თუ გახსოვთ, შარშან ამ დროს დაკეტილ–ჩაკეტილ ქვეყანას ის ახალისებდა, რომ მამაპაპისეულ კარ–მიდამოში ჩასული მოსახლეობა საკუთარი მიწის ნაკვეთების ფოტოებს აქვეყნებდა სოციალურ ქსელებში და წერდა, რამდენი დაამუშავა, რა დათესა, როგორ ელოდებოდა მოსავალს, რომ წლების განმავლობაში დაუმუშავებული და დასვენებული მიწა “გაგიჟდა”, “გადაირია” და საუცხოო შედეგიც მიიღეს. ეს ყველაფერი კარგი სანახავი იყო, ამასთანავე, მოსახლეობის უმრავლესობამ ირწმუნა, რომ მიწასთან ურთიერთობა არც რთულია, არც სირცხვილი და, საზოგადოდ, საკუთარი ხელით მოწეულ მოსავალს სხვა გემო აქვს, ამიტომ არ გაგვკვირვებია, როცა რამდენიმე დღის წინათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიხარულით აღნიშნა, _ გასულ წელს საქართველოში სიმინდის რეკორდული მოსავალი მოვიდაო. მოსახლეობის უმრავლესობამ იმდენი სიმინდი მოიყვანა, რომ საკუთარი ოჯახი დაეკმაყოფილებინა. ფაქტია, ამან სიმინდის ფასზე აშკარად იმოქმედა და, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სიმინდის მარაგი იწურება, ფასი ერთ ლარამდე არ ასულა. შარშან კი სიმინდი უფრო ძვირი ღირდა, თანაც ლარი უფრო მყარი იყო. იგივე ითქმის მწვანილსა და ბაღჩეულზე.
პანდემიის მხრივ უკეთესი მდგომარეობა წელსაც არ გვაქვს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მოსახლეობა ჩაკეტილი არ არის, გადაადგილება შეუძლია და, თუ შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა, წელს რეკორდულად ცოტა მიწა დამუშავდა. ტოტალურმა უმუშევრობამ, შემოტანილ პროდუქტებზე (არადა, თითქმის ყველაფერი შემოგვაქვს) ფასების უსაშველო მატებამ და ლარის გაუფასურებამ მოიტანა ის, რომ ადამიანებს მიწის დასამუშავებლად ფული აღარ დარჩათ, ბოლო მარაგი ამოწურეს და, მიუხედავად იმისა, რომ შარშან თავიანთი შრომით სიკეთე ნახეს, წელს ამას ვეღარ ახერხებენ. თუმცა, წლევანდელ “რეკორდზე” ბატონ ლევანს არაფერი უთქვამს, უარყოფითი ხომ უნდა დავმალოთ. არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს ხსნა სწორედ სოფლის მეურნეობაშია და ახლა დეტალურად ავხსნით, რატომ.
ჩვენი ქვეყნის ფართობი 69 700 კვ. კილომეტრია და, 2020 წლის შეფასებით, 3 719 000 ადამიანი ცხოვრობს _ კვადრატულ კილომეტრზე დაახლოებით 53.5 ადამიანი… ნიდერლანდები ქვეყანაა, რომლის ფართობი საქართველოზე მცირეა და 41 543 კვ. კმ–ია. სამაგიეროდ, ნიდერლანდები მოსახლეობით ლამის ხუთჯერ მეტია საქართველოზე _ 16 856 620 ადამიანი. ლოგიკურად, ჩვენ უფრო მეტი ფართობი გვაქვს სოფლის მეურნეობისთვის და განვითარების უფრო მეტი პერსპექტივა, მაგრამ… ოფიციალური მონაცემებით, ნიდერლანდებმა 2018 წელს სოფლის მეურნეობიდან 100 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო; უფრო ზუსტად, რომ არ მოგვედავონ, 99.8 მილიარდი ევრო. ამ ქვეყანას მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია (აშშ-ის შემდეგ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიხედვით. საექსპორტო პროდუქციიდან კი ყველაზე მეტად ხილი და ბოსტნეული გადის. ალბათ, იფიქრებთ, როგორ მოჰყავს ასეთ მცირე მიწაზე ქვეყანას ამ ოდენობის პროდუქტიო და მაშინვე პესტიციდებსა და შხამ-ქიმიკატებზე დაფიქრდებით. არადა, ნიდერლანდური საიდუმლო სწორ აგრარულ პოლიტიკაშია, რომელსაც, უპირველესად, მეცნიერები და ექსპერტები აყალიბებენ. ნიდერლანდებში არის ვაგენინგენის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა და სწავლობს ევროპის პრაქტიკულად მთელი “აგრარული ელიტა”. სწორედ ამ უნივერსიტეტიდან დაიწყო ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის განვითარება. 2000 წლიდან ნიდერლანდელი ფერმერები პესტიციდებს თითქმის არ იყენებენ. 2009 წლიდან კი ანტიბიოკიტების გამოყენება შეამცირეს 60%-ით. ამით არა მხოლოდ ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილეს, არამედ შექმნეს ნატურალური პროდუქტი, რომელსაც მსოფლიო, უბრალოდ, დაესია. ნიდერლანდებში აგრარულ სფეროს მთლიანი შიდა პროდუქტის 10% უკავია და მასში 660 ათასი ადამიანია დასაქმებული. ჰოლანდიელი ფერმერები აწარმოებენ საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ საკვებ პროდუქტს 1 ჰექტარზე, ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფერმერები. სწორედ მათი წყალობით უკავია ნიდერლანდებს მსოფლიოში მეორე ადგილი აღნიშნულ სფეროში, ოღონდ თუ ტერიტორიებს გავითვალისწინებთ, ქვეყანა პირველ ადგილზეა. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ნიდერლანდები მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ და ხარისხიან საკვებს აწარმოებს. ამ ქვეყანაში იყენებენ ყველაზე მეტ ორგანულ სასუქს და უარს ამბობენ ქიმიურ ნივთიერებებზე… 100 მილიარდი ევრო _ თანხა, რომელიც ჰოლანდიამ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მიიღო სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან, 22-ჯერ აღემატება საქართველოს წლიურ ბიუჯეტს. რომ ვამბობთ, ჩვენი ეკონომიკის ხსნა უცხოურ ინვესტიციებშია და წელიწადში ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია რომ შემოვიდეს, გვეშველება და ლარიც სტაბილური იქნებაო, ხომ ხვდებით, რა მოხდება, თუ აქცენტს სოფლის მეურნეობაზე გავაკეთებთ? ასი მილიარდი კი არა, ამის მეათედი რომ მოვახერხოთ, მხოლოდ სოფლის მეურნეობიდან საქართველოს ბიუჯეტზე სამჯერ მეტ თანხას მივიღებთ და, რაც მთავარია, ეს თანხა სწორედ რომ უცხოურ ვალუტაში იქნება. პირდაპირ ვთქვათ, ეს გეგმა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ამიტომაც იყო, ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყნის განვითარების მთავარ აქცენტს სოფლის მეურნეობაზე რომ აკეთებდა და ყველაზე დიდი ინვესტიციების ჩადებას სწორედ ამ სფეროში გეგმავდა. ციფრები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მას უფრო ადრე ექნებოდა, თანაც დეტალურად გაწერილი _ სად, რა, როგორ, რამდენი… და ივანიშვილმა ორმილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს ფული, საბოლოო ჯამში, წყალში გადაყრილი აღმოჩნდა? უწინარესად, ის, რომ სოფლის მეურნეობის სფერო არაპროფესიონალებმა ჩაიბარეს. თუ წინა ხელისუფლების დროს მინისტრად “დედალ–მამალი ძროხების” ტერმინის დამმკვიდრებელი გვყავდა, ახალი ხელისუფლების მინისტრი მამალ–დედალს კი არჩევდა, მაგრამ სხვა თემებში მოიკოჭლებდა. თუ გახსოვთ, ტრაქტორების გახმაურებული საქმე, როცა თანამდებობიდან არცთუ ურიგო მეურნე კაცი გაუშვეს და საბოლოდ დაკარგეს კიდეც.
აქცენტი არ გაკეთდა კონკრეტულ მიმართულებებზე, ქვეყანა არ დაიყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელ რეგიონებად, წინა ხელისუფლების დარად, მოვედეთ ყველას და ყველაფერს და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ორი მილიარდი, უბრალოდ, “კანალიზაციაში” გავუშვით.
თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. რამდენჯერმე იყო მცდელობა იმისა, რომ თუნდაც ქართული თხილი ან ვაშლი თუ ციტრუსები ევროპის ბაზარზე დიდი ოდენობით შესულიყო და დამკვიდრებულიყო კიდეც. გემოვნურ თვისებებთან ერთად, ქართულ პროდუქტს ფასიც დაბალი ჰქონდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ხელოვნური ბარიერები შეიქმნა და ჭარბი მოსავალი ევროპამ, უბრალოდ, არ მიიღო. წყალში გადაყრილი და დამპალი მანდარინი თუ ატამი, ყველას გემახსოვრებათ. ჩანს, ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული და გეტყვით, სადაც.
სამწუხაროდ, საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი აქვს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დიდ წარმოებას ვერ დაიწყებს, ქვეყანა არის მომხმარებელი და არა მწარმოებელი, ამიტომ იძულებულნი ვართ, ვიყიდოთ და არ გავყიდოთ. ეს იცოდა წინა ხელისუფლებამ და იცის ამჟამინდელმაც. ცოდნის მიუხედავად, არც ერთ ხელისუფალს ევროპელი პარტნიორების წინაშე მწვავედ არ დაუყენებია საკითხი და არ მოუთხოვია არათუ სტატუსის შეცვლა ქვეყნისთვის, არამედ გამონაკლისის სახით წარმოების ფართო მასშტაბის მიღების უფლებაც კი. გაგიკვირდებათ და, ამის მცდელობა მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა, თუმცა უართან ერთად ისეთი ალიყური მიიღო, ლოყა კარგა ხანს ეწვოდა. ჰოდა, ახლა სწორედ დროა, ხმამაღლა თქვას ხელისუფლებამ, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულბით სასიკეთო ძვრებს, უბრალოდ, არ გვანებებენ. რომ ვალდებული ვართ, გავასაღოთ ის ნაგავი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძირითადად აზიიდან შემოდის. ვინმეს გინახავთ საქართველოში ჰოლანდიური პროდუქტი? თუ სადმე არის, ძალიან მცირე ოდენობით, იმიტომ, რომ თურმე ჰოლანდია მსოფლიოში ყველაზე ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს და მას ზესახელმწიფოები მოიხმარენ. ჰიტლერს რომ ამუნათებენ, გერმანელი ხალხისგან არიული სისხლის ერს ქმნიდა, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოზე უნდა ებატონაო, განსხვავება არის? არიან ისინი, ვინც ნატურალური პროდუქტებით უნდა იკვებოს, და ვართ ჩვენ, რომლებსაც სამყოფი ნატურალური პროდუქტის წარმოების უფლებაც კი წართმეული გვაქვს, არათუ გაყიდვის.
განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ მოგვეხსნება, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. ახლა თავად გათვალეთ და დათვალეთ, როდის იქნება ეს და როდის მოგვცემს უფლებას ევროპა, კარი გაგვიღოს და მიგვიღოს? რამდენიც უნდა ამტკიცონ, ცოტა დაგრჩათო, უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა ნულის ტოლი გვგონია. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი, საქართველო იარსებებს თუ არა მსოფლიო რუკაზე, საკითხავია. ერს შიმშილით სიკვდილი ემუქრება და ეს საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.
ბესო ბარბაქაძე