ხალხურ ლექსში “ორშაბათ დილა” წერია, ხოლო ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, “დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია”.
მეტი არაა თქვენი მტერი!
ჩვენი ტურა–მელიები, ატმოსფერული ცვალებადობის მიუხედავად, ყოველთვის მზად არიან საომრად, ამას სახალხო მთქმელთან ერთად დღევანდელი რეალობაც ადასტურებს: მელია, მელაძე, მელაშვილი _ ამ საზოოპარკე გაიძვერა ეგზემპლარების გარშემო ტრიალებს დღეს საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. ქართული პოლიტიკური პრესისა და პრაქტიკული მეცნიერების ლიდერშიპის მიერ შედგენილი დღის წესრიგით გვაცხოვრებენ.
ამათზე უკეთესს, ბევრიც ეძებო, ვერ იპოვი, მაგრამ რატომ უნდა ვეძებოთ?!
“…ეს ჩვენი ტურა–მელია საომრად ემზადებაო”
კატის გამბედაობით, თაგვს რომ მისდევს მაშინ. ქაფქაფა ჭიქა ჩაიში ქარიშხალს ააგრიალებს ისეთი გრუხუნით, როგორითაც აპოკალიფსის დაწყება ემცნობება ადამის მოდგმას ადრე თუ გვიან, ხოლო თბილისის არისტოკრატია ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინათ ასეთი მოქნეული ფრაზით ეხმაურებოდა გააზნაურებულ მდაბიოთა გამოპიჟონებას.
დატკბილული ჩაით გამასპინძლება მაშინ მოდური ხდებოდა და თავისი რიტუალი გააჩნდა, რომელშიც კოვზის დინჯი და აუჩქარებელი მორევით ჭიქაში ჩაგდებული შაქარყინულის ნატეხის გადნობაც იგულისხმებოდა. ამასობაში გრილდებოდა ჩაი და _ მიირთვი, ბატონო, ნელა მოწრუპე, არ დახარბდე, როგორც სოფლიდან დედაქალაქში ჩამოსული ხეპრე მეზობელი.
ნაღდი შაქარი იყიდებოდა მაშინ და არა დღევანდელი რაფინადი.
სტუმარს ძალა ერჩოდა და მორიდების ბევრი არა გაეგებოდა რა. გამეტებით უხათქუნებდა ვერცხლის კოვზს ბროლის ჭიქის კედლებს, ისე, თითქოს სიონის ზარების საპარაკლისო დაგუგუნება ჰქონდა დავალებული. აი, მაშინ დიასახლისი შესძახებდა იმერელ ხელის ბიჭს:
_ ქუჩაში გაიხედე, გეთაყვა, ჩვენი ცხენები ჩამოურეკიათ, მგონი.
რკინის ნალებით დაჭედილი რემა.
ეს იყო.
დღეს, ფეიკების ეპოქაში, მელია–მელაძე–მელაშვილის ზემოთ ნახსენები ტრიადა იმავე ხეპრეობით, მაგრამ ახალი თემებით გვიბურღავს საზოგადოების კოლექტიურ ტვინს, რომელიც, მრავალთა სინერგიით შეკრული და გაერთიანებული, ბრბოს ტვინად ტრანსფორმირდება ყოველთვის.
ნოდარ მელაძე დახვეწილი ქართულითა და მომაკვდავი გედის ფრთებივით ფაფუკი მკლავების დედლური პრანჭვა-გრეხვით ტელეეკრანზე მიდი-მოდის და გვიანონსებს, რომ “პოლიციელებმა მძინარე შვილების თვალწინ მოკლეს (თუ დააპატიმრეს) მათი მამა”.
მძინარე შვილების თვალწინ!
და რომ ძალოვანი სტრუქტურები მაინცდამაინც უდანაშაულო, პატიოსან ადამიანებზეა დაგეშილი, ხოლო თბილისის მთაწმინდის ფერდობი რომ იშლება რომელიღაც ადგილზე ჯოხის ჩარჭობის წერტილოვანი, გაშეშებული ვიდეოკადრით “ფაქტის მნიშვნელობას” ანიჭებს და “ადასტურებს” ამ სენსაციას.
შეიძლება მელაძის შაბათის პროგრამით არ გადაიცა? არ გამოვრიცხავ, რადგან ცოდვა გამხელილი ჯობია: “მთავარი”, “პირველი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” (სამწუხაროდ) და ზოგიერთი სხვა ტელეარხი ერთმანეთში მერევა.
თქვენ არჩევთ?
ბრავო!
ივერ მელაშვილი კატეგორიულად აცხადებს, რომ დავითგარეჯა არც არასდროს ყოფილა საქართველო.
ხოლო “სამი გლავნი” მელიის მიერ პირადად ჩამოყალიბებულ-დამუშავებული ნაცპარტიის სტრატეგია-ტაქტიკის შესახებ გამოქვეყნებული შრომები ლენინის “მარქსიზმის სამი წყაროსა და სამი შემადგენელი ნაწილის” შემოქმედებითი გადამუშავებისა და ძირფესვიანი დახვეწის უბადლო ნიმუშია.
ციხიდან გამოსვლა ნიკა–ნიკანორ–ნიკანდრო მელიამ იმიტომ ხომ არ გაწელა, რომ კარლ კაუტსკის ისტორიულ–ეკონომიკური მატერიალიზმის შრომების ანალიტიკურ გააზრებას ამთავრებდა საქართველოს ნეოლიბერალური განვითარების გზების ძიების ჭრილში?!
აბა, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე იმიტომ ხომ არ აირჩევდნენ, რომ მისი თავისა და ტვინის გლუვი ზედაპირის არნახული ლაპლაპი მომხიბვლელი და მიმზიდველი იყო მათი პარტიის ყრილობის ყველა დელეგატისთვის?!
ფეიკმახერობას ვერ დამაბრალებთ!
ჩვენი ტურა-მელიები სიცრუის წვრილფეხობის ჩარჩოებში არიან გამომწყვდეულები.
კნინები!
მაგრამ რას იბღინძებიან!
“ვისაც სხვისი მუშტი არ მოხვედრია, თავისი ბათმანი ჰგონია” (ოსმალური ბათმანი 7,3 კილოგრამს უდრის).
მაშინ, როცა ჩვენი ცრუქაქუცები ქართულ პოლიტიკურ ორღობეებში გაეჩხირნენ
გარეთ გლობალური ტყუილის საუკუნეა, რომლის ერთ-ერთ პრიმადონად ითვლება მოვლენების აქტიური ანალიზატორი, ვინმე ლევ ანინსკი, რომელმაც 90-ზე მეტი წლის წინათ საბჭოთა კავშირიდან ОГПУ-ს კოლეგიასთან არსებული საგანგებო სათათბიროს დადგენილებით გაძევებული სსრკ-ის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის _ ლევ ტროცკის, რეაბილიტაცია მისი წარმომავლობის გაკეთილშობილებით მოინდომა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლევ ტროცკის ნამდვილი სახელი და გვარი ლეიბა ბრონშტეინი იყო _ ლეიბა დავიდოვიჩ ბრონშტეინი.
არაო, ეგრე არ არისო, _ თავს იკლავს ანინსკი და ამ ერთი, ცალკე აღებული რევოლუციონერის მაგალითზე ჯიუტად ცდილობს ძველი აღქმის დროინდელი ერის, ებრაელების, რუსეთის ისტორიული სივრციდან ჩამოცილებას.
ვირეშმაკულად.
შეფარვით, შემოვლითი გზებით, ყალბ წყაროებზე დაყრდნობით, ანტისემიტიზმის ადეპტი ხდება, მაგრამ ისე, რომ არავინ შეედავოს.
გაიძვერულად.
იუდეველი არ ყოფილაო ლევ ტროცკი. მასთან შედარებით, პირწავარდნილი რუსი ანტისტალინელების აღიარებით, იოსებ ბესარიონის ძე უცოდველი ბავშვია.
ასეა.
ანინსკი უარყოფს.
ტროცკი კი თავად ადასტურებდა, რომ ჭეშმარიტი ებრაელი იყო.
ორ ოფიციალურ დოკუმენტს გთავაზობთ მრავალთაგან ამის დასამტკიცებლად:
პირველი. გარკვეულ პერიოდში ლენინს ლევ დავიდოვიჩის თავის პირველ მოადგილედ დანიშვნის იდეა აეკვიატა. ტროცკიმ ოპერატიულად გადაათქმევინა: “ჩვენს ხელისუფლებას არასდროს ექნება რკინისებური ავტორიტეტი, თუ ადამიანები სახელმწიფოს მართვის სათავესთან ებრაელთა უმრავლესობას იხილავენ. არ ღირს მთავარ როლებზე მათი ერთბაშად დაწინაურება. ამას სწორად ვერ გაგვიგებენ”.
“გადახრა” მაშინ მართლაც თვალშისაცემი იყო. მაგალითად, ამერიკის საოკუპაციო კორპუსის შტაბის ოფიცერი, კაპიტანი მონტჰომერ შიულერი დეპეშაში, რომელიც 1919 წლის 9 ივნისს აშშ-ის დეპარტამენტს გაუგზავნა, საბჭოთა ორგანოების ეროვნული შემადგენლობის შესახებ ატყობინებდა: “აქ დაახლოებით 384 კომისარია, მათ შორის 2 ზანგია, 13 _ რუსი, 22 _ სომეხი და 300-ზე მეტი _ ებრაელი, რომელთაგან 264 ადამიანი ჩამოვიდა შეერთებული შტატებიდან იმპერატორის მმართველობის დაცემის შემდეგ” (იხ. “ექსპრეს გაზეტა ამერიკაში”, #44, 2020).
ლევ ანინსკიმ ახალი მითი შეთხზა: დააძმობილა, დაანათესავა, ერთი გვარის შვილებად წარმოგვიდგინა რუსი ერის სიამაყე, უდიდესი პოეტი ალექსანდრე პუშკინი და ლევ ბრონშტეინი: “სინამდვილეში ტროცკი ებრაელი არ იყო, ბრონშტეინები მამამისის დედობილ–მამობილი ყოფილან. ლევ ტროცკი კი პუშკინების ძველისძველი გვარის პირდაპირი შთამომავალია”.
მოკლედ და გასაგებად.
რით ამტკიცებს?
უსმინეთ: თურმე “ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინს (ტროცკის), ისევე, როგორც პუშკინს, უმიზეზო გულის წასვლა სჭირდა; პუშკინსაც და ბრონშტეინსაც სახეზე, ტუჩების მარცხენა კუთხეში დროდადრო ნერვული კრუნჩხვა აწუხებდა. ორივეს სჭირდა შთამომავლობითი პოდაგრა, სიბეცე (ახლომხედველობა) და, რაც მთავარია, კუჭ–ნაწლავის, სტომაქის “უხერხულობანი”. ტროცკი მთელი ცხოვრების განმავლობაში კუჭის აშლილობას მკურნალობდა. “ლევ ანინსკის შეუნიშნავს, რომ პუშკინიც თურმე შედიოდა საპირფარეშოებში. განა ეს პირდაპირი მტკიცებულება არ არის, რომ ლეიბა და ალექსანდრე, როგორც “ლენინი და პარტია, ტყუპი ძმები არიან?” (ვლადიმერ მაიაკოვსკი).
ანინსკის დასკვნა ქუხს, ვითარცა იერიქონის საყვირი: “ვფიქრობ, მკითხველებისთვის, რომლებიც ჩახედულნი არ არიან პუშკინისტიკის სიღრმეებში, საინტერესო იქნება, გაეცნონ დიდი რუსი პოეტისა და დიდი რუსი რევოლუციონერის ნათესაური კავშირის ჰიპოთეზას, მიუხედავად იმისა, ზანგის, ებრაელის, პოლონელის თუ რუსის სისხლი სჩქეფდა მათ ძარღვებში”.
აი, აქა არს დამარხული ის ვირეშმაკობა და გაიძვერობა, რომლებზეც ზემოთ მიგანიშნეთ: “პუშკინისტმა” ლევ ანინსკიმ ალექსანდრე სერგეევიჩისა და ლევ დავიდოვიჩის დანათესავებით, ამ უკანასკნელისთვის ეროვნული კუთვნილების გაუქმებით სისხლიანი ცოდვები შეუნდო ლეიბას.
ანინსკიმ კი “შეუნდო”, მაგრამ…
ჯერ ისეთ დანათესავებაზე რა ვთქვი, რომლის დასამტკიცებლად კუჭის აშლილობის მოხმობა გახდა საჭირო (იმიტომაც ყარს, როგორც ნაფაღარათალი უწმინდურობა); მეორეც, ამ სიბინძურის მომგონის “შენდობას” რა წმინდა ძალა შეიძლება ჰქონდეს, მკითხველმა განსაჯოს.
არავითარი!
ადამიანების ამოთხვრა განავალში ამას ჰქვია.
ახლა დაკვირვებით წაიკითხეთ ამონარიდი “ექსპრეს გაზეტა ამერიკის” 44-ე ნომერში გამოქვეყნებული წერილიდან: “ტროცკი თავისი რევოლუციური მოღვაწეობის გამო იუდაიზმის უსაშინელესი წყევლით წაწყმიდეს. არამეულ ენაზე ეს წყევლა წარმოითქმის “პულსა დე–ნურა”, რომელიც დაახლოებით “ეშმაკსაც წაუღიხარს” ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ “პულსა დე ნურით” ტროცკი დაწყევლა ცნობილმა რაბინმა ხაფეც ხაიმმა. თანამედროვე ისრაელში ასე საშინლად დაიწყევლენ პრემიერმინისტრები: იცხაკ რაბინი და არიელ შარონი 1995 და 2005 წლებში, პალესტინელებთან მოლაპარაკებების გამართვისა და მათთვის ზოგიერთი შეღავათის დაწესებისთვის. იცხაკ რაბინი დაწყევლიდან ერთი თვის შემდეგ მოკლეს, არიელ შარონი კი, ნახევარი წელიწადი არც იყო გასული, რომ კომაში ჩავარდა, რომელსაც გადაყვა კიდეც. ტროცკიც საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა. საყურადღებოა, რომ ებრაელებს “პულსა დე-ნურით” მხოლოდ თანატომელების დაწყევლის უფლება აქვთ. თუ ამ წესს დაარღვევენ, წყევლა მაწყევარს შემოუბრუნდება. ასე განმარტა ისრაელელთა რუსულენოვან გაზეთ “კურიერში” რაბინმა იოსებ დაიანმა, რომელმაც დაწყევლა იცხაკ რაბინი და არიელ შარონი”.
ყველა მათგანს ებრაელი ხალხის წინაშე ჩადენილი ცოდვები ამძიმებდა. ტროცკის სახელმწიფო გადატრიალება ჰქონდა ინკრიმინირებული, რევოლუციის ორგანიზება და გაძღოლა, რევოლუციამ კი ისრაელიანნი რელიგიას ჩამოაცილა.
ჰამასს უხარია, როცა ბომბავენ
ისრაელის სახელმწიფო თავის პრობლემებს ყოველთვის თვითონ წყვეტდა, სტრატეგიული პარტნიორების იმედზე არასდროს დარჩენილა, რადგან მათ, ვისაც პირველ და უდიდეს მეგობრებად მოიხსენიებდნენ, აღშფოთების, უკიდურეს შემთხვევაში, უდიდესი აღშფოთების გამოხატვის გარდა, სხვა არაფრით გამოუდვიათ თავი.
ახლაც ასეა, როცა ისრაელსა და პალესტინას შორის გამწვავებული ურთიერთობა ცხელ ფაზაში შევიდა.
სიტუაცია ისრაელში თანდათან მძაფრდებოდა და, როგორც იაკობ კედმი აცხადებს, ამის მიზეზი ცოტა როდია.
უწინარეს ყოვლისა, ცუდად არის ორგანიზებული პოლიცია, დიდად პროფესიულიც არ არის. სამართალდამცველთა უმოქმედობის ფონზე გამრავლდა მკვლელობები, გახშირდა ქურდული გარჩევები, იმძლავრა კრიმინალმა საერთოდ. ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი დაგროვდა მოსახლეობაში. დაუსჯელობა საყოველთაოა, რაც ადამიანების ამა თუ იმ ჯგუფებს, იგივე ბედუინებს, შესაძლებლობას აძლევს, იარსებონ სახელმწიფოს მიღმა. არაბეთის სექტორში იარაღი, მგონი, არმიაზე ნაკლები არ აქვთ.
ძალიან გახშირდა თავდასხმები.
პოლიციის უმოქმედობის ფონზე ადამიანები თვითონ იწყებენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას.
ისრაელში შექმნილი მდგომარეობა ერთგვარად შეერთებულ შტატებში არსებული ვითარების ანარეკლია, მაგრამ სწორედ ეს არის ისრაელის საზოგადოების, ისრაელის პოლიციის, ისრაელის ხელისუფლების ამერიკანიზაციის შედეგი. ის, რაც ჰამასსა და სხვა დანარჩენს ემართება, ცეცხლზე ნავთის დასხმასა ჰგავს.
“შეერთებულ შტატებში რაც ხდება, შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტია, საგარეო ურთიერთობებს არ უკავშირდება, _ მიიჩნევს კედმი, _ ჩვენთან კი მაინცდამაინც საგარეო საქმეებთან არის გადახლართული, ამიტომაც რთულდება”.
ანალიტიკოსის აზრით, ღაზაც ორია: ერთი, რომელიც სურათებზე ჩანს, მეორე მიწის ქვეშ არის. მთლიანად დასერილია გვირაბების უთვალავი რაოდენობით, სავსეა ბუნკერებით.
გვირაბი, რომელიც ახლახან ააფეთქა ისრაელმა, სკოლის ქვეშ იყო გათხრილი. სამი მრავალსართულიანი შენობა მხოლოდ მას შემდეგ დავანგრიეთ, რაც მოწინააღმდეგე გავაფრთხილეთ, რომ რამდენიმე საათში დავბომბავდით იმ სახლებს და ვთხოვეთ, გაეყვანათ ხალხი. ამ სახლების ზემო სართულებზე მოქალაქეები ცხოვრობდნენ, მათ ქვევით _ ჰამასი ან ჯადა ისლამი, უფრო ქვევით _ ისევ მოსახლეები, მათ შემდეგ ტერორისტების საამქროები იყო მოწყობილი. მშვიდობიან ვითარებაში ძნელია მათი მოსპობა. ომის დროს ვიპოვეთ განადგურების საშუალება.
ასევე იყო ფენებად დანაწილებული მეორე შენობაც.
მაგრამ პრობლემების თავი და თავი მიზეზი, იაკობ კედმის აზრით, არის გაურკვეველი საერთაშორისო ვითარება, ხელისუფლების მიერ ეფექტიანი გადაწყვეტილებების ძიებისა და განხორციელების უუნარობა, რომელიც კრიზისის მართვის და არა კრიზისის გადაწყვეტის სხვისი ნაკარნახევი სისტემის ჰაიჰარად მიღებით არის განპირობებული.
თავიანთი ვიწრო პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ ჰამასის განადგურება არ შეიძლება: _ ჩვენ ვიპოვით მასთან პოლიტიკური თანაარსებობის საშუალებასო. ჰამასი ისრაელის მთავრობას სჭირდება, ყოველ შემთხვევაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველა მთავრობას სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შარონი პრემიერმინისტრი იყო, რადგან იგი (ჰამასი) არისო “პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის” და ავტონომიების ხელისუფლებების საპირწონე.
რა საჭიროა პალესტინის პრობლემის გადაწყვეტა, უმჯობესია, გვქონდესო პალესტინის სამი პრობლემა: პირველი იუდეველების ავტონომია სამარეაა; მეორე _ ღაზაში და მესამე _ იორდანეს ნაპირზე.
_ მაშინ სამივე უფრო სუსტი იქნება და გვეთქმის კიდეც. “აბა, ვის ველაპარაკოთ, რადგან საერთო ძალაუფლება არც ერთს არ გააჩნია, _ ამბობს ექსპერტი და განაგრძობს, რომ ამ პოლიტიკამ ამჟამად ქუჩაში იფეთქა, _ ავტონომიებში არჩევნები უნდა გამართულიყო. ჰამასმა ამ მიმართულებით კარგად იმუშავა და არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსიც ჰქონდა; მკვეთრად გაართულა პოლიტიკური დაძაბულობა. ამას დაემატა რამადანიც, რომელიც იერუსალიმისკენ ათასობით ადამიანს იზიდავს და ყველა პოლიტიკური ძალა თავისი მიზნების მისაღწევად მათ გამოყენებას ცდილობს. ისრაელის ხელისუფლებამ ამ ისედაც დაძაბულ დროს განაცხადა, რომ რამდენიმე არაბულმა ოჯახმა უნდა დაცალოს უწინ მითვისებული ებრაელების კერძო სახლები, შემდეგ _ გამოისყიდოს.
მახმუდ აბასს არჩევნების შეეშინდა, ივარაუდა, რომ დაკარგავდა ძალაუფლებას, და გადადო არჩევნები. ჰამასმა სწორად შეაფასა ვითარება და გაამწვავა პოლიტიკური ატმოსფერო მოსახლეობაში უფრო მეტი ავტორიტეტისა და გავლენის მოსაპოვებლად. ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ბოლო ორი დღის განმავლობაში სალოცავად შეკრებილ მასაზე, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა იყო, საერთო ჯამში, ათი ათასზე მეტი შეიკრიბა. დაიწყო თავდასხმები პოლიციაზე, პოლიციამაც ადეკვატურად უპასუხა და აირია მონასტერი.
* * *
_ ჰამასს უხარია, როცა ჩვენ მას ვბომბავთ, _ დასკვნისკენ მიჰყავს საუბარი იაკობ კედმის, _ ეს ძალიან კარგია ფოტოსურათებისთვის “ნატურის” შესაქმნელად, გადასაღებად, ფულის შესაგროვებლად, პოლიტიკური დონის და, საერთოდ, პრესტიჟის ასამაღლებლად. ჰამასს მოსწონს ტაძრების მთაზე მოწყობილი არეულობა, მაგრამ გასული კვირადღისთვის, ანუ 16 მაისისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ორივე მხრიდან ისრაელ–პალესტინელთა კონფლიქტს _ ვითარება ახალი ესკალაციის ეტაპზე გადავიდა და დამთავრებას პირი არ უჩანს.
მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში ეს კონფლიქტი მოექცა.
ჩვენი წვრილფეხობა ტურა–მელიების აქტიუობა, ვიდრე იყო, იმაზე დაბლა დაეცა: “არ უწერია ტურასა ერწო–თიანეთს ჩხავილი”.
საქართველოში ისრაელელი ხალხისადმი სოლიდარობის დემონსტრაცია მოაწყვეს.
კარგია.
არმაზ სანებლიძე