აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა “სასუფევლის საიდუმლოებებს”, რომლებიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი” (# 21 (72), 2000 წ.):
“აღდგომიდან მე-40 დღეს გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.
საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი, რომელთაც უთხრეს: “კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად” (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. სულიწმიდის მომლოდინენი განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.
მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ:
პირველი მოვლენის ონტოლოგიური (ონტოლოგია _ ფილოსოფიური მოძღვრება ყოფიერების შესახებ _ დ. ა.) მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს. იგი, მიწისთვისაც კი უღირსი, ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბიმებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: “ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა” (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, “ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს” (ფილ. 3, 20).
უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური (ესქატოლოგია _ მისტიკური მოძღვრება მსოფლიოსა და ადამიანის საბოლოო ბედზე _ დ. ა.) მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერსა და მდაბალზე.
სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ:
“და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა”. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა, განსაკუთრებული რიტუალი _ ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს _ თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.
ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში”.
წმ. იოანე ოქროპირი ამაღლების შესახებ:
“სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.
უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ _ თითქოსდა ცაში. სიტყვა “თითქოსდა” აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა, და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია:
“და აჰა, ორი კაცი წარმოუდგათ მათ თეთრ სამოსელში, რომლებმაც ასე უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რად დგახართ ცას შემყურენი? ეს იესო, ცად ამაღლებული თქვენგან, იმგვარადვე მოვა, რა სახითაც ნახეთ იგი ცისკენ მავალი” (საქმე 1. 10-11).
ჰოი, რაოდენი იღვაწა მან, სახიერმა, უკეთურ მონათა გამო! ჩამოვიდა ცათაგან; ავიდა ცათაკენ; კვლავ მოვა ცათაგან. მაგრამ მოვა როგორ? არათუ სხვა ჰიჰოსტასში გადასული, არამედ _ ხორცის სახეში, ადამიანურ დასახულობაში; არათუ, ცხადია, მდაბალთა მოქმედი, როგორც პირველად, არათუ ნავში მძინარე, არათუ დაღლილობისგან წყურვილით პყრობილი ჭასთან, არათუ ვირის ჩოჩორზე მჯდარი, არამედ ღრუბლის სახოვან ეტლზე დაბრძანებული, არა მებადურთა მხმობელი, არამედ ანგელოზთაგან დაფარული, არა მსაჯულის დალიჭთან მდგარი, არამედ კიდით კიდემდე მსოფლიოს განმსჯელი თვითვე და მებადურებისთვისაც კი მსაჯულის უფლებამოსილების მიმნიჭებელი, როგორც გვასწავლის თავადაც, რაჟამს ეუბნება მოწაფეებს:
“როდესაც დაჯდება ადამიანის ძე თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს” (მათე 19.26).
იუდეველებს კი ასე მიმართავს:
“თუ მე ბელზებულის მიერ განვაგდებ ეშმაკებს, თქვენი შვილები ვის მიერ განაგდებენ? ამის გამო ისინი თქვენი მსაჯულები იქნებიან” (მათე 12.27).
თვით მოწაფეებიც იუდეველთაგან იყვნენ, მაგრამ ისინი იუდეველებისას არ იზრახავდნენ, არამედ თავის მონათესავე უფლისმკვლელებზე უფრო ქრისტეს ვნებებსა და წყლულებს მიაგებდნენ პატივს.
დიდი საკვირველებაა, უჩვეულო სასამართლოა ეს სახილველი: მებადური განსჯის, ფარისეველი კი განისჯება. კარვის მკეთებელი სიტყვახსნილად მჯდომარეა, მღვდელთმთავარი კი კვნესით იღებს სასჯელს”.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი):
“როგორ ამაღლდა უფალი მიწიდან ზეცად? ეს კითხვა გაწუხებს? ასე თქვი: უფალი თავისი მიწიერი სამეფოდან ზეციურ სამეფოში ღვთიური ძალით ამაღლდა და ამით დამშვიდდი. რადგანაც, თუკი შენ უფლის ყველა საიდუმლოს განცდას დაიწყებ, სხვა მრავალი კითხვა შეგაწუხებს: როგორ იშვა იგი? როგორ დადიოდა წყლის ზედაპირზე? როგორ განდევნიდა ეშმაკეულს და ჰკურნავდა ადამიანებს? როგორ იცვალა ფერი? როგორ აღადგენდა მკვდრებს? როგორ აღსდგა თვით? პასუხი ყველა ამ კითხვაზე ერთია: ეს ყოველივე მისი საღვთო ძალით იყო შესაძლებელი. მშვიდობა შენ და სიხარული!
ჩვენ არ ძალგვიძს, ჩავწვდეთ საიდუმლოებებს უფლისა, მაგრამ განსაკუთრებით ამისაკენ სწრაფვას არ ვურჩევთ მათ, ვისაც უფლის ნებისადმი სრულყოფილი ერთგულების, სიყვარულის, სიწმინდისა და მორჩილების სიმაღლემდე არ მიუღწევია. ორიგენე თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი იყო. ყოველგვარი საერო თუ საღვთისმეტყველო, ცოდნით აღჭურვილმა, მან გაბედა, გამოეცადა უნატიფესი სულიერი საიდუმლოებანი და ცდომილებაში ჩავარდა. ეკლესიამ კი განსაჯა მისი ცრუ სწავლება, წმიდა სვიმეონ სალოსმა მის შესახებ თქვა: “ორიგენე… ზღვაში შევიდა, იქიდან გასვლა ვერ შესძლო და ჩაიძირა”.
საკმარისია, ამაღლების შესახებ ვიცოდეთ ის, რაც სახარებაში წერია. იქ კი წერია: “და იყო კურთხევასა მას იესუისსა მათ მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად” (ლუკ. 24,15). ასე რომ, როდესაც ლოცავდა ადამიანებს, იგი ზეცად მაღლდებოდა. ამგვარად, უფალმა ჩვენ უდიდესი პრაქტიკული სიბრძნე განგვიცხადა: მხოლოდ ლოცვით შევძლებთ ზეცად ამაღლებას. ლოცვით საკუთარ თავს ვამაღლებთ, ხოლო წყევლით კი ძირს ვანარცხებთ. რასაც გავცემთ, იმასვე ვიმკით: თუკი ვლოცავთ _ ლოცვას, ხოლო თუკი ვწყევლით _ წყევლას. ასე რომ, კურთხევა ჩვენი სულიერი ამაღლების პირობაა” (“მისიონერული წერილები” (წერილი 125), თბილისი, 2005 წ.).
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II:
“უფალი ბრძანებს: “სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ”, ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!
…გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან; ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხულობთ: “ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა”. ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს _ სასოწარკვეთილებას.
სახარებაში წერია, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფენი და ლოცვის დროს ამალდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და სხვანიც და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც. სახარებაში წერია, რომ ამ გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: “მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”. ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, უფალი ჩვენთანაა!
მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს _ მაცხოვრისთვის და ერთს _ ღვთისმშობლისათვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოდენ საქართველომ შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას.
…ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ამთლიანებს და ეშმაკი ჰყოფს. ინებოს უფალმა, რომ გამთლიანდეს ქართველი ერი და ბედნიერი იყოს ჩვენი ქვეყანა! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!”
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს _ ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!