საქართველოში ასეა _ ვირუსზე აცრა თუ გსურს, ჯერ ინტერნეტით უნდა დარეგისტრირდე, შემდეგ უნდა აიცრა, შემდეგ მეორედ უნდა დარეგისტრირდე და ისევ აიცრა. საინტერესოა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აცრა შეუძლებელია _ ადგილები არ არის და ამიტომ თბილისელმა, შესაძლოა, პირველი აცრა გორში ჩაიტაროს, მეორე _ ხაშურში ან მცხეთაში, ე.ი. იქ, სადაც თავისუფალ ადგილს ნახავს.
ვაქცინის არასაკმარისი ოდენობის გამო რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია. იმედი გვაქვს, რომ დასავლეთი ან ჩინეთი გაიღებს მოწყალებას და ვაქცინის მორიგ დოზას დროულად მოგვაწვდის. სხვათა შორის, როცა ჯანდაცვის მინისტრს აღნიშნული პრობლემის შესახებ უთხრეს, მან პირდაპირ თქვა: კარგია, რომ ყველგან იცრებიან, ეს აცრის პოპულარიზაციას უწყობს ხელსო. ოფიციალურად აცრა უფასოა, მაგრამ ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა რა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ალბათ, არ იცის მინისტრმა, რადგან მას სახელმწიფოს ავტომობილი ემსახურება სახელმწიფოსვე საწვავით, რომელსაც მისთვის ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან ყიდულობენ. ისე, რადგან გადასახადები ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე წლის ოთხ თვეში ბიუჯეტში ჩვენი გადასახადებიდან 3 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა. ეს ისე, ინფორმაციისთვის. “ფაიზერზე” დარეგისტრირებული მოქალაქეების უმრავლესობა ჯერჯერობით ვერ აიცრა, რადგან ვაქცინა არ გვაქვს და, რაც მთავარია, ამ ვაქცინის შესანახი სპეციალური მაცივრები მხოლოდ 5 ქალაქშია. არადა, არის ქვეყნები, რომლებშიც 24-საათიან რეჟიმში შეგიძლია მისვლა და აცრა, თანაც ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა გაითვალისწინეს, რომ სოფლებში, შესაძლოა, ინტერნეტზე წვდომა არ იყოს, შეიძლება ასაკიანი ხალხი ვერ დარეგისტრირდეს, ამიტომ ეს ყველაფერი განზე გადადეს და აცრა მოქალაქეების ინტერესს მოარგეს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა რუსეთია. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ანტიკოვიდური ოთხი ვაქცინა შექმნა: სამი _ ადამიანებისთვის, ერთიც _ ცხოველებისთვის. რუსული “სპუტნიკი” მსოფლიოს 65 ქვეყანაში აღიარეს და ყველაზე მთავარი: რუსეთი რიგ შემთხვევებში არა მხოლოდ უსასყიდლოდ აძლევს “სპუტნიკს” სხვა ქვეყნებს, არამედ მოთხოვნის შემთხვევაში ყველა მსურველს ეხმარება ვაქცინის წარმოების აწყობაში და ასეთი უკვე დაახლოებით 10 ქვეყანაა მსოფლიოში. რაც შეეხება ვაქცინაციას, რუსეთი ერთ–ერთი პირველია აცრის ტემპებისა და მასობრივობის მიხედვით. აქ ათი მილიონი ადამიანი უკვე აცრილია, თხუტმეტმა მილიონმა კი პირველი დოზა უკვე გაიკეთა და მეორეს ელოდება. რეალურად, იგივე იქნებოდა ჩვენთანაც, საქართველოც არ იქნებოდა გამონაკლისი, პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს და მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე რომ მოქმედებდეს და არა ევროპა–ამერიკისთვის კუდის ქიცინის პრინციპით. ხომ საინტერესოა, ეს ყველაფერი რატომ მოვყევით?
“რუსეთთან თუ გაიხსნა საზღვრები, ის ერთ-ერთი ცნობილი ქვეყანაა ანტივაქსერული და ვირუსის არასწორი მენეჯმენტით. ის ხალხი ჩამოვა და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საშიშროება იქნება. ჩვენ არ უნდა მოვექცეთ კასტაში, სადაც უპასუხისმგებლო ქვეყნები, კოვიდის არმომვლელი ქვეყნები ერთმანეთში დადიან და ტურიზმით ამაყობენ. ეს არის პანაცეა, რადგან იმით, როგორი აცრილი ხარ და როგორ იქცევი, ფასდება ქვეყანა, ე.ი., კულტურული ხარ და ფიქრობ შენზეც და სხვაზეც. თუ ამას არ აკეთებ ე.ი., უკულტურო ხარ და არც შენს თავზე და არც სხვაზე არ ფიქრობ _ ძალიან მარტივი ფორმულაა და ასეთივე უკულტურო ტიპი ჩამოვა”, _ ეს განცხადება “კავკასუს თრეველის” ხელმძღვანელმა საბა კიკნაძემ გააკეთა.
ბოლო მონაცემებით, აჭარის რეგიონში ტურისტების მატება შეინიშნება. უფრო მეტიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტურისტების ოდენობა ლამის ასჯერ არის გაზრდილი და ამის შესახებ განცხადება ტურიზმის სააგენტომაც გააკეთა. მაგრამ, ადგილობრივებისგან განსხვავებით, ტურიზმის სააგენტოს არ უთქვამს, რომ ტურისტების 95%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ეს განცხადება შეგნებულად არის გაკეთებული საიმისოდ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტოს სწორედ პანდემიის სახელით და იქიდან ტურისტები აღარ შემოვიდნენ. ასეთ შემთხვევაში ორი რამ მოხდება _ ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ შემოსავლის გარეშე დარჩება, ხოლო დასავლეთს კოჭს გავუგორებთ _ აგერ, თქვენკენ ვართ, რუსი ტურისტადაც კი არ გვჭირდებაო. არადა, რუსი ტურისტები სეზონზე მილიარდ დოლარზე მეტს ტოვებდნენ საქართველოში და ვაღიაროთ, სწორედ ტურიზმზე იდგა ქართული ეკონომიკა. ეს მილიარდი მოსახლეობაში, მასებში ნაწილდებოდა; ის 84 მილიონი კი, რომელიც დასავლეთმა სახელმწიფოს 4 წელზე გადაგვინაწილა, რამდენიმე ადამიანს შორის “გატყდება”.
იცით, რა არის საინტერესო? ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და ოპოზიციამაც კარგად იციან, რომ ტურისტები ყველაზე მეტი ოდენობით წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც და ახლაც რუსეთიდან შემოდიოდნენ და შემოდიან. კარგად იციან, რომ სოფლის მეურნეობის ყველაზე მეტი პროდუქტი სწორედ რუსეთში იყიდება, წლებია, პურისთვის საჭირო ხორბალს ასი პროცენტით რუსეთიდან ვყიდულობთ, ენერგომატარებლების უდიდესი წილი რუსეთზე მოდის და ამის შესახებ ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ჰო, ეშინიათ თუნდაც ციფრების დასახელების, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსახლეობამ სხვანაირად დაიწყოს ფიქრი. ეს ციფრები ქართველებზე უკეთ იციან დასავლელმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მაგრამ ხმამაღლა ისინიც არაფერს ამბობენ, რადგან მერე ვეღარ გამოჩნდებიან ვერც სტრატეგიულ პარტნიორებად და ვერც მეგობარ ქვეყნებად. ევროპას თავი რომ დავანებოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს უმარტივესად შეუძლია, ნებისმიერი ქართული პროდუქცია არათუ სრულად შეისყიდოს, არამედ ერთ კვირაში, უბრალოდ, გადაყლაპოს, მაგრამ საამისოდ ადგილობრივი დიდი კომპანიები უნდა შეწუხდნენ (სწორედ შეწუხდნენ და არ იზარალონ) და მათ არავინ შეაწუხებს საქართველოს გამო. რა საჭიროა? აგერ არის “ბულკივით” საქართველო, რომლის ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა ჩამოკიდებული და დასავლეთის ხელის ერთ აქნევაზე პოლიტიკოსები რიგს აყენებენ, რუსეთი რომ ლანძღონ. საბა კიკნაძის განცხადებაც არ არის გასაკვირი. დავიწყოთ იმით, რომ მისი სიტყვები პოლიტიკოსებს მოეწონებოდათ, ტაშსაც დაუკრავდნენ. ბატონ საბას კი ყველზე ნაკლებად სწორედ რუსი ტურისტების შემოდინება ხიბლავს. მოგეხსენებათ, ჩრდილოელ მეზობელთან ფრენები გაუქმებული გვაქვს და ისინი მხოლოდ სახმელეთ საზღვრით ახერხებენ საქართველოში შემოსვლას. “კავკასუს თრეველს” ამით ხეირი არ აქვს, ანუ არანაირი შემოსავალი, ამიტომ აზრი არ აქვს რუსი ტურისტების ოდენობას, მათთვის შემოსავალი ნულია. ამიტომ ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერის მცდელობას ჰგავს ეს განცხადება _ პოლიტიკოსებს ასიამოვნებენ და, თუ რუსი ტურისტები არ იქნებიან, სასტუმროს მეპატრონეები სხვა ტურისტებზე ნამდვილ ნადირობას დაიწყებენ, ფასებს დაწევენ და “კავკასუს თრეველს” კიდევ ძვირად გაყიდული პაკეტი, უბრალოდ, შერჩება.
სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა ბატონი საბა, იმას თუ დააკვირდა, რომ აჭარის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობის საგრძნობი კლებაა. რა გამოდის? თურმე დაავადებული რუსი ტურისტები შემოდიან, ვირუსის გავრცელებას უწყობენ ხელს და ამ დროს გავრცელების მიმართულებით რეგიონში კლება გვაქვს?! ცოტა ალოგიკური ხომ არ არის ეს ყველაფერი? არც სომხეთია კარგ დღეში, მაგრამ ძალიან მალე სომეხი ტურისტებიც დაიძრებიან შავი ზღვისკენ და, ვეჭვობთ, ბატონი საბა საზღვრის დაკეტვას იქაც მოითხოვს, რადგან სომეხთა უმრავლესობაც სწორედ სახმელეთო საზღვრით ამჯობინებს შემოსვლას.
სანამ იდიოტიზმს ხელოვნების დონეზე ავიყვანთ, ხომ არ აჯობებს, არათუ ტურისტებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც ცოტა მეტი შესაძლებლობები მივცეთ?! არ ვამბობთ იმას, რომ რეგულაციები უნდა დაირღვეს, მაგრამ კომენდანტის საათი 23.00-დან 05.00-მდე რომ მოქმედებს, სასაცილოდ ჩანს? ღამით, მხოლოდ 6 საათით აკრძალვების შემოღება კოვიდვითარებას დიდად არ შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვგონია ასე და, საეჭვოა, ვცდებოდეთ. კომენდანტის საათის გაუქმება, უწინარესად, სწორედ ტურიზმს წაადგება და ისიც ვთქვათ, რომ ტურისტები რეგულაციებს ყველაზე მეტად იცავენ, რადგან არავის სურს, დასვენებისთვის განკუთვნილი დღეები საავადმყოფოში აპარატზე შეერთებულმა გაატაროს, თანაც უცხო ქვეყანაში. მანამდე კი ურიგო არ იქნება, თუ ქართველი პოლიტიკოსები _ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, აღიარებენ, რა არის კარგი და რა _ ცუდი. აკეთებს კარგ რამეს ევროპა და ამერიკა _ კი ბატონო, ვიყვიროთ და გავაგებინოთ ყველას, მაგრამ ასევე მოვიქცეთ ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაშიც და მხოლოდ ციფრები არ დავასახელოთ. 10 ბოთლი ღვინო რომ გაიყიდება ამერიკის რომელიმე შტატში, ლამის კონგრესს მადლობის წერილი გავუგზავნოთ; მაგრამ, ასი მილიონი დოლარის ალკოჰოლური სასმელი რომ გადის რუსეთში, ჩუმად ვართ, ვითომ არაფერი მომხდარა. არ გამოვა ასე, არ წაადგება ეს ერსა და ბერს, თორემ აგერ თქვენ და აგერ ჩვენ.
ბესო ბარბაქაძე