნაში არ ჩაგვიწერეს.

დადგა კენჭისყრაზე ავტორიზაციის მოცემის საკითხიც. ამ დროს კომისიის თავმჯდომარის მობილურზე გაისმა ზარის ხმა, კაცი სრულიად შეიცვალა ვიღაცას ტელეფონში ჰპირდებოდა, 10 წუთი დამაცადეთ და ყველაფერს გავაკეთებო.

შემდეგ კომისიამ მუშაობა შეწყვიტა, დარბაზიც დატოვა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა _ საკითხების განხილვა თავიდან დაიწყეს, ამბობდნენ შპს «საბას» ესა და ეს ნომერი არ ჩაეთვალოსო. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, კომისიის თავმჯდომარე საკითხების რაობას ვერ ასახელებდა (ან რა უნდა დაესახელებინა, როცა ნახევარი საათის წინ ყველაფერი ჩაგვითვალა).

მე ბატონ კახი ყურაშვილს ვუთხარი, თქვენ ცდილობთ საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დახურვას-მეთქი. მან კი ბრძანა, მეამაყება თქვენს სკოლას რომ ვხურავო. ყველაფერი რომ ასე იყო, ამის მომსწრეა იმ კოლეჯებისა და საშუალო სკოლების წარმომადგენლები, რომლებიც იმ ღამეს გადიოდნენ ავტორიზაციაზე.

ჩვენი სკოლის უკანონოდ დახურვაზე ლაპარაკობს მთელი ზუგდიდის საზოგადოება. 33 ადამიანი დარჩა უმუშევარი, დავკარგეთ იმის რწმენაც, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არსებობს. ნეტავ, გენახათ, როგორ ტიროდნენ ბავშვები, როცა სკოლის დახურვის შესახებ შეიტყვეს. ამის გადატანა ჩვენთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამის შემდეგ ზუგდიდის ქუჩებში ვერ გავსულვარ, სკოლის ყოფილი მშობლები და მასწავლებლები მეკითხებიან, ახალ მთავრობას თუ გააგებინეთ, რა სკოლა დაგვიხურესო.

იმედი მაქვს, რომ არ ჩაკლავენ ამდენ ხალხში იმის რწმენას, რომ, ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დრო მოვიდა და კვლავ დაირეკება შპს «საბას» სკოლის ზარი.

ვალერი ბეჭვაია,

შპს «საბას» დირექტორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here