გერმანული გაზეთის _ Suddeutche Zeiturg-ის ჟურნალისტმა ჰუბერტ ვეტცელმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უარს მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ოპერატორ Nord Stream-2 AG-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ვაშინგტონის პოლიტიკური მარცხი უწოდა. ვეტცელი დარწმუნებულია, რომ თეთრი სახლის უფროსმა რუსულ-გერმანული მილსადენის გარშემო ატეხილი კამათისთვის წერტილის დასასმელად დანებება გადაწყვიტა.
“შეეძლო კი ბაიდენს სხვანაირად მოქცეულიყო? დიახ, მაგრამ ის ამისთვის დიდ საფასურს გადაიხდიდა”, _ დაწერა ვეტცელმა. ახალი შეზღუდვების დაწესებით ვაშინგტონი გააღრმავებდა კონფლიქტს ბერლინთან _ ერთ-ერთ ახლო მოკავშირესთან, ხოლო სანქციები დააზიანებდა არამხოლოდ მოსკოვის ინტერესებს.
“მას (ბაიდენს) არ სურს, დააზიანოს გერმანულ-ამერიკული ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან დაზიანდა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში. ეს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხია”, _ განმარტავს ვეტცელი, რომელმაც დასძინა, რომ გერმანულ-რუსული მილსადენის პროექტის რეალიზაცია გააძლიერებს რუსეთის გავლენას ევროპაში და დააკნინებს პოლონეთისა და უკრაინის როლს.
როგორც გერმანიის ვიცეკანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, გერმანიის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-თან “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობის დასრულებაზე და უკრაინის მილსადენით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტზე. შოლცი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატია კანცლერის პოსტზე 26 სექტემბერს გასამართ არჩევნებში.
tia.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ