Home რუბრიკები საზოგადოება ქრისტე აღსდგა! _ ჭეშმარიტად აღსდგა!

ქრისტე აღსდგა! _ ჭეშმარიტად აღსდგა!

ქრისტეს აღდგომა _ ანდრია რუბლიოვის დაწერილი ხატი (1408-1410)

ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვაც ზიდა

ქრისტიანთა უმთავრესი რელიგიური დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის _ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა საქართველოში განსაკუთრებული ზარზეიმით აღინიშნება. ამ დღეს მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან იხსნა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვაც ზიდა.

ამ დღეს ღამის 00:00 საათიდან საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვალოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება.

ქრისტიანები ერთმანეთს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით: “ქრისტე აღსდგა! _ ჭეშმარიტად აღსდგა!”

ამ დღეს ჩვენში ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის, რადგან ეს უდიდესი სიხარული, მაცხოვრის აღდგომა, ადამიანებმა ერთად აღნიშნონ.

მომდევნო დღეს, ორშაბათს, საქართველოში საფლავებზე გასვლა, გარდაცვლილების მოხსენიება და საფლავზე წითელი კვერცხების გადაგორებაა მიღებული.

აღდგომის კვირისთავი, ანუ მომდევნო კვირა დღე, ხალხური რწმენით, ყველაზე ბედნიერად მიიჩნევა ჯვრისწერისთვის.

სამწუხაროდ, კორონაპანდემიის წყალობით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მეორე წელია, გარკვეულ რაღაცებზე თავის შეკავება გვიწევს. ხოლო რწმენა იმისა, რომ უფალი ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანას არ გაწირავს, გვაძლიერებს.

მაგრამ მხოლოდ პანდემია როდი გვირღვევს ცხოვრების რიტმს, შინაურმა აშლილობამ, ხელისუფლების სათავეში მოქცევის მსურველთა არნახულმა თავხედობამ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა და ისეთი ვითარება შექმნა, სულმნათი აკაკი რომ ამბობს ლექსში

აღდგომის განთიადი”:

ერთობა, თანასწორობა,

გულით ძმობა, სიყვარული,

ყველა ერთად ჯერჯერობით

ციხეშია დამწყვდეული.

მშიერს, მწყურვალს, შიშველს, ტიტველს

ინახავენ, როგორც მხეცსა,

განსაცდელსა და სატანჯველს

უმზადებენ მრავალკეცსა”…

მგოსანი იმედოვნებს, რომ ღმერთიდაჩაგრულებს გამარჯვებას მიახარებს”, რადგან:

ქრისტე აღსდგა! აღსდგა მკვდრეთით,

ის ნაგვემი!… და ჯვარცმული!…

და ამიერ ქვეყანაზედ

განმტკიცდება სიყვარული”.

როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციით ზეიმობდნენ, თუმცა ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი ამ დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავდა.

სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, ხაჭაპური, შოთის პური, ყველი, მწვანილი, მწნილი, ხილი და, რასაკვირველია, წითელი ღვინო. აი, რაც შეეხება მეფის კარის სააღდგომო სამზადისს, მას მოკრძალებულს ვერ დავარქმევთ, რადგან სამეფო კარზე, “აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი, ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ _ გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი” (ვახუშტი ბაგრატიონი).

სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო “ჭონა”, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა ოჯახებს, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.

რაჭაში აღდგომის დილას, წირვიდან დაბრუნების შემდეგ, პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დაალაგებდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს “გიორგონთობას” ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.

გურიაში ყოველ წელიწადს აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16-კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მიივიწყეს. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.

საინტერესო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის _ ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა; შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოს და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ.

თუ როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას ფშავში, აი, რას წერს ვაჟაფშაველა:

სააღდგომოდ

დღეს შაბათია, წინადღე აღდგომისა. ბუნებაც მომზადებულა აღდგომის მისაგებებლად. ავსილა მისი გულ-მკერდი ყვავილებით. თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა და ეს დედა, დედამიწა, სულგრძელი, უსაზღვრო სიყვარულით ავსილის გულით, აწვდის ყველას და ყველაფერს ხელს და, როგორც დედა შვილებს, პირჯვარსა სწერს, სიცოცხლეს დიდის ხნისას, სიყვარულისას სთხოვს მათთვის ზეცას. ყველგან სიხარულია, ყველას გულში სიამოვნებაა დღესასწაულის გამო. ერთი მხოლოდ ბობოლა სტირის და სტირის იმიტომ, რომ შვიდის ფრთისა ერთიღა შერჩა და ისიც, როგორც თითონ, შემჭვარტლული; იგი, თავპირჩამომტირალი, ბუხრის თავზე ჰკიდია მოსაწყლებული, გაბეჩავებული, სასოებამიხდილი. საბრალო! ხვალ იმ ერთადერთს ფრთასაც დაჰკარგავს და თითონაც თან გაჰყვება. მოეღება ბოლო მის ფარფაშს, მის საზარელს მაღლიდამ გადმოცქერას, დიდისა და პატარის დამაწიოკებელს. გაითრევენ, გასწეწენ ბალღები და გადაუძახებენ სადმე ხევში ან კლდეზედ, ქარსა და წყალს მისცემენ.

რამდენი ცრემლი ჩამოაგდებინა ამ შეჩვენებულმა ბობოლამ ბალღებს, მაგრამ ხვალ კი ჯავრს ამოიყრიან; როგორც შეეფერება, სწორედ ისე მოექცევიან, ამოაშხამებენ სასტიკობა-მტარვალობას. ჯერ გუშინწინვე გაიგონებდით ბალღების სიმხიარულეს ბობოლას ჩამობრძანებაზე და ყელის ჩაპოხაზე.

დღეს წითელი პარასკევი,

ხვალ შაბათი შავდებაო;

ხვალზევით რომ კვირა მოვა,

ყელი ჩაიპოხებაო”.

ყველგან მოძრაობა და დიდი მოლოდინია ქრისტეს აღდგომისა. სად ქათამი ჩამოსვეს ქანდარიდამ და მოაგდებინეს კისერი, სად ნასუქს ინდაურს მოაშორეს სწორედ ინდაურული, გამოჩერჩეტებული გოგრა, სად ნასუქის ქოსმანის ჭყივილი ისმის, ჭყივილი ვაისა და ვაგლახისა. ამოაშხამეს იმასაც იმდენის სანოვაგის შეყლაპვა და გაოხრება. დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდან კვერცხების ღებით ახალი ფერი. მოისვენებს ამას იქით ლობიოს სადუღარიც. პატარძლებმა და გასათხოვარმა ქალებმა სწორედ ათჯერ დაიბანეს პირი და, ვისაც კი რამ ზიზილ-პიპილა მოეპოვებოდა, ტანზე მიიკოსეს, “ბუზიკები” და “პოლსაპოჩკები” გაიწმინდეს. მხოლოდ მოხუცებულნი არა ზრუნავენ ტანის აჭრელებაზე, მისხდომიან ცეცხლს კერის პირას, სანთელს ადნობენ და აკეთებენ. მღვდელი და დიაკვანიც, უნდა მოგახსენოთ, დიდს ფაცა-ფუცში არიან. ხურჯინები დააკერეს, ტიჭკორები დარეცხეს და, სადაც დაზიანებული იყო, პოლორჭიკი მიაკერეს. მარილი და შაბიც მოამზადეს ბატკნის ტყავების დასამარილებლად. მომზადდა ძღვენიც ნათლიისათვის, მის განუშორებელის მეგობრითურთ _ ინდაურით, ამასთან, ნამცხვარ-ნაზუქით და საქმის დამაგვირგვინებელ ყელმოღერებულ გოზაურით.

საყდრის შორიახლო ცეცხლის ალი ავარდა. გაჩაღებულს ცეცხლს გარს შემოსხდომოდა ხალხი. დიდი და პატარა გაფიცულიყვნენ, ეფხიზლათ ამ ღამეს. ყველანი ყაყანებდნენ. იმათში მხოლოდ ერთი გაჭაღარავებული კაცი ერია. დაფიქრებული თვალები, ჩამომხმარი და ჩამომტირალი სახე ცხადად ამტკიცებდნენ, რომ ამ კაცს ბევრი ტანჯვა და ვაება უნდა გამოევლო. უცნობს სოფელში ნაბერალს საბას ეძახდნენ. მართლაც, საბამ ბერობაში ათიოდე წელი გაატარა, მაგრამ რა მიზეზის გამო დაანება თავი ბერობას, არავინ იცოდა; იგი სოფელში მაინც კიდევ ბერივით სცხოვრობდა, საყდრის ყარაულად იყო. სოფლელთაგან ბევრი დაცინვა ესმოდა საბას: ერთი “ძალად წმინდანს” ეძახდა, სხვა “გამოპარულს ბერს” და სხვა და სხვა. საბა ამას ყურადღებას არ აქცევდა.

_ აბა, ერთი, შენ ჩვენზე ბევრით მეტი იცი, _ სთხოვა საბას ერთმა იქ მყოფმა შუახნის გლეხმა: _ ერთი გვიამბე რამა, გეთაყვა, საბავ!

_ დიდება შენს სახელს, ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა! _ სთქვა საბამ, _ ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, თვით იესო ქრისტემ ბრძანა. იგი ღმერთი იყო, შვილო, _ არ იწამეს, მოჰკლეს, ჰგვემეს, სტანჯეს, ჯვარს აცვეს და მე ერთი საწყალი კაცი რომ მასხრად დამიჭიროთ, რა საკვირველია. იგი ჯვარს აცვეს, მაგრამ ჯვარზედაც თავის მტრებისთვის ლოცულობდა, ევედრებოდა მამა ღმერთსა, რომ მიეტევებინა ცოდვა უგუნურთათვის: “რამეთუ არა იციან, რას იქმანო”. მაინც და მაინც იესომ ქვეყანა არ მოიძულა, მას არ გადაემტერა.

_ რად მოჰკლეს ქრისტე ურიებმა, საბავ? _ იკითხა მეორემ.

_ იმიტომ, _ უპასუხა საბამ, _ რომ კუტს არჩენდა, მკვდარს აცოცხლებდა და ბრმას მხედველობას აძლევდა. ფარისეველთ სწყინდათ, ჰშურდათ, ქრისტე ხალხს რად უყვარსო და მოაკვდინეს კიდეც, მაგრამ მან სიკვდილი დათრგუნა და ამაღლდა ზეცას და კვალად მომავალ არსვაი მაშინ იმას, ვინც ცოდვილია. მეორედ მოსვლა რომ იქნება, მაშინ იესო ქრისტე გაარჩევს ყველას, როგორც მწყემსმა ცხვრები თხებისაგან გაარჩიოს, და ყველას თავის შესაფერისს ადგილს მისცემს. მაშინ ბევრი ინანებს, ბევრი იტირებს, მაგრამ გვიანღა იქნება.

ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ ძვლების კნაწაკნუწის ხმას არ მიექცია ხალხის ყურადღება. თურმე კატას, ვინ იცის, რომელ დიასახლისისათვის, ქათამი მოეტაცა, შორეულ ღამისმთეველებს შორიახლო მიეთრია და შეექცეოდა. ნახევარი ხალხი იმას გამოეკიდა.

_ ვერ უყურებ მაგ ვერანას, წინადღითვე გაუხსნილებია, ე! _ ამბობდა ხალხი ხარხარით.

ამ მდგომარეობაში იყო ხალხი, რომ ზარი აჩქამდა. ყველამ ქუდები მოიხადეს და დაიწყეს პირჯვრის წერა. “ტარასტა”, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, რეკდა ზარებს, მაგრამ ახალგაზრდებმა მალე ჩამოართვეს ეს ხელობა და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზარის რეკვაში; ერთი მეორეს სტაცებდა ხელიდან ზარის თოკს. შორიდამ მღვდლისა და დიაკვნის ხმაც მოისმა, იმათ თან მოსდევდა ხალხის გროვა. მღვდელი მოვიდა მრევლითურთ. ყველამ სანთლები დაანთეს, მხოლოდ “ტარასტა” აღარსად ჩანდა, იგი საყდრის კარებს ეფარა. მღვდელმა წინადვე დაარიგა, რა პასუხიც უნდა მიეცა. “ტარასტა” მიკუნჭული იდგა კარებში და დასწავლილს სიტყვებს ბუტბუტებდა. მღვდელი შეიმოსა, აიღო კელაპტარი და გაუძღვა წინ ხალხს “ქრისტე აღსდგა”-ს გალობით. ხალხიც თან მისდევდა ხელსანთლიანები. შემოუარეს ლიტანია ორჯერ და, მესამედ რომ მიუახლოვდა კარებს, მღვდელმა ყველანი შეაჩერა და სთქვა:

კვერცხი _ “დაფნის ხე” კარლ ფაბერჟემ 1911 წელს დაამზადა. ნაყოფის ფუნქციას ამ ხეზე ბრილიანტები ასრულებს. ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით მოქმედებას იწყებს მექანიზმი, რომელიც “აცოცხლებს” კვერცხის გულში მოთავსებულ სიურპრიზს _ პაწაწინა ჩიტს: ჩიტი ხის კენწეროდან “ცაში” აფრინდება, ფრთებს იქნევს და ჭიჭკჭიკს იწყებს
კვერცხი _ “დაფნის ხე” კარლ ფაბერჟემ 1911 წელს დაამზადა. ნაყოფის ფუნქციას ამ ხეზე ბრილიანტები ასრულებს. ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით მოქმედებას იწყებს მექანიზმი, რომელიც “აცოცხლებს” კვერცხის გულში მოთავსებულ სიურპრიზს _ პაწაწინა ჩიტს: ჩიტი ხის კენწეროდან “ცაში” აფრინდება, ფრთებს იქნევს და ჭიჭკჭიკს იწყებს

_ აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღახვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა! _ “ტარასტას” დაჰვიწყებოდა მღვდლის ნასწავლი სიტყვები და, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: “ვინა არს მეუფე დიდებისაო”, _ ვინ არის და ვინ გინდაო, _ შემოგვჩხავლა საყდრიდამ. ხალხს სიცილი წასკდა. მღვდელმა ყური არ უგდო “ტარასტას” უგვანს პასუხს.

_ უფალი ძალთა თავად არს მეუფე დიდებისაო, _ სთქვა მან, დაჰკრა ფეხი და შეაღო კარები. ხალხიც მიჰყვა გრიალით. მღვდელმა და დიაკვანმა გამარჯვებულად ჩამოილოცეს ეს გამარჯვება სიმართლისა, ქრისტეს აღდგომა.

_ აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, _ სთქვა მღვდელმა და “ქრისტე აღსდგა!” მოაძახა ხალხს გამეორებით.

ბოლოს მღვდელმა სიტყვა სთქვა, რომელიც შემდეგის სიტყვებით დაამთავრა: ფარისეველთ, უგუნურთ აცვეს ქრისტე ჯვარსა, ვითარცა ავაზაკი, და გაგმირეს ლახვრითა, მაგრამ აღსდგა, სძლია სიკვდილსა და მით მოგვცა ჩვენ, კაცთ, მაგალითი აღდგომისა, სიკვდილის ძლევისა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის; მოგვანიჭა ნათელი, ნაცვლად ბნელისა. ამიერიდგან ეშმაკი ვეღარ გაიმარჯვებს კაცთა ნათესავზე, სამეფო მისი შემუსვრილ იქმნა. ლოდი, რომელიც დაკეტა ფარისევლობამ, ბოროტებამ, შურმა სამარე ქრისტესი, რათა მოესპო ჩვენთვის კავშირი ქრისტესთან, ჰფარვიან ანგელოზნი და ეტყვიან იესოს მაძიებელთ: “ვისაც ეძიებთ, იგი აღსდგა!”

ხალხი თავჩაკიდებით, მორჩილად ისმენდა ამ სიტყვებს, საბა კი დაჩოქილი იდგა ქრისტეს აღდგომის ხატთან, ცრემლი სიხარულისა ჩამოსდიოდა და ხელაღპყრობით ევედრებოდა მეუფეს.

1889 წელი.

მეფეები ფაბერჟესაგან ელოდნენ, რომ კვერცხებში რაიმე სიურპრიზი იქნებოდა დამალული. ამ კვერცხში მოთავსებულია იმპერატორის ერთ-ერთი რეზიდენციის, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე გატჩინის სასახლის რვასანტიმეტრიანი მოდელი “დაიმალა”
მეფეები ფაბერჟესაგან ელოდნენ, რომ კვერცხებში რაიმე სიურპრიზი იქნებოდა დამალული. ამ კვერცხში მოთავსებულია იმპერატორის ერთ-ერთი რეზიდენციის, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე გატჩინის სასახლის რვასანტიმეტრიანი მოდელი “დაიმალა”

* * *

რაც შეეხება, წითელ კვერცხს, ის ყველა კუთხეში სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ვნების პარასკევს ღებავენ, ნიშნად ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლისა. გადმოცემით, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა უპასუხა: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეცვალა. მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფხვნილი არსებობს, კვერცხის შეღებვის ყველაზე ნაცად და გამართლებულ საშუალებად დღემდე ენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. სააღდგომო კვერცხის მოხატვა უამრავი ადამიანის ჰობი გახდა, თუმცა, ცნობილი იუველირის, კარლ ფაბერჟეს (1885-1917), ქმნილებებს ბადალი დღემდე არ ჰყავს. მის მიერ დამზადებული ულამაზესი დეკორატიული კვერცხები სპეციალურ ყუთებში ინახებოდა და საჩვენებლად მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ. ფაბერჟე ასლს არასოდეს აკეთებდა. სწორედ ამიტომაა მისი თითოეული ნამუშევარი უნიკალური.

“ვარდის კოკორი” პირველი კვერცხია, რომელიც ნიკოლოზ მეორემ თავის მეუღლეს, დედოფალ ალექსანდრას მიართვა. კვერცხში ვარდის კოკორია ჩამალული _ ახალდაქორწინებულთა სიყვარულის სიმბოლო
“ვარდის კოკორი” პირველი კვერცხია, რომელიც ნიკოლოზ მეორემ თავის მეუღლეს, დედოფალ ალექსანდრას მიართვა. კვერცხში ვარდის კოკორია ჩამალული _ ახალდაქორწინებულთა სიყვარულის სიმბოლო

კვერცხები ძვირფასი ლითონისგან მზადდებოდა ან მყარი ქვებისგან, რომლებზეც მინანქრისა და ძვირფასი ქვების ორნამენტები იყო დატანებული. ტერმინი “ფაბერჟეს კვერცხი” დროთა განმავლობაში ფუფუნების სინონიმი გახდა, ხოლო ეს კვერცხები ამჟამად საიუველირო ხელოვნების შედევრებად არის მიჩნეული. ცნობილი იუველირის 47 კვერცხი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში ინახება.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here