სსრკ–ის დაშლას რუსეთის პრეზიდენტმა XX საუკუნის გეოპოლიტიკური ტრაგედია უწოდა და, ბევრი საღად მოაზროვნის აზრით, სავსებით სამართლიანადაც. სწორედ ამ სამართლიანობის გამო ვლადიმერ პუტინი, რომ იტყვიან, ლამის შეჭამეს დასავლეთისა და, უწინარესად, აშშ–ის ლიბერასტულმა წრეებმა თუ ცალკეულმა მეტ–ნაკლებად წონიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა _ არიქა, რუსეთის პრეზიდენტს სსრკ–ის აღდგენა უნდაო. არადა, აფსუს, მართლაც რა ქვეყანა დავანგრიეთ?! _ დედამიწის 1/6-ზე გადაჭიმულ იმპერიაში უბრალო ადამიანების სვე–ბედზე ორიენტირებული ისეთი სამართლიანი საზოგადოებრივი წყობა სუფევდა, რომლის მსგავსი არც მანამდე და, მით უმეტეს, არც შემდეგ არ იცის ისტორიამ:
დენი, წყალი, ბუნებრივი აირი, გათბობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პირველადი მოხმარების პროდუქტები, (პური, შაქარი, მარილი და ა.შ.), წამლები სიმბოლურ ფასად, ანუ, პრაქტიკულად, უფასოდ; უფასო სამედიცინო მომსახურება, საშუალო და უმაღლესი განათლებაც (რაიონებიდან ჩამოსულთათვის საერთო საცხოვრებელი _ ე.წ. სტუდქალაქები) არა მხოლოდ უფასოდ, არამედ სახელმწიფო იქით უხდიდა სტუდენტებს სტიპენდიას. “დემოკრატიული დასავლეთისთვის” უპრეცედენტო რამ _ სახელმწიფო უბრალო მუშა-მოსამსახურეებს ბინებს უფასოდ აძლევდა. კომუნისტური “ჯოჯოხეთის” კიდევ ბევრი სიკეთის ჩამოთვლა შეიძლება… და კიდევ ერთი _ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოში არსებულ იმპერიებში რუსეთის (მონარქიულ-კომუნიტური) იმპერია იყო ერთადერთი, რომელშიც იმპერატორი ერი (თუ ასე თქმა შეიძლება), რუსები, “დაპყრობილი” ქვეყნების ხალხებზე ცუდად ცხოვრობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებულად ლმობიერი რომანოვების იმპერია იყო. რომელმაც, მართალია, მისთვის მარადიული სამხედრო საფრთხის შემცველი ფინეთ-პოლონეთი კი მიირთა, მაგრამ მათ კულტურული ავტონომია უბოძა. რაც შეეხება საქართველოს, დროთა განმავლობაში ორი ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ერების კულტურებმა ერთმანეთი გაამდიდრეს და შეავსეს. მრავალსაუკუნეობრივი ხმალთაკვეთებით გადაღლილ, ფიზიკური განადგურების საფრთხისგან გადარჩენილ ქართველებს, XIX საუკუნეში ქეიფისა და ცეკვა–სიმღერის გარდა, პრაქტიკულად, არაფერი გვიკეთებია _ პირველ ხანებში “სალდათშიც” არ მიჰყავდათ ქართველები, რომლებიც, თუ მაინც იბრძოდნენ ბოროდინოსა და კავკასიურ ომებში, მხოლოდ ნებაყოფლობით _ თავადაზნაურობა ამით სამხედრო კარიერის გაკეთებას ცდილობდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლეგიტიმურად მიმაჩნია ვლადიმერ პუტინის რეფრენად ქცეული ფრაზა _ “ვისაც სსრკ–ის დანგრევა გაუხარდა, მას გული არ აქვს, ხოლო, ვისაც სსრკ–ის აღდგენა შესაძლებლად მიაჩნია, მას ჭკუა არ აქვს!”
რაც შეეხება XX საუკუნის რუსეთის წითელ იმპერიას, მის ხსენებაზე დასავლელი თუ შინაური ლიბერასტები აქცენტს მხოლოდ სტალინის პერიოდის რეპრესიებზე აკეთებენ, რომლებსაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ბაბუაჩემის სიცოცხლეც შეეწირა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სტალინს არ ვაძაგებ, რადგან იმხანად ხალხის უამრავი მტერი დაისაჯა (ტროცკისტების თამადობით). რომ არა მათი განადგურება, სტალინი ვერც რიგით ადამიანებზე ორიენტირებულ სოციალიზმს ააშენებდა და ვერც ფაშიზმს დაამარცხებდა და, აქედან გამომდინარე, დღევანდელი პოლიტიკური რუკა სრულიად სხვა კონტურებისა იქნებოდა. როგორც ჩვენში იტყვიან, “ტარანა თვლით არის” და სასწორის ერთ პინაზე თუ 37 წლის რეპრესიებს დავდებთ, ხოლო მეორეზე _ სოციალიზმის აშენებასა და ფაშიზმის განადგურებას, უეჭველად ეს უკანასკნელი გადაწონის. ამიტომაც არის, რომ ბინაში ერთ კედელზე სტალინის, ხოლო მოპირდაპირეზე ბაბუაჩემის სურათები მიკიდია _ ამიტომაც არის, რომ მოსკოვში 9 მაისი იქნება თუ სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების დღეები, დიდი ბელადის საფლავი დღესაც ყვავილების ზღვაში იხრჩობა. გენიალური სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი აშენებული იმპერიის სამეფო ტახტი გაუნათლებელმა ხეპრემ, სულელმა მესიმინდემ, ქართველთ მოძულე ნიკიტა ხრუშჩოვმა დაიკავა, რომელმაც ვასილ მჟავანაძის დიპლომატიის წყალობით ქართველებს ვერაფერი გვავნო, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ, სსრკ-ის ნგრევა დაიწყო, რომელიც დასავლეთის გავლენის აგენტების ტრიომ გორბაჩოვ–იაკოვლევ–შევარდნაძემ 1991 წელს წარმატებით დაასრულა. ამ წლებს შორის იყო ლეონიდ ბრეჟნევის “უძრაობის ხანად” წოდებული პერიოდი, რომელსაც იმ პერიოდის მომსწრე ხალხი (მათ შორის მეც) საქართველოს ოქროს ხანას უწოდებს.
ამას წინათ რუსეთის ტელეარხ “ისტორიაზე” დოკუმენტური ფილმს ვუყურე, ერთი შეხედვით, უცნაური სათაურით _ “იმპერია უკუღმა”. ამ “უკუღმართობაში” ის იგულისხმებოდა, რაც ზემოთ ვახსენე რუსეთის იმპერიის უნიკალურობაზე. როგორც წესი, კოლონიზატორები კოლონიების ძარცვის გამო, კოლონიების მოსახლეობაზე გაცილებით უკეთესად ცხოვრობდნენ. რუსეთის იმპერიაში კი პირიქით იყო _ უბრალო რუსი ხალხი ბევრგან შეჭირვებით ცხოვრობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, იქით აჭმევდნენ “დაპყრობილთ” და სწორედ ეს თემა იყო გაშლილი ზემოთ ხსენებულ ფილმში, ოღონდ სსრკ-ის ყველა რესპუბლიკაზე ცალ-ცალკე ფილმი იყო გადაღებული. როგორც ფილმიდან ვიგებთ, ბელორუსიისა და რუსეთის გარდა სსრკ–ის ყველა რესპუბლიკა, დოტაციური იყო და მათგან ყველაზე დოტაციური საქართველო ყოფილა. მოსახლეობის ერთ სულზე გათვლით, არც ერთ რესპუბლიკაში არ იყო იმდენი საკუთარი ავტომობილი, რამდენიც საქართველოში, და ბევრი რუსის ოცნება იყო, ერთხელ მაინც ენახათ ორსართულიანი საკუთარი სახლებით სავსე სტუმართმოყვარე საქართველო, რომელსაც მწვადის ოხშივარი ასდიოდა და ყველა სახლის ფანჯრიდან სიმღერა ისმოდა. საყოველთაო აღიარებით, სსრკ-ში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე საქართველოში იყო. თანაც ისე მაღალი, რომ სოციალისტურ ბლოკში შემავალ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ სახელმწიფოსაც შეშურდებოდა. საქართველოს შავიზღვისპირეთის ქართულ ქალაქებს: ბათუმს, სოხუმს, გაგრასა და ბიჭვინთას ქართულ რივიერას უწოდებენ.
აღსანიშნავია ერთი “უმნიშვნელო” დეტალი _ ეს ფილმი რუსეთ-საქართველოს ომისა და სოხუმ-ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შემდეგ არის გადაღებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზემოხსენებული ქალაქები მაინც ქართულ ქალაქებადაა მოხსენიებული. აქედან გამომდინარე, ეს სიტყვა “მაინც” პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს საყურადღებო, მაგრამ, ჰეე, სად ჰყავს საქართველოს ხელისუფლება? მისი ხელისუფლებაც და “ფეხისუფლებაც” ამერიკელი “ძია სემია”, მაგრამ ამაზე _ ქვემოთ.
გული მტკივა, როდესაც ნაგვის ურნებში თავჩარგულ და ყოველ ნაბიჯზე სამათხოვროდ ხელგაწვდილ ქართველებს ვუყურებ და ამ დროს საბჭოთა პერიოდის თბილისისა და, საერთოდ, საქართველოს მოქალაქეთა ბედნიერი, ხვალინდელი დღის იმედით სავსე მომღიმარი სახეები მახსენდება. გული მეკუმშება, როცა ვფიქრობ: ღირდა ამ ყველაფრის დაკარგვა რუსეთთან ურთიერთობების საბოლოოდ გაფუჭების, მისი ისტორიულ მტრად და თურქეთის ისტორიულ მეგობრად შერაცხვის, ერთი სიტყვით, დასავლეთის, აშშ-ნატოს ცრუ დაპირებების სანაცვლოდ?
წინამდებარე წერილის შექმნა გასულ კვირას პატრიოტთა ალიანსის ლიდერ ირმა ინაშვილის სკანდალურმა სატელევიზიო გამოსვლამ განაპირობა. მართალია, რაც ირმამ თავის სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, ბევრი რამ ისედაც ცნობილი იყო ჩემთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი გახლდათ ის, რომ ირმა ინაშვილმა ბევრ რამეს, რომ იტყვიან, თავისი სახელი დაარქვა. კერძოდ, ირმას მიერ ჩამოთვლილი უბედურებების მიზეზი ლიბერასტული დასავლეთი, აშშ და ნატოა. თორემ ის, რომ საქართველოს ქოც–ნაცების მთავრობა დასავლეთის მარიონეტია და პოტომაკის ნაპირებიდან იმართება, ინდივიდუალური პერფორმანსით (თუ ასე თქმა უპრიანია) გავაპროტესტე 2015 წლის 22 სექტემბერს, როცა აშშ–ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის რიყეზე დადგმული ძეგლი, როგორც აშშ–ის ხელისუფლების სიმბოლო, შევღებე. ყოველ ოთხშაბათს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” საავტორო გვერდზე (“ავი მუსაიფი”) იმ თემებზე ვსაუბრობ, რომლებზეც გასულ კვირაში ისაუბრა ირმა ინაშვილმა, მაგრამ სულ სხვაა პუბლიცისტ დავით მხეიძის საუბარი და სულ სხვა _ ცნობილი პოლიტიკოსის, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნის _ ირმა ინაშვილის, რომელმაც აღნიშნა, რომ მათი პარტიის პრიორიტეტი ეკლესიის, პირადად პატრიარქის დაცვაა. ირმა ინაშვილი ლიდერია იმ პარტიისა, რომელმაც გაბედა და “ფანჯარა გაჭრა” რუსეთის მიმართულებით. მართალია, “პატრიოტების” ვიზიტებს ქოც-ნაცთა ერთობლივი მეცადინეობის გამო რეალური შედეგები არ მოჰყოლია, მაგრამ ცოტაც, ანუ მეტი გამბედაობა და იქნებ მოხდეს სასწაული და რუსეთთან ძველი ურთიერობების აღდგენა დაიწყოს… თუმცა ეს ქოც-ნაცთა რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, ამიტომ ჯერ შინაური მტრები გვყავს მოსაშორებელი. ეს კი ეკლესიაში, წმინდა სინოდში შემორჩენილ პატიოსან სასულიერო პირთა მხარდაჭრის გარეშე ასევე შეუძლებელი მგონია.
“საქართველოს პირველ არხზე მომხდარი ინციდენტის გამო, როცა “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ მართლმადიდებლობისა და პატრიარქის წინააღმდეგ გალაშქრება კატეგორიულად გავაპროტესტე, გიჟად გამომაცხადეს, რის შემდეგაც პატრიარქმა დამიბარა და მრავალ მტერ-მოყვარეთა გასაგონად მანუგეშა, _ ქრისტეს გამო თუ გიჟი გიწოდეს, ეს ნეტარებააო” _ ასე ბრძანა ირმამ თავის გადაცემაში. ჰოდა, წინა წერილში, რომ განვაცხადე, საკმარისია, რუსეთზე კარგი დაგცდეს, ქოც-ნაცები მაშინვე რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ-მეთქი, ირმას გიგა ბოკერიას ხლისტებთან ბრძოლაში პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან ციტატით წავეშველები: “რუსეთთან უნდა აღდგეს ძმური ურთიერთობა და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, მალე!” დააკვირდით: ტრაფარეტული “მეზობლური” ან “მეგობრული” და. ა.შ. კი არა, არამედ მრავლისმეტყველი “ძმური”-ს თქმა არჩია ქართველი ერის სულიერმა მამამ.
წინამდებარე წერილს ერთი აწ განსვენებული ხლისტის ნათქვამის პერიფრაზით დავასრულებ _ მე ვარ ქართველი, მაშასადამე… რუსეთთან ძმური ურთიერთობა მინდა.
დავით მხეიძე