კლიმატი დიდი ხნის განმავლობაში რომ იქნება საერთაშორისო პოლიტიკის თემა, ბევრი რამ მიუთითებს. კლიმატური ფობიების ატმოსფეროს ენერგიულად ძაბავენ, თუმცა ბევრი სერიოზული სპეციალისტი ამბობს, რომ საფუძველი იმისა, რომ ვირწმუნოთ კლიმატური დათბობის თეორია, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დედამიწის ტემპერატურული რეჟიმის ნორმიდან შემთხვევითი გადახრების მაჩვენებლები, რომლებიც დამოკიდებულია მზის აქტიურობის ციკლებზე.
XXI საუკუნის შუა წლებში ტემპერატურის 1-2 გრადუსით მომატების პროგნოზები _ ეს არის საფარველი, რომლითაც გლობალური ელიტა მალავს ჭეშმარიტ მიზნებს. ამ მიზნებს კი საერთო არაფერი აქვს არც ეკოლოგიასთან, არც კლიმატთან და არც ე.წ. მდგრად განვითარებასთან. ამ მიზნებს შორის პირველ ადგილზეა პლანეტაზე მოქმედი საწარმოების განადგურება. უნდა ამოქმედდეს მძლავრი დეინდუსტრიალიზაცია, ხოლო მართვა იმისა, რაც ეკონომიკისგან დარჩება, უნდა გადავიდეს მცირე რაოდენობის კორპორაციების ხელში.
კლიმატური კატასტროფის ცრუ თეზისის მისაღებად დიდხანს ემზადებოდნენ. ამაში დიდი როლი ითამაშა გაეროს 1992 წლის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კონფერენციამ (“სამიტი დედამიწა”). აქ მიღებული კლიმატური ცვლილებების ჩარჩო კონვენციის საფუძველზე 196-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა კლიმატის ცვლილებების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ატმოსფეროში სათბურის ეფექტის შემქმნელი (რაც იწვევს ტემპერატურის მომატებას) მავნე აირების (უწინარესად, CO2-ის) გამოყოფის ნულამდე დაყვანას.
ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებით დაკავებული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალჩინოსნებმა მშვენივრად იციან, რა მიზნებს ისახავს ის შეთანხმებები და პროექტები, რომლებიც მზადდება გაეროსა და მის სპეციალიზებულ ორგანოებში (UNIDP _ მრეწველობის ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ორგანიზაცია, UNCTAD _ ვაჭრობის ხელშეწყობისა და განვითარების ორგანიზაცია, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა, საერთაშორისო მეტროლოგიური ორგანიზაცია და სხვ.), მაგრამ ამაზე საჯაროდ იშვიათად ლაპარაკობენ.
1988 წელს გაეროს ეგიდით შეიქმნა კლიმატის ცვლილებების საკითხების ექსპერტთა მთავრობათაშორისი ჯგუფი (Intergovernmental Panel on Climate Change IPCC). 2007 წელს ამ ჯგუფს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში “კლიმატის ანთროპოგენური ცვლილებების შესახებ ცოდნის დაგროვების, გავრცელებისა და ამ ცვლილებების საწინააღმდეგო ზომების გასატარებლად საჭირო საფუძვლების შექმნისთვის გამოჩენილი ძალისხმევისთვის (IPCC-სთან ერთად პრემია გაიყო აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ალბერტ გორმაც კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ღონისძიებების მოსამზადებლად გაწეული მუშაობისთვის).
IPCC-ის ერთ-ერთი აქტიური წევრია დოქტორი ოტმარ ედენჰოფერი, კლიმატის ზემოქმედების პოტსდამის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი, პარიზის შეთანხმების მოსამზადებელი სამუშაოების საკვანძო ფიგურა. 2010 წლის 14 ნოემბერს ამ გერმანელ დოქტორს ინტერვიუ ჩამოართვა Neue Zurcher Zaitung-მა. ეს მოხდა კლიმატის შესახებ გაეროს მორიგი კონფერენციის წინ, რომელიც უნდა გამართულიყო მექსიკის ქალაქ კანკუნში. ედენჰოფერმა განაცხადა, რომ მომავალი საერთაშორისო შეხვედრა იქნება არა კლიმატის, არამედ მსოფლიო ეკონომიკის საკითხებზე. მან თავისი მოსაზრება ასე განმარტა: მსოფლიოში ქვანახშირის მარაგი 11.000 გიგანტონად (11 მლრდ ტ) არის შეფასებული. კაცობრიობა თავს ვეღარ მისცემს 400 გიგატონაზე მეტი ქვანახშირის გამოყენების უფლებას, თუ არ უნდა, რომ პლანეტაზე ტემპერატურამ 2 გრადუსზე მეტით მოიმატოს. ე.ი., ქვანახშირის მარაგების 94% კვლავ დედამიწის წიაღში უნდა დარჩეს გამოუყენებელი! ანალოგიური სურათია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართაც, რომელთა წვის შედეგადაც CO2 გამოიყოფა.
ოტმარ ედენჰოფერმა შემდეგ განაცხადა: “უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ საერთაშორისო კლიმატური პოლიტიკა ეკოლოგიური პოლიტიკაა. მას საერთო არაფერი აქვს ეკოლოგიურ პოლიტიკასთან, ისეთ პრობლემებთან, როგორიც არის ტყეების გაჩეხვა ან ოზონური ხვრელი”.
კლიმატოლოგის თანამოსაუბრემ თავი ვერ შეიკავა კომენტარისგან: “ეს დე ფაქტო ნიშნავს ქვეყნებისთვის ბუნებრივი რესურსების ექსპროპრიაციას”. ედენჰოფერის რეაქცია ასეთი იყო: “უნდა ითქვას, რომ ჩვენ დე ფაქტო გადავანაწილებთ მსოფლიო სიმდიდრეს კლიმატური პოლიტიკის დახმარებით. აშკარაა, რომ ნავთობისა და ქვანახშირის მფლობელები ამის გამო აღტაცებულნი არ არიან”.
დავარქვათ საგნებს თავიანთი სახელები.
2015 წლის პარიზის შეთანხმება _ ეს არის შეთანხმება არ კლიმატის, არამედ მსოფლიო სიმდიდრის გადანაწილების შესახებ. ეს არის ქვანახშირით, ნავთობით, ბუნებრივი აირით მდიდარი ქვეყნების ექსპროპრიაციის გეგმა.
BP Statistical Rewiew of World Energy-ის კვლევის მიხედვით, ნავთობის მარაგებით მდიდარი ქვეყნების ათეული ასეთია: ვენესუელა _ 300,9 მლრდ ბარელი (მსოფლიო მარაგის 17,6%); საუდის არაბეთი _ 266,5 მლრდ ბარელი (15,6%); კანადა _ 171,5 მლრდ (10%); ირანი _ 158,4 მლრდ (9,3%); ერაყი _ 153 მლრდ (9,0%); რუსეთი _ 109,5 მლრდ (6,4%); ქუვეითი _ 101,5 მლრდ (5,9%); გაერთიანებული არაბული საამიროები _ 97,8 (5,7%).
“ოპეკ”-ის შეფასებით, ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით რუსეთი პირველია მსოფლიოში. რუსეთის ბუნებრივი აირის მარაგმა 2019 წელს 50,279 მლრდ კუბ.მ, ე.ი., მსოფლიო მარაგის 24,38% შეადგინა. შემდეგ მოდიან: ირანი (16,48%); ყატარი (11,560); აშშ (6,91%); თურქმენეთი (5,91%); საუდის არაბეთი (4,57%); გაერთიანებული არაბული საამიროები (2,95%), ნიგერია (2,79%), ვენესუელა (2,75%), ალჟირი (2,18%).
აი ქვანახშირით მდიდარი ქვეყნების ათეული (ფრჩხილებში მოცემულია მსოფლიო მარაგის წილი პროცენტებში): აშშ (27); რუსეთი (18); ჩინეთი (13); ავსტრია (8). ინდოეთი (7); ყაზახეთი (4); უკრაინა (4); გერმანია (4); სამხრეთი აფრიკა (3); ინდონეზია (3).
ამას უნდა დაემატოს ინფორმაცია ფიქლური საწვავის მარაგების შესახებ: მსოფლიოში 345 მლრდ ბარელი ამოსაღები ნავთობის მარაგია, რომლის ნახევარზე მეტი მოდის სამ ქვეყანაზე. ეს ქვეყნებია: აშშ (78,2 მლრდ ბარელი), რუსეთი (74,6 მლრდ ) და ჩინეთი (32,2 მლრდ).
ენერგორესურსების საერთო რაოდენობის მიხედვით რუსეთი პირველია მსოფლიოში და სწორედ ის იზარალებს ყველაზე მეტად პარიზის შეთანხმების შედეგად.
ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა უილიამ ენგდალმა რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა სტატია: “დიდი გადატვირთვა დაიწყო: თვალყური ადევნეთ ფულს” The Grear Reset is here: Follow the money). ენგდალი წერს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაზე, როგორც მსოფლიო ეკონომიკის დაგეგმილ გადანაწილებაზე. ამ გადანაწილების მთავარ ინსტრუმენტად ის ასახელებს ESG-ინვესტირებას. ESG _ ეს არის სტანდარტები, რომლებითაც უნდა განისაზღვროს ინვესტირების ობიექტების ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი პარამეტრები. ESG სტანდარტების დანერგვა დაევალება გიგანტურ საინვესტიციო ჰოლდინგებს, მაგალითად, როგორიც არის BlackRock-ი.
როგორც ენგდალი წერს, კლიმატურ დათბობასთან ბრძოლა “სუბიექტური და კონტროლს დაქვემდებარებული თამაშია”, რომელსაც “კაპიტალის გლობალური ნაკადები გადააქვს კორპორაციული აქციებითა და ობლიგაციებით “მხარდაჭერილ” რჩეულ ჯგუფებში. ამით წინ წამოწევენ გაეროს ანტიუტოპიურ დღის წესრიგს 2030 წლამდე ან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დიდი გადატვირთვის დღის წესრიგს.
კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი “ნახშირბადოვანი კვალი”, მოუსპობენ ინვესტიციებს და ამით განწირულნი იქნებიან სიკვდილისთვის. მათ, უწინარესად, გადაეკეტებათ საწვავის მოპოვების საინვესტიციო ნაკადები. ენგდალი წერს: “თუ ჩათვლიან, რომ თქვენ ხართ ნახშირბადით დაბინძურების წყარო, როგორადაც დღეს მიიჩნევენ ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის მომპოვებელ დარგებს, კაპიტალის გლობალური ნაკადები თქვენ ჩამოგართმევთ ინვესტიციებს… ამ ფინანსურ ხროვას (ფინანსური ჰოლდინგების ჯგუფები BlackRosk–ის მეთაურობით) სამიზნეში ჰყავს ამოღებული მსოფლიო ეკონომიკის საფუძველი _ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მრეწველობა, აგრეთვე, ქვანახშირის… ანალიტიკოსების ვარაუდით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში შემცირდება ინვესტიციები და მსოფლიოში უდიდესი ენერგეტიკული სექტორი მკვეთრად დაეცემა”.
ნახშირბადოვან ენერგეტიკაზე შეტევა უკვე დაიწყო. ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს ბუნებრივი აირის მოპოვების ლიცენზიების გაცემას ფედერალურ მიწაზე (აგრეთვე, შელფის ზონაში). შეჩერებულია მშენებლობა ნავთობსადენისა Keystone XL. ბაიდენის ადმინისტრაცია BlackRosk-თან მჭიდრო კოორდინაციით ამზადებს დოკუმენტს, რომლითაც დაკანონდება ESG სტანდარტები. უახლოეს ხანში ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოპოვებით, ჟანგბადს გადაუკეტავენ. შემდეგ კი “ახალი ნახშირბადოვანი წესრიგის” დამცველები ამ წესრიგის დამყარებას აშშ-ის საზღვრებს გარეთ შეეცდებიან.
Business-gazeta.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ