ორი ჭეშმარიტება არსებობს, რომლებიც იმთავითვე ვირწმუნეთ, ვენდეთ და მივყვებით. ორჯერ ორი არის ოთხი და ომს იწყებს ან ერთი დაპირისპირებული მხარე, ან _ მეორე. მესამეზე ლაპარაკი არ არის.
თუმცა _ რა ვიცი! მაგალითად, პოპულარული ანეკდოტის ავლაბრელმა პერსონაჟმა შვილის შეკითხვას, რამდენია ორჯერ ორიო, უპასუხა: _ დიდი–დიდი, ხუთი! საომარ კონფლიქტს რაც შეეხება, ექსპერტების გარკვეული ნაწილის აზრით, გამორიცხული არ არის მესამე მხარის აქტიური ინიციატივა.
მესამის.
ამაზეა წერილი, რომელსაც გთავაზობთ და რომელიც, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის მაპროვოცირებელ ძალას შეეხება.
ლაპარაკობენ უცხოელი ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. განიხილავენ საჩოთირო სტრატეგიულ საკითხს, რომელსაც საქართველოში დელიკატურად გვერდს უვლიან.
გარკვეული სტრატეგიული მოსაზრების გამო.
ყარს მიჩუმათების, საზოგადოებრივი აზრის “შეცდომაში შეყვანის” მცდელობის პოლიტიკა, როგორც განსხეულებული პარიზის ისტორიული კლოაკა _ ორ თვალსაჩინო ადგილზე (“ლოკაციაზე”) თბილისის ცენტრში: ერთი _ პარლამენტის წინ, სადაც კარვის ქალაქი დასცა ყველაფრის მკადრებელმა ოპოზიციამ; მეორე _ ტრადიციული ტელერადიოკომიტეტის (“საზმაუს”) შენობის წინ, ერთი გიჟი ქალის მიერ მითვისებული “საოფისე ფართი”, ნაგვის ყუთებიდან ამოკრეფილი ცელოფანის პარკების გალავანშემორტყმული.
ვეგუებით.
არც რუსთაველზე გამაგრებული ოკუპანტები აპირებენ ადგილიდან დაძვრას…
საქმეზე გადავიდეთ.
სათქმელზე.
იმ ნატოში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა
ჩვენს მეგობარ და ჩვენ დღეში მყოფ უკრაინაში ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის წევრობის პერსპექტივას კრიტიკული თვალით შეხედეს:
“ყველას კარგად ესმის, რომ ნატოს გარეშე ვერც ერთ ომს ვერ მოვიგებთ. პირველი შეკითხვა: ნატოში თუ ვიქნებით, გაბედავს კი ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომს? საეჭვოა. უთუოდ _ არა. მეორე, ყველაზე უფრო საინტერესო შეკითხვა: ნატოში რომ ვიყოთ, უნდა გავიმარჯვოთ დონბასისთვის ომში, მაგრამ, პატივცემულებო, ვაღიაროთ, რომ არავინ მიგვიღებს ნატოში, არავინ დაგვიცავს ქვეყანაში ისეთ ვითარებაში, როცა არ გვაქვს ერთიანი სახელმწიფო, სრულად ვერ ვმართავთ ქვეყნის ტერიტორიასა და დასახლებულ პუნქტებს. უარესი დაგვემართება, თუ, მაგალითად, ნატოს მარჯვენა ნაპირზე შევიყვანთ, შემდეგ ისინი გვეტყვიან, როგორც საქართველოში იყო, ისე: ბოდიშს გიხდით, ჩვენ უკან ვიხევთ. დაიხევენ და უკან დაგვრჩება ხარკოვის, დონეცკის, ხერსონის, ნიკოლაევის ოლქები”.
საღი აზრია. იციან, რასაც ამბობენ, რადგან ფლობენ სიტუაციას და აქვთ გაანალიზების უნარი.
პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილს მაინც.
ნიშნავს თუ არა ასეთი პოზიციის გასაჯაროება, რომ უკრაინა რაღაც სიახლის რეალიზაციაზე ფიქრობს თუ მხოლოდ ლაპარაკობს? სათქმელს ამბობს და ამით კმაყოფილდება?
ამით იგი ცდილობს, დაიმკვიდროს თავისი ადგილი საერთაშორისო კოორდინატების სისტემაში. დაგვარწმუნოს, რომ იბრძვის საკუთარი იდენტურობის დასაცავად. სამწუხაროდ, რეალობა ამას არ ადასტურებს. მაშასადამე, საპოვნია ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც, როგორც წესი, საკუთარი რეალობის მიღმა ეძებენ და პოულობენ. ასევე, როგორც ყველგან და ყოველთვის ამგვარი შემთხვევების დროს, _ რუსეთის ფედერაციის სახით, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაში, რომლის ნეიტრალიზაცია უპირველესი ამოცანაა.
როგორ და რა გზით?
ომით, საომარი ოპერაციებით! პრეზიდენტი ზელენსკი, ამბობენ, წინააღმდეგია. აშშ _ უბიძგებს. არიან საამისო ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, საკუთრივ ამერიკაში. შემდეგ ხელი რომ დაიბანოს და სხვას გადააბრალოს _ იმას მოჰკითხეთო. როგორც საქართველოს შემთხვევაში მოხდა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების კვალზე: ამერიკა ნეიტრალური დარჩა. ჯოხი საქართველოზე გადატყდა.
ექსპერტები ახლა იმაზე კამათობენ, თუ რატომ სურს კანადას, ლიეტუას, პოლონეთს, ესპანეთს უკრაინის ნატოში შეთრევა მაშინ, როცა გერმანიას ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა ნაადრევად მიაჩნია.
თუმცა საკითხი “დღესავით არის ნათელი”: ლიეტუვა და პოლონეთი ყოფილი კომკავშირივითაა: “პარტია იტყვის _ საჭიროა! კომკავშირი უპასუხებს _ არის!”. გერმანია კი ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს როლი ითამაშოს.
პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც პირწმინდად დაივიწყა თავისი წინასაარჩევნო დაპირებები, დიდი მონდომებით ცდილობს, “ევროპის რამდენიმე მარგინალური ქვეყნის პოზიცია ნატოში უკრაინის გაერთიანების შესახებ დასავლეთის პოზიციად გაასაღოს. არა მხოლოდ გერმანია, არამედ საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი არასოდეს დაუჭერენ მხარს ნატოში უკრაინის გაწევრებას”.
ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო, რომელსაც, რამდენი წელიწადია, კვებავენ არაფრისმთქმელი “ასპირანტი ქვეყნის” სახელის მინიჭებით და “მაპზე უკეთესი” შესაძლებლობის პერსპექტივით.
მოვლენები ისე ვითარდება, რომ ევროატლანტიკური პერსპექტივა იმგვარ მიუწვდომელ და არამატერიალურ სიცრუედ ტრანსფორმირდება, როგორც ხრუშჩოვის დაპირება, რომ 20 წელიწადში საბჭოთა კავშირი შევიდოდა კომუნისტურ სამოთხეში.
უკრაინამ საქართველოს შეცდომებიდან რატომ უნდა გამოიტანოს საჭირო დასკვნები, როცა ჩვენ თვითონ არაფერი გვისწავლია?!
თითქოს ჩვენი უახლესი ისტორიის კატასტროფული მომენტები სხვა ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოდან ამოკრებილი ფაქტები იყოს და არა ჩვენს თავს დატეხილი უბედურება.
თითქოს გვახსოვს, რომ 2006-2007 წლებში აშშ–ის ემისრები არწმუნებდნენ საქართველოს ავანტიურისტ ხელმძღვანელებს, რომ რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში გარანტირებული გვექნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების “უძლეველი არმადის” მხარდაჭერა; რომ ნატო ისევეა საჭირო საქართველოსთვის, როგორც საქართველოა საჭირო ნატოსთვის. თუ რაღაც ამგვარი რიტორიკა! რა გამოდნა ამ კეთილი სურვილებიდან, ესეც ხომ ვიცით.
დღევანდელი გადმოსახედიდან გავერკვიეთო იმჟამინდელ სიტუაციაში, _ თავს იმართლებენ ანალიტიკოსები. მაშინ ძნელი იყო ზუსტი დიაგნოზის დასმა.
ვითომ?! უპასუხებენ მოწინააღმდეგეები და შეახსენებენ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პოზიციას ნატოში საქართველოს (და უკრაინის) მიწვევის პერსპექტივის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე:
“უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაერთიანების შესახებ მიმაჩნია, რომ, თუ მოცემულ მომენტში სახელმწიფოებს, რომლებიც გარეული არიან საშინაო და რეგიონულ კონფლიქტებში, არ შეიძლება ჰქონდეთ ნატოს წევრობის პრეტენზია. ნატო იმ სახელმწიფოთა კავშირია, რომლებსაც აერთიანებთ უსაფრთხოების საერთო ინტერესები და არა ისეთ სახელმწიფოთა კავშირი, რომლებიც დაკავებულები არიან თავიანთი შიდა პრობლემებით. ამ სახელმწიფოთა მთავრობებს მხარი უნდა დაუჭიროს ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობამ და არა მხოლოდ პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ფენამ”.
რა მოჰყვა მერკელის ამ განცხადებას?
_ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, _ ამბობს ამერიკელი ექსპერტი. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.
ევროკომისიის დასკვნაში კი სრულიად საპირისპირო წერია _ საქართველო თავს დაესხაო ცხინვალს.
გადავდოთ ეს თემა _ ვინ ვის დაესხა თავს _ სამომავლოდ, რადგან დღეს განვიხილავთ სხვა საკითხს: როგორ და რა მასშტაბით დაეხმარა ნატო საქართველოს, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში მხარში უნდა ამოდგომოდა შესაბამისი სამხედრო ძალითა და საშუალებით.
კონკრეტულად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
არაფრით არ დახმარებია.
პრინციპული ოპონენტები აცხადებენ, რომ არც საქართველოს, არც უკრაინას ნატოში არ მიიღებენ იმ თვალსაწიერ დროში, რომლის წარმოდგენაც დღეს შეგვიძლია. ეს ნათელია ყველა სერიოზული ექსპერტისთვის ევროპასა და, მით უფრო, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მაგრამ აცხადებენ და იმეორებენ, რადგან პიარის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია. მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტის პიარის. სერიოზულ დონეზე, “ცალკეული შეშლილის” გარდა, ამ საკითხს არავინ განიხილავს.
ახლა კი მოვიშველიებ ვრცელ ციტატას იმ პოლიტიკური ტელეშოუდან, რომელსაც საოქმო ჩანაწერთან მიახლოებული სტილით მივყვები, და წარმოგიდგენთ კოვიდ-19-ის პანდემიის მიზეზით გაზეთის მყიდველთა შემცირებულ რაოდენობას.
ანუ ჭეშმარიტად ერთგულ მკითხველებს.
“იმ მომენტში შლეგის როლში იყო საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ღეჭავდა ჰალსტუხებს, ძალიან სურდა ნატოს წევრობა და რომელსაც მიუკიბ–მოუკიბავად უთხრეს: ნატოში არ იქნებიო. და მან გადაწყვიტა ამ უფლების მოპოვება ომით.
შეკითხვა: _ რამდენია უკრაინაში, თქვენი აზრით, ადამიანი, რომლებიც დღეს გაჰყვებიან ზელენსკის ამ გზაზე?
პასუხი: _ ყველგან და ყოველთვის არიან “ცალკეული შეშლილები”, რომლებიც ასე მოიქცევიან.
რეპლიკა: _ დიმიტრი ნეკრასოვი, ალბათ, ერთადერთი კაცია ანალიტიკოსთა შორის, რომელთა ამგვარად მოხსენიება თუ შეიძლება, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინა ხუმრობს, როცა ნატოსკენ ისწრაფვის. თუმცა თავად უკრაინა ეჭვის ნატამალსაც არ ტოვებს, რომ მართლაც ასეა, რადგან კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა.
ოპონენტი: _ თუ კონსტიტუციაში ჩავწერთ, რომ ხუთ წელიწადში იუპიტერზე გავფრინდებით, განა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართლა ვაპირებთ იუპიტერზე გაფრენას?
პასუხი: _ იუპიტერზე გაფრენაზე ჩანაწერს კონსტიტუციაში მხოლოდ თქვენ აკეთებთ”.
მხატვრული სახეებით ემოციური კამათიდან სერიოზულ ტონალობაში გადასასვლელად აუცილებლად უნდა მოვიშველიოთ ამერიკული გამოცემა “ნეშენელ ინტერსის” მიერ ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატია “ბაიდენის პოლიტიკა უკრაინაში იმის გამეორებაა, რაც ჯორჯ ბუშმა საქართველოში გააკეთა”. ერთი ამონარიდი:
“ბაიდენის ადმინისტრაცია რისკავს, გაიმეოროს ჯორჯ ბუშის კატასტროფული პოლიტიკა, რომელმაც დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ მისი ქვეყანა არის შეერთებული შტატების ღირსეული მოკავშირე და რომ აშშ ნატოსთან ერთად დაეხმარება საქართველოს, თუ მას ჩაითრევენ რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში.
მხარდაჭერის მრავალგზის გამოხატვის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა არ გარისკეს ბირთვულ სახელმწიფოსთან საშიშ და გაუთვალისწინებელ კონფრონტაციაში ჩართვა მცირე წრისთვის ცნობილი საკამათო ტერიტორიის გამო. აშშ-ისა და ნატოს ჯარები ყაზარმებში დარჩნენ. სააკაშვილი კი იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა დამამცირებელ სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის გამოც სამხრეთ ოსეთი და კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი რუსეთის მტკიცე ხელისუფლებას დაექვემდებარა”.
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ საქართველოს საომარი აგრესიის გეგმები მწიფდებოდა ჯერ კიდევ 2006 წელს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მოლაპარაკებას აწარმოებდა სააკაშვილთან და არწმუნებდა მას, რომ პოტენციური სამხედრო კონფლიქტის დროს საქართველო ყოველმხრივ იქნება მხარდაჭერილი, ხოლო 2008 წლის ომში უკრაინამაც ისახელა თავი იმით, რომ საქართველოს მხარეს შეიარაღებას აწვდიდა.
მცირე სამხედრო კონფლიქტი _ ზელენსკის მაშველი რგოლი
ანალიტიკოსები განსჯიან, რომ მცირე სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც უკრაინა, რა თქმა უნდა, წააგებს, ხელს შეუწყობს შტატებს რუსეთისთვის სანქციების დასაკისრებლად, მათ შორის, ჩრდილოეთის ნაკადზე. ფიქრობენ, რომ ისევ და ისევ ომისა და აგრესიის ფონზე შეიძლება გაუჩნდეს ზელენსკის პოლიტიკური მომავლის რამენაირი შანსი.
იდეალური მომენტია პროვოკაციის განსახორციელებლად, ჩვენთვის კი სერიოზულად დასაფიქრებლად და სხვის შეცდომებზე საკუთარი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, მით უფრო, როცა პერსპექტივა მაინცდამაინც დიდი იმედების მომცემი არ ჩანს.
იგივე მასმედიური წყარო, რომელიც ზემოთ ერთხელ უკვე მოვიხსენიეთ, წერს: “როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, დაუშვას ახალი შეცდომები. ასეთ მიდგომას მოჰყვება ორი სავალალო შედეგი. ყველაზე უფრო მოსალოდნელია ქართული სცენარის გამეორება. ამ შემთხვევაში აშშ წარმოჩნდება, როგორც უვარგისი და უპასუხისმგებლო სახელმწიფო, მაგრამ მეორე შედეგი უარესია. არის იმის საშიშროება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ განახორციელოს თავისი საიდუმლო ვალდებულებანი, რომლებიც უკრაინასთან ნაკისრი ვალდებულებებია, და დაიწყოს სამხედრო მოქმედება რუსეთსა და უკრაინას შორის გაჩაღებული კონფლიქტის საპასუხოდ. ეს იქნება არნახული სიგიჟე, რადგან ყველაფერი შეიძლება ბირთვული ომით დამთავრდეს”.
ბევრს არ სჯერა ასეთი სცენარით მოვლენების განვითარების. ბირთვული ომის შესაძლო დაწყებით ადამიანებს, რა თქმა უნდა, საგანგებოდ აპანიკებენ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ გამოჩნდნენ ცხელი თავები, რომლებიც ამ მეთოდს საკუთარი რადიკალური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებენ, როგორც ეს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა 2008-ის აგვისტოში.
ასეთი მოტივაცია შეიძლება უკრაინასაც აღმოაჩნდეს. სააკაშვილს ხომ აღვიქვამთ, როგორც იდიოტს, მაგრამ საკმარისად ჭკვიანია და 13 წლისწინანდელი სიტუაცია სათავისოდ გათვალა. ავანტიურაზე წავიდა. შედეგად დაიღუპნენ ადამიანები, ასობით ადამიანი შეეწირა ამერიკელების მიერ მისთვის ნაკარნახევ სტრატეგიას.
თუმცა ურმის გადაბრუნების შემდეგ კონდოლიზა რაისი ხელებს ასავსავებდა: ჩვენ ვურჩევდით სააკაშვილს, არ დაეწყო ომი, მაგრამ მან ყური არ გვათხოვაო. ამ წაყრუების შემდეგ ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სრულიად განსხვავებული რჩევა-დარიგების უპირობოდ განხორციელების შედეგად, “სააკაშვილმა საბოლოოდ მოკვეთა სამხრეთ ოსეთი საქართველოს. ოსეთიც და აფხაზეთიც”.
დებატების მონაწილე ერთმა პოლიტიკოსმა კოლეგებს შეახსენა, რომ ზუსტად კონფლიქტის დაწყების წინ “ბატონი სააკაშვილი საჯაროდ განიხილავდა რუსეთის არმიის ღირსება-ნაკლოვანებებს. ამბობდა, რომ რუსეთის არმია სრულად დაიჟანგა, მთლიანად ჩაბარდა წარსულს მისი შესაძლებლობანი და ტრადიციები…
“დღეს ბაიდენის ადმინისტრაციაში და მის გარშემო საკმარისად არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი თიხის ფეხებზე დგას, რომ რუსეთს დიდი პრობლემები აწუხებს და ამიტომ ვერ გაბედავს რისამე გაკეთებას.
_ არავინ ამბობს ამას!
_ ობამამ თქვა ახლახან!
_ ბევრნი წერენ და ამტკიცებენ, რომ რუსეთი, თიხის ფეხებზე მდგარი ეს კოლოსი, აიღებს და თავისით დაიშლება”.
ესეც ბევრის მიმანიშნებელი ამონარიდი პოლიტიკური თოკშოუდან, რომელიც, მგონი, ჩვენი გაზეთის მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.
* * *
გასულ კვირადღეს თბილისში კოკისპირულად წვიმდა. იქნებ წვიმამ მაინც ჩარეცხოს რადიკალური უწმინდურობა, რომელიც ყარს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ხოლო შეშლილ ქალს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტროტუარის ტერიტორიის ნაწილი კოსტავას ქუჩაზე, ვერავინ ხელს რომ ვერ ახლებს, წლებია, შეგუებულები ვართ.
ა.ს.