Home რუბრიკები საზოგადოება კობა არაბული: ქართველი მწერლების მთელი ქონება სამმა კაცმა გაყიდა და გაინაწილა

კობა არაბული: ქართველი მწერლების მთელი ქონება სამმა კაცმა გაყიდა და გაინაწილა

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია, დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა. აკადემიის თავკაცად მწერლებმა თამაზ წივწივაძე აირჩიეს. მწერალთა ახალ გაერთიანებას მეტად სოლიდური მიზნები აქვს. უმთავრესი, ალბათ, ის არის, რომ ქართველი მწერლისთვის დაკარგული ფუნქციისა და დაკნინებული სახელის აღდგენისთვის გარჯას აპირებენ. თუ ჩვენში მწერალს ავტორიტეტი დაუბრუნდა, მერე იმ დიდი გეგმების განხორციელებაც გახდება შესაძლებელი, რომელთაც აკადემიის მესვეურნი შესჭიდებიან. ამ ბოლო დროს შემოქმედებითი გაერთიანებები ბევრი გვინახავს, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული საქმე _ ნაკლებად. ღმერთმა ქნას, მწერალთა ეროვნული აკადემია გამონაკლისი აღმოჩნდეს და ქართველმა მწერლებმა დაიბრუნონ ერის წინამძღოლის ის მისია, რომელიც ოდითგან ჰქონდათ. «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია მწერალთა ეროვნული აკადემიის ერთერთი დამფუძნებელი, პოეტი კობა არაბული.

_ ბატონო კობა, რამ განაპირობა მწერალთა ეროვნული აკადემიის დაარსება?

_ მწერალთა ეროვნული აკადემიის დაარსების აუცილებლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ამ აპოკალიფსურ დროში ვითარება არის ძალიან შეცვლილი. ჩვენს ერზე მიდის ზნეობრივი ძალადობა _ ლიბერტანიანელთა ძალადობა ერის ტრადიციებსა და ზნეობაზე, ხდება ახალგაზრდა თაობის ზომბირება უცხო ძალთა და ენერგიათა მიერ, გაურკვეველი სქესის ინდივიდები საზოგადოებას თავს ახვევენ მისთვის სრულიად მიუღებელ «ღირებულებებს». სამწუხაროდ, მთელი სერიოზულობით გვიწევს იმის მტკიცება, რომ ქალი ქალია და კაცი _ კაცი. ასეთ დროს მწერალი ხალხთან უნდა იდგეს. როგორც დასტაქარი შედის ხოლერიან სოფელში და განკურნავს სნეულთ, მწერალიც ასეთი შემართებითა და შეუპოვრობით უნდა გავიდეს ხალხში, უნდა განკურნოს ხალხი, იმ უზნეობას მედგრად უნდა ებრძოლოს, რომელიც ჩვენს ერს, უკვე წლებია, თავს მოახვიეს. მწერალთა აკადემიის დაარსების გადამწყვეტ ფაქტორად იქცა ის, რომ ახლანდელმა მწერალთა კავშირმა მთლიანად ამოწურა თავი და შეძლო ქართული მწერლობის დაჭაობება. ბილწთან ზავის შეკვრამ და ტირანულ, უზნეო ხელისუფლებასთან კოაბიტაციის რეჟიმში ყოფნამ ისინი ერისთვის მიუღებლად აქცია.

_ მწერლის ნდობა დაკარგა ხალხმა. 17 მაისის გეიაღლუმს გაგახსენებთ, სადაც მხოლოდ რამდენიმე მწერალი იყო. ხალხი ამბობდა, მთელი ქართული მწერლობა ახლა აქ უნდა იყოს და ამ უზნეობას ისინი უნდა ებრძოდნენ, ხალხს სათავეში სწორედ მწერლები უნდა ედგნენო. ქართულ ინტელიგენციას ავანგარდში მუდამ მწერლები ედგნენ, არავის როლს არ ვაკნინებ, მაგრამ მწერლების შემდეგ მოდიოდნენ ხელოვნების სხვა სფეროთა წარმომადგენლები, მეცნიერები. ამის დასტურად ეროვნული მოძრაობის პერიოდიც გამოდგება, როცა ქართველმა მწერლებმა უდიდესი მისია იტვირთეს და იქ იყვნენ, სადაც ხალხს უჭირდა. აკაკი ბაქრაძე, მუხრან მაჭავარიანი და კიდევ რამდენიმე მწერალი ეროვნული მოძრაობის დისიდენტ ლიდერებს ავტორიტეტით არ ჩამოუვარდებოდნენ.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით. მწერლის ნდობა დაკარგა საზოგადოებამ, მწერლის მისია და ფუნქცია დღეს ნულოვანია. მწერალთა ერთმა სოლიდურმა ნაწილმა ხელისუფლებასთან კოაბიტაცია და ჩახუტება არჩია. არც ერთ დროში, არც ერთ ხელისუფლებასთან არ უნდა იყოს მწერალი მიტმასნილი, მასთან გარიგებაში შესული და მისი დაკვეთის შემსრულებელი. მით უფრო იმ ხელისუფლებასთან როგორ შეიძლება სიამტკბილობით ყოფნა, რომელიც ქვეყანას გინგრევს, ერს ზნეობრივად გიხრწნის და სამშობლოს თავზე გამხობს?! ასეთ ხელისუფლებას უნდა ებრძოლო, აბა, რის მწერალი ხარ?! კი, 17 მაისს მართლა არ იყო ქართული მწერლობა რუსთაველზე, არადა, უნდა ყოფილიყო. რამდენიმე მწერალი კი იყო იქ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს  ნიშნავს. მთავარი მართლა ის არის, რომ იმ აქციას, წესით, მწერლები უნდა ჩასდგომოდნენ სათავეში და ხალხთან ერთად ებრძოლათ უზნეობის წინააღმდეგ. აკი გითხარით, დღეს მწერლის ფუნქცია ნულოვანია. ხალხს როცა მწერალთა კავშირს ვუხსენებ, სიცილით კვდება, ზოგმა მისი არსებობაც არ იცის. პრინციპში, არც არსებობს. მწერლები თავისთვის არიან შეყუჟულნი, მწერალთა კავშირი სავაჭრო ორგანიზაციად გადააქციეს.

_ მწერალთა აკადემიის დაარსება კიდევ უფრო ხომ არ გააღრმავებს ქართველ მწერალთა შორის არსებულ დაპირისპირებას?

_ მეტი რაღა უნდა გააღრმავოს, უფსკრულია უკვე. რაც დასამტვრევია, დაე, გატყდეს და რაც გასახლეჩია, გაიხლიჩოს. მწერალთა კავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რომ ხალხმა მწერლის ნდობა დაკარგა. მწერალთა კავშირის თავმჯდომარის არჩევაში მე დიდი წვლილი მიმიძღვის და ახლა ამისთვის ბოდიშის მოხდა მიწევს ხშირად. მწერალთა აკადემია იქნება ეროვნული ფასეულობების, ზნეობრიობის, კულტურის გადარჩენის ცენტრი. თუ ვინმე ამ საქმეში დაგვიპირისპირდება, დაგვიპირისპირდეს, თუნდაც მწერალი იყოს. გვეცოდინება მაინც, ვინ სად და ვისთან დგას, ვინ რისთვის იბრძვის. ქართველი მწერლების მთელი ქონება სამმა კაცმა გაყიდა  და გაინაწილა.

განა მარტო «მერანი» გაყიდეს? აჭარაში გაყიდეს დიდძალი ქონება. ერთი პოლიკლინიკა ჰქონდა მწერალთა კავშირს, მოლაპარაკება მიდიოდა მის ადმინისტრაციასთან, კავშირი მათ წილს დაუთმობდა, თუ ისინი ამ პოლიკლინიკას აამუშავებდნენ, მწერლებს კი უფასოდ უმკურნალებდნენ. რამხელა შვება იქნებოდა ახლა ეს მწერალთათვის, მითხარი ერთი. მაგრამ ის პოლიკლინიკაც დაკარგეს. როგორ, რანაირად, კაციშვილმა არ იცის. ერთადერთი შენობაღა დარჩა კავშირს მაჩაბლის #1-ში, ის გაქირავებული აქვთ და ეჭვი მაქვს, თუ დროზე არ მოვიკითხეთ, იმ შენობასაც მიაყიდიან. თუ არადა, გაყიდონ ეგ სახლიც და, მოსაპარი და წასაგლეჯი რომ აღარაფერი დარჩება, თავისით დაიშლებიან.

მწერალთა კავშირის შენობაც ამათ ხელში არ დაიკარგა? თავის დროზე ხომ დავით სარაჯიშვილმა აჩუქა ეს სახლი ქართველ მწერლებს, მერე ორი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის, ბრძანებულებებით გადმოეცა მწერლებს, მაგრამ ორი პრეზიდენტის ბრძანებულებები ერთი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას, ბრძანებით გაუქმდა და მწერალთა სახლი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. მერე კულტურის სამინისტროს გადაეცა მართვის უფლებით. ნიკა რურუამ ნატა ლომოური დანიშნა მწერალთა სახლის დირექტორად, ნიკო ლომოურის შვილი. მე მანდატურს ვეძახი ნატა ლომოურს. თვითონ გიწერს გრაფიკს, როდის რა ღონისძიება უნდა გამართო. კაი დედის შვილი ხარ და 10 წუთი გადააცილე, შემოვარდება ეგრევე და ხალხს გარეთ ერეკება, _ თქვენი დრო ამოიწურაო. კინოსეანსია თუ რა უბედურაბაა, ვერ გავიგე! ნატა ლომოური რატომ უნდა მიდგენდეს, როდის რომელი მწერლის პოეზიის საღამო უნდა გავმართო და რამდენი ლექსი უნდა წავიკითხო?! ერთხელ 300 მწერალი ვიყავით შეკრებილი, უამრავი ადამიანი რაიონიდან იყო ჩამოსული და შემოაღო კარი, 10 წუთით გადააცილეთ დროს, დაიშალეთო. მეტი რაღა უნდა ვთქვა ამ მანდატურზე? იმდენს ხომ უნდა მიხვდე, რომ 300 მწერალი  გასართობად არ შეიკრიბება და, რაკიღა ჯერ არ იშლებიან, საქმეზე მსჯელობენ და რაღაც მნიშვნელოვან საკითხს წყვეტენ. მორჩებიან და დაიშლებიან, აბა, დარბაზში ხომ არ გაათევენ ღამეს.

_ მწერალთა სახლის დირექტორი არ შეიძლება მწერალი იყოს? მიმართეთ კულტურის სამინისტროს, რომ ისეთი ადამიანი დანიშნონ, რომელსაც მწერლობისა და მწერლების ავკარგი ესმის.

_ კი, ვაპირებთ მაგის გაკეთებას. გურამ ოდიშარიასთან გვინდა მივიდეთ და ჯემალ დავლიანიძის კანდიდატურა შევთავაზოთ ნატა ლომოურის ნაცვლად. ჯემალი მწერალია, გამსახურდიას დროს პრეფექტადაა ნამუშევარი და ის საქმეც იცის, რომელიც სხვა მწერლებს არ გვეხერხება, კარგად მოაბამს თავს ამ საქმეს.

_ მაყვალა გონაშვილი აცხადებს, რომ  მწერალთა აკადემიის ერთადერთი მიზანი თამაზ წივწივაძის მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაბრუნების მცდელობააო.

_ მაყვალა გონაშვილმა გაიხსენოს, რომ თამაზ წივწივაძე მასავით არ ჩაფრენია თავმჯდომარის სკამს და თავისი ნებით გადადგა. თამაზ წივწივაძემ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, ამის გამო კი უამრავი პრობლემა შეექმნა. ბოლოს თქვა, მე დიდ შარში შეიძლება გავეხვე და, მწერალთა კავშირის წევრებს ჩემ გამო პრობლემები რომ არ შეექმნათ, გადავდგებიო. წავიდა, მაგრამ იმ დანაშულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია, რომელთანაც მაყვალა გონაშვილი მშვენიერ ურთიერთობაში იყო. თამაზ წივწივაძეს მწერალთა ქონება არ გაუყიდია და სახლში არ წაუღია. პირიქით, როცა გოკა გაბაშვილმა მწერალთა კავშირს დაფინანსება შეუწყვიტა, სააკაშვილის დავალებით, მაშინ თამაზ წივწივაძეს სახლიდან დანაზოგი ფული მოჰქონდა და შეჭირვებულ მწერლებს ეხმარებოდა, ბევრ მწერალს მოათქმევინა სული და ეს გონაშვილმა ძალიან კარგად იცის. თამაზ წივწივაძე მაყვალა გონაშვილს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობას არ შეეცილება, რადგან ჩვენ აკადემია დავაფუძნეთ და მის ხელმძღვანელად ავირჩიეთ.

 ამ ხალხის სიხარბეს საზღვარი მართლა არა აქვს. არ გეცოდინებათ და ახალ ამბავს გეტყვით. თბილისის მერიის სოციალური და კულტურის სამსახურის უფროსთან, მამუკა ქაცარავასთან მივიდა ერთი მწერალი დახმარების სათხოვნელად. გადარეულა ქაცარავა, რაღას მთხოვთ, მწერალთა კავშირს ქვეყანა ფულს ვურიცხავ სწორედ გაჭირვებულთა დასახმარებლად და სხვა საჭიროებებისთვისაცო. საინტერესოა, რომელ მწერლამდე მიაღწია მერიიდან გადმორიცხულმა თანხამ. მე ჯერ ასეთი მწერალი არ მინახავს. ეს საქმეც გამოსარკვევია, ახალგაზრდა მწერლები იძიებენ ამ ამბავს და მალე გავიგებთ, სად წაიღეს ის ფული მაყვალა გონაშვილმა და რეზო მიშველაძემ.

_ ბატონო კობა, წეღან ლიბერტარიანელთა შემოსევაზე ჩამოაგდეთ სიტყვა. რა ვქნათ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ჭირს?

_ ახლა სწორედ ყოფნა-არყოფნის ჟამი გვიდგას. ინდო-ევროპული რასა შემოესია საქართველოს და მიდის ერზე ზნეობრივი ძალადობა. ხელს არ აძლევთ ისეთი ძველი ცივილიზაციის ერის არსებობა, ჩვენ რომ ვართ, ერის ცნობიერებიდან უნდათ რომ წაშალონ უძველესი ტრადიციები, ზნემაღალი ღირებულებები, რომლებიც ჩვენი წინაპრების ზნეობრივ კოდში დევს, რომელმაც გადაგვარჩინა და აქამდე მოგვიყვანა, სწორედ იმას ებრძვიან ლიბერტარიანელები. მიხეილ სააკაშვილმა დიდი სახელმწიფოების პოლიგონზე მოგვაქცია და მსხვერპლად ვეწირებით ამ სახელმწიფოთა ინტერესებს. სააკაშვილისა და ლიბერტარიანელთა მისია ქართველი ერის განადგურებაა და შეძლებისდაგვარად მოახერხეს კიდეც ეს. სააკაშვილმა დაცალა სოფლები, მთიდან თემები აყარა, ერის განდევნა შეძლო ქვეყნიდან. დევნა დაუწყეს ნიჭიერ, მაღალზნეობრივ ადამიანებს და უნიჭობა და უზნეობა დაამკვიდრეს ქვეყანაში. მომავალ თაობასაც ამ უნიჭი და უზნეო ხალხს უსახავენ მაგალითად. ხალხს იჭერდნენ, კარგი ბიჭი რატომ ხარ, ხალხში ავტორიტეტი რატომ გაქვს, შენს სიტყვას ფასი რად ადევსო. რა უნდა ვქნათ? ღვთის მადლით, მოვიშორეთ «ნაციონალური მოძრაობა» თავიდან და მალე სააკაშვილიც წავა. თუმცა ლიბერტარიანელთა ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენ ამ უზნეობას უნდა ვებრძოლოთ, აღარაფერი არ უნდა დავუთმოთ და, რაც დავკარგეთ, იმის დაბრუნება უნდა შევძლოთ. თუ კიდევ დავუთმეთ, თუ მოგვერივნენ, გადაგვთელავენ და ცოტა ხანში სამშობლო აღარ გვექნება. ქართველ მწერალთა აკადემიის მისია სწორედ ამ ბრძოლის შუაგულში ტრიალი და ხალხის გვერდით დგომაა. მწერალი დაიბრუნებს თავის ფუნქციას და მალე ისევ ერის წინამძღოლად იქცევა, როგორც ეს ილია ჭავჭავაძის ეპოქაში იყო.

_ დაბოლოს, 6 ივნისს ავღანეთში, ქართული სამხედრო კონტიგენტის ბაზაზე მომხდარ ტერაქტზე მინდა გკითხოთ, რომელმაც 7 ქართველი ჯარისკაცი შეიწირა. როგორ ფიქრობთ, 26 მაისს მიხეილ სააკაშვილის ამ ბაზაზე ვიზიტი და მისი როყიო საუბარი ქართველ ოფიცერთან თალიბი ტერორისტების განადგურების თაობაზე ამ ტერაქტთან კავშირშია?

_ მაგას რაღა ლაპარაკი უნდა?! ეს ტერაქტი მოჰყვა სააკაშვილის ამ ბაზაზე ჩასვლას. როგორ შეიძლება, ოფიცერს ტელედაკითხვა მოუწყო, თუ რამდენი თალიბი მოკლა?! კი, ტერორისტი მოკლა, მაგრამ ის ტერორისტი ამ თალიბებისთვის, ხომ იცი, რომ გმირია და რატომ აღიზიანებ? ეს იყო სააკაშვილის მიერ მოწყობილი პროვოკაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეგნებულადაც გააკეთა. მაგას ხელს აძლევს ტერაქტებიც და ყველა სხვა უბედურებაც, რაც ამ ქვეყანას დააქცევს. მაგისმა ტელედაკითხვამ ის შვიდი ჯარისკაცი ხომ შეიწირა, საქართველოც ტერორისტების სამიზნედ აქცია _ ჯიჰადი გამოგვიცხადეს. საერთოდ, ის ვიკითხოთ, რა უნდათ ავღანეთში ჩვენს ჯარისკაცებს! ვის ომში იბრძვიან, ვის ქვეყანაში და ვისი ინტერესებისთვის? ამ ომიდან საქართველო ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს. არ არის ეგ ჩვენი ომი და, რაც მალე გამოიყვანენ ავღანეთიდან ქართველ ჯარისკაცებს, მით უკეთესი.

ესაუბრა

ლევან ჯავახიშვილი

 

1 COMMENT

  1. მწერლებო, თქვენი უპირველესი მისიაა სათავეში ჩაუდგეთ ერს და დაკარგული სამშობლო უკან დავიბრუნოთ,ისე სახელს ვერ აღიდგენთ,ამიტომ გადააბიჯეთ თქვენს მეს და პატივმოყვარეობას,დადექით ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან ის გაგვიყვანს სამშვიდობოს,მერე კი ემსახურეთ ერს, .არაფერი დაგეკარგებათ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here