ჩარლზ ოლივეირა UFC–ის (Ultimate Fighting Championship _ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია. ის ცნობილი მებრძოლის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის, ღირსეული შემცვლელია. ოლივეირამ მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო ამერიკელი მაიკლ ჩანდლერი, თუმცა პირველ რაუნდში თვითონ იყო ნოკდაუნში. ეს გამარჯვება ოლივიერას ცხოვრების სიმბოლოდ იქცა. ის ხშირად ეცემოდა, მაგრამ ყოველთვის დგებოდა. ჩარლზ ოლივეირა ბრაზილიის სან–პულუს შტატის ქალაქ გუარუჟაში დაიბადა და მის ფაველებში (ასე ეძახიან ბრაზილიაში ჯურღმულებს) გაიზარდა.
ოლივეირას დედა სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა, მამა _ სასაკლაოზე. ბავშვობაში, როგორც ყველა ბრაზილიელი ბიჭი, გატაცებული იყო ფეხბურთით, მაგრამ 7 წლისას ექიმებმა კოჭების რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს და ვარჯიში აუკრძალეს.
ჩარლზი ძლიერ ტკივილს განიცდიდა და გადაადგილება უჭირდა _ ფეხბურთით შეპყრობილი ბიჭისთვის ეს გამოცდა იყო. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ბიჭს სპორტი უნდა დაევიწყებინა და, დიდი ალბათობით, ინვალიდი დარჩებოდა. “ექიმმა თქვა, რომ ჩარლზი ვერ გაივლიდა და ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვებოდა, მაგრამ მე ვიცოდი, უფალი არ დაუშვებდა ამას”, _ იხსენებს ჩარლზის დედა.
ოლივეირა ტერფებს ვერ ამოძრავებდა და 2 წელი საავადმყოფოში გაატარა. დედას პალატაში ეძინა _ იატაკზე, შვილის საწოლთან. მშობლებს ბავშვის სამკურნალო ფული არ ჰქონდათ, მაგრამ დაეხმარათ ჩარლზის დედის ბოსი _ სკოლის დირექტორი, რომლის სახლსაც ქალი ალაგებდა. სწორედ მისი დახმარებით გადაიყვანეს ბიჭი სხვა კლინიკაში, სადაც ჩაუტარეს დამატებითი გამოკვლევები. როცა ჩარლზს 11 წელი შეუსრულდა, კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო _ 2 კვირაში ერთხელ ანთების საწინააღმდეგო ნემსს უკეთებდნენ. და, ექიმების აკრძალვის მიუხედავად, ის მაინც წავიდა სავარჯიშოდ.
ჩარლზ ოლივეირამ ფეხბურთი მიატოვა და ჯიუ-ჯიუცუს ვარჯიში დაიწყო. აღმოსავლური ორთაბრძოლების ამ სახეობაში ის მამის მეგობარმა პაულუმ მიიყვანა. სამწუხაროდ, პაულუ ვერ მოესწრო ჩარლზის ჩემპიონობას _ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
“ის ჩვენი ოჯახის წევრად იქცა, იმიტომ, რომ კეთილი გული ჰქონდა, ვუყვარდით მე და ჩემი ძმა და პატივს სცემდა ჩემს მშობლებს. დარწმუნებული ვარ, ზეციდან უყურებს ჩემს ცხოვრებას. მინდოდა, აქ ყოფილიყო, რადგან მან მიმიყვანა ჯიუ-ჯიცუზე. ყოველთვის უხაროდა ჩემი წარმატება”, _ თქვა ოლივეირამ.
დედას ძალიან ეშინოდა, რომ ჩარლზს ტრამვა არ მიეღო, მაგრამ შვილის გატაცებას მამამ დაუჭირა მხარი და წარმატებამაც არ დააყოვნა.
“მან ჯიუ-ჯიცუში ვარჯიში კლინიკიდან გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო, კიდევ ორი თვის შემდეგ კი ადგილობრივი ჩემპიონატი მოიგო. როცა ექიმთან გასასინჯად მივედით, თქვა: ეს შეუძლებელიაო. ჩარლზს კი უკვე ორი ოქროს მედალი ჰქონდა”, _ სიამაყით იხსენებს მამა.
ჯიუ-ჯიცუს სექციაში ოლივეირა კარგად დაამახსოვრდათ: მას ყოველთვის სურდა უპირატესობის მოპოვება მეტოქეზე, გოგონებსაც კი არ ინდობდა, ამის გამო მწვრთნელმა სასტიკად დასაჯა. მწვრთნელი ფიქრობდა, რომ ჩარლზი აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ მეორე დღეს უფრო მეტი თავგამოდებითა და ენერგიით ივარჯიშა. ჩარლზი წარმატებით გამოდიოდა შეჯიბრებებზე, მაგრამ განაგრძობდა ინიექციების კეთებას. და 18 წლისამ გადაწყვიტა, რომ ჯიუ-ჯიცუსთვის თავი დაენებებინა.
“მოვკვდები და ძველებურად ვეღარ განვაგრძობ. მე უნდა ვაკეთო ის, რაც მიყვარს, და აღარ მინდა, ჯიუ-ჯიცუთი ვიყო დაკავებული”, _ უთხრა ჩარლზმა მშობლებს.
“თუ ქრისტესი გჯერა და გწამს, რომ განიკურნები, ე.ი., განიკურნები”, _ უთხრა დედამ ბიჭს. ოლივეირა დარჩა იმ ბიჭად, რომელიც ჯურღმულებში გაიზარდა. მას ახსოვს თავისი ფესვები. პანდემიის პერიოდში მშობლიურ დასახლებას ეხმარებოდა.
ჩარლზმა კარგად დაიწყო MMA (Mixed Martial Arts)-ს ორთაბრძოლებში მონაწილეობა. 12 შეხვედრა ზედიზედ მოიგო. 2010 წელს კი UFC-ში მოხვდა, მაგრამ სტარტი წარმატებული არ ყოფილა: 2 მოგება და 2 მარცხი. ოლივეირა კარგა ხანს რჩებოდა სარეიტინგო სიის შუაში, სანამ მსუბუქ წონაში არ გადავიდა. 2017 წელს მან შესანიშნავი შედეგი აჩვენა: 9 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი. ჩარლზი ასპარეზობს ფსევდონიმით Do Bronx, რაც პორტუგალიური ენის სლენგზე ნიშნავს: “ადამიანი ფაველებიდან”. ბრაზილიელმა ხომ ფაველებში (ჯურღმულებში) გაატარა ბავშვობა, მაიკლ ჩენდლერზე გამარჯვება კი მშობლიურ დასახლებას მიუძღვნა.
“მაიკლ, შენ დიადი ჩემპიონი ხარ, მაგრამ დღეს ჩემი დღეა. ფაველებო, ქამარი ჩვენია!” _ თქვა ცრემლმორეულმა ჩარლზ ოლივეირამ ორთაბრძოლის შემდეგ. ის კვლავ ბრაზილიაში ცხოვრობს და კავშირს არ კარგავს მშობლიურ კუთხესთან. “მე კვლავ ბრაზილიაში ვცხოვრობ. ოღონდ უკვე სხვა ადგილას, უფრო კარგ სახლში. ყოველთვის ვცდილობ ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ძველებურად ვცხოვრობ მეგობრებთან ერთად. ვფიქრობ, იქ უნდა ვიყოთ, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ, მათთან უნდა ვიყოთ, ვისთანაც კარგად ვართ. ჩემი მაღალი მიზნები არ ნიშნავს იმას, რომ ფესვები დავივიწყო. თავს ვარსკვლავად არ მივიჩნევ. მე ნორმალური ადამიანი ვარ, რომელიც ფიქრობს სხვების დახმარებაზე, ისევე, როგორც მე დამეხმარნენ. ვცდილობ, ყველას დავეხმარო შესაძლებლობის ფარგლებში. მყავს გავლენიანი მეგობრები, რომლებსაც არ სურთ გამოჩენა, ისინი ყიდულობენ პროდუქტებს, ჩვენ კი მათ ფაველებში ვარიგებთ. მეც ვხარჯავ ფულს, ვყიდულობ საჭმელს ღარიბებისთვის, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი შიმშილობს. განსაკუთრებით ბავშვებს ვეხმარები”, _ განაცხადა ჩარლზმა.
2020 წლის ბოლოს ოლივეირამ მოინახულა მშობლიური დასახლება, რათა ადამიანებისთვის პროდუქტები დაერიგებინა. მისი მშობლიური თემი ძალიან დაზარალდა პანდემიის პერიოდში, და ჩარლზმა თავისი მაგალითით, ბრაზილიელებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დახმარებოდნენ.
ოლივეირა 10 წლის განმავლობაში ჩხუბობდა UFC-ში და დაიმსახურა ჩემპიონის ტიტული, თუმცა, როგორც ჩანს, თვითონ მას ეს ნაკლებად სჯერა.
“წარმოიდგინეთ ბიჭი ღარიბი ოჯახიდან, რომელსაც ექიმებმა უთხრეს, რომ სპორტით ვერ დაკავდებოდა, ახლა კი შემომხედეთ, სად ვარ!”
მოამზადა
ნიკა კორინთელმა